RSS

სხვების დახმარებით ეხმარები საკუთარ თავს

23 აპრილი

ინტერვიუ ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილთან

ესაუბრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი ხატია ძნელაძე

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 22 მაისამდე გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, ხოლო გადაადგილების შეზღუდვა კიდევ ერთი კვირით გადაიდო. ფიზიკური დისტანცირების დროს, როგორ გავუმკლავდეთ დაღლილობას, უგუნებობას, მუდმივ შფოთვას თუ დეპრესიას ამაზე ვესაუბრეთ ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს, რომელიც  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ადიქციის კვლევების ინსტიტუტის დირექტორია.

ხ.ძ.: ქ-ნ ჯანა, როგორ შეიძლება დავახასიათოთ ის სიტუაცია, რომელშიც დღეს ქართული საზოგადოება ცხოვრობს?

ჯ.ჯ.: „დღეს, როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში კორონავირუსის სახით გაჩნდა ახალი, სწრაფად გავრცელებადი საფრთხე, რომელიც  ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება. სიცოცხლის მუქარა ადამიანისთვის ტრავმული გამოცდილებაა. მაგრამ ეს არ არის ერთხელობრივი სტრესორი – აგერ, უკვე ორი თვეა ჩვენ უჩვეულო ვითარებაში ვცხოვრობთ, და როდის შეიცვლება ეს ვითარება, გაურკვეველია. ეს, თავის მხრივ, გაურკვევლობის სტრესსაც წარმოშობს. გარდა ამისა, ის ზომები, რაც ეპიდემიის/პანდემიის გასამკლავებლად გამოიყენება, ვნებს როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნების ეკონომიკას – რაც დამატებითი სტრესის წყაროა. აუცილებელია დაისახოს და ცხოვრებაში გატარდეს ამგვარ ტოტალურ კრიზისთან გამკლავების გონივრული და შედეგიანი სტრატეგია, რაც სერიოზული გამოწვევაა.

ადამიანებს გვახასიათებს ილუზია, რასაც ფსიქოლოგიაში ვეძახით საბაზო ილუზიას, რომ ჩვენ ბოლომდე ვაკონტროლებთ ჩვენს ცხოვრებას. ვმართავთ, ვგეგმავთ-ვიცით ათი თვის მერე რას გავაკეთებთ, ერთი წლის მერერას გავაკეთებთ და გვაქვს რწმენა, რომ ეს ყველაფერი არის პროგნოზირებადი, გარკვეული და განსაზღვრული. როდესაც მატრავმირებელ გამოცდილებას ვეჯახებით, ვხვდებით (უფრო სწორად, ვაღიარებთ), რომ, თურმე, არ ყოფილა ცხოვრება პროგნოზირებადი, და რომ ზოგჯერ დაგეგმვასაც არ აქვს აზრი. ეს კი უსუსურობის განცდის გაჩენას უწყობს ხელს.

დღევანდელი ტოტალური განუსაზღვრელობის სიტუაცია, ფაქტობრივად, ადამიანის თავმოყვარეობასაც ურტყავს – რომ გეგონა, გეგმავდი და აკონტროლებდი, არ ყოფილა ასე. რასაც მთელი ცხოვრება გასწავლიდნენ – რომ უნდა დაგეგმო შენი ცხოვრება, ახლა გამოდის პირიქით – უნდა შევეგუოთ, რომ ის არც თუ ისე პროგნოზირებადია.

თუმცა არის ბევრი რამ რაც არის პროგნოზირებადი, მაგალითად: ჩემს ქცევაზე არის დამოკიდებული დღეს მე გავზრდი სხვა ადამიანების დაინფიცირების რისკს, თუ არ გავზრდი. მე ვაკონტროლებ მინიმუმ ჩემს ქცევას; ჩვენ, როგორც ოჯახი,მეტ-ნაკლებად ვაკონტროლებთ ჩვენს ოჯახურ ცხოვრებას. თუ რაღაცით უკმაყოფილო ვართ – გადავსინჯოთეს. .

ანუ, შევხედოთ დღევანდელ ვითარებას, ასევე, როგორც შანსს, რაღაცები შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში. ზოგჯერ მივექანებით ხოლმე ამ პროგნოზირებადობის გავლენით, ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს და ჩვენი თავისგან, ჩვენი საყვარელი ადამიანებისგან სრულიად გაუცხოებულები ვართ, იმიტომ რომ ავეწყეთ „დედლაინებს“, სამსახურებრივ, სასწავლო თუ სხვა სამუშაო მიზნებს. აქამდე ჩვენ შეჩერების შანსი არ გვქონდა და დღეს, წამი შეჩერდა. თან მსოფლიოში შეჩერდა. ამიტომ, ნუ გავიქცევით მომავალში – ვიყოთ აქ და ამჟამად.

ჩვენ ყველა, ახლა იმ ფაზაში ვართ, როდესაც ვსწავლობთ, უნდა ვისწავლოთ ცხოვრება Covid19-თან ერთად. აქ და ამჟამად – ეს არის დღევანდელი ფორმულა. მოდით, აქ და ამჟამად ვიყოთ და რას შესაძლებელია ის პრობლემები ვმართოთ, ხვალინდელს ხვალინდელი დღე მოიტანს. ნერვიულობა სიტუაციას ვერ შეცვლის.

ხ.ძ.: როგორ მოქმედებს ამგვარი ვითარება ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? შეიძლება ითქვას, რომ გვირყევს ფსიქიკურ ჯანრმთელობას?

ჯ.ჯ.: ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ტერმინი, ადაპტაციური სირთულეები. როდესაც რაღაც ცვლილება ხდება და მითუმეტეს, უსიამოვნო, ამ დროს ადამიანს დრო სჭირდება ადაპტირებისთვის. უმრავლესობა უმკლავდება ამგვარ გამოწვევებს, რამდენადაც გამკლავების უნარები, სტრესმედეგობა, აღდგენისუნარიანობა ზოგადად გვახასიათებს ადამიანებს, ოჯახებს, საზოგადოებას. ადამიანების უფრო მცირე ნაწილს ამგვარ გამოწვევებზე საპასუხოდ უვითარდება ე.წ. ადაპტაციური აშლილობა ან/და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, რასაც, შესაძლოა, პროფესიული დახმარება დასჭირდეს.მაგრამ უმრავლესობა – მინიმალური დანაკლისით უმკლავდება სტრესს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეს არ ურყევს.

ხ.ძ.: როგორ, რა გზებით ვუმკლავდებით სტრესს?

ჯ.ჯ.: გამკლავების სხვადასხვა სტრატეგია არსებობს – ადამიანები ვუმკლავდებით სტრესულ ვითარებას იმით, რომ ერთმანეთს ვუზიარებთ, ვეხმარებით, თანადგომას გამოვუხატავთ, პრობლემების გადაჭრაზე ვზრუნავთ, ვცდილობთ მოვაგვაროთ რაც მოგვარებადია ამა თუ იმ სიტუაციაში, თუ საჭიროა – ამისთვის დახმარებასაც ვითხოვოთ ხოლმე და ა.შ. ადამიანებს გვაქვს სტრესთან გამკლავებისათვის საჭირო რესურსები და უნარ-ჩვევები.

ხ.ძ.: მაგრამ დღევანდელი ვითარება ხომ არ არის ჩვეული, ყოფითი სტრესი. ისეთი განცდაა, თითქოს გლობალური კატასტროფაა და ჩვენ კი ამ გლობალური კატასტროფის მონაწილეები ვართ…

ჯ.ჯ.: ნამდვილად უჩვეულო ვითარებაა. დღევანდელი სპეციფიკაა ისაა, რომ უეცრად საკუთარ სახლებში მეტ-ნაკლებად გამოკეტილები აღმოვჩნდით, შეგვეზღუდა ფიზიკური კონტაქტი ერთმანეთთან – რაც ქართული, ერთმანეთთან ინტენსიურად მოურთიერთე კულტურისთვის ძალიან უჩვეულოა. მაგრამ ფიზიკური დისტანცია არ უნდა ნიშნავდეს სოციალურ დისტანციას – ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტის დიგიტალური საშუალებები და ერთმანეთის მიმართ დახმარების გაწევისა და სოლიდარობის გამოხატვისა გზებიც. ასე რომ – არ უნდა დავნებდეთ! 90-იანებში ჩვენ ურთიერთთანადგომამ გაგვიყვანა ფონს მრავლობითი – სოციო-პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან. დღესაც ერთმანეთის მიმართ თანადგომა და სოლიდარობა დაგვეხმარება.

ხ.ძ.: მაგრამ რა ვქნათ თუ სიმპტომები გვაქვს – მაგ., მომატებული ღელვა, შიში, შფოთვა, უგუნებობა, ვის და როგორ უნდა მივაკითხოთ დახმარებისთვის?

ჯ.ჯ.: შიში, შფოთვა, დაწეული გუნება-განწყობილება ამგვარ ვითარებაში სავსებით ნორმალური განცდებია. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას: ამგვარ სიტუაციაში ადამიანს არ გამოადგება სრული სიმშვიდის შენარჩუნება. პირიქით, მას სჭირდება შფოთვის ენერგია, რომ მობილიზდეს – თავის გასაფრთხილებლად, გარშემომყოფების გასაფრთხილებლად.

მაგრამ, თუ შიში და შფოთვა ძალიან მაღალია, ამან შესაძლოა, მობილიზების ნაცვლად, ამოგვაგდოს კალაპოტიდან ისე, რომ ყოველდღიური რუტინული ქცევების შესრულება გაგვიჭირდეს. ასევე, შესაძლოა გუნება-განწყობილების დაწევამ დაგვიქვეითოს ყოველდღიური საქმიანობის შესრულების მოტივაცია. თუ თავს ამგვარად ვგრძნობთ, ეს ის მდგომარეობაა, რომლის ცვლილებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ამისთვის, შესაძლოა ახლობლებთან ვეძიოთ ემოციური მხარდაჭერა და დამშვიდება. თუ ეს ვერ გვშველის, მაშინ მივმართოთ სპეციალისტს.

ქვეყანაში ამოქმედდა კრიზისული ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ დახმარებით. მომსახურების მისაღებად ერთგვარი „შესასვლელი კარია“ კრიზისული დამხარების ცხელი ხაზი, რომელსაც ასოციაცია „ნდობა“ ამუშავებს (ტელეფონი: 2 911 000).

თუ ადამიანს შედარებით უფრო ხანგრძლივი (4-6 სატელეფონო თუ ონალინ სესია) დახმარება ესაჭიროება – მაშინ ცხელი ხაზი მას გადაამისამართებს ონლაინ და სატელეფონო ფსიქოლოგიური კონსულტირების სერვისში „კლუბი სინერგია“, რომელსაც ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში ამოქმედებს“ (შესაბამისი ტელეფონებია: 599807021 და 599807024).

არიან ადამიანები, ვისაც ურჩევნია საკუთარ თავს თავად დაეხმაროს, შესაბამისი სანდო ინფორმაციის საფუძველზე. მათთვისაც არსებობს დახმარების შესაძლებლობა – ფეისბუქ გვერდ „ღიაზე“ განთავსებული ონლაინ პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაციის მიერ მომზადებულ ფსიქოლოგანათლების მასალებს, და თავად „ღიას“ მასალებსაც. გარდა ამისა,შეგიძლიათ ფეისბუქზე მოძებნოთ გვერდი „კლუბი სინერგია“,სადაც,ასევე, უხვად ნახავთ ატვირთულ ფსიქოგანათლების მასალებს, რომელიც თვითდახმარებაში შეგიწყობთ ხელს.

არსებულ ვითარებაში მომატებულია ოჯახური ძალადობის რისკებიც. ამასთან დაკავშირებით, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მომუშავე ორგანიზაცია „საფარმა“ და საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აამუშავეს ეპიდემიის პიორბებში ოჯახურ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმი. თუ ოჯახში ადგილი აქვს ძალადობრივ ურთიერთობებს, მნიშვნელოვანია ვიყოთ ყურადღებით, ფხიზლად, თვალი არ მოვუხუჭოთ პრობლემას და დავრეკოთ 112-ზე. არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც დაგეხმარებიან ამ კატეგორიის პრობლემების მოგვარებაში.

ხ.ძ.: მაინც, კონკრეტულად რას ურჩევდით ჩვენს მოსახლეობას სტრესთან გამკლავების, და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილების მიზნით?

ჯ.ჯ.: ამჟამად, ფსიქიკური ჯანრმთელობის სპეციალისტებიც ზუსტად იგივე რეალობაში ვარსებობთ და იგივე მდგომარეობაში ვართ, როგორშიც დანარჩენი მოსახლეობაა. და ჯადოსნური ჯოხი არავის გვაქვს, რომ უცებ მოგვარდეს ყველა პრობლემა. გამკლავება – ეს უნდა იყოს ყოველდღიური მცდელობა. ამიტომ, სხვას მე ვურჩევ ზუსტად იგივეს, რასაც ჩემს თავს ვურჩევ ამ უჩვეულო ვითარების გასამკლავებლად. უპირველეს ყოვლისა კი იმას, რომ ჩვენს საკუთარ თავებს ჩვენ თავადვე უნდა დავეხმაროთ. მაგალითად – არ მოვდუნდეთ ამ სახლში ყოფნის რეჟიმისგან და  მაქსიმალურად შევეცადოთ არ დავარღვიოთ ჩვენთვის ჩვეული ქცევის წესები. ეს დაგვეხმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციაში. პრევენცია კი მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენ თავად შეგვიძლია გავაკეთოთ.

ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია არ დავარღვიოთ ის ყოველდღიური რუტინა, რომელსაც ჩეულებისამებრ მივსდევდით, მაგალითად: დროულად გაღვიძება და ადგომა, ფორმაში თავის მოყვანა (შევეცადოთ, რომ „ღამის პერანგში“ არ დავრჩეთ :)! მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ სახლში ვართ, ყველანაირად შევეცადოთ რომ მოწესრიგებულები, „ფორმაში“ ვიყოთ. არ უგულებელყოთ დასვენების დღეები – შაბათ-კვირა, დღესასწაულები და შევეცადოთ, რომ ამ დღეებში არ ვიმუშავოთ.

დავიცვათ რეჟიმი, მაგალითად, არ ვიმუშაოთ ღამე, არ ვიმუშაოთ საღამოს. მნიშვნელოვანია, არ მივატოვოთ (ან, თუ არ გვქონდა ჩვევაში – დავიწყოთ) ფიზიკური ვარჯიში. მსუბუქი ფორმის დეპრესიის დროს, თუნდაც არ ვიყოთ იზოლაციაში, ყველაზე ეფექტური საშუალება – ფიზიკური ვარჯიში და დღის შუქია. მას, ასევე, პრვენციული ფუნქციაც აქვს.

იმას, რომ ჩვენ ვნერვიულობთ არსებულ ვითარებაზე, ნუ დავარქმევთ პანიკას. ეს არის ემოციური ფონი, რომელიც გვეხმარება ვმობილიზდეთ, გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს, გარშემომყოფებს და შევიცვალოთ ქცევითი სტერეოტიპები ახალი ვითარების შესაბამისად. სტრესი ჩვენ გვეხმარება, ნუ შევებრძოლებით მას, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიყოთ ინფორმირებული და შევცვალოთ ჩვენი ქცევა. ანუ, ვიმოქმედოთ სერფინგის პრინციპით, როდესაც სერფერი დიდი ტალღის ენერგიას კი არ ებრძვის, არამედ ის დიდი ტალღის ენერგიას იყენებს იმისთვის, რომ ზედაპირზე ამოვიდეს, გამოვიყენოთ სტრესის ენერგია რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და დაცულად ვიგრძნოთ თავი. შევეცადოთ ერთმანეთის გამხნევებას, ემოციურ მხარდაჭერას: გაზიარებული წუხილი განახევრებული წუხილია, გაზიარებული სიხარული გაორმაგებული სიხარულია.

ვიყოთ მაქსიმალურად ინფორმირებული. არ გადავიქცეთ ინფორმაციის პასიურ მიმღებად, პირიქით, ვიყოთ ინფორმაციის აქტიური მომხმარებლები: განვსაზღვროთ, თუ როდის და დღეში რამდენჯერ (რეკომენდაციაა – ერთხელ-ორჯერ) გვინდა განვაახლოთ ინფორმაცია ეპიდემიის დინამიკაზე. დავუკვირდეთ და აღვიქვათ ინფორმაცია იმ მიზნით, რომ ის დაგვეხმაროს ჩვენი მოქმედებების დაგეგმვაში. ჩვენი ამჟამინდელი ემოციური ფონი ამ ყველაფერში გვშველის, იმიტომ, რომ როდესაც ემოციური ფონია – უფრო კარგად ვსწავლობთ. არადა, ჩვენ ამჟამად სწორედაც რომ ვსწავლობთ ცხოვრებას ახალ პირობებში. ვიმოქმედოთ კარგად ცნობილი ფორმულით: შევეგუოთ იმას, რისი ცვლილებაც არ ძალგვიძს. არ დავიშუროთ ძალისხმევა იმის გასაკეთებლად/შესაცვლელად, რაც ჩვენს ძალებშია და, მოვუხმოთ სიბრძნეს, რომ ერთი მეორისგან გავარჩიოთ.

ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის წევრ მოხუცებზე, ბავშვებსა და მოზარდებზე. დავეხმაროთ განათლების სისტემას დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადაწყობაში; შესაბამისად -ბავშვებსა და მოზარდებს დისტანციური სწავლის მეთოდების ათვისებაში. გვახსოვდეს, რომ ბავშვების რეაქცია შექმნილ რთულ ვითარებაზე დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენს რეაქციებზე. ამიტომ, შევეცადოთ, რომ ბავშვებსაც მივაწოდოთ დაბალანსებული ინფორმაცია, რაციონალურად, დაშინების გარეშე: როგორც რისკებზე, ასევე თავდაცვის საშუალებებსა და გზებზე. დავანახოთ ამ ცვლილებებთან დაკავშირებული შესაძლო პოზიტივი: მაგ., ის, რომ ახლა მეტ დროს ვატარებთ ერთად. თუ ბავშვს შევატყვეთ, რომ ჭარბად ემოციურად უდგება სიტუაციას, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს თავს დავუსვათ შეკითხვა – ხომ არ ვსაუბრობთ ან ვიქცევით ოჯახში იმგვარად, რომ მასში პანიკურ რეაქციებს ვიწვევთ. შევეცადოთ გავუწიოთ ბავშვებს ემოციური მხარდაჭერა, ასაკის შესაბამისად ვითამაშოთ და ვისაუბროთ მათთან. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ავუხსნათ თუ რა ხდება, დავეხმაროთ მას, გამოხატოს ამასთან დაკავშირებული აზრები და ემოციები, ეს შესაძლებელია ერთად ხატვით, თამაშით და ა.შ.

არ არის მარტივი ვითარება იმ მშობლებისთვის (და, განსაკუთრებით, დედებისთვის), რომლებიც მუშაობენ სახლიდან და პარალელურად მცირეწლოვან შვილებს უვლიან. ალბათ ეს სწორედ ის ვითარებაა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ შვილების მოვლასა და სახლის საქმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად გადანაწილდეს მშობლებს შორის. თუ ოჯახში დაძაბულობაა, შევხედოთ ამას, როგორც შანსს, რომ დავუთმოთ დრო თანაცხოვრების წესების ტრანსფორმაციაზე შეთანხმებას/მუშაობას. ყოველი დაძაბულობა, უთანხმოება თუ კონფლიქტი არის შესაძლებლობა გადავიდეთ ურთიერთობების ახალ საფეხურზე, „გადავტვირთოთ“, გავაუმჯობესოთ, გამოვაკეთოთ ურთიერთობა.

შესაძლოა სახლში რადმენიმე წევრია, ვისაც კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება ესაჭიროება დღის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობებისა თუ სწავლის გამო – დავადგინოთ ახალი წესები მთელი ოჯახის, ყველა წევრის მონაწილეობით. ეს დაგვეხმარება, რომ ერთმანეთს შევუწყოთ ხელი მინიმალური დანაკლისით გავუმკლავდებთ არსებულ ვითარებას, რომლის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენი სამსახურებრივი თუ სასწავლო აქტივობების დიდი ნაწილი გახდა დამოკიდებული ტექნიკაზე.

მათ, ვისაც გვაქვს ფუფუნება, რომ ტექნიკის გამოყენებით შევასრულოთ ჩვენი სამსახურებრივი თუ სასწავლო მოვალეობები – ალბათ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არიან ჩვენზე გაჭირვებული ადამიანები, ვისაც არსებული ვითარების გამო, სამსახური აღარ აქვს, ან ეწეოდა სოფლის მეურნეობას და გასაყიდად გამზადებული მოსავალი ჩაუწვა. ჩვენ, როგორც მოქალაქეები დიდად ვერ ვაკონტროლებთ პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას. ვერც ჩვენს გადაადგილებას ვაკონტროლებთ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით – შეგვეზღუდა გადაადგილების თავისუფლება. ეს კი, ფსიქოლოგიურად, უსუსურობის განცდის შეძენის რისკს შეიცავს. ე.წ. შეძენილი, დასწავლილი უსუსურობის განვითარების რისკს. ვითარებაზე კონტროლის განცდის დაბრუნება სტრესის დაძლევის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

სხვების დახმარება სწორედ კონტროლის განცდის დაბრუნებაში გვეხმარება. ახლა ხშირად იყენებენ ტერმინს „სოციალური დისტანცირება“ რაც ძალიან დესტრუქტიულია. მოდით, ვისაუბროთ ფიზიკურ დისტანცირებაზე, მაგრამ სოციალურ სოლიდარობაზე. შევქმნათ სათემო, სამეზობლო, სამეგობროების მასშტაბის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა-ცირკულირების მექანიზმები, რათა ვიცოდეთ, თუ ვის ესაჭიროება დახმარება და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ. ფსიქოლოგები ვამბობთ ხოლმე – სხვისი დახმარებით ეხმარები საკუთარ თავს. ამიტომ – დავეხმაროთ გარშემომყოფ ადამიანებს, რამდენადაც შეგვიძლია, და ეს თავად ჩვენ დაგვეხმარება სტრესთან გამკლავებაში.

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s