კორონა ვირუსი (COVID-19), როგორც გლობალური პრობლემა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მსოფლიო მასმედიის პოპულარული გამოცემები აქტიურად აშუქებენ პრობლემას, რომელიც კორონა ვირუსმა უკვე შექმნა. ის, რომ კორონა ვირუსი მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიურად ზემოქმედებს და მისი ფართოდ გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა ქვეყნების უმრავლესობა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანოს აზრს მოკლებული მსჯელობა ნამდვილად არ არის. ამ პროცესში კი განსაკუთრებით საინტერესოა იმის გაანალიზება თუ რა შედეგები შეიძლება იქონიოს ეკონომიკურმა კრიზისმა ადამიანის უფლებებზე და როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფოს გონივრული ქცევა აღნიშნულ პროცესში.
2008-2009 წლებში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოცადეს ყველაზე მძაფრი ეკონომიკური კრიზისი 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ. წარსულ გამოცდილებებზე დაყრდნობით, ეკონომიკური კრიზისი წარმოშობს მწვავე პრობლემებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და აღსრულების ნაწილში. თავს იჩენს ისეთი მწვავე საკითხები, როგორიცაა: გაზრდილი უმუშევრობის დონე და შემცირებული სახელმწიფო ხარჯები. ეკონომიკური კრიზისის დროს მოწყვლად ჯგუფებად მიიჩნევიან ბავშვები, მოზარდები, მოხუცები, მიგრანტები და ეთნიკური უმცირესობები. ეს ყოველივე ეხება აგრეთვე სოფელში მცხოვრებ უმუშევრ მოსახლეობასაც, რომლებიც მრავალშვილიანები არიან და სამსახურის გარეშე დარჩნენ.
საქართველოში კი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები უმწვავესად დგას, იმ ფონზე, რომ 2020 წლის 30 მარტს ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, დაიხურა ფაქტობრივად ყველა მცირე და დიდი ბიზნესი. აღარ მუშაობს მუნიცილაპური ტრანსპორტი, ავტობუსები, მარშუტებკები, მეტრო… შეუზღუდა საქალაქთაშორისო გადაადგილებები. კარანტინის ზონაში გამოცხადაა რამდენიმე რეგიონი, მათ შორის მარნეულის, ბოლნისის, ლენტეხის რეგიონები. ადამიანები დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე. ამჟამად კი, სიტუაცია უფრო გართულდება. რადგან პრემიერ-მინისტრის გიორგი გვახარია განცხადებით, 15 აპრილიდან მომდევნო ათი დღის განმავლობაში ჩაიკეტება ქალაქები: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. საგანგებო მდგომარეობა კი 10 მაისამდე გაგრძელდა.
დღევანდელ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „შეუძლებელია, უბრალოდ, ჩვენ ვილაპარაკოთ ყოველდღიურ დახმარებაზე იმ ადამიანებზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი“ და დააყოლა, რომ დახმარებები იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ამ პერიოდში სამსახურები დაკარგეს, 150 ლარზე მეტი იქნება.
რთულია მდგომარეობა რეგიონებშიც. მაღალმთიანი აჭარის, სოფელ კორომხეთის მცხოვრები დოდო ნაგერვაძე გვიყვება, რომ ის შვიდი შვილის დედაა, ორი წელი თურქეთში იყო წასული სამუშაოდ, მაგრამ მიხვდა რომ ჯობდა საკუთარ შვილებთან ყოფილიყო და დაბრუნდა სამშობლოში, სოფელში, თავის შვილებთან და აქ მუშაობა დაიწყო, მოჰყავს მოსავალი, აქვს რძის ნაწარმი, რომელსაც აბარებს ბაზარში და ამით თავის ოჯახს არჩენს. ქმარი წლების წინ დაეღუპა და ბედ-იღბალზე მინდობილი, ლუკმა პურის შოვნას დღემდე დიდ შრომას და ჯაფას ანდომებს. „ახლა გამომიშვეს სამსახურიდან, 60 წელს გადაცილებულების მუშაობა რთული საქმეა. ჩემ შვილებს არ ყოფნით ბაზარში გამომუშავებული თანხა, ამიტომაც დამატებით სხვა სამსახური მქონდა, საიდანაც გამომიშვეს და დავრჩით ასე, ნახევრად მშივრები. თან, ახლა, ყველაფერი დახურულია და ვერც ვერსად ვიწყებ მუშაობას. მრავალშვილიანობის და გაჭირვების გამო, მთავრობა გვეხმარება და მაქსიმალურად ცდილობს გადაგვატანინოს რთული დღეები,“ – გვიყვება დოდო და იმასაც აღნიშნავს, რომ მისი შემოსავალი ბოლოდ იმდენად მწირი იყო, რომ კომუნალურებზეც ძლივს ჰყოფნიდათ.
მაღალმთიანი აჭარის, სოფელ ორცვის მოსახლე 45 წლის მაგული ანთაძე გვიყვება „დიდი ხანია ამ სოფლის მოსახლე ვარ, სამსახურის გარეშე დარჩენა ჩემთვის დიდ პრობლემებს წარმოადგენს. ჩემი შვილების სარჩენად ვაკეთებდი ყველაფერს, რომ არაფერი მოკლებოდათ. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, აღარც სამსახური მაქვს და უამრავი პრობლემაც დამიგროვდა. არც რაიმე სხვა დამატებითი შემოსავალი გვაქვს. იმედია მალე დასრულდება პანდემია და ყველანი ჩვეულებრივად და უფრო კარგად გავაგრძელებთ ცხოვრებას. ამ სოფლის 60% ჩემს მდგომარეობაშია, ყველას ძალიან უჭირს და თითქმის მთელი სოფელი უმუშევარი დავრჩით. მინდა სიტუაცია მალე დალაგდეს ქვეყანაში და ეს პანდემია დასრულდეს, რათა აღდგეს სამუშაოები და ქვეყანას სიმშვიდე და ჯანმრთელობა დაუბრუნდეს. იმედია ბევრი გამონაჯანმრთელებული გვეყოლება და ნაკლები სიკვდილიანობა იქნება. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდ ხანს სიცოცხლეს,“ – გვეუბნება სოფელ ორცვის მკვიდრი.
ის, რომ უმუშევრობა უამრავი ადამიანის თანხვედრი პროცესი გახდა ამას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებიც მოწმობს. 2019 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 11,6 პროცენტია უმუშევარი, რაც 437600 ადამიანს უდრის.
ანამარია ირემაძე მაღალმთიანი აჭარის მკვიდრი, ყოფილი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, რომელიც სოფელში მარტო ცხოვრობს და თავისი შვილებისგან და შვილიშვილებისგან მოშორებით იმყოფება, ამბობს რომ კორონა ვირუსმა ძალიან შეაშინა და გარეთ, ეზოში გამოსვლაც კი აშინებს, თორემ დიდი ხანია რაც მარტოობას მიეჩვია და ქალაქშიც კარგა ხანია არ ჩასულა. „ჩემი შვილები ბათუმში ცხოვრობენ და ვერ ახერხებენ ჩემთან ხშირად მოსვლას, მაგრამ ისინი სოფელში მომავალ რომელიმე ნაცნობს ჩემთან საკვებსა და საყოფაცხოვრებო საჭირო ნივთებს ატანენ. ამ პერიოდში. მარტოობა არ მიჭირს, მივეჩვიე, თუმცა აქამდე ჩემი შვილები თვეში ორ-სამჯერ მაინც ამოდიოდნენ და ახლა კი ვეღარ ახერხებენ მოსვლას. დამპირდნენ რომ რამდენიმე დღეში ამოვლენ და ამ პანდემიის დასრულებამდე ჩემთან იქნებიან. მთავრობაც ზრუნავს ჩვენზე, გაჭირვებულ მოხუცებზე პურით და პროდუქტით გვეხმარებიან. ამას პლიუს ჩემი მეზობლები მეხმარებიან რომ ავიღო პენსია. იმედია, მალე დასრულდება მძიმე ყოფა და მსოფლიო ახალ საფეხურზე გადავა და კარს თავისუფლება და ჯანმრთელობა შემოგვიღებს ყველას,“ – ამბობს 75 წლის ანამარია.
შემქნილ ვითარებასთან დაკავშირებით სიტუაციას ამწვავებს საპატრიაქროს განცხადებები. ისინი მრევლს კვლავ მოუწოდებენ, რომ სააღდგომო რიტუალს დაესწრონ. მთავრობის წარმომადგენლები და კვალიფიციური ექიმები კი ისევ მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ ხალხმრავალი ადგილებისგან, მით უმეტეს, რომ მსოფლიო მასშტაბით ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, 125 145 ადამიანია მსოფლიოში გარდაცვლილი, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი ცოტა ხანში ორ მილიონს მიაღწევს.
მიუხედავად მკაცრი შეღზუდვებისა, მაგალითად სოციალური დისტანცირების დარღვევის შემთხვევაში 3000 ლარიანი ჯარიმა, მრაველის უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ სააღდგომო რიტუალს დაესწრებიან.
საზოგადოების აზრი ორად იყოფა. “ჩემი აზრით ეკლესიაში მისვლით არ განისაზღვრება რწმენა და პატივისცემა ამ დღესასწაულისადმი. პირველად დავდექით მსგავსი საშინელი ვირუსის წინაშე და ხალხის ნაწილი ვინც აპირებს მისვლას ეკლესიაში ვთვლი, რომ ჯერ კიდე ვერ იაზრებს ამ სიტუაციას. ყოველგვარი თავშეყრის ადგილი არის სარისკო და არ ვეთანხმები იმ აზრს რომ ღმერთის სახლში ვირუსის გავრცელება არ მოხდება ამ დროს. რაც არ უნდა დისტანცია დავიცვათ საშიშროება მაინც არსებობს და ამით შეიძლება მთელ ქვეყანას საფრთხე შეგვექმნას”, – ამბობს 23 წლის მარგარიტა წილოსანი.
„ძალიან მინდოდა წმინდა ცეცხლის ეკლესიიდან შინ მოტანა, მაგრამ ჩემმა შვილმა დამარწნუნა, რომ ეკლესიაში წასვლა საშიშია, როგორც ჩემთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის და გადავწვიტე ამ აღდგომას შინ დავრჩე,“ – ამბობს 72 წლის პენსიონერი.
დაემატება თუ არა აღდგომის შემდეგ ინფიცირებულტა რაოდენობა საქართველოს მონაცემებს გლობალურ ქსელში, ამას, ალბათ აღდგომიდან 14 დღეში გავიგებთ. დღეს მონაცემებით კი, საქართველოში 296 ვირუსით, დაინფიცირებულია, 3 გარდაცვლილი და მხოლოდ 69 გამოჯანმრთელებული.
დარჩით სახლში!