RSS

მოგზაურობა თუშეთში – 2020

17 აგვისტო

ოლიკო ცისკარიშვილი

თუშეთში პირველად ძალიან ბევრი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ შეყვარებული დავიარები თუშეთზე და ყველასთან, ვისაც მოგზაურობა უყვარს, ვყვები როგორი საოცარია თუშეთი. ათობით ჟურნალისტური სტატია მაქვს დაწერილი და ამით, წლების განმავლობაში ვცდილობდი ოდნავ მაინც გაუმჯობესებულიყო ადგილობრივებისთვის იქ არსებული სოციალური მდგომარეობა.

წელს კი, ჩვენი ვიზიტი აგვისტოს შუა რიცხვებისთვის დაიგეგმა, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც გვეგონა, სტუდენტების უმრავლესობამ ვერ მოახერხა წამოსვლა. თუმცა ალბათ ყველაფერს აქვს ორი მხარე, ტრანსპორტში ორი ადგილი რომ არ გვქონოდა, ომალოს მისადგომებიდან აბანოს უღელტეხილამდე ვერ წავიყვანდით გზაში დარჩენილ ბელარუს მეცნიერ პავლეს და მის თანამგზავრ ქართველ გოგონას.

თუშეთამდე გზა, ფაქტობრივად ისევ მიუვალია და მძღოლებს ძალიან დაბალი სიჩქარით უწევთ სიარული, რადგან გაუმართავი გზის გარდა, შესაძლოა ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება საფრთხე იყოს ჩასაფრებული: მეწყრის მოწყვეტა, ქვა-ღორღის ჩამოცვენა და ა.შ. და ა.შ.

სტორის ხეობაში მაინც დაუწყიათ ჰესის მშენებლობა, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მხოლოდ ის აბრაა გამოკრული, სადაც წერია, რომ ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია და კორონავირუსთან დაკავშირებული რჩევებია ჩამოწერილი. არ არის ინფორმაცია არც იმაზე ვინ ახორციელებს პროექტს ან რა სამუშაოებია მიმდინარეობს, ანდა როდის აპირებენ სამუშაოს დასრულებას, ობიექტს ერთგული მეცხვარე ძაღლი დარაჯობს. (სტორის ხეობაში, ხშირი მეწყრული უბნების გამო, რომლებიც შემოდგომის დადგომისთანავე აქტიურდება-ხოლმე და ხშირი წყალმოვარდნების გამო, არ არის რეკომენდიებული სტორის ხეობაში ჰესის აშენება.)

უღელტეხილზე ეკლესია აუშენებიათ, ამ ეკლესიისთვის თუშეთიდან წამოსული თითოეული ადამიანს ფიქლები მოჰქონდა და უღელტეხილზე ტოვებდა, სწორედ ამ ფიქლებისგან შენდება ეს ეკლესიაც. წლების წინ, ფიქლები მეც დავტოვე უღელტეხილზე. ცოტა მოშორებით დგას სატელიტური ანტენები და სწორედ, აქ შეგიძლიათ ინტერნეტი დაიჭიროთ. მერე კი ეს ფუფუნება იშვიათი ხდება და რაც უფრო შორდებით ომალოს, ან ასე თუ ისე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს. (სამი დღის განმავლობაში ბილაინით სარგებლობა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. სხვა ოპერატორებით სარგებლობაც არ იყო სახარბიელო).

დამღლელი 12 საათიანი გზის შემდეგ (საბურავი ოთხჯერ გაგვისკდა) შენაქოს ვესტუმრეთ, სადაც ფეხით ავიარეთ შენაქოს ეკლესიამდე, რომელიც მე-19 საუკუნეშია აგებული და რამდენიმე წლის წინ მხატვარმა ძმებმა სულაკაურებმა შესანიშნავად მოხატეს.

„ეკლესიის აღდგენა დავით ჭვრიტიძის დამსახურებაა, ადრე გადაქცეული იყო. ხეებიც კი იყო ზედ ამოსული,“ – გვიყვებიან ადგილობრივები და შენაქოს ისტორიას სიამაყით ყვებიან, – შენაქოში, აღმოჩენილია უნიკალური ნივთები, 2500 ჩვენს წელთაღრიცვამდე, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, რომ აირია ქვეყანა, მაგან შეუშალა ხელი რომ გათხრები დასრულებულიყო. ათი წელი ამოდიოდნენ არქეოლოგები.“ – გვიყვებიან ადგილობრივები და დღეს შემორჩენილ წეს-ჩვეულებებზეც მოგვითხრობენ. ის, რომ ქალის შესვლა სალოცავში არ შეიძლება, ის, რომ განსაზღვრულ ბილიკებზე ქალის გავლა არ შეიძლება. დღეობაზეც, მოგვიყვნენ რომელიც შენაქოში სამი დღის განმავლობაში გრძელდება-ხოლმე. დღეობაზე დოღი იმართება, ხატში საკლავს კლავენ, დღე ხატში გადადიან. ეს დღეობა ერთობას ემსახურება. პირველ დღეს აღნიშნავენ სოფელ აგიურთაში, არ ივიწყებენ, იმ ადამიანებს, რომლებიც მტერმა სრულაიდ ამოწვიტა. მეორე დღეს შენაქოში იშლება მაგიდები. ამ დღეობებში ყველაა დაპატიჟებული, მხოლოდ აქაურები ათი ოჯახი იხდის მთელ ხარჯს, მეორე დღეს ხინკალი, ალუდი, აქ იხარშება, საჭმელი ყველანაირი, სუფრა ჩვეულებრივად. მესამე დღეს დილით ხაში და ხინკალი კეთდება ყველა სტუმრისთვის და მასპინძლისთვის.

წელს შენაქოში სამმა კაცმა გამოიზამთრა. მათი აზრით, გასულ წლებთან შედარებით გამოსწორებულის სიტუაცია: „ყოველ ახალ წელს და აღდგომას საჩუქრები ჩამოაქვთ ვერტმფრენით, ცოტა მეტი რომ იყოს ყურადღება, ან დასაქმეს, დარჩება ხალხი, ან საავადმყოფო, ან ექიმი უფრო მეტიც დარჩება, დიდი სიამოვნებით დავრჩები თუკი ჩემს ოჯახს აქედან წავადგები,“ – ამბობს სეხნიაძის დიასახლისი.

ადგილობრივები ტყის პრობლემებზეც გვესაუბრნენ:  „ტყეა ჩამოქცეული, იქ ვეღარ გაივლით, ვერც ჟოლოს და ვერც მალინას ვერ დაკრიფავ, ვერც საქონელი ვერ გადის. ხეები თოვლის გამოა ჩაქცეული. არ გვინდა ხედ, უბრალოდ, დაჭრან და წაიღონ, ან იქვე დადონ, ფაქტობრივად მოკვდა ტყე. ვერც ტურისტი დადის და ვერც ადგილობრივი. უბრალოდ, ისე მაინც გააკეთონ, რომ ხალხმა იმოძრაოს. გაასუფთაონ, თავიანთი მოვალეობა შეასრულონ, საშინელ მდგომარეობაშია ტყე“, – ამბობენ ისინი, – „ჩვენ არ გვინდა ეს ხეები შეშად, არც ხის მასალაც, ან თავად გაიტანონ, ან გადაალაგონ. თან ძალიან ახლო ახლოა. ვერ გაივლი იმ სიმაღლეზეა.“ – ამბობენ და შენაქოს მოპირდაპირე მხარეს ტყესკენ გვითითებენ.

83 წლის შენაქოელი იორამ ხაჩიძემაც ეს ზამთარიც, როგორც დანარჩენები, შენაქოში გაატარა. „83 წლისა ვარ, იმერელი – გავთუშდი, ფეხი აქ ავიდგი, ენა აქ ავიდგი. 67 სოფელია მთა-თუშეთში, ბევრი ნასოფლარია, ხალხი აღარ მიდიდან და აღარ მოდიან,“ – წუხს მოხუცი.

„45 წელია აქ დავდივარ, ხომ არის დედულეთი და მამულეთი, ეს არის ჩემულეთი,“ – ამბობს შენაქოს სტუმარი, თუშეთზე შეყვარებული ჭვრიტიძეების მუდმივი სტუმარი, ნუგზარი თბილისიდან. „ბევრი თუში არ იქნება იმდენჯერ ამოსული, როგორც ნუგზარი.  ჭვრიტიძეების მეოთხე ძმაა,“ – ამობობენ ადგილობრივები.

მოგვიანებით დიკლოში გადავდივართ და ცოტა ხნით მართა ბებოსთან ვჩერდებით, რომელიც ფაქტობრივად დიკლოს მცველია. ისიც თუშეთის დაცლაზე და პრობლემებზე გველაპარაკა. დიკლოს თავზე გადაჭიმულმა ცისარტყელამ გამოგვისტუმრა მირგველასკენ, სადაც ორი ღამე გვსტუმრობენენ და სადაც უგემრიელესი ბექქონდარას ჩაი დავაგემოვნეთ.

თუშეთში, ყველა სახლის ზღურბლზე, სადაც ადამიანებს არ აქვთ მიტოვებული კერა, მინდვრის ყვავილები და ბეგქონდარაა იმზირება… საოცარი სანახავია, თითქოს სავიზიტო ბარათია, – ჩვენ აქ ვართ.

საღამოსკენ სიცივე ძვალ-რბილში ატანს და ეზოშიც ვერ ვახერხებთ სამუსაიფო დაჯდომას, ღამის 12 საათზე უკვე ყველანი ლოგინებში ვართ შეყუჟული და უთბილსი საბნები და “ადიელები” გვაფარია. მე ის მადარდებს, ღამით, ამ სიცივეში, კარავში როგორ გაათენებს ახალგაცნობილი მეგობარი მარიკა მაისურაძე, რომელიც მთაზე უსაზღვროდ შეყვარებულია.

მეორე დღეს ულამაზეს დართლოს ვესტუმრეთ, სადაც ეკლესიის ნანგრევები გვამცნობდნენ, რომ ქალების შესვლა არც იქ შეიძლებოდა, თუმცა მის გვერდით საბჭეოში, სადაც საუკუნეების განმავლობაში მტყუან-მართალს ასამართლებდნენ, 18 საუკუნეში სწორედ ქალი იყო საბჭეოს ხელმძღვანელი. ცოტა ზევით ერთ-ერთი სახლის კედელზე ამოტვიფრული ჰოროსკოპის ნიშნებიც შევნიშნეთ, ეს ქვა, სავარაუდოდ გამოსაკვლევია, რომელი საუკუნისაა და რას ემსახურება.

დართლოში, როგორც ომალოსა და შენაქოშიც სიცოცხლე დუღს და მიუხედავად პანდემიისა და ჩაკეტილი საზღვრებისა, ტურისტების სიმრავლეც იგრძნობა. რამდენიმე სტუმარმაც აღნიშნა, რომ „ამდენი ქართველი თუშეთში არასდროს მინახავსო“. ზოგიც იმას აღირებდა, რომ საზღვარგარეთის ქვეყნების მოვლის შემდეგ, ნანობენ, რომ ჯერ თუშეთი არ ქონდათ ნანახი. ძველი ფიქლით ნაგები სახლები და კოშკები მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სიძველეს თანამედროვე სტილიც ერევა.  თუმცა ბევრ ტურისტს სწორედ ეს არ მოსწონს, რადგან ფიქრობენ, რომ თუშეთს განსაკუთრებულ პეწს ის სძენს, რომ ძველი სტილით ნაშენი ნაგებობებია. და სწორედ ეს იზიდავს შინაურ თუ გარეულ ტურისტს. იმის გამო, რომ მუდმივად არის ელექტროენერგიის პრობლემა, თითქმის ყველა ოჯახს აქვს მზის ბატარეები, რომ საღამოობით შეეძლოთ ელექტროენერგიის მოხმარება.

დიკლოს ყველა სახლი, ფაქტობრივად საოჯახო სასტუმროდაა გადაკეთებული და ადგილობრივებიც, სწორედ ტურიზმზე არიან ორიენტირებული. არადა, წლების განმავლობაში მიტოვებულ თუშეთში მცხოვრებლები იხსენებენ, რომ წინაპრები ტერასებად გაშლილ მინდვრებში ერთ გოჯ მიწასაც არ ტოვებდნენ დაუმუშავებელს.

მოგვიანებით გირევისკენ გავეშურეთ, თუმცა იმის გამო, რომ მდინარე ადიდებული იყო და მეორე მხრიდან კი გზას აკეთებდნენ გირევანდე პირადად მე ვერ გადავედი. თუმცა შორიდან მაინც მოვახერხე რამდენიმე კადრის გადაღება, გირევიც დღესასწაულისთვუს ემზადებოდა, და როგორც ჯგუფის სხვა წევრებმა გვითხრეს ადგილობრივი ალუდის მოხარშვისთვისაც მიდიოდა მზადება.

გირევიდან წამოსულები ფარსმაში ავედით, იქაც დღეობის სამზადისი მიდიოდა და საცალფეხო ბილიკებზე ცხენებით აქონდათ ბარგი. „წელიწადში ათი დღე ამოვდივართ ხოლმე, – გვიყვება მარო ქააძე ქვემო ალვანიდან, – უნდა დასწერო თუშებზე თორემ დაკარგულები ვართო.“ – მისივე თქმით, ამ სოფელში ხუთი გვარის ხალხი ცხოვრობს. ისინიც იშვიათად სტუმრობენ ფარსმას, რადგან უტრანსპორტობის გამო, სამშენებლო მასალები ვეღარ ამოაქვთ და ვერაფერს აკეთებენ. შარშან კიდევ ერთი სახლის სახურავი ჩააქცია თოვლმა. მარო ქააძეც გვიყვება, რომ ფარსმაში „მაგცის სალოცავია“ რომელიც შემორაგულია და არც ამ სალოცავში შეიძლება ქალის შესვლა. მაგცის სალოცავი, როგორც ფათერაკის სალოცავი ისე აგვიხსნა. ანუ გზაზე მიმავალს ადამიანს ფათერაკი რომ არ შეხვდესო.

ფარსმიდან გამოსვლისას მოჯირითე ცხენოსნები შემოგვხვდა, რომლებმაც ცხენებით მდინარე გადმოლახეს.  ჩვენ კი გეზი ისევ მირგველასკენ ავიღეთ. გზად კი შემოხვედრილი ცხვრის ფარა ვაპოზიორეთ კამერების წინ.

მესამე დღეს, თუშეთის კოლორიტმა ირაკლი ექიმმა მოგვინახულა. ჩვენ კი ალისგორისკენ დავიძარით. იქ ერთადერთი საოჯახო სასტუმროს დიასახლისს შევხვდით, რომელმაც გვითხრა, რომ წელს სამწუხაროდ ტურისტები არ მიუღია. შორს მდინარესთან ობლად მდგარი ცხენები გრილდებოდნენ.

სამწუხაროდ, წელს, სოფელი ბეღელაც სტუმარ-მასპინძლის გარეშე იყო დარჩენილი. სოფელი ბეღელა, რომელიც ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძის მშობლიური სოფელია.

ჩვენ კი ილიაურთისკენ ავიღეთ გეზი, სადაც მე-19 საუკუნის ეკლესია ვნახეთ და ადგილობრივებსაც გავესაუბრეთ, სხვა სოფლებივით მიტოვებული არ დაგვხვდა ილიაურთა. ეკლესიის ეზოში ბავშვები ფუსფუსებდნენ და „თუშურ ხინკალზე“  დაგვპატიჟეს. ერთ-ერთმა ილიაურთის უფროსმა დიასახლისმა ძველი ფარდაგიც კი გვაჩვენა. „ჩემი დედამთილის მზითვებიაო გვითხრა.“ და გადაღების ნებაც კი დაგვრთო.

ბოლოს და ბოლოს, კი ავედით ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებაში – ბოჭორნაში, რომელიც 2345 მეტრზე მდებარეობს ზღვის დონიდან და სადაც ჩვენი ირაკლის ექიმი ცხოვრობს. ირაკლი ექიმი, ზამთარში თუშეთის თითქმის ერთადერთი იმედია. მას, ცხენით, რამდენიმე  კილომეტრის გავლა უწევს-ხოლმე რომ პაციენტამდე მიაღწიოს.

მირგველამდე ვიდრე მივიდოდით ჩვენი მანქანის მგზავრებმა უცებ გოგორათაზე ასვლა გადავწვიტეთ, საიდანაც თუშეთის ულამაზესი ხედი იშლება.

წამოსვლისას, ვიზიტორთა ცენტრს შევირბინეთ, სადაც უმშვენიერესი წოვათელი ნანა გავიცანით და წივათურადაც დაგველაპარაკა…

ეს ენა, ქართულისგან საოცრად განსხვავდება და თუ არ ვუშველეთ წინაპრების ძვლებთან ერთად ჩაიკარგება მსოფლიო ცივილიზაციაში.

საბოლოოდ კი ომალოსკენ დავიძარით, სადაც ამაყ ციხე-კოშკებს – კესელოებს შეეფინნენ ქართველი ტურისტები. ომალოსკენ, წამოსვლის წინ, მერცხალა ბებოს სანახავდ შეიარა ჩვენმა გიდმა, გიორგი დვალაშვილმა. 80 წლის მერცხალა ბებო, იგივე ანა, ზამთარ-ზაფხულ თუშეთში ატარებს და უკვე 45 წელია იქაური სახლ-კარი არ დაუტოვებია. ჩვენც დიდი სიყვარულით გამოგვაცილა…

ასეთი იყო ჩვენი მოგზაურობა თუშეთში და ზუსტად ვიცი, ვინც გადაწვიტავს მომავალში მოგზაურობას თუშეთში, აუცილებლად იტყვის, რომ (მიუხედავად უამრავი სოციალური პრიბლემისა, და მიუხედავად იმისა, რომ ეს კუთხე სრულიად მოწყვეტილია ცივილიზაციას), ეს ადგილია, სადაც ადრე ღმერთები დაიარებოდნენ და დღეს, ამქვეყნიური სამოთხე სწორედ რომ იქ არის. და ეს ქვეყანა, სადაც ასეთი ზღაპრული სილამაზეა შენია, ჩემია, ჩვენია. გაფრთხილება, მოვლა და პატრონობა უნდა.

 

თუშეთის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/pg/Creativity-of-Oliko-Tsiskarishvili-101271034870431/photos/?tab=album&album_id=101785131485688&__xts__%5B0%5D=68.ARDAI30VB2a265LzA2Y0roS10i1dHma_Ly6aBRJZ1wGoESwvbX7uMnUSTdhKH5CBX9P9776Nc7iTO94JGDb_JJritqqZQsCK4uZnvxOzksBYC2Qxj6toATNF8pWp4IIPRazGo0EJneIeSZau71Wn8CaEsWp-x60pjYipSSpli_VlCs38-evVPCMxR3nx0WBc7R3-udlDLobS6BN-H6tbCK_GNdZ192oIWbgU9fMrWTmGO8cKPK9oi8p2Bgxre5jIQ6RU-eXARxdKHR-Y1mUXGqfQPyObMTZYs3-2RAwegPIA5y_Lh7KT93R8mbU7zAYpqxrMDd8QlWIswrQKD0xff2SHWI4iV8-wX15nuk77uNuPHBFV4wukoQhVp7gH8ZzB6U5ENqX39oxoKwkfiYt0Cb5nAlw5H7gAbJD830QldHEDTULufnAQh0uqL3OnDc7UqTn6tM0vccKf&__tn__=-UC-R

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s