წვიმის შემდეგ გზაზე გაჩენილი ტალახის გუბეები, სანიაღვრე სისტემის არარსებობა, დანგრეული და ქვანაყარი გზა… ეს ის რეალობაა, რომელშიც სოფელ ქვიშხეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი წლებია ცხოვრობს. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გზების მშენებლობა სოფელ ქვიშხეთში სამი წლის წინ დაიწყო, თუმცა მათ სოფლის მოსახლეობის მხოლოდ ნახევარს დაუგეს გზა, ნახევარს კი დღემდე იმ სიტუაციაში უწევს ცხოვრება, როგორშიც სამი წლის წინ იყვნენ.

სწორედ იმ ნახევარი მოსახლეობიდან, რომელსაც უკვე სამი წელია გზას არ უგებენ, ერთ-ერთია სვეტა შამუგია. მისი თქმით, გზის გარეშე დარჩენილი ნახევარი სოფელი საშინელ მდგომარეობაშია, კერძოდ: არ არსებობს სანიაღვრე სისტემა, ჩატეხილია გზები და წვიმის შემდეგ დაგროვილი წყალი ხალს სახლებში უვარდება.
„სანიაღვრე სისტემის არარსებობა ძალიან დიდ პრობლემებს გვიქმნის. ძლიერი წვიმის შემდეგ დაგროვებული წყალი სახლებში გვივარდებოდა. რამდენჯერმე წყალდიდობაც კი მოხდა და სწორედ ამის შემდეგ სანიაღვრე სისტემის გაკეთების ნაცვლად უბრალოდ ხრეში დაყარეს გზაზე, თუმცა ამანაც არ უშველა და რამდენიმე ოჯახს კიდევ ემუქრება წყლის შევარდნის საფრთხე. ძალიან რთული მდგომარეობაა,ზაფხულში ქვიანი გზის გამო საშინელი მტვერია, მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევენ, განსაკუთრებით კი ზამთარში გადაადგილება ძალიან ჭირს და ა.შ. 2018 და 2019 წლებში სოფლის მოსახლეობამ ორჯერ შევიტანეთ ოფიციალური განცხადება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, იმის შესახებ თუ რატომ არ იგებოდა გზა ნახევარი სოფლისთვის, თუმცა მათგან ყოველ ჯერზე ვიღებდით ასეთ პასუხს, რომ მათ სახსრები არ ჰქონდათ და ჩვენთვის არ იყო ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა. ამის შემდეგ მხოლოდ წინა საარჩევნოდ იყვნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ნახეს თუ რა დღეშიც ვიყავით და დაგვპირდნენ, რომ ჩვენს მდგომარეობას აუცილებლად გაითვალისწინებდნენ, თუმცა, როგორც კი წავიდნენ, ეს თემაც დაიხურა,“ – ამბობს სვეტა შამუგია.
ია ხაჩიძე, რომელიც შედის ასევე სოფელ ქვიშხეთის იმ ნაწილ მოსახლეობაში, რომელსაც გზა არ დაუგეს, ამბობს, რომ წვიმის შემდეგ გზაზე იმხელა ტალახის გუბეები დგება, რომ გასვლაც კი გაუჭირდება ადამიანს. იას თქმით, სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, ძლიერი წვიმის შემდეგ მის მეზობელთან მიწა ჩამოიშალა და ჩასხმული ბეტონის კედელი მთლიანად ჩამოინგრა. მისივე თქმით, მათ გამგეობას მიმართეს, თუმცა გამგეობისგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ.
„ამ წლების განმავლობაში იყო იმაზე საუბარი, რომ სოფლის ის ნაწილი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ მაღალმთიანია და აქ ბეტონის გზა უნდა დაგებულიყო, თუმცა არც ეს არ გაკეთდა. დღეის მდგომარეობით სოფლის სხვადასხვა ტერიტორიებზე მიმდინარეობს გზის მშენებლობა, თუმცა ჩვენთან ჯერ კიდევ არავინ გამოჩენილა.ხაშურის მუნიციპალიტეტიდან შარშან იყვნენ მოსულები და ზუსტად ტალახის გუბეში გავაჩერებინე მანქანა და ვუთხარი რა მდგომარეობაც იყო ჩვენთან. ორი კაცი იყო მოსული და ერთმა მეორეს ჰკითხა თუ რატომ არ იყო ეს გზა აქამდე დასრულებული, მან კი პასუხი ვერ გასცა. მე კი ვუთხარი, რომ ამ გზის მონაკვეთისთვის გამოყოფილი თანხა „შეჭმულია“ და სწორედ ამიტომ არ გვაქვს გზა-მეთქი. ჩემი სიტყვების შემდეგ მათ აღარაფერი უთქვამთ, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. ამის შემდეგ კი აღარავინ აღარ მოსულა ჩვენთან. განცხადებაც რამდენჯერმე დავწერეთ და ჩავიტანეთ ხაშურის მუნიციპალიტეტში, თუმცა უშედეგოდ,“ – ამბობს ია ხაჩიძე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სოფელ ქვიშხეთში მალხაზ ღონღაძე გახლავთ. მისი თქმით, ქვიშხეთი დიდი სოფელია, სწორედ ამის გამო ვერ მოხერხდა სამი წლის განმავლობაში სოფლის ნაწილისთვის გზის დაგება.
„სამუშოები მიმდინარეობს და პარალელურ გზებზე მიდის მშენებლობა. წელს უკვე იგეგმება ქვიშხეთის გზის დასრულება. საკმაოდ დიდი სოფელია, დროც არ ეყოფოდა და ასე ერთიანად ვერ დაიგებოდა გზა. რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ სოფლის ნაწილისთვის, იმის გამო რომ მაღალმთიანი სოფელია, ბეტონის გზა უნდა დაიგოს, არის მცდარი, რადგან არანაირი განსხვავება არ არის და ერთიანად მიმდინარეობს მშენებლობა და ბოლომდე ასფალტი დაიგება იმ მთიანი სოფლისთვისაც. რაც შეეხება ფინანსებს, თუ რამდენი დაიხარჯა ამ გზის მშენებლობაზე, ნამდვილად არაფერი ვიცი, იმიტომ, რომ წვდომა არ მაქვს ამ საკითხთან,“– ამბობს მალხაზ ღონღაძე.
რაც შეეხება ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, 2021 − 2024 წლებში, 6 მილიარდი ლარი მოხმარდება რეგიონებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ: სოფლის გზების რეაბილიტაციას, წყალმომარაგება-წყალარინების, სკოლების, საბავშვო ბაღების, კულტურის ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ასევე აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის №45 განკარგულების საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტს გამოეყო 844 000 ათასი ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ხოლო საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N2752 განკარგულების საფუძველზე კი ხაშურის მუნიციპალიტეტს ასევე გამოეყო 844 000 ლარი.
მთავარი კითხაც სწორედ აქ ისმის, თუ 2019 წელს მთავრობის განკარგულებით ხაშურის მუნიციპალიტეტს ორივე ჯერზე გამოეყო 844 000 ათასი ლარი სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რატომ ეუბნებოდნენ სოფელ ქვიშხეთის მოსახლეობას სწორედ 2019 წელს (მაშინ, როდესაც მათ განცხადება ჩაიტანეს იმის შესახებ, თუ რატომ არ იგებოდა ნახევარი სოფლისთვის გზა) იმას, რომ მათ სახსრები არ ჰქონდათ და ბიუჯეტში არ იყო თანხა გამოყოფილი. ფაქტი ერთია, იმის მიუხედავად, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ გზების მშენებლობა მიმდინარეობს, სოფელ ქვიშხეთის ნახევარი მოსახლება სამი წელია უკვე ამ პრობლემებს ებრძვის და მათივე მტკიცებით, ჯერ კიდევ არავინ გამოჩენილა მათ ტერიტორიაზე და მითუმეტეს გზის მშენებლობა არავის დაუწყია.
ავტორი: მაგდა ბლუაშვილი
სტატიის წყარო : ჟურნალი „ვარიეტე“
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალის ლინკი https://drive.google.com/file/d/1Zaz6qiOtpLTu9mgTIL_FwnASYzuW7Fsm/view