RSS

ასამდე ასაშენებელი ჰესი – ეკოლოგიური კატასტროფა თუ ეკონომიკური სიძლიერე

19 აპრილი

ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის, პირველ ადგილზე წყალი და წყალთან დაკავშირებული რესურსები დგას – ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი (მდინარეები, ტბები, წყალცავები, მყინვარები, მიწისქვეშა წყლები, ჭაობები). ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, თბილისში ელექტროგანათების გამოყენების პირველი პროპაგანდისტი ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე იყო.

1897 წელს მიხეილ რომანოვის განკარგულებით, ბორჯომის მინერალური წყლების ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელსა და დირექციის წევრს – მოლდენგაუერს, ლიკანის სასახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება დაევალა. პირველი ჰიდროელექტროსადგური 1898 წელს ამუშავებული ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური იყო, რომლის ნაგებობის მშენებლობის ინიციატორი მოლდენგაუერი იყო. ჰიდროელექტროსადგურს 103 კილოვატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლო. 1913 წლის ბოლოს საქართველოში 7 მცირე ჰიდროელექტროსადგური და რამდენიმე ათეული თბოძრავიანი ელექტროსადგური მუშაობდა, რომელთა საერთო ჯამური სიმძლავრე 9 მგვტ-ს შეადგენდა, ხოლო წლიური გამომუშავება თითქმის 216 ათასი კვტ.სთ-ს.

XX საუკუნის ოციანი წლებიდან საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა დაიწყო. 1927 წელს აშენდა ავჭალის ჰიდროელექტროსადგური „ზაჰესი“ (დადგმული სიმძლავრე – 36,8 მგვტ.); 1928 წელს – „აბჰესი“, 1934 წელს – „რიონჰესი“. 1941 წლისათვის საქართველოს ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე 180 მგვტ-ს შეადგენდა. 1945-1960 წლებში ექსპლოატაციაში შევიდა 11 ჰიდროელექტროსადგური.

საქართველოში ელექტროენერგიაზე არსებულმა დიდმა დეფიციტმა, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ ქართველ მეცნიერებსა და ინჟინრებს საშუალება მისცა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, განეხორციელებინათ უნიკალური ჰიდროელექტროსადგურს “ენგურჰესის” დაპროექტება და მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში 1978 წელს გაიშვა.

ენერგეტიკის განვითარების ახალი ეტაპი 1960 წელს დაიწყო, როცა „თბილსრესის“ მშენებლობა გადაწყდა. 1963 წელს ექსპლუატაციაში გაიშვა „თბილსრესის“ პირველი ბლოკი, ხოლო 1972 წელს „თბილსრესის“ მერვე ბლოკის გაშვების შემდეგ, მისმა ჯამურმა სიმძლავრემ 1 250 ათას კვტ.საათს შეადგინა. 90-იან წლებში, „თბილსრესის“ გაფართოვდა, 1990 წელს ექსპლოატაციაში შევიდა მეცხრე ენერგობლოკი (300 ათასი კვტ), ხოლო 1994 წელს – მეათე ენერგობლოკი (300 ათასი კვტ). 

ელექტროსადგურების პარალელურად შენდებოდა 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „ზაჰესი-რიონჰესი“. „ზაჰესის“, „რიონჰესისა“ და „აბჰესის“ პარალელური მუშაობის ორგანიზება დაიწყო 1934 წელს, შეიქმნა საქართველოს ენერგოსისტემა. ელექტროსადგურების მშენებლობასთან ერთად განხორციელდა ელექტროგადამცემი ხაზებისა და ელექტროქვესადგურების მშენებლობის პროექტები. 60-იანი წლებიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა 220 კვ-იანი ქვესადგურების მშენებლობა და ექსპლოატაციაში შეყვანა. 1973 წელს აშენდა 500 კვ-იანი 187.5 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი “ქართლი”, რომელიც თბილსრესი და ქ/ს „დიდი ზესტაფონი“ დააკავშირა.

შემდგომ ეტაპზე აშენდა და ექსლუატაციაში გაეშვა 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი”.

2000 წლიდან დაიწყო ენერგოსექტორის რეორგანიზაციის ახალი ეტაპი, უკვე უცხოური კომპანიების მონაწილეობით. 2002 წელს განხორციელდა შპს “ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000”-სა და სს “ელექტროგადაცემის” შერწყმა, შეიქმნა შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” (სსე), რომელიც 2011 წელს სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. 

ენერგეტიკული პოლიტიკა

საქართველოში არსებული უხვი ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაა. ენერგეტიკულ სექტორში გატარებული გრძელვადიანი პოლიტიკის ამოცანაა ინვესტიციების მოზიდვა ახალი ელექტროსადგურების მშენებლობისთვის. ამ პოლიტიკის ნაწილს შეადგენს საკუთარი ჰიდრორესურსებით ქვეყანაში არსებული მოთხოვნის სრული დაკმაყოფილება ეტაპობრივად: ჯერ იმპორტის, შემდეგ კი – თბოგენერაციის ჩანაცვლებით.

საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მაღალი გამომუშავების პოტენციალისა და რეგიონში მზარდი მოთხოვნის გამო, განისაზღვრა ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები: მეზობელი სახელმწიფოების ენერგეტიკულ სისტემებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; ახალი ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა; ახლადაშენებული და არსებული ჰესების მიერ გამომუშავებული ჭარბი ელექტრო ენერგიის ექსპორტზე გატანა.


საქართველოში 13 წარმოების ლიცენზიანტი და 25 მცირე სიმძლავრის ჰესი ფუნქციონირებს. აქედან მხოლოდ შპს „ენგურჰესი“ და შპს „ვარდნილჰესი“ რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.

რამდენიმე წლის წინ, მხოლოდ რუსულ კომპანიებზე გასხვისებული აქტივებია:

1. ჟინვალჰესი-რუსული კომპანია”რაოესი”;

2. რიონჰესი-რუსული კომპანია “ენერჯი ინვესტი”;

3. გუმათი1- რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

4. გუმათი2-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

5. ლაჯანურჰესი-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

6. შაორჰესი-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

7. ვარციხე 1-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

8. ვარციხე 2-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

9. ვარციხე3-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

10. ვარციხე4-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

11. ხრამი 1-რუსული კომპანია “რაოესი”;

12. ხრამი 2-რუსული კომპანია “რაოესი”;

13. ხრამი 3-რუსული კომპანია “რაოესი”;

14. ხრამი 4-რუსული კმპანია “რაოესი”;

15. ხრამი 5-რუსული კომპანია “რაოესი”;

ქვეყნის ჯამური დადგმული სიმძლავრე 3300 მგვტ-მდეა, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 10 მლრდ კვტ/საათს აღწევს. ელექტროენერგიაზე შიდა მოთხოვნის 90%-ის დაკმაყოფილება არსებული ჰესებით ხდება. ახალი ჰესების ექსპლოატაციაში შეყვანის შემდეგ ეს მაჩვენებელი 100%-მდე გაიზრდება.

ელექტროენერგიის გადაცემას და ტრანზიტს ორი გადაცემის ლიცენზიანტი უზრუნველყოფს:
1. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განკარგულებაშია 220/110/35 კვ ხაზების და 500/220/110/35 კვ ქვესადგურების დიდი ნაწილი. სსე 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფება.
2. სს „საქრუსენერგო“ ახორციელებს 220/330/500 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციას. საქართველოს ელექტროსისტემა დაკავშირებულია ოთხივე მეზობელი ქვეყნის სისტემებთან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებით: ელექტროენერგიის ექსპორტის და საქართველოს ჰიდროპოტენციალის ათვისების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, გააძლიეროს ტრანსასაზღვრო მაღალი ძაბვის გადამცემი მოცულობა. ამ მიზნით, 2010 წელს დაიწყო 500/400 კვ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის (შავი ზღვის ეგხ) მშენებლობა თურქეთ-საქართველოს შორის. შავი ზღვის 500/400 კვ ეგხ პროექტის მთლიანი ღირებულება 260 მლნ ევროა და მისი დაფინანსება ისეთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა განახორციელეს, როგორებიცაა: KfW, EBRD და EIB. ხაზმა ფუნქციონირება 2013 წლის დეკემბერში დაიწყო. ხაზით სარგებლობის პრიორიტეტი ახლად აშენებულ ელექტროსადგურებს მიენიჭება. გარდა ამისა, იგეგმება 500კვ ხაზის მშენებლობა აზერბაიჯანთან და 400 კვ ხაზის მშენებლობა სომხეთთან. ზემოაღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ, საქართველო რეგიონის უმნიშვნელოვანესი ელექტროენერგეტიკული კვანძი გახდება.

საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორამდუმები, ენერგეტიკის სამინიტროს, სულ 48 მემორანდუმი აქვთ გაფორმებული სხვადასხვა ქვეყნების კომპანიებთან.

მიმდინარე მშენებლობებია:

ჰიდროელექტროსადგურიკომპანიადადგმული სიმძლავრე (მგვტ)ექსპლუატაციაში შესვლის ვადა
„ფარავანიჰესი“Georgian Urban Energy (თურქეთი)8530.08.2015
„კირნათიჰესი“Achar Energy 2007 ltd (თურქეთი)36.64428.02.2017
„ხელვაჩაურიჰესი 1“Achar Energy 2007 ltd47.4828.02.2017
„ლუხუნიჰესი 2Rusmetali Ltd (საქართველო)1201.10.2015
„არაგვი ჰესი“Energo Aragvi (საქართველო)815.02.2015
“არაკალიჰესი”Optimum Enerji Üretim A.Ş (თურქეთი)8.931.07.2015
„აბული ჰესი“Optimum Enerji Üretim A.Ş (თურქეთი)22.231.07.2015
„შუახევი ჰესი“Clean Energy Invest/Tata Group (ნორვეგია/ინდოეთი)17810.06.2015
“სხალთა ჰესი“Clean Energy Invest/Tata Group (ნორვეგია/ინდოეთი)9.810.06.2020

საქართველოს ენერგეტიკის სამინიტროს დაგეგმილი აქვს კიდევ 71 ჰესის მშენებლობა. უახლოეს მომავალში დაიწყება სტორი 1, სტორი 2 და სტორი 3 მშენებლობები სტორის ხეობაში, თუშეთისკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე.

სოფელ ჯვართან, ენგურჰესის უზარმაზარი კაშხალი, ორმოც წელზე მეტია სრული დატვირთვით მუშაობს.  ენგურის ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო სიმძლავრეა 1640 ათ. კვტ, საშუალო წლიური გამომუშავება — 5,46 მლრდ კვტ-სთ. კაშხალის მუშაობა გათვლილია, მინიმუმ 200 წელზე. ენგურჰესის მშენებლობამ ხუთი სოფლის დატბორვა გამოიწვია, მათ შორის ჰუდონის. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ელეტროენერგიას გამოვიმუშავებთ (ენგურჰესი ენერგიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოიშავებს), მაგრამ ამ ყველაფერს უკუპროცესებიც ახლავს, ამ ადგილის დამსახურებით ანაკლიის სანაპირო ზოლი წაირეცხა. ამ წყალსაცავის ფუნქციონირების შემდეგ, ის ნაშენი მასალა, რომელიც მდინარეს ფაქტობრივად, დიდი ხნის განმავლობაში ზღვაში ჩაჰქონდა, აღარ ჩააქვს და ზღვას, სამწუხაროდ, ვეღარ კვებავს. არადა ზუსტად ამ მდინარის დამსახურებით, გეოლოგიურ წარსულში, ანაკლიის სანაპირო ზოლი შეიქმნა. დაახლოებით ათი ათასი წლის განმავლობაში იქმნებოდა ანაკლიის ნაპირი ამ მდინარის ჩამოტანილი მასალით. ახლა კი, ნაშალი მასალა ზღვამდე ვეღარ ჩადის. გეოგრაფიული შეფასება  ასეთია – თუ მაგანაშშიც გაკეთდება ასეთი ჰესები, და დაიწყო მისი ჩაკეტვა, შამგონის კუნძულსაც პრობლემა შეექმნა. პრობლემა შეექმნება ანაკლიასაც.

უფრო დიდი პრობლემა შეიქმნა დარიალის ხეობაში. სოფელ გველეთთან მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. სპეციალისტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, დარიალის ხეობაში ბუნებრივ კატაკლიზმებს.

რამდენად დიდი იყო საფრთხე დარიალჰესის მშენებლობისას, გაანადგურებდა თუ არა ჰიდროელექტროსადგურის აშენება მდინარე თერგის მიმდენარე ეკოსისტემას, ამ საკითხზე მსჯელობა, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, ვიდრე ჰესის მშენებლობაზე ნებართვა გაიცემოდა.

მშენებლობის დაწყებამდე ადგილი, სადაც ჰესი შენდება, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიას ეკუთვნოდა. „დაცული ტერიტორიების შესახებ კანონით”, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა დაშვებულ საქმიანობათა ნუსხაში არ შედის.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარეც იყო გიორგი მელაძე, მიიღო გადაწყვეტილება 2012 წლის 10 თებერვალს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა კანონპროექტზე “დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.” არაკომპეტენტური გადაწვეტილებით შეიცვალა კანონი და დაცულ ტერიტორიების სტატუსის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შემოთავაზებული კანონპროექტის მიღების მიზეზია – ყაზბეგის რაიონში არსებული ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტის განხორციელების ხელშეწყობის აუცილებლობა.

ლეჩხუმის პრობლემა კი ახალი არაა. ლეჩხუმში სოფელ ლაჯანასთან მდინარე ლაჯანაზე, ლაჯანურჰესზე, ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესმა და საგუბარმა სოფლებში ჰავა საგრძნობლად შეცვალა, თუმცა დღემდე იმაზე წუხან, რომ ღამით დაძინებული, დილას, ნოტიო ტანსაცმელს იცმევენ. გარშემო კი, ნოტიო ჰავის გამო, მიწა რბილდება და უფრო და უფრო მეტი მეწყერსაშიში ზონები ჩნდება. რეგიონში იმატა გულის, ფილტვების დაავადებებმა და ჩიყვმა.. ლეჩხუმელები წუხან, ნამახვარის ჰესზეც, რომელიც იქვე ახლოს შენდება, სპეციალისტებიც და მოსახლეობაც ფიქრობს, რომ მისი აშენებით გარემო შეიცვლება.

რაც შეეხება ჰუდონჰესის გარშემო ატეხილ აჟიოტაჯს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შეფასებასთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ თავის დროზე ნიდერლანდების მთავრობას მიმართა საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით. ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიის (NCEA – Netherlands Commission on Environmental Assessment) მიერ მოხდა ხუდონის პროექტის გზშ-ს შესწავლა და ანგარიშის მომზადება, სადაც ჰოლანდიელი ექსპერტები თავის რეკომენდაციებს სთავაზობენ გარემოს დაცვის სამინისტროს. ჰოლანდიელი ექსპერტების დასკვნის მიხედვით, „ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი შესრულებულია საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების მიხედვით”, ასევე კომისიას მიაჩნია, რომ შემოთავაზებული კაშხლის ტიპი, კაშხლის პარამეტრები და განლაგება საუკეთესო ვარიანტია საინჟინრო თვალსაზრისით. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ანგარიში იძლევა ადეკვატურ ინფორმაციას: – წყლის და ხმელეთის ფლორასა და ფაუნაზე; -ხუდონის წყალსაცავი დამაჯერებლად აჩვენებს, რომ ევტროფიკაციის პროცესი (წყლის ხარისხის გაუარესება) წყალსაცავში არ განვითარდება; – კლიმატის ცვლილება (მიკრო და მაკრო მასშტაბით) არ წარმოადგენს ამ პროექტისთვის პრობლემურ საკითხს; – ხუდონჰესის წყალსაცავის შექმნასთან დაკავშირებით არ წარმოიქმნება ჯანმრთელობის პრებლემები.

ჰოლადიელებმა ექსპერტებმა მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით გზშ-ში მოყვანილი ინფორმაციები განიხილეს 13 კრიტერიუმის მიხედვით, რათა შეედარებინათ ხუდონჰესის კაშხალი სხვა 49 დიდ კაშხალთან მთელ მსოფლიოში, ამის მიხედვით: – დასატბორი ტერიტორია მეგავატებთან შედარებით: ხუდონჰესის სიმძლავრე 702 მგვ, წყალსაცავის ზედაპირი 520 ჰა. გენერაციის სიმძლავრესთან შეფარდებით წყალსაცავის ფართობი მცირეა, რაც საკმაოდ კარგი მაჩენებელია. -წყლის დაგროვების დრო: მდინარის ხარჯი 114 მ3/წამში და რეზერვუარის მოცულობა 364,5 მლნმ3. საშუალო წყლის შევსების დრო არის 37 დღე. წყალსაცავში წყლის ხარისხის პრობლემა არ არსებობს წყლის შევსების დროის სიმცირის გამო.

ახალმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ “შერიგების სივრცე – ბრძოლა უსაფრთხო მომავლისათვის”, საინიციატივო ჯგუფმა “კავკასიური სახლი,” ასოციაციამ “მწვანე ალტერნატივამ,” საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ, ასოციაცია “ლობომ”, ასოციაციამ “უსაფრთხო სივრცემ” – მასიური ჰესების აშენაბის გადაწვეტილებას საგანგაშოს უწოდებენ. “ამ პროექტების განხორციელების შედეგად, წყლის ქვეშ აღმოჩნდება (ისედაც მცირემიწიანი ქვეყნის) სულ მცირე 2000 ჰექტარი ფართობი: ნაყოფიერი სავარგულები, უძველესი ქართული სოფლები, კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობა; გადაგვარდება რიონის, ენგურის, თერგის და სხვა მდინარეთა ხეობები, განადგურდება აქ არსებული ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება; დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ისედაც საგანგაშოდ დაზიანებულ სასიცოცხლო სივრცეს და დააჩქარებს ეკოლოგიურ კატასტროფას საქართველოში,” – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ არაერთ განცხადებაში.

შედეგებს კი ჩვენი მომავალი თაობა მოიმკის, რადგან ჩვენ მეზობელ სახელმწიფოში – სომხეთში, რომელი მცირე ჰესების მშენებლობებს ინტენსიურად ახორციელებს, უკვე შეიმჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმები. სომხეთშიც, როგორც საქართველოში მოსახლეობა აპროტესტებს ჰესების მშენებლობას, თუნცა უშედეგოდ. ბაიოცზ-ზორის რაიონში, სოფელ შატინში, მდინარე ეგეგისზე უკვე აშენებულია ორი ჰესი, მესამეს მშენებლობა მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, მდინარეში უკვე გაქრა კალმახი. მდინარე ეგეგისი არის მდინარე არპას შენაკადი, რომელზეც უკვე ფუნქციონირებს 6 ჰესი. დაგეგმილია და ლიცენზია გაცემულია, კიდევ 11 ჰესის მშენებლობაზე. რა შედეგს მოუტანს ამდენი ჰესის მშენებლობა კავკასიას, მომავალი გვიჩვენებს.

საქართველოში, ყოველი დაგეგმილი ჰესის მშენებლობის შესახებ საბოოლოო გადაწყვეტილება დელიკატურად უნდა იყოს მიღებული, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევების საფუძველზე, რათა ისეთი ზარალი არ მიადგეს სახელმწიფოს, რომ მომავალი თაობებისთვის სავალალო აღმოჩნდეს.

http://www.energy.gov.ge/investor.php?id_pages=19&lang=geo

პ.ს. სტორის ხეობაში ჰესების მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, თუმცა არც ამ ჰესებზე ლაპარაკობენ. მაგრამ ისედაც მეწყერსაშიშ ზონაში, სადაც ყოველწლიურად იხერგება თუშეთისკენ მიმავალი გზა, რამდენად მიზანშეწონილია აქ ჰესების აშენება კვლავ სპეციალისტების დასკვნის შედეგად უნდა იცოდეს საზოგადოებამ. –

აჭარაჰესი ჰესის მშენებლობა კაი ხანია დასრულებულია, და ხარვეზებით მუშაობს. მის აშენებას თითო ოროლა ადამიანი აპროტესტებდა და დღეს, შედეგები სახეზეა.

ამ სტატიის დაწერამდე, ორიოდე წლის წინ, საზოგადოებამ მოიგო ბრძოლა გუდამაყრის ხეობაში ჰესის მშენებლობათასთან დაკავშირებით.

საზოგადოებამ მოიგო ბრძოლა პანკისში და ადგილობრივების ძალისხმევით მშენებლობები შეჩერებულია.

რაც შეეხება ნამახვარჰესს, როცა ეს სტატია დაიწერა, რიონის ხეობაში მიდის ჰესის სამშენებლო სამუშაოები და იმედია, მისი მშენებლობაც შეჩერდება, რადგან საზოგადოების პროტესტი ძალიან დიდია.

ფაქტია, რომ საქართველოში, 71 ჰესის აშენებისას, ქვეყანა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგება, რადგან ქვეყანა მდებარეობს სეისმურად აქტიურ რეგიონში, სხვა მიზეზებს რომ თავი დავანებოთ.

პს.პს. ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ, სომხეთმა, ჰესების მშენებლობაზე რამდენიმე წელია უარი თქვა.

ალტერნატიული ენერგიის წყაროების (თუნდაც მზის და ქარის) დანერგვა აუცილებელია, რომ ბუნებრივ კატასტროფებს ავარიდოთ თავი (ავტორი)

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 19/04/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s