
ლანა ლობჯანიძე
,, კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე, რა უშავს,
ნურც რას იდარდებ, მეტადრე,
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც ადექი და ხე დარგე“
მეც ავდექი და ხე დავრგე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში, სადაც CENN-ის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი. „Green, Green and Green“, (მწვანე, მწვანე და მწვანე) – ომახიანი ხმით გვეუბნება თავის დევიზს ჯონ ნიკრემი, რომელიც საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა დანიიდან და ალვის ხეების ტყის გაშენებას მიჰყო ხელი. როგორც CENN-ის რეგიონული კოორდინატორი, სამეგრელო-ზემო სვანეთში, მაია კოდუა გვეუბნება იგეგმება ბრეკეტების ქარხნის დაარსება. ,,მნიშვნელოვანია გათბობის ალტერნატიული საშუალებები და ერთ-ერთი ალტერნატივა შეშის, რა თქმა უნდა, არის ნარჩენი ბიომასისგან ბრეკეტების დამზადება და ამ ბრეკეტების წარმოება, მოხმარება და პოპულარიზაცია. მნიშვნელოვანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით“, – ამბობს ის.
,,ჩემს სიცოცხლეში ჩემი სახელობის პარკია,“ – ამბობს ჯოჰანის დამხმარე, მაია, რომელმაც შ.პ.ს მარანში თავის ხელით გააშენა ალვის ხეების ექსპერიმენტალური ტყე. ამ საქმის კეთებით მეტ სიმწვანეს და ჟანგბადს უწინასწარმეტყველებს გარემოს. საშუალოდ 40 ადამიანია დასაქმებული, აქედან 7 ქალია.
ჯესპერ იონგანსონი ჯონ ნიკრემის კოლეგა და მეგობარია. სამ მიზეზს გვისახელებს, თუ რატომ მაინც და მაინც საქართველო: ერთი – ეს არის კარგი გეოლოგიური მდებარეობა, მეორე – წყლის რესურსების სიმდიდრე, ხოლო მესამე –ნაყოფიერი ნიადაგი და საზღვარი შავ ზღვასთან. კითხვას, თუ რა არის მისი მთავარი მიზანი ასე პასუხობს ,,main goal is to make a better world (მთავარი მიზანი უკეთესი სამყაროს შექმნაა).
შეიძლება ითქვას, რომ CENN-ის ორგანიზაცია ნამდვილად ანებივრებს აჭარის რეგიონს. ამის საუკეთესო მაგალითია პროექტები, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში. ეს არის ენერგოეფექტური მასალების და მზის ენერგიის გამოყენება, როგორც ცხელი წყლის, ისე ელექტროენერგიის მისაღებად. „ქედის მუნიციპალიტეტში ჯამში 29 საჯარო სკოლაა, რომელსაც აქვს 66 კორპუსი სხვადასხვა ლოკაციაზე და ყველა შენობაში სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პროექტი განხორციელდა“, – ამბობს აჭარის განათლების, სპორტის და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე.
ერთ-ერთი სკოლის მოწაფეს, 14 წლის სალომე გორაძეს სურს აღმოიფხვრას ეკოლოგიური პრობლემები და დაიმსხვრეს მითი, რომლის მიხედვითაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათი მოჭრილი ხე გარემოს ზიანს ვერ მიაყენებს. როგორც სალომე გვეუბნება, ეს ხალხი ვერ აცნობიერებს, თუ კიდევ რამდენი ადამიანი ფიქრობს მათ მსგავსად. სალომეს ეთანხმებიან მისი თანაკლასელები, რომელთა უმრავლესობა ეკო–კლუბის წევრია. აჭარის განვითარების სამინისტროს პიარი თეა ვადაჭკორია მათ მომავალ ,,დესპანებს“ უწოდებს, რომლებიც გაუზიარებენ ოჯახის წევრებს და ახლობლებს რამდენად სასარგებლოა ალტერნატიული ენერგიის გამოყენება. ჟურნალისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი და გამომცემლობა ,,ჩემი გამომცემლობის“ დამფუძნებელი ოლიკო ცისკარიშვილი ამბობს, რომ მისი თაობისთვის მზის ენერგიები, მზის ბატარეები იყო ფანტასტიკის სფერო. ახალგაზრდა თაობამ კი წვლილი უნდა შეიტანოს ცნობიერების ამაღლებაში.
,,არ აქვს მნიშვნელობა ერთი მოსწავლე ზის კლასში თუ ოცი, ჩვენ, მასწავლებლები მაინც ხალისით შევდივართ გაკვეთილებზე“, – ამბობს ,,ჯალაბაშვილების“ სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი ციური მიქელაძე. ხის სკოლაში, სადაც 13 მოსწავლე და 14 მასწავლებელია იგრძნობა მყუდრო და თბილი გარემო. აქ ვნახეთ ენერგოეფექტური ღუმელები, რომელსაც ერთხმად დადებითად აფასებს სკოლის კოლექტივი.
,,CENN“-ის წარმომადგენელმა და გარემოსდამცველმა ირაკლი მიქელაძემ ისაუბრა ,,CENN“-ის მიერ განხორციელებულ პროექტ ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ავსტრიის თანამშრომლობის განვითარება. „პროექტის ფარგლებში 66 სკოლა აღიჭურვა ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიებით, 17 სკოლაში დამონტაჟდა 41 კოლექტორი, 109 ცალი ენერგოეფექტიანი ღუმელი გადაეცათ სკოლებს, ამან შეამცირა შეშის მოხმარება. ასევე ბატონი ირაკლის ინფორმაციით, ბავშვების მოტივაციის ასამაღლებლად იგეგმება ,,ნიკო კეცხოველის“ სასკოლო კონკურსები“, – გვიყვება ირაკლი მიქელაძე.
ემზარ ბერიძე, რომელმაც მოიგო ტენდერი და არის არასამთავრობო ორგანიზაციია CENN-ის ,,ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ზემო აჭარის სკოლებში“ პროექტის ტექნიკური შემსრულებელი ინდ.მეწარმე, გვებნება, რომ ღამის საათებშიც უხდებოდათ მუშაობა. მისივე თქმით, ,,იაკობ გოგებაშვილის“ საჯარო სკოლიდან მეზობლებმა თბილი წყალი სახლებში გადაიყვანეს. მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემები დადგმულია კერძო სახლებში და სხვადასხვა დაწესებულებების შენობების სახურავებზე.
,,მსოფლიოში არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომ ის რესურსები და ის ენერგიის წყაროები რომელსაც ვიღებთ დროთა განმავლობაში ამოწურვადია და მსოფლიო დგას ამჟამად ისეთი გამოწვევის წინაშე, რომ ნელ–ნელა უნდა მოხდეს გადაწყობა ამ განახლებად ენერგიის მიმართულებით, ამაში კი გვეხმარება ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. ჩვენი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პრაქტიკია დავნერგოთ საქართველოში,“ – ამბობს CENN-ის გარემოს დაცვითი პროექტების ოფიცერი ლევან გაგოშვილი.
ფაქტი ერთია, ალტერნატიული წყაროების გამოყენებით ჩვენ შევქმნით უკეთეს სამყაროს. ადამიანების ცნობიერების ამაღლება კი ამის წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ დედამიწა 500-ჯერ მეტ ენერგიას იღებს მზისგან, ვიდრე მთელი მსოფლიოს ენერგოსისტემებში გამოიყენება. და ბოლოს, ,,GREEN, GREEN AND GREEN.”