ჭიათურის, სოფელ ითხვისში ნანული წერეთლის სახელი ყველამ იცის. 79 წლის ნანული, 30 წელზე მეტია მუსიკის გაკვეთილებს მოსწავლეებს სრულიად უსასყიდლოდ უტარებს.

ფანდურგადაკიდებული და ენერგიით სავსე ნანული მასწის დანახვა მოსწავლეებს ყველაზე მეტად უხარიათ, ზოგჯერ მეცადინეობის ხათრით,შესვენებებზე უარს ამბობენ.
პანდემიის პირობებში კი საკლასო ოთახიდან გამოსული ხმა, გულს სულ სხვანაირად უხარია. თან ეს ხმა თუ კარგად შესრულებული სიმღერაა, მით უმეტეს.


მოსწავლეების წინაშე საპატიო ,,ვალის“ მოხდით შემდეგ სახლში დაგვპატიჟა. იქ მისულებს მისი ძაღლი ბუხჩო გამოგვეგება.


დაცლილ სოფელში სტუმრის დანახვა ისე გაუხარდა, ერთიც არ დაუყეფია. სახლში პატარა მეურნეობა აქვს, უვლის და თავსაც ირთობს. იმერული შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი რომ გაგვიმასპინძლდა, თავისი ფანდური მოიმარჯვა, ძველი სატრფიალო სიმღერები გვიმღერა. გაიხსენა, აუდიტორიამოკლებულმა შინაურ პირუტყვს როგორ დაუმღერა ეს სიმღერები და სიცილით დააყოლა, ნეტა დაგენახათ როგორი გაყუჩებული მისმენდნენო.
ამ შემოდგომას ჯანმრთელობამ შეახსენა თავი, საყვარელი ფანდურის გაყიდვა მოუწია მკურნალობის ხარჯების დასაფარად, – „სული ლამის გავაყოლე ჩემი ფანდური რომ წაიღესო.“


სკოლის მასწავლებლებმა თანხა აუგროვეს და ახალი ფანდური უყიდეს. საჩუქარმა ბოლომდე გამოაკეთა და უწინდებური ენერგიით აავსო. ხანდახან წამოსცდება-ხოლმე, – „დავბერდი, აღარ შემიძლია უკვეო.“
კეთილი სურვილებით გამოგვაცილა, თბილ ღუმელთან მოკალათებულ ბუხჩოს გვერდით მიუჯდა და მომდევნო დღისთვის მოსწავლეების სავარჯიშო სიმღერების აწყობას შეუდგა.

ფოტო და ტექსტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის ია იაკობაშვილის.