მელანო ჭეიშვილი

,,ცხოვრებაში ყველაზე მთავარი არის, რომ არსებობდეს მოტივაცია. როცა ეს არსებობს, შემდეგ გჭირდება მხარდაჭერა ოჯახისგან და საზოგადოებისგან“, – ამბობს ლაშა აბესაძე, რომელიც ნარკოტიკებს 16 წელი მოიხმარდა და უკვე ოთხი წელია თავს სძლია. დღეს ის სათემო ორგანიზაცია ,,ახალი ვექტორის“ რუსთავის ფილიალის კოორდინატორია.
ეს დაწესებულება წარმოადგენს ნარკოტიკების მომხმარებელთა პირველ სათემო ორგანიზაციას და იგი მათ სთავაზობს ზიანის შემცირების, სამედიცინო და სოციალური სერვისების ყველაზე ფართო სპექტრს. ორგანიზაცია ერთი ფანჯრის პრინციპით ახორციელებს ზიანის შემცირების პროგრამას, რომელიც აპრობირებული და ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა სისხლით გადამდები ინფექციების გამოვლენისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა ჯგუფებში ამ ინფექციების გავრცელების პრევენციისათვის. აი ასეთ ორგანიზაციას წარმოადგენს ლაშა აბესაძე, რომელმაც თავისი ცხოვრების გზის რამდენიმე დეტალი გამანდო.
,,ყველა თვლის, რომ ეს არის არა ჯანმრთელობის, არამედ სამართლებლივი პრობლემა. ჩემს ცხოვრებაში მოხდა ისეთი რაღაცები, რომ ავდექი და უბრალოდ თავი დავანებე. დღეს არის იმის საშუალება, რომ თუ ნარკომომხმარებელს უნდა თავი დაანებოს, სახელმწიფო აფინანსებს დეტოქს თერაპიას. შესაძლოა ადამიანს ფიზიკური ტკივილები მოგეხსნას. თუმცა დიდი რიგებია. გჭირდება ორიდან ოთხ თვემდე ლოდინი და როდესაც რიგი მოგიწევს შესაძლოა ან მოტივაცია გქონდეს გამქრალი და კომფორტულად გრძნობდე თავს ან უკვე უფრო სავალალო შედეგის წინაშე იდგე. მე ვემხრობი, რომ მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა არ მოხდეს ნარკოტიკის პირველადი მოხმარება. ეს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, თავისი კარგი პოლიტიკით, რათა სამომავლოდ ადამიანებს სწორი ხედვები ჩამოუყალიბდეთ, თუნდაც ნარკომომხმარებლების მიმღებლობის მიმართ. ჩანაცვლებითი თერაპია კარგი გზაა სახელმწიფოს მხრიდან, მას მთლიანად აფინანსებს 2005 წლიდან და აღიარებს ამ სერვისის საჭიროებას. დეტოქსი არის ის მინიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს ამ მხრივ. უნდა არსებობდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, რომელსაც დააფინანსებს სახელმწიფო. ნარკომომხმარებლებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ მსგავსი დანახარჯების გაწევის შესაძლებლობა. ჩემთვის ოჯახი იყო დიდი მოტივატორი. მე შევქმენი ოჯახი, ვიპოვე სიყვარული და მივხვდი, რომ ამ ყველაფრისგან უნდა ვყოფილიყავი შორს“, – აღნიშნავს ლაშა აბესაძე.
დღეს, საქართველოში, ინტრავენური 57 000 ნარკომომხმარებელია, ბევრ მათგანს აქვს პრობლემები, ბევრიც სასჯელს იხდის. იურიდიული კომპანია ,,სი ელ ეს“-ის დამფუძნებელ პარტნიორი, პრაქტიკოსი ადვოკატი და ,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ დირექტორი კახა კვაშილავა გვესაუბრა რა სუსტი წერტილები აქვს საქართველოში კანონმდებლობას. მან აღნიშნა, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულება დაავადებაა და დაუშვებელია საუბარი იმაზე, რომ ასეთი ადამიანი სისხლის სამართლის ობიექტი ხდებოდეს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიოში არსებულ თანამედროვე მიდგომებს. ბოლო წლებში სახელმწიფო ცდილობს საკანონმდებლო პრობლემების მოგვარებას და შეაქვს ცვლილებები რიგ კანონებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილებებები არის ფრაგმენტული და არ არის მიმართული პრობლემის სისტემური აღმოფხვრისკენ. კანონმდებლობაში უმეტესობა ნარკოტიკულ საშუალებებს არ აქვს დადგენილი მცირე ოდენობები, რაც ტოვებს შესაძლებლობას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფლობისა და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ფლობისთვის პირს ერთი და იმავე სასჯელის მოხდა უწევთ. სასამართლო არ ითვალისწინებს არცერთ გარემოებას, რომელიც ამ ადამიანის უკან დგას. როგორც კახა კვაშილავა ამბობს, გამოდის, რომ დაავადების გამო ადამიანს ვსჯით“.
რა ხდება ციხიდან გამოსვლის შემდეგ? ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ადამიანებს ერთმევათ სამოქალაქო უფლებები. მათ არ აქვთ პედაგოგიური, საექიმო, საადვოკატო საქმიანობის უფლება, ერთმევათ მართვის მოწმობის ქონის უფლება და სხვა. ჩვენს სოციალურ გარემოში ეს დიდ პრობლემას ქმნის. იზრდება პრობლემა ოჯახებში და არ წარმოადგენს მხოლოდ სამართლებლივ ხარვეზს.
რადგან ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ამ პრობლემის მქონე ადამიანების კეთილდღეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აიღეს თავზე მათზე ზრუნვა. ერთ-ერთი მათგანია ,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“. ისინი ცდილობენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ კუთხით. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ხედვაა – ქვეყანა, სადაც ნარკოტიკების მოხმარება განიხილება, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და არა დამნაშავეობასთან ბრძოლოს საკითხი; ხოლო ნარკომომხმარებლებს ხელი მიუწვდებათ ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის ზიანის შემცირების სერვისებზე; აქვთ შესაძლებლობა იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და სრულად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი.
ქსელის წევრებს სწამთ, რომ ზიანის შემცირება არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც ემსახურება ინფექციების (აივ, B და C ჰეპატიტები, ტუბერკულოზი, სგგი) გავრცელების პრევენციას და ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილობის შემცირებას.
კახა კვაშილავა ამბობს, რომ მთელი ცხოვრებაა ნარკომომხმარებლების უფლებებს იცავს. ,,90-იან წლებში ჩვენთან მკვეთრად მოიმატა ნარკომოხმარებამ და ამის ძირითადი მაპროვოცირებელი გარემო, ქუჩა, ურთიერთობები, უმუშევრობა და გაჭირვება იყო, თუმცა მე ძალიან ბევრი ადამიანი შემხვედრია, რომელიც ძალიან ჭკვიანი, განათლებული და ფინანსურად გამართულია, მაგრამ წამალს მაინც მოიხმარს. პრობლემურია საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც ვერ აღიქვამს ნარკომომხმარებელს მის ნაწილად. არსებობს მათი მიუღებლობის სტიგმა. თითოეული მსჯავრდებული, რომელიც დამიცავს ნანობდა პირველად მოხმარებას. აუცილებელია მათთან სწორი მიდგომა“, – ამბობს ის. რაც შეეხება კანონმდებლობაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში ჩართული ადამიანების მიმართ, რომლებიც ე.წ. გასაღებას ახდენენ, ამ თემაზე კი გვეუბნება, – მომხმარებელი და გამსაღებელი ერთნაირად არ უნდა ისჯებოდეს. მაშინ როცა, გამსაღებელი უმკაცრესი ზომით უნდა დაისაჯოს, დღევანდელ რეალობას ეს სრულიად ეწინააღმდეგება.“
მისი აზრით, აუცილებელია სახელმწიფომ სწორი რეაგირება მოახდინოს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა აქვთ. აუცილებელია კანონში ოდენობების სწორი განსაზღვრა, ასევე მნიშვნელოვანია სამართალწარმოების დროს კანონი იძლეოდეს ალტერნატიული აღმკვეთი ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა. ფაქტია ნარკომომხმარებლების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება და თავისუფლების აღკვეთა სულაც არ არის გამოსავალი პრობლემის მოგვარებისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ წამალ დამოკიდებულ ადამიანზე და აუცილებელია მათ მოვეპყროთ განსხვავებულად, ვიდრე მკვლელსა და ყაჩაღს. სახელმწიფოს მხრიდან პატარა, ფრაგმენტული ცვლილებები შეინიშნება, თუმცა შედეგი არ ჩანს.