RSS

თვითდასაქმებულები კორონავირუსის პირისპირ

20 ნოე

გიორგი მაკარაშვილი

დილის 8 საათზე, მაშინ როდესაც მეტრო სამგორის მიმდებარედ, ყვავილების ბაზრობა მუშაობას ასრულებს, ყველაფერი ისე გამოიყურებოდა თითქოს ჯერ ახლახანს მოსულიყვნენ გამყიდველები. კვლავ დიდი რაოდენობით ყვავილები, გასაყიდად გამზადებული თაიგულებით სავსე დახლები, პირბადითა და თავდაცვის საშუალებებით შეიარაღებული გამყიდველები, მყიდველთა მოლოდინში. პერიოდულად, როდესაც მყიდველი გამოჩნდებოდა, ყველა თავისკენ უხმობდა: „მოდი, სამ ცალს 5 ლარად გაგატან, გადაყრას მირჩევნია ორი კაპიკი მაინც ავიღო“, „შეხედე, რა ლამაზია, ასეთს ვერავისთან ნახავ“, „მოდი, ყველაზე ფერადი ჩემი თაიგულებია“, მყიდველი კი, რამდენიმე წუთი თვალიერების შემდეგ, არჩევს სასურველს და ყიდულობს. დანარჩენი გამყიდველები კი კვლავ ელიან ადამიანს, რომელიც მათგან შეიძენს ყვავილს.

მოლოდინის დროს არსებული პაუზის პერიოდში გავესაუბრეთ ადამიანებს, რომლებიც ათეულობით წელია ამ საქმიანობით არიან დაკავებული. ისინი გვიყვებიან, თუ როგორ მოახდინა გავლენა კორონავირუსმა მათ საქმიანობაზე, რა პრობლემები შეექმნათ მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციებისა და შეზღუდვების გამო. რა მოლოდინები აქვთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კვლავ გამოცხადდება საყოველთაო კარანტინი.

„ბავშვობიდან ამ საქმეში ვარ, რაც თავი მახსოვს. რთული პერიოდები ყოველთვის იყო, როცა არ „ეყვავილებოდა“ ხალხს. მაგრამ ეს მოულოდნელი  ჩაკეტვა და შეზღუდვები ძალიან რთული გადასატანი აღმოჩნდა. ახლაც კი გაყიდვები ძალიან დაკლებულია. რეგულაციების გამო, ქორწილები რომ არის აკრძალული, ეს, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს. ყვავილები ყრია, არის და არის ასე, ბოლოს ვყრით. ძირითადად გასვენებებისთვის ყიდულობენ. დაკეტვის მერე კარგა ხანი არ ჩანდა მყიდველი. ახალი გახსნილები, რომ ვიყავით მხოლოდ ახლობლები თუ ყიდულობდნენ, არავინ დადიოდა ბაზარში, ალბათ შეშინებული იყო ხალხი. გაყიდვები  ნელ-ნელა წამოვიდა. არც დაბადების დღეები, რომ აღარ იყო, არც ქორწილები და დღესასწაულები, ვის ან რისთვის უნდა ეყიდა ყვავილი. ჩემი ძირითადი შემოსავალი ეს არის, ყვავილიც რასაც ვყიდი, მე ვზრდი.  მაშინ როცა ყველაფერი ჩაკეტილი იყო, მარტი-აპრილის პერიოდი, ყვავილებს პირდაპირ ვყრიდი, რისთვის უნდა მომეკრიფა, ვერსად ვერ წავიღებდი გასაყიდად და რა აზრი ქონდა, ფიზიკურად გარეთაც ვერ გავდიოდით, რომელ ყვავილის გაყიდვაზეა ლაპარაკი. ის 300 ლარიანი თვითდასაქმებულის დახმარებაც ვერ ავიღე. რა მოთხოვნებიც იყო ვინ მომცემდა იმ საბუთს. ან ვინც აიღო ის 300 ლარიანი დახმარება, როგორ უნდა იმყოფინეს ის ფული არ ვიცი, ზღვაში წვეთია და ხალხის დაცინვა. ათასობით ლარის ყვავილი გადავყარე მაგრამ ვინ ამინაზღაურებს ამ ზარალს, არავინ. რთულია ყვავილზე იყო დამოკიდებული და ძირითადი შემოსავალი ეს იყოს, მაგრამ რა ვქნა, სხვა გამოსავალი არ მაქვს. წარმოდგენაც არ მინდა, კიდევ ერთხელ რომ ჩაიკეტოს, რა მოხდება, არ ვიცი. ისედაც ყველას დიდი ზარალი მოგვადგა და ხელმეორეად ამის გადატანა ძალიან რთული იქნება.“ – გვიყვება კახა ბოხუა, რომელიც 30 წელზე მეტია ყვავილებს ყიდის.

ათეულობით ადამიანთა შორის, რომლებიც ყოველდღიურად დაუღალავად ცდილობენ ყვავილის გაყიდვას და თავიანთი შრომის ნაყოფის რეალიზებას, ერთი-ერთი ნათელა ლაბაძეა:

„ყვავილებს ძირითადად ვყრი. ფასი ჯერ ხო ისედაც დაბალია, არაფერი ღირებულება აღარ აქვს, მაგრამ მაინც არ იყიდება, არ უნდა ხალხს, მოთხვნა არ არის. ქორწილები არაა და ვიღას ენდომება ყვავილი. დეკორაციები, თაიგულები, მაგიდის გაფორმება, ბევრ რამეში იყენებენ და დიდი რაოდენობითაც ყიდულობნდნენ, მაგრამ ახლა მთლიანად განულებულია ქორწილისთვის ყვავილის გაყიდვა. ამაზე არ ითქმის რომ შესუსტებულია გაყიდვები, არ იყიდება საერთოდ. როცა ძირითადი შემოსავალი ეს იყო და არის, მაგრამ ვერაფერს ყიდის, რა უნდა ქნას ამ დროს ადამიანმა?! შეხედე ამ ყვავილებს ხვალ ან ზეგ თუ არ გაიყიდა კიდევ, უნდა გადავყარო. მერე აღარ ევარგება საერთოდ, დაჭკნება და გაფუჭდება. 12 წელია რაც ამ ბაზრობაზე ყვავილს ვყიდი, მანამდე ვაგზალზე ვიყავი და აქ გადმოვედით. ჩემი შვილი მეხმარება ძირითადად ყვავილების ტრანსპორტირებაში. ესეც ხო ხარჯია, თან არაფერი იყიდება და დიდია ზარალი. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც არ ვნებდები და ყოველ ღამე მოვდივარ და ვფიქრობ, იქნებ ახლა მაინც გაიყიდოს უკეთ. ამდენი წელია ამ საქმით ვარ დაკავებული, 65 წლის ვარ და ასე არაფრის გამო როგორ ვთქვა უარი და როგორ მივატოვო ყველაფერი.  იმედია მალე დალაგება ყველაფერი და თავის კალაპოტს დაუბრუნდება ცხოვრებაც და ჩვენი საქმეც. მარტიდან მოყოლებული, რამდენი თვე გავიდა და ერთხელ არ მოსულა არავინ ჩვენ მოსაკითხად. არ აინტერესებთ რა მდგომარეობაში ვართ. ის 300 ლარიანი დახმარება ვერც მე ავიღე, ისევე როგორც აქ მყოფთა უმეტესობამ. არ მსმენია საერთოდ ვინმემ თუ აიღო,“ – გვიყვება ნათელა ლაბაძე.

ყვავილებს დიდი რაოდენობით, ღონისძიებების გასაფორმებლად, ორგანიზატორი კომპანიები ყიდულობენ. ადგილი სადაც მისაღებ ფასად ყიდულობენ ყვავილებს, სწორედ მეტრო სამგორის მიმდებარედ არსებული ბაზრობაა, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში, არც ისე ხშირად სტუმრობენ ამ ადგილს. ნინი ჯიქურიძე 3 წელია ღონისძიებების ორგანიზებით არის დაკავებული და მისი ახალშექმნილი კომპანია უკვე ფინანსურ კრიზისს განიცდის.

„გასულ წელსთან შედარებით დამკვეთების რაოდენობა, ფაქტობრივად, განულებულია. აქამდე, შემოდგომობით კვირაში ორი ღონისძიება მაინც გვქონდა. ახლა კი თვეში ერთი რომ გვქონდეს ამაზეც მადლობელი ვიქნებით. ძირითადად ქორწილების ორგანიზება არის ჩვენი საქმიანობა. რეგულაციების გამო, რადგან ბევრი ადამიანის თავშეყრა არ შეიძლება, არც ჩვენი მომსახურება აღარ უნდათ, მცირე ქორწილის მოწყობისას გაფორმებაში ფულს აღარ ხარჯავენ. გაზაფხულზე საყოველთაო კარანტინის დროსაც, მსგავსი სიტუაცია იყო, დამკვეთები არ გვყავდა. ჩვენთვის სიტუაციას კიდევ უფრო ის ართულებს, რომ ამ ყველაფრის წამოსაწყებად საჭირო თანხა ბანკიდან გამოვიტანეთ. რამდენიმე თვის განმავლობაში, გადავადებული გვქონდა გადახდა, ახლა კვლავ უნდა გავაგრძელოთ გადახდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა რამდენად გვაქვს ეს კიდევ სხვა საკითხია. ამ ყველაფერს დასასრული არ უჩანს. როგორც ჩანს, სიტუაცია ჯერ კიდევ არ გამოკეთდება და მინიმუმ შემდეგ წლამდე ასე გაგრძელდება და რამდენად შეძლებს ჩვენი ბიზნესი გადარჩენას არ ვიცი, ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს,“ – წუხს ნინი ჯიქურიძე.

საქსტატის უკანასკნელი მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში, ქვეყანაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 864.6 ათასი ადამიანია.

თვითდასაქმებულად ითვლებაფოტოგრაფიც, რომელიც სადღესასწაულო ღონისძიებების განუყოფელი ნაწილია. ადამიანი, რომელიც ცხოვრების მნიშნველოვან მომენტებს ფირზე აღბეჭდავს. ღონისძიებების რაოდენობის შემცირებამ მათ საქმიანობაზეც დიდი გავლენა მოახდინა და შემოსავლის გარეშე დატოვა ისინი.

 „10 წელზე მეტია ამ სფეროში ვარ. ძირითადად სადღესასწაულო ღონისძიებებს ვიღებ, ქორწილი, ბანკეტი, კორპორატიული წვეულება. რეკლამების გადაღების პროცესშიც ვიყავი ჩართული და პერსონალურ ფოტოგრაფადაც მიმუშავია. ჩემი ძირითადი შემოსავლის წყარო ეს არის. კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებით დიდი დარტყმა მივიღეთ. მარტო ივნისის თვეში 5000 ლარი ვიზარალე. მთავრობის მოგდებული 300 ლარი თითქოს შველოდეს რამეს. აქ, ლაპარაკია ბევრად დიდ ზარალზე. კორონავირუსამდე შეკვეთების რაოდენობა ძალიან ბევრი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სფერო ძალიან დიდია და დიდი კონკურეციაა, მოთხოვნა ყოველთვის იყო. ბევრ ფოტოგრაფს ჰყავდა დამკვეთი და მომხმარებელიც გადახდისუნარიანი იყო. შეზღუდვების გამო, 10 სექტემბრის შეზღუდვებს ვგულისხმობ, არც 50 და 100 კაციანი ქორწილი აღარ შეიძლებოდა და რა მუშაობა იქნება. მეტროც დახურონ და ტრანსპორტიც გააჩერონ მაშინ. სამომავლოდ არ ვიცი რა იქნება, სანამ კორონას ამბები არ მოგვარდება არაფერი შეიცვლება სავარაუდოდ,“ – გვეუბნება ფოტოგრაფი ლევან ხარაშვილი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა, ბევრი ადამიანი დატოვა შემოსავლის გარეშე. ამ ყველაფრის ფონზე კი საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად არაფორმალურ სექტორში თვითდასაქმებულთა დასახმარებლად გამოყოფილი ერთჯერადი, 300 ლარიანი დახმარება 250 000-მდე მოქალაქემ მიიღო.

ფოტო: გიორგი მაკარაშვილი

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 20/11/2020 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s