RSS

რეპორტაჟი ხინოწმინდიდან

07 სექ

ოლიკო ცისკარიშვილი

ნისლი წვებოდა მთიდან ხინოწმინდაზე, როდესაც უსაშველოდ გრძელი გზის დასასრულისკენ მივდიდოდით. გრძელი ცუდი ნათქვამია, უფრო მოუწესრიგებელი, რადგან 48 კილომეტრის გავლას, არც მეტი არც ნაკლები ხუთ საათზე მეტი მოვანდომეთ. „ეს გზა რომ ყოფილიყო, განა ჩემი წინაპრები იმ სამოთხიდან წამოვიდოდნენო,“ – გვეუბნება მოგვიანებით ტაქსის მძღოლი ქობულეთში, როცა გაიგო, რომ ხინოწმინდაში ვიყავით. თუმცა ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ გზის რეაბილიტაციის გეგმა უკვე შედგენილია და იმედოვნებენ, რომ გზა ხინოწმინდამდე გაკეთდება.

ლომა ისევ შემოგვეგება, ისევ ნაომარი დათვებთან და მგლებთან. თავზე იარები ისევ ეტყობა და მარცხენა თვალიც ვერ აქვს ჯანმრთელად. მის იმედად არიან-ხოლმე იქაურები. ლომა იცავს. ჩამომიცუცქდა გვერდით და ნაღვლიანი თვალებით შემომყურებდა, ის ერთადერთი ძაღლია დედამიწაზე, რომლისაც არ მეშინია და როცა ჩემსკენ მოდის, ვიცი რომ ცუდს  არაფერს დამმართებს.

რამდენიმე დღით ავცდით ხინოწმინდაში დღესასწაულს, 11 სექტემბერს, ხინოწმინდაში გაიმართება კინტრიშის ხეობის სახალხო დღესასწაული. დღესასწაულს დაესწრებიან საგვარეულო კავშირები. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დღესასწაულზე კულტურულ-შემეცნებითი პროგრამა იქნება წარმოდგენილი. სახალხო დღესასწაულზე მოხდება ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქციის წარდგენა.

კინტრიშის დაცულ ტერიტორია, სულ რაღაც ოციოდე კილომეტრზეა განლაგებული კურორტ ქობულეთიდან. მის შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარაში, თბილისიდან 360 კილომეტრში, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა ალპურ იალაღებს ებჯინება. შავ ზღვას და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორის არის მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის განმავლობაში, თითქმის იმდენივე ნალექი მოდის (3000 მმ), რამდენიც აჭარის ზღვის სანაპიროზე. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +24 გრადუსი, ხოლო იანვრის +4 გრადუსია. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია – მდინარე კინტრიში, რომლის სიგრძე 45 კილომეტრია, სათავეს ხინოს მთიდან იღებს და კურორტ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება. დანარჩენი მდინარეები და ღელეებია: ხეკნარა, პერანგა, მამედაღი, დიდღელე, მისანათის ღელე, რომელზეც 30 მეტრიანი თვალწარმტაცი ჩანჩქერია, ბოლქვაძეების ღელე და ჩრდილა – ორსაფეხურიანი 70 მეტრის სიმაღლე წყალვარდნილით სწორედ კინტრიშის შენაკადებს წარმოადგენს. მაღლა მთებში 2200 მეტრის სიმაღლეზე განლაგებულია ორი პატარა ტბა – თბიყელი და სიძერძალი, რომელთა ფართობი 1,5 ჰექტარს არ აღემატება. აქედან პირველი ტბა უშუალოდ ნაკრძალის ტერიტორიაზეა განლაგებული, მეორე კი – მის საზღვრებს გარეთ. ნაკრძალში ხშირადაა დათვი, მგელი ტურა. ტურისტებისთვის, ყველაზე კარგი პერიოდი ნაკრძალის მოსანახულებლად ივნისი-აგვისტოა. ჩვენ გაგვიმართლა, კარგი ამინდი იყო და შევუდექით კინჩხის დაცული ტერიტორიების გზას. გზად სოფელ ხინოშიც შევჩერდით. სადაც ადრე 600-მდე ოჯახი ცხოვრობდა, ამჟამად შვიდი ოჯახია შემორჩენილი. უმთავრესად 70 წელს გადაცილებული კაცები. ისინი არ ტოვებენ ნაკრძალს და მარტო აგრძელებენ ცხოვრებას.

სოფელში ძირითადად ცხოვრობს სამი კომლი, დანარჩენები აქ, მხოლოდ 9 თვე ცხოვრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტურიზმის განვითარებისთვის სერიოზული ტერიტორიაა. ტურისტებს აინტერესებთ. უფრო ზევით, ხინოსწმინდის ეკლესიისკენ მიმავალს კინტრიშის დაცული ტერიტორიებზე, თამარის ხიდთან, აშენებენ მოგზაურებისთვის მოსასვენებლებს, უკვე მზადაა ოთხი კოტეჯი და ექვსამდე ოთახი. დიდვაკეში დაღლილებს მოხარშული სიმონდით გვიმასპინძლდებიან. ლაზიშვილი ნოდარი, ანთაძე ნუგზარი და მამუდი ანთაძე ქიბულეთიდან ხშირად სტუმრობენ დიდვაკეს. საღამოს ისევ ქობულეთში დაბრუნდნენ.

რამდენიმე მეტრში კიდევ ერთ სახლში ჩქეფს სიცოცხლე, დიდვაკელი 88 წლის შოთა ათაბაგი პაპა შარშან გავიცანი, გზად სიმღერა შემოგვესმა, ისეთი ომახიანი, გეგონებოდა რამდენიმე კაცი მღეროდა და ბანსაც აძლევდნენ მთები… წყლის დასალევად შევჩერდით და ისე გავოცდით, რომ თურმე რამოდენიმე კი არა,  ერთი კაცი მღეროდა, ომახიანად და ლამაზად. წელს მეუღლე მერიკოსან ერთადაა მთაში და ცოტა ხანში ისევ ბარად აპირებენ ჩასვლას. შარშან უამრავი სკა ქონდა ეზოში და ფუტკარსაც დაფუსფუსებდა მიწასთან ერთად, წელს შემოგვჩივლა დათვმა გამინადგურა სკებიო, ჩამობარბაცდება თურმე დათვი, სამი-ოთხი ფიჭის ამოღებას მოასწრებს და გარბის, რადგან გაბრაზებული ფუტკრები მეტის აღების საშუალებას არ აძლებენ… გზებზე წყლით სავსე ბოთლებიც კიდია, ადგილობრივებმა გვითხრეს დათვების შესაშინებლად არისო, ხეებზე ძრომიალისას ტოტებს ამტვრევენ და ამით ვაშინებთხოლმეო…

 უფრო ზევით კი ხინოწმინდა გვეგულება, მეექვსე საუკუნის ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა  აღდგენა-რესტავრაციაც უკვე დაწყებულია. „გალავანი გაიწმინდება, საქართველოში ანალოგი არ აქვს ამ ტაძარს, მეექვსე საუკუნის ძეგლია, ყველაზე მიუვალი მონასტერია საქართველოში. თავად შენობა მეცხრე საუკუნისაა. ძეგლს ექვსი ტრაპეზი აქვს. ჯერ-ჯერობით გაიწმინდა ტერიტორია, იგეგმება არქეოლოგიური გათხრები. ხინოში, ერთდოულად 600 ბერი მოღვაწეობდა,“ – გვიყვება იღუმენი მამა ევდემოზი, რომელიც ორი წელი მარტო ცხოვრობდა.

წამოსვლის წინ, ამ წლის მარტში დაწერილი წერილი გადმომცა, რომლიდანაც ამონარიდებს შემოგთავაზებთ:

„ჩვენი, ხინოწმინდის მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მისადგომია საქართვლოში, მე-6 საუკუნეშია დაარსებული და მე-9 საუკუნიდან საეპისკოპო კათედრა იყო. ზამთარში უხვთოვლიანობის გამო, მიმოსვლა წყდებოდა გაზაფხულამდე, ეხლაც როცა ამ წერილს ვწერ, თოვს ჩვენთან. 20 კილომეტრის რადიუსში არავინ არ ცხოვრობს ამ ტყეში მონასტრის წევრების გარდა, არ არის დენი და არც ტექნიკური საშუალებები, საიდანაც შეიძლება „ახალი ამბები“ გაიგო… ჩვენი ერთადერთი კავშირი მაგთი ფაქსის ტელეფონია. დედამიწის სხვადასხვა კუთხეებიდან შემოსულმა ზარებმა და შეშფოთებული ახლობლების დამშვიდების სურვილმა განაპირობა ამ წერილის დაწერა…“ „რომ დავძლიოთ „პანიკური შიში“ სიკვდილისა და „კორონა ვირუსისა“, გვჭირდება  განწყობის შექმნა, – ამბობს წერილში მამა ევდემოზი, – ჩინეთიდან ამერიკამდე მანძილი დიდია, მაგრამ ამ ვირუსმა ამერიკამდეც „მიაღწია“. დისტანციური მანძილი კი არ დაგვიცავს, არამედ განწყობა და ელემენტარული ჰიგიენა. ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს. ეს ვირუსი ცდილობს ჩვენ გაგვყოს. ბოროტმა „პანიკური შიშის“ ერთ აზრში გააერთიანა და დაყო ადამიანები, ეს ღვთის დაშვებით ხდება. გთხოვთ, სიყვარულით გავერთიანდეთ ერთი ბარძიმით, ერთი კოვზით, მტკიცე რწმენით ქრისტეში! ამენ!“

წერილის ბოლოში კი წერს: „აღდგომის ლიტურგია ხინოწმინდაში ძველი, მე-9 საუკუნის იოვანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ტაძარში აღვავლინეთ, აღდგომის მსახურების წინ, ტაძრის დალაგება-დასუფთავების დროს გამოგვიჩნდა, საკურთხევლის წინ, დაუმარხავი, არაბუნებრივი სიკვდილით, მოწამეობრივად გარდაცვლილი, დაუმარხავი ადამიანის გვამი. ნულოვანი ზედაპირიდან 15-20 სმ-ის სიღრმეში. ამ დროს შეგვეხმიანნენ და გვითხრეს, რომ იერუსალიმში ცეცხლი გადმოვიდა…. ფაქტიურად იმ ქვეყნიდან ჩვენმა წინაპრებმა ამ მიცვალებულის სახით აღდგომა მოგვილოცეს სასუფევლიდან და დროის მონაკვეთში ზუსტად მოხდა თანხვედრა ცეცხლის გადმოსვლიდან. დიდება უფალს!“

ამჟამად ნეშთი ისევ ტაძარშია და მას მინის საფარველი იცავს. იქვეა დასაფლავებული მე-18 საუკუნეში ოსმალებისგან წამებით დაღუპული ხინოწმინდელების ნეშთებიც.

ბერებმა ტრაპეზის გარეშე არ გამოგვიშვეს… უგემრიელესი ლობიოსა და ღვინის დაგემოვნების შემდეგ, შინისაკენ გზას გავუდექით. იმ იმედით, რომ მომავალ წელს ისევ მოვინახულებთ ხინოწმინდას. ტურსტებს კი ვურჩევ, ვინც ეკოტურიზმითაა დაინტერესებული, კინტრიშის დაცული ტერიტორიები თქვენთვისაა.

ამჯერად, კი შეუერთდით 11 სექტემბერს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულს ხინოწმინდაში.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s