ნანიკო დავითაშვილი

თითქმის 1 თვეა, რაც საქართველოში არაფორმალური ლოქდაუნია გამოცხადებული. 28 ნოემბრიდან გარეთ გასვლა აკრძალულია საღამოს 9-დან დილის 5 საათამდე, შეჩერებულია საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება, სწავლა წლის ბოლომდე დისტანციურ რეჟიმში გადავიდა.
შეზღუდვების სია საკმაოდ გრძელია, მათ შორის არის რესტორნები, რომელთა ნაწილი დაიხურა,ნაწილი გატანის რეჟიმზე აგრძელებს მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მთავარი მიზანი პრემიერ-მინისტრის განცხადებით იყო ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ამავე დროს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურება, როგორც ჩანს, უახლესი შეზღუდვები უამრავი ადამიანისთვის ბიზნესის დახურვის, სამუშაოს დაკარგვისა და ფინანსური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების მიზეზი გახდა.
აღსანიშნავია, რომ სარესტორნო ბიზნესი შველას ითხოვს და რამდენიმე კვირის წინ საკუთარი მოსაზრებები, მოთხოვნები მათ ეკონომიკის მინისტრსაც გააცნეს.
რესტორნების მფლობელთა განცხადებით, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ისეთი ფაქტორები, როგორებიც არის საბანკო პოლიტიკა და გადასახადებთან დაკავშირებით საკითხებს გადაიხედოს.
კომუნალური გადასახადები, საშვების გაცემის საკითხი, ფინანსური მხარდაჭერა… შეხვედრა ნათია თურნავასთან გაიმართა. როგორც სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, საათობრივი შეზღუდვის გამო, პრობლემა შეექმნა გატანის პროცესსაც. პრობლემათაგან ყველაზე თვალსაჩინო საშვების გაცემა და გადაადგილებაა.
რესტორან „შავი ლომის“ წარმომადგენლის, მერიკო გუბელიძის განცხადებით, ახალმა რეგულაციებმა სარესტორნო ბიზნესის მუშაობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა: „მზარეულებისთვის საშვები არ გვაქვს. მზარეულმა საჭმელი თუ არ გააკეთა, ვერ მივიტანთ სტუმრამდე. სწორედ, ამ მექანიზმის შემუშავებას ცდილობენ“, – ამბობს მერიკო გუბელაძე.
ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას საუბარი იყო ასევე კომუნალურ საკითხებზეც, რომლის სიღრმისეული განხილვა უახლოეს მომავალში შესაძლოა ჩაინიშნოს.
„დროებით უსამსახუროდ დავრჩი იმის გამო, რომ რესტორანი ვერ უზრუნველყოფდა თანამშრომელთა გადაადგილებას. ყოველდღიურად როცა სამსახური ახლოს არ გაქვს, ტაქსში მთელი დღის ნამუშევარი რომ გადავიხადო. რითი ვიკვებო და ვარჩინო ოჯახი?“ – აცხადებს რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილი ქალბატონი.
გარდა რესტორნის წარმომადგენლებისა, პრობლემები მომხმარებლებსაც შეექმნათ, რომლებისთვისაც დამატებითი ხარჯი და დისკომფორტი აღმოჩნდა ახალი რეგულაცია: „იქიდან გამომდინარე, რომ შორს ვცხოვრობ ისეთი ობიექტებისგან, რომლებსაც აქამდე ხშირად ვსტუმრობდი, მიწევს რომ ვისარგებლო გამოძახების სერვისით, რაც ჩემთვის ძალიან არაკომფორტულია. შეკვეთები დაგვიანებით მოდის, ან არასრული რაოდენობით მოდის, ვიხდი იმაზე მეტს, ვიდრე ჩვეულებრივ და ამაზე ხშირ შემთხვევაში რეაგირება ნულია,“ – აცხადებს მომხმარებელი თამუნა ხელაია.
როგორც ცნობილია მოქმედებს სუბსიდირების პროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფომ 30 მილიონი ლარი გამოყო.
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ნაბიჯები სასწრაფოდ გადაიდგმევა.
მინისტრი რესტორნების წარმომადგენლებს დაპირდა, რომ ბიზნესებს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ თანამშრომელთა შენარჩუნებისთვის. სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობისთვის, გატანის სერვისის უკეთ მუშაობისთვის…
შეზღუდვების მოხსნის თარიღი, 24 დეკემბერი თითქმის უკვე მოახლოვდა. საინტერესოა გაუქმდება თუ არა რეალურად რეგულაციები სარესტორნო ბიზნესისთვის და გაუმჯობესდება თუარა ამ სექტორის მდგომარეობა უახლოეს მომავალში.
ფოტო: ია კვარაცხელიის