დაიბეჭდა ოლიკო ცისკარიშვილის წიგნი სათაურით „ფოტოჟურნალისტიკა“, რომელიც გამოსცა „საქართველოს აკადემიურმა გამომცემლობამ“. წიგნი განკუთვნილია ფოტოჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის და ფოტოგრაფიით დაინტერესებული პირებისთვის. წიგნში შესულია თანამედროვე ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები, რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც მნიშვნელოვანია ფოტოგადაღებებისას, ახალი ამბების ფოტოგრაფებისა და ფოტორეპორტიორებისთვის.
„დოკუმენტური ფოტოგრაფია არა მხოლოდ კადრის მონადირების აზარტი და შიშველი რეალობის ზედაპირზე ამოტივტივებაა, არამედ პასუხისმგებლობა იმ საზოგადოების წინაშე, რომელისთვისაც ფოტოამბის მთხრობელი და თანამედროვე ჟამთააღმწერი ხდებით. ამ შესანიშნავ, გასაგები ენით დაწერილ წიგნში, იმასაც ეზიარებით თუ რა არის ფოტოაპარატი და რა ტექნიკური „ჯადოქრობის“ დამსახურებით ვიღებთ სურათებს, გაეცნობით ფოტოგრაფიის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს, ფოტოთხრობასთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებს, ღია და ფარული გადაღების ხერხებს; გაიგებთ, სად და რატომ ეზღუდებათ ფოტოგრაფებს მუშაობა, რა არის საავტორო უფლებები, როგორ იღებენ საარჩევნო კამპანიებს და სხვა უამრავ, თქვენთვის გამოსადეგ რამეს. სწორედ ამით არის ეს წიგნი საინტერესო – მისი ნარატივი „ამერიკულ მთების“ პრინციპითაა აწყობილი – ფოტოდოკუმენტალისტიკის სამყაროში მოგზაურობით და „სამოგზაურო“ განმარტებებით, პრაქტიკული რჩევებით ფოტოჟურნალისტებისთვის და დოკუმენტალისტიკას „წამებულთათვის“, ვისაც უშუალო კავშირი აქვს ვიზუალურ კომუნიკაციებთან, საზოგადოების მოლოდინებთან და, მაშასადამე, ცოცხალ ემოციებთან, რომელთა გამოღვიძებაც, ვაღიაროთ, ამ საუკუნეში საკმაოდ რთულია. ოლიკო ცისკარიშვილი თავადაა ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, არაერთი საჭირო გამოცემის ავტორი, მათ შორის ფოტოგრაფიის თემაზე. შეგიძლიათ ენდოთ. მთავარი ემოციაც ხომ, რომელსაც ფოდოკუმენტალისტიკა იწვევს, ნდობაა,“ – ამბობს წიგნის წინასიტყვაობაში წიგნის რედაქტორი, ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი.
წიგნის შეძენის მსურველებმა შეუძლიათ მიაკითხონ გამომცემლობა „საქართველოს აკადემიური გამომცემლობის“ ოფისს აღმაშენებლის 181-ში. გამომცემლობა “კლიოს” ოფისში.