RSS

მდინარეების წყალმოვარდნები – რეალური საფრთხე

16 ოქტ

ოლიკო ცისკარიშვილი

ჩემს უბანში, ვაზისუბანში, კორპუსების გაცხოველებული მშენებლობა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ერთ-ერთ მათგანს პატარა მდინარის კალაპოტზე აშენებენ. გზის სავალი ნაწილის გამო, ეს პაწაწინა მდინარე ვაზისუბნულა, ისედაც გვირაბში გადის და მერე ვაზისუბანსა და ვარკეთილს შორის მდებარე ხევში ჩაედინება. მერე ალბათ მტკვარსაც უერთდება. რამდენიმე წლის წინ ვერეს ხეობაშიც ასე მოედინებოდა უწყნინარად ვერეს მდინარე, ვიდრე კატასტროფის წინაშე არ აღმოვჩნდით და ადამიანების სიცოცხლე არ შეიწირა. სწორედ ამ კატასტროფის შემდეგ ვუყურებ შიშით – ჩვენი პაწაწინა მდინარეც არ გაბრაზდეს და თავზე წამომდგარი შენობა არ ჩამოანგრიოს.

მდინარეების წყალმოვარდნების გამო, ხშირად მაღალმთიან რეგიონებში ადამიანები კვირეების განმავლობაში არიან მოწყვეტილი ცივილიზაციას, რადგან ადიდებული მდინარე აზიანებს გზებს, ანგრევს ხიდებს. ასეთი შემთხვევები ხშირია, მაგალითად ხევსურეთში მდინარე არღუნის ადიდების გამო, რამდენჯერმე დაზიანდა მუცისთან დამაკავშირებელი ხიდი. ადიდებული მდინარეები ხშირად ანგრევენ საყოფაცხოვრებო შენობებს, საცხოვრებელ სახლებს, ხშირად კი სტიქიას ადამიანებიც ეწირებიან.

რამდენიმე წლის წინ, ვეძათხევში, ახალგაზრდა კაცი, სწორედ უცაბედად მოვარდნილმა მდინარემ შეიწირა. საუკუნის დასაწყისში კი მახსოვს ცაგერის რაიონში ადიდებულმა ცხენისწყალმა როგორ წაიღო საბავშვო ბაღი, დააზიანა სახლები და გაანადგურა სასაფლაო.

„ბოლო წლებში ბუნებრივი კატასტროფებისაგან დამცავი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი წელიწადში 121–136 მილიონი ლარია. ამ რესურსებიით, საქართველოს მთავრობა ცდილობს „ეკონომიკური განვითარების საფრთხეების აღმოფხვრას და ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტუნარიანობის გაზრდას, მათ შორის, სტიქიების რისკების მართვის სისტემის მოდერნიზაციით“, – ვკითხულობთ „მწვანე ბიუჯეტის პროექტში.“

თუმცა ეს თანხა ძირითადად ხმარდება ინფრასტრუქტურული ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურისთვის, ურბანულ დასახლებებში და თითქმის არ ხორციელდება სამუშაოები სტიქიის ფორმირების ზონაში. სწორედ, ამიტომა, რომ ძირითადად სტიქიის შედეგესბ ვერბრძვით და მიზეზებზე არ ვრეაგირებთ.

ვერეს კატასტროფული წყალმოვარდნის მაგალითს თუ ავიღებთ, „მდინარეთა აუზის ზემო წელი“, ესაა 32 კმ სიგრძის მდინარის აუზი, თბილისის გარეთ, ტყის ფონდის ტერიტორიაზე. სწორედ ამ პერიმეტრზე მოხდა ღვარცოფული ნაკადების ფორმირება, რომელიც მომენტალურად აღმოჩნდა ვერეს კალაპოტში და წარმოქმნა მძლავრი ნაკადი, რომლის გატარებაც ვერ შეძლო ქალაქის ტერიტორიაზე არსებულმა ორმა გვირაბმა.

სტიქიის აღმოფხვრის მრავალმილიონიანი ღონისძიებები თბილისის ტერიტორიაზე დაიხარჯა, თუმცა რისკის აღმომფვრელი ფაქტორები ისევ ძალაში რჩება და ახალი კატასტროფის განმეორება დამოკიდებულია მხოლოდ ექსტრემალური მეტეოროლოგიური ფაქტორების ციკლურობაზე. ანალოგიური საფრთხეები ვრცელდება საქართველოს მდინარეთა აუზების დიდ ნაწილზე, მათ შორის, ჩვენ მიერ მოკვლეულ აუზებზეც. თითქმის იდენტური ანალოგია ქალაქი თელავი და მდინარე თელავისხევი.“ – ამბობს CENN, გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი.

მდინარე თელავისხევი სათავეს იღებს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე და  თელავში ჩამოედინება. მდინარე, რომლის სიგრძე 15 კილომეტრია და აუზის ფართობიკი (შენაკადებთან ერთად) – 80 კმ², თოვლისა და წვიმის წყლით საზრდოობს. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა _ ზაფხულსა და შემოდგომაზე.

ძლიერი წვიმის დროს მდინარის დეგრადირებულ აუზში სათავიდანვე ყალიბდება მძლავრი ნაკადი, რომელსაც შეუძლია დიდი მოცულობის მყარი მასალის გადაადგილება. თიხებისგან, კონგლომერატებისა და ბიომასისგან შექმნილ სტრუქტურულ ღვარცოფს ქვემოწელში უერთდება ღვარცოფული მდინარეები და ქვატალახიანი ნაკადის სახით იჭრება თელავში. ბუნებრივი კატასტროფის სიმძლავრის დრამატული ზრდა შეიძლება გამოიწვიოს ღვარცოფის გაჭედვამ ხეობის შევიწროებულ ნაწილებში ან გვერდითი მეწყრების მოგლეჯამ. მდინარის ადიდების რისკის ქვეშ არის ქალაქი თელავი, სადაც ოფიციალური მონაცემებით, 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

საფრთხე კი ნამდვილად არის, რადგან უკვე წინა საუკუნეში ამ ქალაქი მაცხოვრრებლები რეალურად დადგნენ კატასტროფის პირისპირ. 1977 წლის 14 ივნისის ღამეს თელავისხევის ღვარცოფმა თელავი წალეკა.

„დაანგრია ან ძლიერ დააზიანა ქალაქის მრავალი ობიექტი – საწარმოო და სავაჭრო შენობები, საცხოვრებელი სახლები, სავარგულები, ქალაქზე გამავალი ღვარსაშვები ბეტონის არხი, ქუჩები, 5 საავტომობილო, 1 სარკინიგზო და 1 საცალფეხო ხიდი. მწყობრიდან გამოიყვანა წყალსადენი, გაზსადენი, ელექტროგანათებისა და კანალიზაციის ქსელები. ბლანტი ნალექით დაფარა ქუჩები, 5.8 კმ–ზე დააზიანა და ამოავსო ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხი; 1.6 მეტრი სიმაღლისა და 50 მეტრამდე სიგანის ღვარცოფმა წალეკა ზვრები, ბაღ–ბოსტნები, ყანები, საძოვარ–სათიბები. ხსენებული მდინარის ღვარცოფი წარსულშიც კალაპოტიდან მრავალჯერ გადმოვარდნილა, დიდი ზიანი მიუყენებია თელავისა და მის ქვემოთ სავარგულებისთვის“. – ასე აღწერენ იმდროინდელ ტრაგედიას.

„უშუალოდ თელავის ტერიტორიაზე მდინარე მოქცეულია ბეტონის არხში, რომელიც არ არის გათვლილი ღვარცოფის მაქსიმალურ ხარჯზე. ამ გარემოებამ შესაძლოა იქონიოს „ვერეს სარკოფაგის“ ეფექტი და მნიშვნელოვნად გაზარდოს მოსალოდნელი სტიქიის მასშტაბი,“ – ამბობენ „სენის“ წარმომადგენლები.სტიქიის განმეორების შემთხვევაში ზიანი კატასტროფული იქნება.

ასეთივე საფრთხის შემცველია მდინარე თურდოც, რომელიც მდებარეობს ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ კალთაზე. მდინარის სიგრძე – 32 კმ, აუზის ფართობი – 158 კმ2. მდინარე ვაკეზე ქმნის ვრცელი გამოზიდვის კონუსს და ერთვის მდინარე ალაზანს. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა — ზაფხულსა და შემოდგომაზე.

მდინარე თურდოს წყალშემკრებ აუზში ტყის განადგურებისა და მეწყრული პროცესების გააქტიურების კვალდაკვალ მდინარის ჰიდროლოგიური რეჟიმი შეიცვალა და არაპროგნოზირებადი გახდა.

„ზოგადად წყალდიდობები და წყალმოვარდნები ეს არის ბუნებრივი. მდინარის არსებობის განმავლობაში არის ბუნებრივი, ზოგადად პრობლემა მომდინარეობს იქიდან რომ საჯარო რეესტრს არ აქვს რეგისტრირებული მდინარის კალაპოტები. ტყე რეგისტრირებულია, მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია, მდინარის კალაპოტები კი არ არის რეგისტრირებული. მდინარის კალაპოტს უნდა მიენიჭოს შესაბამისი სტატუსი. დღევანდელ კანონში წყლის შესახებ საკმაოდ ბუნდოვნად წერია, რომ მდინარის კალაპოტის ბუფერული ზონა რა არის. თბილისში რომ ნახევარი მდინარე თუ ხევი მილებში გაუშვეს და ზოგი დამარხეს და ზევიდან სახლები დააშენეს. მერე ერთ დღეს რომ გაიღვიძეს და მდინარე მოვარდნა და იძახის მიშველე მთავრობავ, გადამარჩინეო, ეს მდინარის გამო კი არ არის პრობლემა შექმნილი. მდინარე იქ ბუნებრივადა არის. ეს ადამიანის გამოა, ვინც იქ შესახლდა. ეს რომ სისტემაში მოვიდეს კანონმდებლობის დონეზე უნდა განისაზღვროს შესაბამისი ნორმები,“ – ამბობს ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, 2014-2019 წლებში ყოველწლიურად ფიქსირდებოდა ღვარცოფული პროცესები. წყალმოვარდნისა და ნაპირგამორეცხვის შედეგად დაზიანდა გზები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. საფრთხე შეექმნა საცხოვრებელ სახლებს.

მდინარე პრობლემას უქმნის კახეთის რეგიონის ერთ-ერთ უდიდეს სოფელ ყარაჯალას, რომელიც თურდოს კალაპოტის სიმაღლეზე მდებარეობს. განსაკუთრებული ზიანი სტიქიამ სოფელს 2013 წელს მიაყენა. დაიტბორა სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, სასაფლაო, გზები და სასოფლო-სამეურნეო მიწები.

„პრობლემურია მდინარის მონაკვეთი სოფელ ვარდისუბნიდან ყარაჯლის ბოლომდე. მდინარეს შეცვლილი აქვს მიმართულება. კალაპოტის დასავლეთი ნაპირი ხელოვნურადაა ამაღლებული (1-2მ). ერთ ადგილას, 30 ჰექტარამდე ტერიტორიაზე, მოწყობილია ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომელთაც მდინარის ადიდების შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება; სოფელ ყარაჯალასთან, მდინარის კალაპოტსა და ტერასებზე, ყოფილი საწარმოები, გაჭრილი ტრანშეები და სპონტანური ნაგავსაყრელები ქმნის დამატებით საფრთხეებს, როგორც ინერტული მასალის აკუმულირების, ასევე ღვარცოფული ნაკადის შეგუბების თვალსაზრისით; სოფელი ყარაჯალა მზარდია. სახლების ნაწილი პირდაპირ მდინარის პირზე შენდება; ძველი ნაპირსამაგრი თითქმის დანგრეულია; არსებული ნაპირდამცავი წარმოადგენს ტრაქტორებით ნაპირებზე მიყრილ ქვა-ღორღს, რომელსაც არანაირი დაცვითი ღირებულება არ გააჩნია.“ – ამბობს რეზო გეთიაშვილი.

კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, „რისკის მართვა უნდა ემყარებოდეს მის გააზრებას, ყველა განზომილების, მათ შორის, საფრთხის მახასიათებლების და გარემოს დაცვის გათვალისწინებით“. სტრატეგია ასევე რეფერირებას აკეთებს კატასტროფის რისკის შემცირების სენდაის სამოქმედო ჩარჩო-პროგრამაზე (2015-2030) და წარმატებული განხორციელების მექანიზმად სექტორებს შორის მჭიდრო  კოორდინაციას განიხილავს.

ბუნებრივი კატასტროფების მართვის დღევანდელი სისტემა თითქმის არ ცნობს სტიქიის რისკფაქტორებს და სახელმწიფო ბიუჯეტი, ძირითადად, ორიენტირებულია სტიქიის შედეგებზე. პრევენციული ღონისძიებების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ვიწრო გეოგრაფიული არეალი და, ძირითადად, შემოიფარგლება დასახლებული პუნქტებით, ან მათ სიახლოვეს არსებული მუნიციპალური ტერიტორიებით.

„საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკაში თანმიმდევრული ცვლილებების შეტანას სამი ძირითადი პროცესი განაპირობებს: კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია; კანონპროექტი წყლის რესურსების მართვის შესახებ; ტყის ახალი კოდექსი და გეგმიური ტყითსარგებლობა.

წყლის რესურსების მართვის კანონპროექტის მიზანი ქვეყანაში სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომლის ვალდებულებაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. დოკუმენტის პროექტის მიხედვით, წყლის უარყოფითი ზემოქმედების რისკების მართვის პროგრამები წარმოადგენს მდინარეთა სააუზო მართვის გეგმის შემადგენელ ნაწილს. წყლის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული რისკების მართვა (წყალდიდობა, დატბორვა და ნიადაგის წყლით გაჟღენთვა-გაბელება, ნაპირების რეცხვა, ნაპირდამცავი ჯებირების და სხვა ნაგებობათა ნგრევა, მიწების დაჭაობება, ნიადაგის წყლისმიერი ეროზია), წყლის ახალი კოდექსით, უნდა განხორციელდეს რისკის ზონების იდენტიფიკაციის, რისკების მართვის პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გზით.

ამ მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტომ 6 წელიწადში ერთხელ უნდა დაადგინოს წყალდიდობების წინასწარი რისკები ყველა მდინარის სააუზო უბნისთვის და განსაზღვროს არეალები, სადაც არსებობს წყალდიდობების  პოტენციური მნიშვნელოვანი რისკი; ასევე მოამზადოს წყალდიდობების საფრთხისა და რისკის რუკები, რომლებიც განახლდება 6 წელიწადში ერთხელ. ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის გეგმები უნდა დაამტკიცოს საქართველოს მთავრობამ.

წარმოდგენილი ანალიზი ნათლად აჩვენებს გარემოს ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობების მნიშვნელოვან ზრდას, რასაც არ ახლავს მისი ბიუჯეტირება. საგულისხმოა, რომ სააგენტომ ახალი ვალდებულებები, ყველა სხვა საქმიანობის პარალელურად, შემოსავლების მკვეთრი შემცირების პირობებში უნდა განახორციელოს – 2018 წლის ინსტიტუციური რეფორმის შედეგად, სააგენტომ დაკარგა როგორც ფისკალური, ასევე თემატური ნაწილი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვეშ, წიაღის ეროვნული სააგენტოს სახით, ჩამოყალიბდა.

სააგენტოს როლი მნიშვნელოვანად იზრდება სტიქიის რისკფაქტორების (მათ შორის, ბუნებრივ ეკოსისტემებზე ანთროპოგენური ზეწოლის) დადგენის და რისკის მართვის გეგმების შემუშავების პროცესში. ამისთვის კი სააგენტოს ექსპერტული მომსახურება მნიშვნელოვანი ხდება სხვა სტრუქტურების მიერ განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვისას სტიქიების რისკების შეფასება–გათვალისწინების მიზნით.

სააგენტოს როლი ასევე იზრდება მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მხრივაც, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და მონიტორინგის ნაწილში. მით უმეტეს, თუ პრევენციის ღონისძიებები გადაინაცვლებს მდინარეების ზემო წელში.

პროცესში უნდა ჩაერთოს ეროვნული სატყეო სააგენტო, რომელიც სააუზო ტერიტორიების მართვის ძირითადი ორგანოა (მართავს საქართველოს ტერიტორიის დაახლ. 40 %-ს).

ასევე საჭიროა უწყებათშორისი შეთანხმებების ინიცირება:

  1. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რომელიც ახორციელებს მნიშვნელოვანი ტერიტორიებისა და სექტორების მართვას (ენერგეტიკა, ტურიზმი, სახელმწიფო საძოვრები); და
  2. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რომელიც, თვითმმართველობებთან ერთად, განკარგავს პრევენციისთვის გათვალისწინებულ ძირითად ფინანსურ რესურსებს.

აღნიშნული პროცესის განხორციელება მოითხოვს არსებული უწყებათშორისი დიალოგის მექანიზმების გამოყენებას და საკითხის შეტანას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, სოფლის განვითარების უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დღის წესრიგში.

ამ ეტაპზე, სისტემური ცვლილებების განხორციელება შემოიფარგლება კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტით – საქართველოში მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოებისა და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენების პროგრამის ფარგლებში,“ – ამბობს რეზო გეთიაშვილი.

გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული რეკომენდაციებით უკვე მიმართა აღმასრულებელ უწყებებს „მწვანე ბიუჯეტის პროექტის“ ფარგლებში, რომელიც 2021-2024 წლების საბიუჯეტო პროცესებზეა გათვლილი.

რეკომენდაციები არც მიმდინარე და არც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 16/10/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s