RSS

სექსუალური განათლებით ვიზრუნებთ ჩვენს ჯანმრთელობაზე

26 დეკ

ოლიკო ცისკარიშვილი

„სექსუალური განათლება“ – ხმამაღლა ნათქვამი ისე ჟღერს თითქოს კამასუტრას სწავლებას ან პორნოგრაფიაში კარგად გარკვევას ნიშნავს. თუმცა ასე არ არის და „სექსუალური განათლება“ მოიცავს გოგონებისა და ბიჭებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, ზრდასრულებისთვისაც, ისეთ ინფორმაციის მიწოდებას, რაც მათ ჯანმრთელობისთვის  აუცილებელია. ვაღიარებ, რომ ნახევარ საუკუნეს მიღწეულმაც კი არ ვიცი, ბევრი ისეთი რამ, რაც ჩემს სექსუალურ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რადგან ოჯახი, საზოგადოება იმდენად ტაბუირებულად თვლიდა ამ თემაზე ლაპარაკს, რომ საერთოდ არაფერი გამეგებოდა ადამიანის ფიზიოლოგიაზე და მით უმეტეს ჯანმრთელობაზე, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე.

მაგალითად მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ორსულად ვიყავი, როცა ბავშვი მუცელში გაინძრა. მხოლოდ ეხოსკოპიის გადაღების შემდეგ დავრწმუნდი, რომ თურმე მუცლით ნანატრ შვილს დავატარებდი. ასეთი „გაუგებრობები“ ძალიან ხშირად მქონდა, და არც არავინ იყო დამკვალიანებელი და რჩევის მომცემი, მათ შორის არც დედა, და არც ექიმები. მეგობრები კი როგორც აღმოჩნდა, ჩემზე მეტ გაუგებრობაში იმყოფებოდნენ და რომ არა „ქუჩაში მიღებული აკადემიური“ განათლება, მათი საქმე ჩემზე უარეს დღეში იქნებოდა. ეს მაშინ – ბნელ 90-იან წლებში ხდებოდა. დიდად არც ამჯერად არის სიტუაცია გამოსწორებული და ვეცადე ჩემი მშობლების შეცდომები არ გამემეორებინა და შვილებისთვის სექსუალურ განათლების მიღებაზე მე თავად მეზრუნა და ველაპარაკებოდი ისეთ თემებზე, რომლებსაც არც სკოლაში ასწავლიდნენ და არ მინდოდა „ქუჩიდან“, მეგობრებიდან მიეღოთ არასწორი ინფორმაცია. სწორედ ამიტომ გადავწვიტე საკუთარ თავზე ამეღო და მე თუ არა მათ მაინც დაეღწიათ თავი ტაბუირებული თემებისგან.

2018 წელს ჰერა 21 – ჩაატარა კვლევა მშობლების დამოკიდებულებებისა და საჭიროებებისთვის, კვლევის მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები მშობლების დამოკიდებულებების შესწავლა რეპროდუქციულ და სექსუალურ ჯანმრთელობასა და უფლებებზე შვილების ინფორმირების კუთხით. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მშობლები, იმის მიუხედავად, თავად უსაუბრიათ ამ საკითხზე შვილებთან თუ არა, საჭიროდ თვლიან შვილების ინფორმირებას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე. მშობლები ე.წ. „გარდატეხის ასაკს“ (10-12 და 13-15 წლები) მიიჩნევენ ყველაზე ოპტიმალურ პერიოდად შვილებთან სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ საუბრის დასაწყებად.

„საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება სექსუალური განათლების დანერგვა ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში. არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით განათლების სამინისტროსთან ერთად განხორციელებული პროექტების მიუხედავად, დღემდე გრძელდება მწვავე დისკუსია სქესობრივი განათლების საჭიროების და შესაძლო უარყოფითი შედეგის შესახებ. საზოგადოებაში დღემდე არსებობს სექსუალური განათლების შესახებ უამრავი მითი თუ დამახინჯებული წარმოდგენა. არაინფორმირებულობა, ცოდნის ნაკლებობა, რელიგიური თუ სხვა, ამ საკითხის მოწინააღმდეგე ორგანიზაციების აქტიურობა ხელს უწყობს საზოგადოებაში სქესობრივი განათლების შესახებ უარყოფითი განწყობის შექმნას“. – ამბობს მაია ჯიბუტი არასამთავრობო ორგანიზაციის „საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომას“ ფსიქოლოგი.

ამას წინათ, თამთა მელაშვილის რომანი „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ წავიკითხე. ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში არ არსებობს ასეთი თამამი განაცხადი, რომელიც სწორედ სექსუალურ განათლებას ეხება. წიგნი, რომელიც ფაქტობრივად იმაზე, თუ როგორ არ იცის რომანის მთავარმა გმირმა ელემენტარული სექსუალური ჯანმრთელობის ელემენტები. სამწუხაროდ, ამ წიგნში თანამედროვე საქართველოს რეალობაა ასახული – განათლების რამდენად დაბალი დონე გვაქვს საქართველოში, მით უმეტეს სექსუალური განათლების.

„ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება მიმართულია ბავშვების და მოზარდების მხარდასაჭერად სქესობრივი განვითარების პროცესში. განვითარების ეს ეტაპი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის. სექსუალური განათლება არის სექსუალობის კოგნიტური, ემოციური, ფიზიკური და სოციალური ასპექტების შესახებ სწავლება, რომლის მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების იმ ცოდნით, უნარებით, დამოკიდებულებებითა და ღირებულებებით უზრუნველყოფა, რომლითაც ისინი შეძლებენ, მშვიდად გაუმკლავდნენ ინტერნეტით თუ სხვაწყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, სწორად გადაამუშაონ ცრუ დაურთიერთგამომრიცხავი გზავნილები სქესობრივ ურთიერთობებთან დაგენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით“, – ამბობს მაია ჯიბუტი.

სექსუალური განათლების ზუსტ განმარტებას გვთავაზობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO):

WHO: სექსუალური განათლება არის განათლება სექსუალობის კოგნიტურ, ემოციურ, სოციალურ, ინტერაქტიულ და ფიზიკურ ასპექტებზე (WHO Regional Office for Europe and BzgA, Standards for Sexuality Education in Europe, 2010);

UNESCO: სექსუალური განათლება ნიშნავს სექსუალობის კოგნიტური, ემოციური, ფიზიკური და სოციალური ასპექტების შესახებ სწავლებაზე დაფუძნებულ პროცესს. მისი მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების უზრუნველყოფა ცოდნით, უნარებით, დამოკიდებულებებითა და ღირებულებებით, რომელიც მათ გააძლიერებს, რათა მოახდინონ თავიანთი ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ღირსების რეალიზება; განავითარონ პატივისცემაზე დაფუძნებული სოციალური და სექსუალური ურთიერთობები, გაიაზრონ და უზრუნველყონ თავიანთი უფლებების დაცვა მთელი ცხოვრების განმავლობაში (International technical guidance on sexuality education, UNESCO, 2018).

სექსუალურ განათლებას კი აქვს ორი ძირითადი მიზანი: შეამციროს არასასურველი ორსულობების რიცხვი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელება და სექსუალური ძალადობა ბავშვებზე; ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ადამიანების კეთილდღეობას ცხოვრების ხარისხისა და ადამიანური ურთიერთობების გაუმჯობესების გზით.

სამწუხარო რეალობა ის არის, რომ მხოლოდ მედიკოსების წრემ თუ იცის სექსუალური განათლების რაობა და მნიშნელობა და ისინიც დიდად თავს არ იწუხებენ პაციენტების გათვითცნობიერებაზე.

მით უმეტეს, თუ საქმე ეხება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს, ანდა სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს.

ონკოპაციენტები და სექსუალური განათლება

კიბოს გლობალური ობსერვატორიის (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია)1 2020 წლის სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში 0-85+ ასაკის ქალებში დაფიქსირებულია ყველა ორგანოს კიბოს 9227484 შემთხვევა. აქედან რეპროდუქციული სისტემის ორგანოებზე (ძუძუ, საშვილოსნოს ყელი, საკვერცხე, საშვილოსნო, ვულვა, ვაგინა) მოდის კიბოს 3660020 შემთხვევა, რაც წარმოადგენს სრული რაოდენობის 39.7%-ს. ქალის ონკოლოგიური დაავადებებიდან, გავრცელების სიხშირის მიხედვით, ძუძუს კიბოზე ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მოდის – 24.5%, რაოდენობრივად ეს არის 2261419. რაც შეეხება, რეპროდუქციული ასაკის ქალებს 15-49 წელი, რეპროდუქციული სისტემის ორგანოების კიბოს 1963161 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის ძუძუს კიბოზე ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი 33.9%. კიბოს პოპულაციური რეგისტრის2 მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად კიბოს დაახლოებით 10 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ონკოლოგიური დაავადებების ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 8700 ახალი შემთხვევა 2017 წელს დაფიქსირდა. მომდევნო წლებში კვლავ გაიზარდა და 2019 წელს 10 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება სიმსივნის მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობაც.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2020 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყო ახალი პროგრამა ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რაც მათ აძლევთ შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში სრულიად უფასოდ ჩაიტარონ ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, აგრეთვე მიიღონ სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები. მიუხედავად ამისა, პაციენტებს დღემდე ხელი არ მიუწვდებათ პოსტ-ოპერაციულ სარეაბილიტაციო სერვისებზე, ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, სექსოლოგის კონსულტაციაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალების მხარდაჭერა და მათი პოსტოპერაციული რეაბილიტაცია თანამედროვე მკურნალობის პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.

„თანადგომამ“ გადაწვიტა რეპროდუქციული სისტემის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალებში სექსუალური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების შესწავლა, საიდანაც გამოიკვეთა, რომ კვლევის მონაწილეები დიაგნოზის დასმის და ქირურგიული ჩარევის შემდეგ განიცდიდნენ ძლიერ სტრესს. ბევრი მათგანი იყო დეპრესიულ მდგომარეობაშიც. სტრესთან გამკლავება ზოგმა რესპონდენტმა დამოუკიდებლად, ხოლო ზოგმა – პარტნიორების/მეუღლეების და ოჯახის წევრების დახმარებით შეძლო; დიაგნოზის დასმისგან მიღებული შოკისა და რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რესპონდენტების უმრავლესობას მკურნალობის დასაწყისში სექსუალურ ჯანმრთელობაზე საერთოდ არ უფიქრია.რესპონდენტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ქირურგიული ჩარევის შემდეგ განიცდიდნენ სექსუალური ლტოლვის ნაკლებობას და ფრიგიდულობას. რესპონდენტების გარკვეული ნაწილისთვის სექსუალობის საკითხები აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც დაიწყეს გამოჯანმრთელება. ეს მოხდა ოპერაციიდან 6-12 თვის შემდეგ. ზოგიერთი რესპონდენტისთვის კვლავ პრობლემად რჩება სქესობრივი ურთიერთობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის დაწყებიდან საკმაოდ დიდი დროა გასული, ისინი აღნიშნავენ, რომ აქვთ სქესობრივი ურთიერთობის შიში, განსაკუთრებით იმის გამო, რომ არ იციან, თუ რა შეიძლება მოყვეს სექსს – ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება, დისკომფორტი, თუ სხვა. რესპონდენტებს და მათ პარტნიორებს ინფორმაციის არარსებობის გამო აქვთ არასწორი წარმოდგენები ოპერაციის შემდგომ სქესობრივ კონტაქტთან დაკავშირებით. მაგალითად: რესპონდენტების ნაწილის აზრით, „ოპერაციის შემდეგ სექსი აღარ შეიძლება“. თუმცა, რესპონდენტების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მუდმივად გრძნობდნენ პარტნიორების/ქმრების მხარდაჭერას, რომლებიც გაგებით ეკიდებოდნენ სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. უმრავლესობისთვის რთული აღმოჩნდა სხეულის ცვლილების მიღება. კვლევაში მონაწილე ქალებს უჭირთ საკუთარი შეცვლილი სხეულის დანახვაც კი, ეს უარყოფით გავლენას ახდენს მათ სქესობრივ ცხოვრებაზეც.

„მინდოდა, რომ ისევ ისეთი სხეული მქონოდა, როგორც ადრე. მე მქონდა დისკომფორტი, განსაკუთებით ზაფხულში, ცურვა მინდოდა…. ახლაც მინდა, რომ ძველებური სხეული მქონდეს, თითქოს შევეჩვიე კიდეც, მაგრამ ბოლომდე ვერა. ამიტომაც ვატარებ მხოლოდ დახურულ ტანსაცმელს, რომ არაფერი შემემჩნეს, ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობაა, რომელსაც მე ვერაფერი ვერ მოვუხერხე. 7 წელი გავიდა ოპერაციის მერე.“ – ამბობს ერთ-ერთი ონკოპაციენტი.

კვლევის მონაწილეთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მედპერსონალს (ექიმი, ექთანი) სექსუალური ჯანმრთელობის საკითხებზე მათთან არასდროს უსაუბრია. მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ „გამარჯვებულ ქალთა კლუბიდან“ გააგზავნეს ექიმთან, რომელმაც დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სექსუალურ სფეროსთან დაკავშირებით. რესპონდენტების უმრავლესობას ერიდება, ექიმთან გაარკვიოს სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები. კვლევაში მონაწილეთაგან მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა დაუსვა ექიმს კითხვა, თუ როგორ გაგრძელდებოდა მისი სქესობრივი ცხოვრება. რესპონდენტების უმეტესობა სექსუალობასთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო ინფორმაციას ეძებს ინტერნეტში (Youtube, Google, და ა.შ.).

„მე თვითონ ვიყავი დათრგუნული, მეგონა რომ რაღაცა პრობლემა მექნებოდა მეუღლესთან, მაგრამ მისი მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა წამოვიდა, არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია ამ მხრივ. მე თვითონ დავითრგუნე თავიდან, ბანაობის დროს ჩემს სხეულს რომ ვუყურებდი, ვითრგუნებოდი ძალიან. ჩემი შვილებიც გვერდში დამიდგნენ, მითხრეს, რომ სხვა რაღაცეებია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ერთი ორგანო გაქვს თუ არა გაქვსო… ოჯახის წევრების მხარდაჭერით და თანადგომით გამოვედი მდგომარეობიდან“, – ვკითხულობთ კიდევ ერთ ონკოპაციენტის ჩანაწერს. ონკოპაციენტ ქალებს და მათ პარტნიორებს ოპერაციის შემდგომ პერიოდში სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით ინფორმაციის არარსებობის გამო შეექმნათ პრობლემები. მათ ჩამოუყალიბდათ არასწორი წარმოდგენები სქესობრივ კონტაქტთან დაკავშირებით. მაგ: ოპერაციის შემდეგ სექსი აღარ შეიძლება, სექსი საერთოდ აღარ შეიძლება და ა.შ.

რესპონდენტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ აუცილებელია რთული ემოციური მდგომარეობის დროს ფსიქოლოგის მხარდაჭერა. ისინი საუბრობენ ექიმის და ფსიქოლოგის ერთობლივ მუშაობაზეც, დიაგნოზის დასმის დროს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კვლევის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ისინი არ გადაუმისამართებიათ ისეთი დამატებითი მომსახურების მისაღებად, როგორიცაა ფსიქოლოგის და სექსოლოგის სერვისი. რესპონდენტები ასევე აღნიშნავენ, რომ ფსიქოლოგის და სექსოლოგის სერვისი მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა იყოს უფასო, სხვა შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ მის გამოყენებას. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რაიონებში, სადაც, ერთი მხრივ, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია, მაგალითად: ადგილზე არ ჰყავთ ონკოლოგი, ფსიქოლოგი, სექსოლოგი და, მეორე მხრივ, ქალების უმრავლესობა მატერიალურად არ არის უზრუნველყოფილი, რის გამოც დედაქალაქში სპეციალისტებთან ვერ მიდიან.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქალებს აქვთ სქესობრივი კავშირის შიში; ოპერაციის შემდგომ სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით აქვთ გაურკვევლობის განცდა – არ იციან, რას უნდა ელოდონ, რა არის დაშვებული ან აკრძალული. ზოგიერთი ქალი ფიქრობს, რომ სექსი აღარ შეიძლება, ზოგს რცხვენია და სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვერავისთან საუბრობს, ექიმთან ამ კითხვებს ვერ სვამენ, ზოგიერთმა ქალმა აღნიშნა, რომ თავად პარტნიორთან ერთად გაართა თავი ამ პრობლემას. კვლევის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მედპერსონალი არ საუბრობს სექსუალური ჯანმრთელობის საკითხებზე, ასევე არ ხდება პაციენტების გადამისამართება ფსიქოლოგთან, სექსოლოგთან ან სხვა სპეციალისტებთან. რესპონდენტების ნაწილი კარგად აცნობიერებს, რამდენად შეამსუბუქებდა ფსიქოლოგის/სექსოლოგის ჩართულობა მათ რთულ ემოციურ მდგომარეობას, დაეხმარებოდა ფსიქიკური წონასწორობის, რაციონალური აზროვნების შესანარჩუნებაში, რაცდადებითად აისახებოდა მკურნალობის პროცესზე, მათ პირად და ინტიმურ ცხოვრებაზე.

ფაქტია, რომ ზრდასრულ ასაკში ადამიანები რომ არ დადგნენ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე, ამისთვის სკოლის ასაკიდანვე აუცილებელია სექსუალური განათლების მიღება.

ისევ მოზარდთა განათლებაზე

2002 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე აღიარებულ იქნა მოზარდთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ეროვნული სტრატეგიების და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების აუცილებლობა, შესაბამისი მიზნების და ინდიკატორების განსაზღვრის ჩათვლით. ასეთი ძალისხმვევა აუცილებლად უნდა განხორციელდეს მსოფლიოს ყველა რეგიონში, ვინაიდან მოზარდების უმრავლესობისთვის დღესაც მიუწვდომელია ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, ასევე, პრევენციული და სამკურნალო სერვისების შესახებ ამ სფეროში. მოზარდებისთვის ამგვარი ინფორმაციის, განათლების და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მომავალი საგანმამათლებლო პროგრამების მნიშვნელოვან ამოცანად უნდა იქცეს.

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებების და ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხები დიდი ხანია, მყარად დამკვიდრდა ბევრი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში, სკოლამდელი განათლებიდან დაწყებული, უმაღლესი განათლების ჩათვლით. ცნობილია, რომ სწორი ინფორმაციისა და სათანადო განათლების საშუალებით შესაძლებელია ჯანსაღი ფიზიკური და ემოციური ცხოვრება, სქესობრივი და რეპროდუქციული სისტემების დაავადებების დიდი ნაწილის პრევენცია. ბავშვის აღზრდისა და განვითარების ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სასიცოცხლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, სადაც ჯანსაღ ცხოვრებას უდიდესი ადგილი უკავია, როგორც ინდივიდის, ასევე საზოგადოების კეთილდღეობის თვალსაზრისით.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 26/12/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s