RSS

აბელიანში მარგანეცის მოპოვების მიზნით მისულ ტექნიკას გზა გადაუკეტეს

16 აგვისტო

თეა ანთია

„შავ ოქროდ“ წოდებული მარგანეცი რამდენიმე ათეული წელია მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეკოლოგიას ჭიათურაში, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ერთადერთი კერა არაა საქართველოში. – მავანთ, რომელთა ვინაობაც ჯერ კიდევ არაა ცნობილი არც ოფიციალური უწყებებისთვის და არც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ აბელიანის ტერიტორიაზე კარგა ხნის წინ დაკონსერვებული მაღაროს ამოქმედების იდეა დაებადათ.

„რამდენადაც ვიცი, კომუნისტების პერიოდში 60-იან 70-იან წლებში აქ საკმაოდ დიდი საწარმო ფუნქციონირებდა და მარგანეცი გაჰქონდათ. გამოკითხვების მიხედვით, მაშინ აქ საშინელი ეკოლოგიური მდგომარეობა იყო, სუნი, მტვერი და ა.შ. მაგრამ პროტესტის გამოთქმას ვერავინ ბედავდა. დროთა განმავლობაში, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეს საქმიანობა დაკონსერვდა. ახლა ვის გაახსენდა და ვისი იდეაა, ჩვენთვის უცნობია,“ – აცხადებს თეთრიწყაროს რწმუნებულის ასისტენტი გოჩა ჟორჟოლიანი.

სოფელ აბელიანში, სადაც 70-მდე კომლი ცხოვრობს, უკვე მესამე დღეა გზას იკვლევს უზარმაზარი ტრაქტორი, როგორც აღმოჩნდა, არცთუ უმიზნოდ – ტყეში ტრაქტორის ნაკვალევის დასასრულს ღია წესით მოპოვებული მარგანეცის კვალსაც მივაკვლიეთ და აქ თითქოსდა ახლობელთან „სტუმრად“ მისული მუშების მიერ ტყეში დატოვებული ნასუფრალიც დავაფიქსირეთ.

„კანონმდებლობის მიხედვით, თუნდაც კვლევითი პროცესების ჩასატარებლად, მერიაში უნდა წარედგინათ განცხადება და გასაუბრებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობასაც, რომლის აზრსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა,“ – აცხადებს ჟორჟოლიანი. საბჭოთა კავშირის დროს მაღაროსკენ ბეტონირებული გზა სოფელ მაწევანზე (ჩხიკვთა თემი) გადიოდა. მაშინ მაღაროს გაფართოების შეჩერების ერთ-ერთ მიზეზად იმავე მთაზე მდებარე შუასაუკუნეების ძეგლის დაზიანების საფრთხეც სახელდებოდა. ( ჩხიკვთას თლილი ქვით ნაგები დარბაზული სამების ეკლესია მდებარეობს სამების მთაზე. იგი გვიანი შუასაუკუნეების ძეგლია.

ექვთიმე თაყაიშვილს ამ ადგილის გამოკვლევისას ადგილობრივებისგან ლეგენდაც ჩაუწერია. ლეგენდა სამებისა და დევის შესახებაა, რომლებიც ერთმანეთს სამების მთისთვის ედავებოდნენ. დევს ერთ ღამეში, მამლის ყივილამდე მთის წვერი უნდა შემოესაზღვრა. მან დასთან ერთად ქვის ლოდებისგან გალავნის შენება დაიწყო, თუმცა ამ ბრძოლაში დამარცხდა და სამების მთა დატოვა). ამასთანავე სოფელ აბელიანშიც არსებობს კერძო პირის მიერ საკუთარი სახსრებით რესტავრირებული სამების ეკლესიაც, რომელიც მეთორმეტე საუკუნით თარიღდება და ისოც საფრთხის წინაშე დგას, თუკი ამ ტერიტორიაზე სამუშაოები დაიწყება. საკმაოდ უცნაურია, რომ მარგანეცის მოპოვების მსურველებმა ბეტონირებულ გზას სოფელ აბელიანზე გამავალი გაუკვალავი ტყე არჩიეს. სავარაუდოდ, ამასაც თავისი მიზეზები აქვს – ამბობენ, მაღაროს გახსნის წინა მცდელობისას ბეტონირებული გზის მახლობლად განთავსებული სოფლის მოსახლეობამ მძიმე ტექნიკას გზა გადაუკეტა.

„თუ მხოლოდ ნიმუშის ასაღებად იყვნენ მოსული, მძიმე ტექნიკა სულაც არ იყოს საჭირო. ამ შემთხვევაში კი მთამდე ტყის საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე ტრაქტორით გზაა გაკვალული. ეს არის ღია წესით მოპოვება, რაც გაცილებით უარეს შედეგებს გამოიწვევს – ზოგადად, არ შეიძლება მარგანეცის ღია წესით დამუშავება, აქედან რომ გამოიტანენ, ის აუცილებლად უნდა გადამუშავდეს და გაიტანონ დახურული წესით. უკანონოდ კეთდება თუნდაც შესწავლა, თავისთავად დიდია იმის ალბათობა რომ გატანაც მოხდება წესების დარღვევით. არც გარემოს დაცვის სამსახურის დასკვნა არსებობს იმის თაობაზე რომ ეს სამუშაოები არანაირ ზიანს არ მოუტანს გარემოს, შესაბამისად, ვერც ეკონომიკის სამინისტრო გასცემს ნებართვას სამუშაოების დაწყებზე. ჯერჯერობით ვერცერთი საბუთი ვერ წარმოუდგინეს მოსახლეობას. ვერც იმაზე მივიღეთ პასუხი, თუ რომელი კომპანიის სახელით მოქმედებდნენ“ – ამბობს გეოლოგი დემურ მერკვილაძე. მოსახლეობის თქმით, თავდაპირველი შეხვედრა პირველივე ღამით მოხდა, როდესაც მომხვდურებმა საქმის „მოგვარება“ „ჯიგრულ პონტში“ სცადეს. შელაპარაკებისას მათ სოფლის რამდენიმე მკვიდრმაც დაუჭირა მხარი, თუმცა ეს კამათი სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. მეორე დილით ტრაქტორმა კვლავაც გააგრძელა სამუშაოები. დამკვეთების ვინაობის გარკვევა ვერც მეორე დღეს მოხერხდა. „ამ სოფლის ერთადერთი სიმდიდრე – ჰაერია, აქ არც გზაა ნორმალური, არც ბუნებრივი აირი, არც წყლის ერთიანი სისტემა. მოსახლეობის შენარჩუნებას მხოლოდ ჯანსაღი ეკლოგიური გარემო უწყობს ხელს. არ იქნება ესეც – სოფელი დაიცლება“ – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი. სოფლის მოსახლეობის პროტესტის შედეგად ტრაქტორმა გუშინვე დატოვა აბელიანის ტერიტორია, თუმცა უცნობია რამდენი ხნით.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s