ია კვარაცხელია

ყველასთვის ცნობილია, რომ Covid19-თან დაკავშირებულმა პრობლემებმა მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ადამიანს შეუშალა ხელი და ჩვეული ცხოვრების რიტმისგან ამოაგდო და ბევრი ადამიანი პრობლემების წინაშე დააყენა. შეცლილი ცხოვრების რეჟიმის გამო, ადამიანების გარკვეულ ნაწილს დისტანციურად მუშაობა და სწავლა უწევთ, რაც უმეტესობისთვის სულაც არ არის ხელსაყრელი და კომფორტული, რადგან მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და არ შეუძლიათ დაესწრონ გაკვეთილებს, ლექციებს ან თუნდაც სახლიდან იმუშაონ.
გაეროს ბავშვთა ფონდის და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ახალი ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა. ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში სასკოლო ასაკის ბავშვების ორ მესამედს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა. ეს მაჩვენებელი ანალოგიურია 15-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებშიც – 759 მილიონ ახალგაზრდას, ანუ 63 პროცენტს, არ აქვს სახლში ინტერნეტკავშირი.
„სამი შვილი მყავს მე-2, მე-5 და მე-7 კლასელები, რაც სკოლები დაიხურა და ონლაინ რეჟიმში მოგვიწია გაკვეთილებზე ჩართვა, ამ დღიდან შეიძლება ითქვას, რომ უდიდესი პრობლემა დაიწყო ჩვენს ოჯახში, რადგან არ არის გამართული სისტემა, ყოველ გაკვეთილზე შესვლისას ხარვეზებია და პროგრამა ძალიან ჭედავს. სწორედ ამიტომ ბავშვები ცალკე იტანჯებიან, მე ცალკე და მასწავლებლებზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. ამის გამო, ხშირად უწევთ ბავშვებს გაკვეთილების გაცდენა, რაც ძალიან დასანანია. დასანანია, რომ ამ პირობებში ნორმალურ განათლებას ვერ იღებენ და იზღუდებიან. იმედი მაქვს მალე დამთავრდება ეს საშინელი დღეები და დავუბრუნდებით ადამიანურ ცხოვრებას,“ – გვეუბნება 35 წლის დიასახლისი ილონა კეკელია.
„პირველ რიგში, ეს არის სრულიად ახალი მოცემულობა, რომლისთვისაც ფეხის აწყობა სრულიად ფორსმაჟორში მოგვიწია. კომფორტზე საუბარი ზედმეტია, იმ მხრივ რომ კოვიდსიტუაციამ თავდაყირა დააყენა ყველას გეგმები: მათ შორის საუნივერსიტეტო ცხოვრების. უნივერსიტეტი ცოცხალი კავშირების ადგილია და ამ ხიბლმა სრულიად გადაინაცვლა ონლაინში. ცხადია ფეხის აწყობა მოგვიწია, ვინაიდან უკვე მერვე თვეა ამ რეჟიმში ვართ და ალბათ, კიდევ გარკვეული ხანი ასე ვიქნებით, ამიტომ ეს უფრო შეგუებას ჰგავს, ვიდრე კომფორტს. დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ კომუნიკაცია სტუდენტებთან გაორმაგდა. დისტანციურმა მუშაობამ, სამუშაო საათებიც შეცვალა და ეს დილის 9-დან საღამოს 5-მდე ნამდვიად აღარ არის. როცა სტუდენტს რაიმე სახის პრობლემა აქვს, იქ დრო პირობითია. ამიტომ, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ჩემი კავშირი სტუდენტებთან – სოციალური ქსელებით, სატელეფონო კავშირით, მეილით და ა.შ. მე მაქვს ერთგვარი მედიატორის როლი აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის. ამ პერიოდმა ამის საჭიროება გამოკვეთა. თუმცა მინდა აღვნიშნო და დავაზუსტო, რომ ყველანაირად ვცდილობთ ლექციების ხარისხი არ დაეცეს, ტექნიკური მხარე უზრუნველყოფილი იყოს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალებული გამოვიდეთ აქედან. არაერთი დაბრკოლება შეიქმნა, ვერ გავმართეთ კურდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო საღამო, საზეიმოდ ვერ დავხდით პირველკურსელებსაც, ათასი ტექნიკურ დეტალთან უწევთ ადაპტაცია სტუდენტებს, რაც ცოცხალი კავშირის პირობებში მეტად მარტივი იქნებოდა. ყველაფერი რაც ხდებოდა ადგილზე, ლექციეის გარდა – ეს იქნებოდა ღია კარის დღე, სასკოლო ოლიმპიადა თუ სხვ. ყველაფერმა სახე იცვალა. ვერ ვახერხებთ გაცნობით ხასიათის ვიზიტებს სკოლებში, ბევრი პროექტი გადადგვედო ეპიდვითარების გამო. ყველაზე მეტად, არსებული სიტუაცია, სწორედ სოციალურ აქტივობების გამართვაში გვიშლის ხელს, რითაც გამოირჩეოდა უნივერსიტეტი: საჯარო ლექციები, საერთაშორისო კონფერენციები, სპორტული ღონისძიებები, ინტელექტუალური თამაშები, ექსკურსიები თუ სხვა. საუნივერსიტეტო ცხოვრება სრულიად ამოვარდნილია ჩვეულ რიტმს,“ – აღნიშნა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, სალომე სუხიშვილმა, რომელიც წლებია სტუდენტებთან კომუნიკაციითა დაკავებული.
მსოფლიო მონაცემების მიხედვით, ყველაზე შეძლებულ ოჯახებში სასკოლო ასაკის ბავშვების 58 პროცენტს აქვს სახლში ინტერნეტკავშირი. ეს მაჩვენებელი, უღარიბესი ოჯახების ბავშვების შემთხვევაში, მხოლოდ 16 პროცენტს შეადგენს. ანალოგიური უთანასწორობაა ქვეყნების შემოსავლიანობის მიხედვითაც. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სასკოლო ასაკის ბავშვებიდან 20-დან 1-ზე ნაკლებს აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში კი – დაახლოებით ყოველ მეცხრეს.
„Covid19-მა საკმაოდ დიდი გამოწვევებისა და სირთულის წინაშე დააყენა მთლიანად მსოფლიოს მოსახლეობა და ამის გამო, უამრავ რამეზე მომიწია უარის თქმა, ისევ და ისევ ჩემი და მოსწავლეების ჯანმრთელობის გასაფრთხილებლად. მე პედაგოგი გახლავართ, უამრავი აბიტურიენტი მყავს, რომლებსაც დღევანდელ დღემდე სახლში ვიღებდი. თუმცა რამდენიმე დღის წინ Covid-ი დამიდასტურდა და მომიწია სხვა მასწავლებლების მსგავსად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. სიმართლე გითხრათ, ეს კიდევ საკმაოდ რთული გამოწვევაა, რადგან ონლაინ სისტემა არც ისე გამართულად მუშაობს. თუმცა ამ სიტუაციაში გაორმაგებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ბავშვების მიმართ. ეს ერთგვარი ამჟამინდელი ბრძოლაა და მჯერა, რომ ჩვენ მოვიგებთ ამ ბრძოლას საკმაოდ დიდი წარმატებით,“ – ამბობს 50 წლის პედაგოგი ლია ქოჩლაძე.
ლია ქოჩლაძის ერთ-ერთი მოსწავლე გიორგი ძიძავას თქმით, ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის ამ სისტემით სწავლაა, რადგან მუდმივად პრობლემებია ინტერნეტთან დაკავშირებით:
„უკვე წლებია ქალბატონ ლიასთან დავდივარ მოსამზადებლად, წელს კი აბიტურიენტი ვარ და სამწუხაროდ, იმ ფაქტის წინაშე დავდექით, რომ მოგვიწია ონლაინ რეჟიმში გადასვლა, რადგან ლია მასწავლებელს Covid19 დაუდასტურდა. რთულია ასე დისტანციურად სწავლა განსაკუთრებით კი აბიტურიენისთვის, თუმცა უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, პირველ რიგში, საკუთარი თავის და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვისაც სჯერა ჩემი წარმატებით ჩაბარების უნივერსიტეტში. მართალია უდიდესი საშიშროების წინაშე ვდგავართ, თუმცა, ჩემი აზრით, არ უნდა დავნებდეთ და ყველამ წესების დაცვით ვაკეთოთ ჩვენი საქმე,“ – ამბობს მომავალი სტუდენტი გიორგი ძიძავა.
„ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა სტუდენტებთან ურთიერთობა, მათთვის საკუთარი ცოდნის გაზიარება. ეპიდვითარებამ კი, რომელიც თითქმის უკვე ერთი წელია, სრულიად შეცვალა გარშემო ყველაფერი. ლექციებსაც კი ვერ ვატარებთ ნორმალურად, საინტერესოდ. აღარ გვაქვს უშუალოდ პირდაპირი კავშირი ერთმანეთთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებსა და ლექტორს შორის. გადავედით ონლაინხანაში, როდესაც მხოლოდ ინტერნეტით ხდება კომუნიკაცია. ძალიან მიშლის ხელს ინტერნეტი, ონლაინ სწავლება სტუდენტებთან ურთიერთობაში, რადგან ლექციის ჩატარების დროს, უამრავი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს. რა თქმა უნდა, დროის ფაქტორის მხრივ საკმაოდ კომფორტულია, რადგან უფრო მეტი რამისთვის გრჩება დრო, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ჯერ არ არის მზად ონლაინ სივრცეზე გადასვლისთვის,“ – აღნიშნა „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ლექტორმა როინი ბერიამ.
Covid19-მა მართლაც, რომ თავდაყირა დააყენა მსოფლიო მოსახლეობის ცხოვრება, მათი გეგმები. იმედია, ძალიან მალე, კვლავ ყველაფერი შეიცვლება და ცხოვრება მშვიდ დინებას გაჰყვება.
ფოტო ავტორის