გიორგი მაკარაშვილი

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის ქალაქ „უხანში“. მეცნიერების ერთწლიანი შრომის მიუხედავად, ფართომასშტაბური გამოყენებისთვის ვაქცინა ჯერ კიდევ არ არსებობს და ჯერ კიდევ, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ვაქცინებს ტესტავენ.
კვლავ პირბადე და სოციალური დისტანცი რჩება ვირუსთან ბრძოლის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად. ყოველდღიური მოხმარებისთვის ძირითადად ორი ტიპის პირბადეს იყენებენ. ესენია, სამედიცინო პირბადე და ნაჭრით შეკერილი პირბადე. ამ ორ სხვადასხვა ტიპის პირბადესთან დაკავშირებით მუდმივად აზრთა სხვადასხვაობაა, თუ რომელი ტიპის პირბადე გვიცავს უკეთ კორონავირუსისგან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, უმჯობესია ერთჯერადი სამედიცინო დანიშნულების პირბადის გამოყენება. ხოლო, თუ გადაწყვეტთ ნაჭრის პირბადის გამოყენებას, უმჯობესია ის სამი შრისგან შედგებოდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებას ადასტურებს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილი. მისი ინფორმაციით, კორონავირუსისგან დაცვისთვის ყველაზე ეფექტიანი ორ ან სამშრიან სამედიცინო პირბადეა. მაგრამ პირბადის შრეების მიუხედავად ყველაზე მნიშვნელოვანი მისი სწორად გამოყენებაა.
„შეიძლება ვთქვათ, რომ დღეისათვის უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული რომ ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის ყველაზე ეფექტური არის სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი. შემდეგ ეფექტურობით გამოირჩევა ორშრიანი სამედიცინო ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი შრისგან შედგება, რაც უფრო მეტ შრიანია, ალბათობა იმისა რომ ის შეაკავებს ვირუსს მაღალია და გვახსოვდეს ისიც, რომ მხოლოდ სამედიცინო ნიღაბი ვერ იქნება პრევენციის გარანტი. ამას თან უნდა ახლდეს რამდენიმე სწორი ქმედება. ეს არის რისკების სწორად შეფასება, თუ სად ვიმყოფებით, ნიღბის სწორად ტარება, დისტანციის დაცვა და გარემოსთან ინტეგრაცია, სადაც თქვენ იმყოფებით ამა თუ იმ მომენტში. ასევე აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ზოგს ნიღაბი უკეთია, მაგრამ სრულიად ფორმალურად. ყოველგვარ ეფექტს მოკლებულია ნიღაბი, რომელიც არ ფარავს ცხვირს მთლიანად,“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
მიუხედავად არსებული მითითებებისა, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოიხმარს ნაჭრის პირბადეს. ზოგი ადამიანისთვის პირბადე რთულ პერიოდში შემოსავლის წყაროდ იქცა, ზოგს კი სამედიცინო პირბადის ყოველდღიურად შეძენისთვის შესაბამისი ფინანსები არ აქვს.
ხათუნა ბერიძე 10 წელია რაც ტანსაცმლის კერვითა და გადაკეთებით არის დაკავებული. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მასაც შეეხო და ამის გამო იძულებული გახდა ტანსაცმლის კერვიდან, პირბადეების კერვაზე გადართულიყო. არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომგდინარე, ყოველდღიურად დიდი რაოდენობით პირბადის გაყიდვა რთული ეკონომიკური მდგომარეობის დაძლევაში ეხმარება.
„ჯერ კიდევ, გაზაფხულზე, როდესაც სამკერვალოს გახსნის უფლება არ მქონდა და იძულებული გავხდი დამეკეტა, სახლში დავიწყე პირბადეების კერვა. ჯერ ახლობლებს ვჩუქნიდი და მხოლოდ მეზობლები ყიდულობნენ. მაგრამ როდესაც სამკერვალო გავხსენი, მოთხოვნაც უფრო გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ჩემი ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო ეს არის. ხალხი მეუბნება, რომ ურჩევნიათ ერთხელ გადაიხადონ 2-3 ლარი და პირბადე დიდხანს გამოიყენონ, ვიდრე ყოველ დღე ახალი იყიდონ. ფერადი და განსხვავებული პირბადეებიც მოსწონთ. დაცვას რაც შეეხება, მომხმარებელი გამოყენების შემდეგ თუ გარეცხავს და კარგად გააუთოებს, რატომ უნდა იყოს პრობლემა. მთავარია დაიცვა ეს წესი და კარგად გაიკეთო. მე ჩემ შეკერილ პირბადეს ვიყენებ და ჯერ პრობლემა არ შემქმნია. ვიღაც გაივლის დაინახავს, მოეწონება და ყიდულობს. გვერდით მაღაზიაა შესვლა რომ მოუნდობათ და პირბადე არ აქვთ ისინიც შემოდიან და ყიდულობენ. ყოველდღიური მოხმარების ნივთად იქცა, რომელიც მუდმივად თან უნდა ატარო. არავინ მოსულა და უთქვამს არ შეკეროო. ალბათ ვერც წარმოვიდგენდით, რომ ასეთი დაუსრულებელი გახდებოდა ეს ყველაფერი,“ – ხათუნა ბერიძე, რომელიც ყოველ დღიურად საშუალოდ 15-20 პირბადეს ყიდის.
მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებს აქტიურად იყენებენ ის ადამიანები, რომლებიც ვალდებულნი არიან დღის განმავლობაში მუდმივად ეკეთოთ პირბადე. ასეთი ადამიანები ძირითადად მომსახურების სფეროში დასაქმებული პირები არიან. თამარ დარჩია სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ მუშაობს კონსულტანტის პოზიციაზე. ყოველდღიური მუშაობის გრაფიკიდან გამომდინარე მუდმივად უკეთია პირბადე. არსებული რეკომენდაციების, მიუხედავად, არჩევანს მრავალჯერადი მოხმარებით ნაჭრის პირბადეზე აჩერებს, რადგან ყოველდღიურად ერთჯერადი მოხმარების პირბადის ყიდვის საშუალება არ აქვს.
„ყოველდღიურად ერთჯერადი პირბადე, რომ გამივიყენო როგორც წესია 2 საათში ერთხელ უნდა გამოვიცვალო და გამოდის დღეში 3-4 ცალი მჭირდება. დღეში 15 ლარი, რომ გაქვს ანაზღაურება აზრი აღარ აქვს მუშაობას, თუ ყოველდღიურად პირბადის ყიდვაში ფულის დახარჯვა მომიწევს. ვიყენებ მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის პირბადეს, რომელსაც დღის ბოლოს ვრეცხავ და ვაუთოვებ. ვიცი რომ ერთჯერადი სამედიცინო პირბადის გამოყენება უმჯობესია და უკეთ გვიცავს ვირუსისგან, მაგრამ გაზაფხულის შემდეგ, რაც განვაახლეთ მუშაობა, ყოველდღიურად მინიმუმ ერთი პირბადე რომ მეყიდა უკვე ასობით ლარი მექნებოდა დახარჯული. იყო პერიოდი, როცა ერთ ლარზე მეტი ღირდა ერთი ცალი პირბადე. კარგი იქნებოდა კომპანიებს მთავრობის მხრიდან ვალდებულება ჰქონდეთ აღებული და ნაწილობრივ მაინც უზრუნველყოფნდნენ თანამშრომლებს შესაბამისი დაცვის საშუალებებით მაგრამ მხოლოდ რეკომენდაციის დონეზე არის მითითება და რა თქმა უნდა, კერძო ბიზნესი თავს აარიდებს რთულ პერიოდში ხარჯების გაზრდას და არ დაინტერესდება იმით, თანამშრომელს სამედიცინო პირბადე უკეთია, თუ ნაჭრის,” – გვეუბნება თამარ დარჩია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უპირობო რეკომენდაციაა სამედიცინო დანიშნულების მქონე ორ ან სამ შრიანი პირბადის გამოყენება. ამ რეკომენდაციას იზიარებენ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებიც და ამსათანავე დასძენენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სამედიცინო ან ნაჭრის პირბადე ეფექტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ სწორად გამოვიყენებთ და სასუნთქი გზები დაფარული იქნება სრულად.
კორონავირუსისგან ადამიანების დაცვის ეფექტური საშუალება სამედიცინო პირბადეა, მაგრამ სწორედ ამ სამედიცინო პირბადისგან ვერ ვიცავთ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. გარემოსთან დაკავშირებულ თემებზე მომუშავე ორგანიზაცია Green Matters-ის ინფორმაციით, ყოველთვიურად 200 მილიარდი სამედიცინო, ერთჯერადი გამოყენების ნიღაბი და ხელთათმანი ხვდება გარემოში. ადამიანები ხშირადნახმარ პირბადეს პირდაპირ ქუცებში ყრიან. ოკეანეების სანაპიროზე უკვე შესამჩნევია კორონავირუსთან ბრძოლის კვალი, რომლის ბუნებრივად გაქრობას ასობით წელის სჭირდება.
ფოტო: გიორგი მაკარაშვილი