ლიკა გოდერიძე

„ნარკოტიკის მოხმარება 13 წლის ასაკში დავიწყე, ყველაფერი ძალიან ადრე მოხდა, კარგად ვსწავლობდი. სწავლა მივატოვე, მეგობრებიც, ოჯახიც. ძალიან ცუდ წრეში მოვხვდი. ვაცნობიერებდი, რომ ვიღუპებოდი, თუმცა ფხიზლად ცხოვრებას ნარკოტიკი ვამჯობინე. მქონდა სუიციდის მცდელობაც, ხელები გადავიჭერი. აგრესიული გავხდი ხშირად მქონდა კონფლიქტი ჩემს ოჯახის წევრებთან, მათ ტკივილს ვაყენებდი“, – გვიყვება 21 წლის გოგო, რომელმაც ინკოგნიტოს დარჩენა ისურვა, მისი თქმით წარმოდგენა არ ჰქონდა, ნარკოტიკების გამო საკუთარი ცხოვრება ასე რადიკალურად თუ შეიცვლებოდა.
ნარკომანია – დღევანდელი რეალობისთვის ყველაზე აქტუალური და პრობლემური საკითხია. მას შეიძლება დაავადება, სენი ვუწოდოთ. ან ცხოვრების წესი, რომელიც თითოეული მომხმარებლის ღამის კოშმარი ხდება. „სიცოცხლედ ღირებული სიამოვნება“, რასაც დამანგრეველი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ადამიანზე. იგი არა მხოლოს ფიზიკურად ანადგურებს, არამედ მძიმე ფსიქოლოგიურ და სოციალურ დაღს ასვამს ინდივიდს.
„უიმედობამ ბევრჯერ შემიპყრო, თითქოს აქედან გამოსავალი არ არსებობდა, მაგრამ საკუთარ თავში ვიპოვე ძალა, რომ ეს ყველაფერი დამესრულებინა. ერთ დღეს ზედოზირების შედეგად საშინლად ცუდად გავხდი. მეგონა, რომ ვერ გადავრჩებოდი რეანიმაციაში ვიწექი მაშინ ექიმებმა მითხრეს, რომ მეორეჯერ მსგავს რამეს ვერ გადავიტანდი, რადგან სიკვდილს გამომგლიჯეს ხელიდან. მაშინ მივხვდი, რომ საკუთარ თავს ვკარგავდი და რომ მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული, როგორც ვითარების გაუმჯობესება ისე გაუარესება, ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ყველას და ყველაფრის მიმართ აგრესიული ხარ, როდესაც ცხოვრების არასწორ მხარეს დგახარ მთავარია, რომ საკუთარი თავი არ მიატოვო“, – ამბობს ყოფილი ნარკოდამოკიდებული, რომელიც ახლა სწავლას დაუბრუნდა და ჯანსაღი ცხოვრების რიტმსაც. როგორც თავად ამბობს ნარკოტიკებთან ბრძოლაში მხოლოდ ერთი მოვიტი ამოძრავებდა, რომ საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა თავისი შესაძლებლობები. „პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ ცხოვრება მშვენიერია და ის ჩვენს ხელშია, ვალდებულნი ვართ საკუთარი თავისთვის და არა მარტო, რომ ეს უბედურება დავამარცხოთ, ამით არანაკლებ ვნებთ ჩვენს გარშემომყოფებს მჯერა, რომ თუ მე შევძელი, თქვენც შეძლებთ ამას, შეძლებთ დაიბრუნოთ საკუთარი თავი და აღარასდროს მიიხედოთ უკან“, – მიმართავს ის ყველას, ვინც ნარკოტიკებს ვერ აღწევს თავს.
ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქოლოგი ნინო კომახიძე განმარტავს, რომ ფსიქიკური პრობლემის ფორმა და სიმძიმე დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე – ნარკოტიკის ტიპზე, მომხმარებლის ფსიქო-ემოციურ, ფიზიოლოგიურ განწყობაზე, ნარკოტიკული ნივთიერებებისგან განვითარებული ფსიქიკური აშლილობათა ჩამონათვალი საკმაოდ დიდია – დეპრესია, შფოთვა, ხასიათის ხშირი და მკვეთრი ცვლილებები, ფსიქიკის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება მთელი რიგი პიროვნული ცვლილები და ადამიანი კარგავს რეალობის აღქმას“ – გვეუბნება ფსიქოლოგი ნინო კომახიძე.
ფსიქოლოგის განმარტებით, შესაბამისად, სუიციდის მცდელობებიც, საკმაოდ ხშირია ასეთ ვითარებაში, რადგან ადამიანის გონება დაბინდულია და მთლიანად მოწყვეტილია რეალური სამყაროსაგან. „მკურნალობა ეტაპებისგან შედგება და ყველა ეტაპს შესაბამისი გარემო ესაჭიროება. იდეალური ვარიანტია საინტერესოდ დაგეგმილი და დატვირთული ფხიზელი გარემო, სადაც ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, თანადგომა არის აუცილებელი ფაქტორი თუ გინდათ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, ეს შესაძლებელია. მთავარია არ დანებდნენ და არ ჩამოყარონ ხელები. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – მიმართავს ნარკოდამოკიდებულებს ფსიქოლოგი ნინო კომახიძე, რომელიც მუშაობს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“. თავად ცენტრი ორი დაწესებულების – სს „მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტისა“ და სს „ნარკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის“ შერწყმის შედეგად შეიქმნა. ამ სახელწოდებით კი 2012 წლის 23 მაისიდან ფუნქციონირებს და მთელი საქართველოს მასშტაბით 19 ფილიალი აქვს. „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ 600-მდე ადამიანია დასაქმებული. სტაციონარული განყოფილება, დეტოქსიკაციის კურსის ფარგლებში, ახორციელებს ალკოჰოლსა და სხვა ფსიქოატიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობასაც.
ცენტრში ფუნქციონირებს მეთადონითა და სუბოქსონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები, რომლის ფარგლებშიც, 5000-ზე მეტი ბენეფიციარი იღებს შესაბამის მკურნალობას, ცენტრის ყველა ფილიალის მასშტაბით.
ფოტო აღებულია –
https://greatoaksrecovery.com/what-non-addicts-should-know-about-addiction/