ოლიკო ცისკარიშვილი
საქართველო, როგორც ზედაპირული, ისე მიწისქვეშა (მათ შორის თერმული და სამკურნალო მინერალური) წყლის რესურსებითაა მდიდარი. ზედაპირული წყლები წარმოდგენილია შავი და კასპიის ზღვის აუზების მდინარეებით, ბუნებრივი და ხელოვნური ტბებითა და წყალსაცავებით.
საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით. მის ტერიტორიაზე 26060 მდინარე მიედინება, რომელთა საერთო სიგრძე 26 ათას კმ-ს აღწევს. ამ მდინარეების 99,4% მცირე სიგრძისაა (25 კმ-ზე ნაკლები).
წყლის რესურსები არათანაბრადაა განაწილებული და ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია თავმოყრილი. საქართველოს მდინარეები ორ ძირითად აუზს მიეკუთვნებიან, რომლებსაც ლიხის ქედი ყოფს. შავი ზღვის აუზს დაახლოვებით 18109 მდინარე მიეკუთვნება, ეს საქართველოს მდინარეთა საერთო რაოდენობის 70 %-ია, ხოლო კასპიის ზღვის აუზს 7951 მდინარე (30%) მიეკუთვნება. ჰიდროლოგიურად შესწავლილია 555 მდინარე შავი ზღვის აუზში და 528 მდინარე კასპიის ზღვის აუზში.
აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარე მტკვრის ერთიან სისტემას ქმნის და კასპიის ზღვაში ჩაედინება, დასავლეთ საქართველოს მდინარეები კი შავ ზღვას დამოუკიდებლად ერთვიან. საქართველოს უდიდესი მდინარე მტკვარი, საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ მისი შუა წელია (400 კმ) სათავე თურქეთშია და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კასპიის ზღვაში ჩაედინება. დასავლეთ საქართველოს მდინარეებს შორის ყველაზე უდიდესი და წყალუხვი მდინარე რიონია. იგი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა მოქცეული, სათავეს კავკასიონის მთებში იღებს და ქუთაისისა და ფოთის გავლით შავ ზღვაში ჩაედინება.
მოსახლეობა წყლის რესურსებს საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულებით იყენებს. შესაბამისად, წყლების დაბინძურების წყაროებიც მოსახლეობის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო საქმიანობასთანაა დაკავშირებული.
დაბინძურების წყაროებია: კომუნალური კანალიზაცია, საწარმოო და სამედიცინო დაწესებულებების ჩამდინარე წყლები, სასოფლო-სამეურნეო ფართობებიდან და საყოფაცხოვრებო პოლიგონებიდან (ნაგავსაყრელებიდან) ჩამონადენები.
საქართველოში ყველაზე მეტად დაბინძურებული არიან მდინარეები. კომუნალური კანალიზაციით დაბინძურება მტკვრის აუზში გვხვდება: მდ. მტკვარი ქ. გორის, ბორჯომის, თბილისის, რუსთავის ქვემოთ; მდ. ვერე ქ. თბილისის ფარგლებში; მდ. ალაზანი ქ. თელავის ქვემოთ; მდ. ალგეთი ქ. მარნეულის ქვემოთ; მდ. სურამულა ქ. ხაშურის ქვემოთ; კომუნალური კანალიზაციით დაბინძურება შავი ზღვის აუზში კი: მდ. რიონი ქ. ქუთაისის ქვემოთ და ქ. ფოთის ფარგლებში; შავი ზღვის წყლები აჭარასა და აფხაზეთში.
კანალიზაციის ცენტრალიზებული სისტემები საქართველოს 45 ქალაქშია აშენებულია, მაგრამ ისინი არ აკმაყოფილებენ ტექნიკურ მდგომარეობას.
დღეისათვის ვერც ერთი გამწმენდი ნაგებობა ვერ უზრუნველყოფს ბიოლოგიურ გაწმენდას.
საქართველოს მდინარეებზე კი ასზე მეტი ჰესის აშენებას აპირებენ. არადა, ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგური არის არა მწვანე ენერგიის წყარო, არამედ განადგურების ხარჯზე მიღებული ენერგიის წყარო.
ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სწორედ, ჰესების მშენებლობის წყალობით, დაძლევს საქართველო ეკონომიკრ კრიზისს. თუმცა ამას არ ეთანხმებიან გარემოსდამცველები. საქართველოში, დღეისათვის 35,204 ოჯახია რეგისტრირებული, რომლებიც ბუნებრივი სტიქიის საშიშროების ზონაში ცხოვრობენ, მათგან 11,000 ექვემდებარება უსაფრთხო ადგილას განსახლებას, ამას კი ემატება ჰესების მშენებლობით გამოწვეული სტიქიკური მოვლენების გააქტიურება და ამ მოსახლეობის უფრო მეტად საფრთხეში ჩაგდება.
ჯერ კიდევ, 2012 წელს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქართველოში, ჰესები უნდა აშენდეს, მათ შორის გიგანტური ჰესები, როგორიცაა ხუდონის ჰესი, ნენსკრას ჰესი, ნამახვანის ჰესების კასკადი, ჭოროხის ჰესების კასკადი, აჭარისწყლის ჰესების კასკადი, დარიალჰესი. მათგან ორი უკანასკნელი აშენდა და გარემოს დამცველთა პროგნოზიც გამართლდა.
აშენდება თუ არა ეს 106 ჰესი მომავალი გვიჩვენებს. დღეს კი მოსახლეობა პასუხს მთავრობისგან ელოდება და მოლაპარაკების იმედს იტოვებენ. ამასობაში კი, მეზობელმა ქვეყანამ, სომხეთმა, გამოიჩინა გონიერება და აკრძალა ჰესების მშენებლობა.
დღეს კი, რაღაცნაირად სიმბოლურიცაა, რომ მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეს, ქუთაისში რამდენიმე ათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მდინარე რიონზე ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ გამართული.
ალბათ არავისთვისაა სიახლე, რომ საქართველოს რთული რელიეფის გამო, ხშირად უნდა მოველოდეთ სხვადასხვა სტიქიურ მოვლენას. ამის ფონზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე დაგეგმილი ასი ჰესის მშენებლობა ბუნებრივ კატასტროფამდე მიგვიყვანს. მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, ტყის მასივებისა და ლანდშაფტების განადგურება – ეს ჩვენი მომავალია, თუკი დავიწყებთ ბუნებასთან ჭიდილს და მისი რესურსის არაკეთილსინდისიერად გამოყენებას.
იმედია, ხალხის გონიერება გაიმარჯვებს და ჩვენ წილი სამშობლო განადგურების გზაზე არ დადგება.