ოლიკო ცისკარიშვილი

ქალაქ თელავიდან აღმოსავლეთით 20, ქალაქ ყვარლიდან კი 16 კმ-ში, ზღვის დონიდან 480 მ-ზე, მდებარეობს შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი გრემი. აქ, ოდესღაც კახეთის მეფეთა რეზიდენცია (1466-1614 წ.წ.) იყო. უძველესი ციხე-ქალაქის მარჯვნივ, გზას თუ აუყვებით ზევით, რამდენიმე ათეული მეტრის შემდეგ, მიადგებით ღია მწვანე კარს, ეზოში კი დგას უკვე სამსართულიანი საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ სადაც დამოკიდებული (ნარკომომხმარებელი, თამაშდამოკიდებულები, ალკოგოლდამოკიდებულები) ადამიანები რეაბილიტაციას გადიან. ცენტრში, რომელიც 2016 წლიდან სტაბილურად ფუნქციონირებს, უკვე რეაბილიტაცია 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.
სახლში, სადაც ცენტრ „თანადგომის“ გახსნამდე, თამაშდამოკიდებული ცხოვრობდა, რომელიც ვალებს ვერ გაუმკლავდა. სიმბოლურად მოგვეჩვენა ეს ფაქტი, რომ დღეს ამ სახლში დამოკიდებულების მქონე ადამიანები უმკლავდებიან თავიანთ პრობლემებს.

„ცენტრი უნდა იყოს ლამაზ გარემოში და მოსახლეობისგან მოშორებული. ეს იყო ორსართულიანი ჩვეულებრივი სახლი, ორგანიზაციამ თავისი სახსრებით იყიდა. ჰოლანდიური პროექტით პირველი სართული გარემონტდა, მერე ევროკავშირის პროქტით მეორე სართული გავარემონტეთ და ახლა კი შვედების პროექტის ფარგლებში მესამე სართულის ნაწილი გავაკეთეთ. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ იდეალური გახდეს, მაგრამ რაც გვაქვს, ის საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ბენეფიციარები და განვახორციელოთ პროგრამა. შენობა რეზიდენტული ცენტრის კონცეფციას აკმაყოფილებს. 2020 წლის შემდეგ ცენტრი გახდა ფასიანი, მანამდე გვიფარავდა პროექტი ხარჯებს, მისი დასრულების შემდეგ იძულებულნი გავხდით ფასიანი გამხდარიყო,“ – გვიყვება ცენტრის მასპინძელი ვაჟა კასრელიშვილი.
მისი აზრით, ცენტრში მცირე სპორტული მოედნის გაკეთებაც შეიძლება. თუმცა ამის ფინანსები არ არის. შრომით თერაპიას რაც შეეხება: საქმე სულ არის, ეხლა ხეხილია შესაწამლი და შესასხლავი, ტყემალი, ქლიავი, კარალიოკი და ა.შ.
„ვფიქრობთ ფუტკრის მოშენებასაც, თავად გარემო სადაც ვართ ხელსაყრელია… შეიძლება გაკეთდეს, მცირე პატარა ფრინველების ფერმა… ადამიანები პარალელურ რეჟიმში უნდა იყვნენ დასაქმებულნი და თავიანთი რეაბილიტაციის საფასური გამოიმუშაონ. ამასთან, ყოველ ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება,“ – ამბობს ვაჟა კასრელიშვილი.
საქართველოში, სადაც დაახლოებით 52 ათასი პრობლემური ნარკოდამოკიდებულია სულ ორი რეზიდენტული ცენტრია „თანადგომა“ და „გამოსავალი“, რომლებიც დამოკიდებულების მქონე ადამიანებს რეაბილიტაციაში ეხმარებიან.
ცენტრ „თანადგომის“ პირველ სართულზე არის სველი წერტილები, სარეცხი მანქანა, საშრობი, შეხვედრის ოთახი, ფსიქოლოგის ოთახი, სამზარეულო, კონსულტანტ-ინსტრუქტორების ოთახები. მეორე სართულზე ხუთი საძინებელია. მესამე სართულზე გეგმავენ ტრენაჟორების დადგმას და კომპიუტერული ცენტრის გახსნასაც. ვაჟა კასრელიშვილის თქმით, ბევრი სხვა საინტერესო რამ დახვდებათ ბენეფიციარებს. ცენტრი საბოლოოდ გათვლილია ათ ბენეფიცირზე. მესამე სართულიდან კახეთის ულამაზესი შემოდგომის ხედი იშლება და ცოტა მოშორებით, გოროზად ამოშლილი გრემის მონასტერიც ჩანს.



ცენტრში ბენეფიციართა თიხის ნამუშევრები შენობაში შესვლისთანავე იპყრობს ყურადღებას. თიხაზე მუშაობა ცენტრ „თანადგომაში“ თერაპიის ნაწილია. სწორედ, თიხაზე მუშაობა უყვარს ერთ-ერთ, 55 წლის ინსტრუქტორს მარინას (სახელი პირობითია), რომელიც ადრე თავად იყო ამ ცენტრის ბენეფიციარი. ახლა კი ის იმ ადამიანების დამხმარეა და კონსულტანტია, რომლებსაც სურთ დამოკიდებულებას თავი დააღწიონ.
მარინა თავის ისტორიას გვიყვება, როგორ გახდა „თანადგომის“ ჯერ ბენეფიციარი, შემდეგ კი ინსტრუქტორი. ის თავის გამოცდილებას უზიარებს ცენტრში მისულ ბენეფიციარებს.
„სტიმული მომცა „თანადგომამ“, არსად მამუშავებდნენ, ჩემი შვილიც კი არ მიიღეს სამსახურში, დედა პატიმარი გყავდაო. „თანადგომას“ დაარსებიდან ვიცნობ. გვერდში არავინ მყავდა, რომ ვინმეს ეთქვა, რომ მათთვის მიმემართა დახმარებისთვის,“ – გვიყვება ის. ნარკოტიკების მოხმარება ინტერესის გამო დაიწყო, გასინჯა რამდენჯერმე და ვეღარაფერს მიხვდა, – „რომ მივხვდი უკვე გვიანი იყო“, – გვიყვება ოთხი შვილის დედა, – „როცა სხეული მტკიოდა ვერ ვხვდებოდი რომ ლომკაში ვიყავი. ადგილს ვერ ვპოულობდი. ოთხჯერ მაინც მაქვს გადაგდებული ჩემით. როცა კაიფი გინდა ლომკასაც უნდა გაუძლო. შვილები დამეხმარნენ, რომ ნარკოტიკებისთვის თავი დამენანებინა. ახლა ვეღარ გავუძლებ ლომკას, შვიდი წლის სიფხიზლე მაქვს, აღარასოდეს დავუბრუნდები ნარკოტიკებს,“ – გვეუბნება მარინა და ახლანდელ გატაცებებზე გვიყვება – „თიხა გამომივიდა, რა მაგარი შეგრძნება იყო რომ თიხა გამომივიდა… ქსოვაც ვიცი, ყველაფერი გამომდის.“
45 წლის ლევანიც (სახელი პირობითია) ცენტრის ინსტრუქტორია, ლევანი გვიყვება, რომ მეგობარმა მოუყვა „თანადგომის“ შესახებ და მანაც მიაკითხა. ადრე, ლევანი, წამალდამოკიდებულობამდე, პროფესიონალი ცხენოსანი იყო. ცხენოსნობისას ტრამვის გამო, ბევრ ტკივილგამაყუჩებელს იღებდა და – „შემდეგ ნარკოტიკების ინტერესი გამიჩნდა,“ – ამბობს ის. ბევრი პრობლემა შეუქმნა წამალმა, ათი წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი, – „ბევრჯელ მქონდა მცდელობა გადაგდების. ვფიქრობდი – კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ… და, ეს კიდევ ერთხელ იყო – შეტოპვა. ბოლოს ჯანმრთელობა რომ შემერყა მივხვდი, რომ თავი უნდა დავანებო. ათი წელი ვიწექი, ტვინის ნათხემი მაქვს დაზიანებული… დრო იყო ალბათ ცუდი… გარემო ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს ერთი შემოთავაზებაც უკვე ბიძგია,“ – ამბობს ლევანი, რომელიც ახლა სხვებს ეხმარება დამოკიდებულების დაძლევაში.
„ბენეფიციარები თავად დგავენ პირველ ნაბიჯს და ჩვენ ვხვდებით აქ,“ – გვიყვება მარინა, – „კითხვებს გვისმევენ, შინაურულად ველაპარაკებით, იმიტომ რომ ერთნაირები ვართ. რომ არც ვილაპარაკოთ, თვალებით ვგრძნობთ ყველაფერს. ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. ახლა ერთი ბენეფიციარი გვყავს, ექვსი თვეა ჩვენთან არის. თავად ძალიან მოსწონს“, – ამბობს მარინა, ცენტრის, ამჯერად ერთადერთ ბენეფიციარზე, რომელიც რამდენიმე დღეში დაუბრუნდება ფხიზელ ცხოვრებას თავის ოჯახში, – „აქ ძალით არავის ვაკავებთ. თავად ადამიანის გადასაწყვეტია, ცხოვრება თუ უნდა რომ კარგად გაარძელოს, აქედან არ წავა და იმკურნალებს. თუ უნდა რომ ცხოვრებას ნათელ ფერებში ხედავდეს – დარჩება. ეხლა ვაცნობიერებ, რომ მაშინ შავ ფერებში ვხედავდი სამყაროს. მაშინ არ იყო ის ფერები, რასაც ეხლა ვხედავ, მაშინ მზეც ნაცრისფერი იყო…“ – გვიყვება მარინა, რომელმაც შეძლო დამოკიდებულების დამარცხება და უკვე კარგა ხანია სხვებს ეხმარება.
რეაბილიტაციის ცენტრში მოსვლამდე ბენეფიციარები გასაუბრებას გადიან, გებულობენ რა სახის რეაბილიტაციას სთავაზობენ, რა პირობები აქვთ ცენტრში, რა მიდგომები და ა.შ. მერე კი ცენტრში მოდიან… ბენეფიციარები ცენტრში დილით ადრე დგებიან, მედიტირებენ, წესრიგდებიან, კვების შემდეგ აქტივობები აქვთ, შრომობენ, ყოველ დღე ფსიქოლოგის საათი აქვთ… მთელი დღე გაწერილი აქვთ და დაკავებულნი არიან. იძენენ ცოდნას, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ეხმარებათ დამოკიდებულების დაძლევაში.
ყოველდღიურად ცენტრს ფსიქოლოგიც აკითხავს. ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპია და მედიტაცია, ცენტრის ბინადართა თქმით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათი ქცევებისა და ფიქრების ჩამოყალიბებაში.
„როდესაც დამოკიდებულების მქონე ადამიანი მოდის ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში, მას ფიზიკური დამოკიდებულება მოხსნილი აქვს. მას აქვს მხოლოდ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ნებისმიერი დამოკიდებულება ეს ეს არის რეალობიდან გაქცევა. ცხოვრების შიში. ნარკოტიკი, ალკოჰოლი და ა.შ. ეს არის ყავარჯენი ამ ადამიანისთვის, რომლის საშუალებითაც ადაპტირდება რეალობაში, დამოკიდებულების მქონეს თვის, ნითიერება ეს არის რეალობასთან გამკლავების ერთადერთი საშუალება,“ – გვეუბნება ფსიქოლოგი, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი, ბიოსინთეზის სომატური ფსიქოთერაპევტი მაკა ინანაშვილი, რომელიც წელიწადნახევარია ცენტრში ყოველ დღე თელავიდან ჩადის, – „ფსიქოთერაპიული ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან ამით მას ეძლევა საშუალება დაინახოს თავისი რესურსები და გაბედულად შეხედოს რეალობას, ტრავმებს და ისწავლოს ახლებურად, ჯანმრთელი მეთოდებით მათთან გამკლავება. აქედან გამომდინარე, ისეთი ცენტრების არსებობა როგორიც თანადგომაა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აუცილებელიც. დამოკიდებულება ეს არის ქრონიკული დაავადება და როგორც ქრონიკული დაავადებას ყოველთვის არსებობს გამწვავების შესაძლებლობა. მას გამუდმებით სჭირდება ყურადღებით ყოფნა, რათა რეციდივის შემთხვევბი იშვიათად იყოს ან საერთოდ არ იყოს. შედეგის მიღწევა კი მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებაზეა დამოკიდებული. დამოკიდებულების მქონე არაა პასუხისმგებელი ავადმყოფობაზე, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება გამოჯანმრთელებაზე,“ – გვეუბნება მაკა და ამატებს, რომ „თანადგომის“ ცენტრში მოხვედრა და მკურნალობის ხანგრძლივიბა 3 დან 6 თვემდეა შესაძლებელი. ეს არის სტაბილიზაციის პერეოდი, როდესაც ბენეფიციარი სწავლობს, იგებს ამ დაავადებასთან გამკლავების ხერხებს. უფრო ახლოს ეცნობა თავის თავს. თუმცა ამის შემდეგაც, ცენტრიდან გასვლის შემდეგაც, საჭიროა განგრძობითი მკურნალობა – ფსიქოთერაპია და მხარდამჭერ ჯგუფებთან ურთიერთობა – 3 და 5 წლამდე.
ცენტრი დაფუძნებულია 12 ნაბიჯის პრინციპზე და პირველი ნაბიჯი არის სწორედ ის, რომ ადამიანს თავად უნდა უნდოდეს დამოკიდებულებისგან თავის დახსნა და აღიაროს რომ მას შველა სჭირდება. მთელი თორმეტი ნაბიჯის გავლა საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არ არის.
ასე, რომ ვისაც გაწუხებთ რომელიმე დამოკიდებულება – ნარკოდამოკიდებულება, თამაშდამოკიდებულება, ალკოგოლდამოკიდებულება და ნებისმიერი სხვა დამოკიდებულება – ცენტრ „თანადგომაში“, გრემის მშვიდ გარემოში, მზად არიან მხარი დაგიჭირონ და ერთად გაიაროთ ის 12 ნაბიჯი, რომელიც სრულყოფილ ცხოვრებას დაგიბრუნებთ.

