კორონავირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის საქართველომაც გამონახა გზა და ყველა უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი ინტენსივობისა და სახელმწიფოს მიერ პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების კვალდაკვალ, პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე გადაწყდა სწავლების ონლაინ ვერსიაზე გადასვლა. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, სკოლებისა და უნივერსიტეტების უმეტესობის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ზოგისთვის დადებითი ხასიათის მატარებელია, ზოგისთვის პირიქით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, 20 წლის თინა მარსაგიშვილი ამბობს: „ვფიქრობ, რომ ონლაინ სწავლების პროცესი არ აღმოჩნდა ისეთივე სრულყოფილი, როგორსაც წარმოვიდგენდი. მიუხედავას იმისა, რომ სახლიდან გასვლა არ გვიწევს, გარკვეული სირთულეები და პრობლემები იქმნება. მაგითად, არის საგნები, რასაც პრაქტიკული მხარე უფრო მნიშვნელოვანი აქვს, ვიდრე თეორიული. თუმცა პრაქტიკულად ვერ ვმუშაობთ, რადგან თვითიზოლაციაში ვიმყოფებით და გარეთ ვერ გავდივართ თავისუფლად ამ საგნებზე სამუშაოდ… აუდიტორიაში მოსმენილ ლექციასა და ონლაინ ლექციას შორის დიდი განსხვავებაა, რადგან აუდიტორიაში პირდაპირი კონტაქტი გაქვს ლექტორთანაც და კურსელებთანაც, რაც მნიშვნელოვნად ავითარებს ადამიანებს შორის ინტელექტუალურ კომუნიკაციას. ვისურვებდი, სტუდენტების მალე დაბრუნებას უნივერსიტეტებში…“
„დისტანციური სწავლების პლატფორმა საქართველოში არ არის აქტიური. მაგრამ დღევანდელმა რეალობამ ახალი კორონა ვირუსის გამოჩენამ, მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. ეს აისახა მსოფლიო განათლების სისტემაზეც. საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში უკვე შემოიღეს ონლაინ სწავლება, რასაც თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეები აქვს. დადებით მხარეს წარმოადგენს ელექტრონული კურსების დრო, რომლის მიხედვითაც სტუდენტს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი დრო ელექტრონული კურსების გავლისთვის და არა მხოლოდ საგაზაფხულო და საშემოდგომო სემესტრი, რასაც ჩვეულებრივ სთავაზობენ უნივერსიტეტები. ასევე მოქნილი გრაფიკი, სტუდენტს შეუძლია ლექციებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაესწროს. რაც შეეხება ღირებულებას, დისტანციური სწავლის ფასი ბევრად იაფია, ვიდრე ჩვეულებრივი კურსის გავლის შემთხვევაში. დისტანციური სწავლება ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესს, გარემო უფრო სუფთაა. პროგრამის უარყოფით მხარეებში შეიძლება მოვიაზროთ ის რომ, დისტანციური სწავლება არ მოიცავს ჯანსაღ ურთიერთობას თანაკურსელებთან და იმ ხალხთან, რომელიც უნივერსიტეტის სწავლის პროცესში მნიშვნელოვანაა ჩართული. ამასთან, სტუდენტს არ მოუწევს ლექტორთან პირისპირ შეხვედრა. ამას გარდა არის პროფესიები, რომლებიც სრულადაა დაფუძნებული პრაქტიკაზე და პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობა არ ეძლევა სტუდენტს. ეს სწავლება მოითხოვს ახალ უნარებსა და ტექნოლოგიების ცოდნასაც,“ – ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ეთო ბიქოშვილი.
თუ ვიტყვით იმას, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა დროის დიდ ნაწილს სმარტფონებთან ატარებს, შესაძლოა ეს დრო სტრატეგიულად იყოს გამოყენებული სასწავლო ეფექტის შესაქმნელად. ამგვარი მიდგომები ბადებს საზოგადოებისგან შემდეგ კითხვას – ზედმეტი ხომ არ არის მუდმივი ტექნოლოგიური ჩარევა, რასაც, თავის მხრივ, მივყავართ ონლაინ სწავლების ისეთ შეზღუდვებთან, როგორებიცაა: იზოლაცია, ჩართულობისა და მონაწილეობის ხარისხი, თვითორგანიზება, გუნდური მუშაობა და სხვა სოციალური უნარების განვითარება. ეს გამოწვევები ნამდვილად საგულისხმოა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ზოგადი ფორმალური განათლების შემთხვევაში, სადაც მოსწავლეებს, სწორედ სკოლაში ყოფნის დროს უვითარდებათ ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება. უფრო დეტალურად ამ საკითხთან დაკავშირებით თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესიული ინგლისურის სპეციალისტი, ასოცირებული ლექტორი ნინო მიქაძე, რომელსაც უკვე 15 წელია აქვს შეხება უნივერსიტეტთან და სტუდენტებთან, ამბობს რომ, „ონლაინ სწავლება, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება აუდიტორიაში მეცადინეობას და სტუდენტებთან პირისპირ კონტაქს, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა. სტუდენტებისთვისაც სიახლეა და ინტრესით შეხვდენენ ამ ცვლილებას. მინდა აღვნიშნო რომ არსებობს ისეთი პროგრამები რაც გვაძლევს საშუალებას ლექციები თითქმის ისევე ეფექტურად ჩავატაროთ, როგორც აუდიტორიაში. შესაძლოა სტუდენტები ვამუშაოთ ჯგუფებში, წყვილებში, მარტივად გავუზიაროთ და გავუგზავნოთ მასალა და გავაკეთოთ თითქმის ყველა აქტივობა რასაც აუდიტორიაში ვაკეთებდით. პრობლემაა ისაა, რომ სტუდენტები კიდევ უფრო მიეჯაჭვნენ ეკრანებს და კიდევ უფრო ნაკლებად მოძრაობენ, რაც მანამდეც პრობლემა იყო. ამიტომაც ხშირად ვახსენებ რომ დასვენების დროს არ დარჩნენ ეკრანთან და გაისეირნონ ოთახში.“
არსებობს ონლაინ სწავლების სხვადასხვა პლატფომები, სადაც სასწავლო პროცესი ხორციელდება: Moodle, ZOOM, Google Classroom, eFront, Dokeos, Claroline, ILIAS, Whiteboard. ონლაინ სწავლების დროს, აუცილებელია ინსტრუქტორს და სტუდენტს ჰქონდეს წვდომა კომპიუტერთან და ინტერნეტთან.
საქართველოს მაღალმთიანეთის, ბევრ დასახლებაში, ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი არ არის ინტერნეტი და შესაბამისად, ახალგაზრდობა ვერ ერთვება ონლაინ სწავლების რეჟიმში.
„მიუხედავად სტრესული მდგომარეობისა, აუცილებელია ბევრი რამ ვისწავლოთ წარმოქმნილი კრიზისისგან და განათლების სფეროში წარმოშობილი რყევები სტრატეგიულად გამოვიყენოთ სისტემის გასამართად. პროცესის დასტაბილურების შემდეგ, მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები კომპიუტერული წიგნიერების განვითარების კუთხით, რამაც აუცილებლად უნდა უზრუნველყოს საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლის, მაღალმთიანი სოფლების ჩათვლით, შესაბამისი ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ გაკვეთილების, რასაც COVID-19 იძულების წესით გვასწავლის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ სწავლის პროცესი არ შევწყვიტოთ და გავაგრძელოთ ამ მეთოდით სწავლება, რომელიც არის სირთულეებთან დაკავშირებული, თუმცა ყველაფრის მიღწევა და დაბალანსება შესაძლებელია, მთავარია ვიყოთ ჯანმრთელად. გისურვებთ ჯანმრთელობას,“ – გვეუბნება 50 წლის ნადიმ ვარშანიძე, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილი რექტორი და ამჟამინდელი ლექტორია, ისტორიის განხრით.
ასე, რომ ეპიდაფეთების ჩავლამდე, აქტუალური იქნება ონლაინ სწავლება. და იმედია, მომავალში ამ პრაქტიკას იმ ადამიანებისთვის გამოიყენებენ, რომლებსაც სწავლის სურვილი აქვთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, არ შეუძლიათ სასწავლებლებში სიარული.