„ევროკავშირი მხარს უჭერს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას, ვინაიდან იგი ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს,“ – ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ოფიცერმა, დომინიკა სკუბიდამ.
ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელიც ქართულ კომპანიებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულმა ასოცირების ხელშეკრულებამ და გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციამ მოუტანა, ხშირ შემთხვევაში მჭიდროდ უკავშირდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) განვითარებას, დახვეწასა და საქართველოში ბიზნესის პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვას.
კორპორაციული პასუხისმგებლობა, არსებითად, არის ბიზნესის კეთილი ნება, აიღოს თავის თავზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მას კანონით ეკისრება, შეგნებულად გასცდეს მოგების მიღების თავდაპირველ ფუნქციას და ნებაყოფლობით იზრუნოს აგრეთვე საზოგადოების კეთილდღეობაზე. დადებითი წვლილი შეიტანოს სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. თუმცა ამას ბევრი ორგანიზაცია ან ვერ იაზრებს, ანდა უბრალოდ, ერევათ იმ პასუხისმგებლობაში რაც წესით მათ იურიდიულად ისედაც ევალებათ.
დღევანდელი გაგებით, კოპრორაციული პასუხისმგებლობის კონცეფცია დასავლეთის განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში შემუშავდა. უკვე მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, საზოგადოების მიმართ ბიზნესის პასუხისმგებლობის ცელკეული ასპექტები ყურადღების საგანი გახდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1950-იანი წლებიდან იწყება ფართო მსჯელობა საზოგადოებაში ბიზნესის როლსა და პასუხისმგებლობაზე. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობ-ის (CSR) განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვან მომენტად მიიჩნევა 1992 წლის მსოფლიო სამიტი რიო დე ჟანეიროში, როდესაც „მდგრადი განვითარების მსოფლიო საქმიან საბჭოში“ გაერთიანებულმა ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა წარმოადგინეს თვითრეგულირების პროგრამა.
კორპორაციული პასუხისმგებლობა არ ენაცვლება საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას. კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობა, გულისხმობს არსებულ კანონებთან შესაბამისობას, და ამის საფუძველზე, ნებაყოფლობით, დამატებითი სოციალური და გარემოსდაცვით ვალდებულებების აღებას.
კორპორაციული პასუხისმგებლობა არ არის კომპანიის ძირითად ბიზნესთან მიმართებით „დამატებითი“ საქმიანობა (რომელიც კომპანიის მარკეტინგულ ან პიარ საქმიანობის ნაწილად შეიძლება გავიაზროთ). ეს არის ბიზნესის წარმოების ახალი მეთოდი, რომელიც გულისხმობს სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების ყველა სფეროსა და კომპონენტში. ამგვარად, კორპორაციული პასუხისმგებლობა გაიაზრება არა როგორც ერთდჯერადი აქტი ან კომპანიის სისტემური, კარგად გააზრებული ინიციატივები. არამედ, ეს არის კომპანიის სისტემური, კარგად გააზრებული სტრატეგია, მისი ბიზნეს გეგმის შემადგენელი ნაწილი.
„ვთვლი, რომ კორპორატიული პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ეხლა იდგავს ფეხს ასოციაციაში და ასევე, ჩვენ ორგანიზაციაში ვნერგავთ და შემდეგი მართულებით ვმუშაობთ გაეროს ქალთა პრინციპების შესაბამისად და ასევე, ვართ გლობალ კომპაქტის წევრები,” – გვეუბნება ნინო ზამბახიძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.
კორპორაციული პასუხისმგებლობა შეიძლება განიმარტოს, როგორც გრძელვადიანი წარმატება ბიზნეს საქმიანობაში. პასუხისმგებელ კომპანიათა დიდი რიცხვი მიუთითებს, რომ საქმიანობის კარგ სოციალურ და გარემოსდაცვით მაჩვენებლებს შედეგად მოჰყვება უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები და შემოსავლების ზრდა.
კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაყიშვილი გვიყვება იმ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც კომპანია რამდენი წლის განმავლობაში ახორციელებს. კომპანიამ თავის თავზე აიღო იმ ადამიანების მომავალზე ზრუნვა, რომლებიც ბავშვთა სახლებიდან სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ფაქტობრივად ქუჩებში ხვდებოდნენ. ნიკოლოზის თქმით, კომპანიას 2011 წლიდან 550 ბენეფიციარი ყავთ. ამ პროესტს ისინი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი საქართველოს“-თან თანამშრომლობით ახორციელებენ. მისი თქმით, ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.
კომპანიის მიერ კორპორაციული პასუხისმგებლობის განხორციელება არ ნიშნავს აუცილებლად ფულადი კონტრიბუციის გაღებას სოციალურად მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად. მისი ფორმები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და იგი დამოკიდებულია კონკრეტული კომპანიის მიერ არჩეულ მექანიზმებზე. ასეთი ფორმად შეიძლება ჩაითვალოს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროექტი „ეკოისტი“. მისი წარმომადგენელი თინათინ სტამბოლიშვილი გვიყვება რომ ეს არ არის ერთჯერადი კამპანია, ეს ერთგვარი განაცხადია, რომ ინვესტიცია ჩავდოთ ჯანსაღი და თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში. ტექნოლოგიური განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა – ჯიპიაის დაზღვეულებს უკვე აქვთ საშუალება, დისტანციურად მიიღონ თითქმის ყველა სახის მომსახურება – დაზღვევის პორტალი MYGPI.GE და აპლიკაცია MyGPI. ორივე მუდმივად განახლების პროცესშია, რაც ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებას და დახვეწას უწყობს ხელს. ეკოისტების გაერთიანებაც აპლიკაცია MyGPI-ს საშუალებით ხდება და აქაც უამრავ სიახლეს შემოგთავაზებთ სამომავლოდ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჯიპიაის მასშტაბური ლოიალობის პროგრამის ნაწილია – ჩვენს დაზღვეულებს აქვთ პრივილეგია, დაზღვევაში გადახდილი თანხიდანაც დააგროვონ (პრემიის 10%-მდე უგროვდებათ), რაც საკმაოდ სოლიდური დამატებითი სარგებელია მათთვის. ეკოისტები – ჯიპიაის მოძრაობა, ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად. ეს ჯგუფი იქნება პლატფორმა, რომ წამოვწიოთ აქტუალური თემები გარემოს დაცვასთან და ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებით – საკითხები, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაწუხებს.
კორპორაციული პასუხისმგებლობა მჭიდროდ უკავშირდება მდგრადი განვითარების კონცეფციას. მე-20 საუკუნეში ტექნიკურმა პროგრესმა და ეკონომიკურმა გლობალიზაციამ კაცობრიობა სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა: გლობალური დათბობა; ჰაერის დაბინძურება; სასმელი წყლის ნაკლებობა; ბიომრავალფეროვნების რღვევა; ეკოლოგიური კატასტროფები; დოვლათის კონცენტრაცია; შემოსავლებისა და ფინანსების არათანაბარი გადანაწილება; სიღარიბის მაღალი დონე; ადამიანი უფლებათა შელახვა.
ამ საფრთხეებმა წინ წამოსწია მდგრადი განვითარების საკითხების მნიშვნელობა. ცხადი გახდა, რომ თუ ერთიანი ძალებით არ მოეკიდებოდნენ ამ პრობლემების გადაწვეტას, მომავალ თაობებს დაუტოვებდნენ ცხოვრებისათვის გამოუსადეგარ სამყაროს.
მდგრადი განვითარების კონცეფცია ეფუძნება სამყაროს აღქმას, როგორც ერთიანი სისტემისა. 21-ე საუკუნეში პრობლემები აღარ არის ლოკალიზებული დროსა და სივრცეში, ისინი გლობალურ მასშტაბებს იღებენ. სწორედ, ასეთ სისტემურ მიდგომას ეფუძნება მდგრადი განვითარების კონცეფცია.
„მდგრადი განვითარების“ დეფინაცია ასე ჟღერს: მდგრადი განვითარების მიზანია „დააკმაყოფილოს დღევანდელობის მოთხოვნები ისე, რომ არ დააზარალოს მომავალი თაობები და საფრტხის წინაშე არ დააყენოს მათ მიერ საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილება“. მგდრად განვითარებას აქვს სამი ძირითადი განზომილება – ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური.
ყოველი ორგანიზაცია – იქნება ეს დიდი, მულტინაციონალური კომპანია, თუ მცირე ბიზნესი, სამთავრობო უწყება, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ზეგავლენას ახდენს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მის გარშემო. ამიტომ ორგანიზაციებმა მთელ მსოფლიოში აღიარეს, რომ ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე. ამ კონტექსტში, კორპორაციული პასუხისმგებლობა გაიაზრება, როგორც ბიზნესის წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. შესაბამისად, კორპორაციული პასუხისმგებლობა მოიცავს მდგრადი განვითარების სამივე ასპექტს – ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურს.
თუმცა სულ სხვა სურათი გვაქვს საქართველოში, ბიზნესმენების უმრავლესობა ვერ იაზრებენ კორპორაციულ პასუხისმგებლობას. კახა მაღრაძე ჯეპრას უფროსი პარტნიორი, გვესაუბრა ზოგად სურათზე კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხების ანგარიშგებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მსხვილი კომპანიების 20% და საშუალო კომპანიების 9% ამზადებს კორპორაციული პასუხისმგებლობის ანგარიშს. გამოკითხული ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი, განურჩევლად ზომისა, აღნიშნავს, რომ კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიშგების საკითხი არაა გამჭვირვალე. გამოკითხულთა 72 პროცენტი ამბობს, რომ მათ ორგანიზაციებში კორპორაციული პასუხისმგებლობის ანგარიში არ კეთდება მათ ორგანიზაციაში.
„გამოკითხული მცირე და საშუალო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა არაა ინტეგრირებული ორგანიზაციის სტრუქტურასა და საქმიანობაში. მხოლოდ მსხვილი კომპანიების 26% თვლის, რომ ის კომპანიის ზოგადი განვითარების სტრატეგიის ნაწილია,“ – ამბობს სიდას აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი, – „საინტერესოა ის ფაქტი, რომ განურჩევლად ზომისა, საქართველოში მოქმედი საწარმოების უმეტესობას არ აქვს წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტი კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. თუმცა, მსხვილი და საშუალო კომპანიების დიდი ნაწილი მაინც ხარჯავს ამ მიმართულებით თანხებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიუჯეტში არ იყო დაგეგმილი. მცირე საწარმოების დიდი ნაწილი კი არც გეგმავს და არც ხარჯავს კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე ორგანიზაციის ფინანსურ რესურსს.“ მისივე თქმით, ყველა ზომის საწარმოში ცნობიერება მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე არის ძალიან დაბალი. კომპანიების 43 % ამბობს, რომ არცერთ მიზანზე არ აქვს გავლენა თავისი საქმიანობის ფარგლებში, 13 % – მა კი არ იცის აქვს თუ არა გავლენა. დარჩენილი კომპანიების უმრაცლესობა აცხადებს, რომ პირველ მიზანზე (სიღარიბის დაძლევა) აქვს გავლენა.
საქართველოში კიდევ ბევრია სამუშაო, რომ ბიზნეს ორგანიზაციებმა გაიაზრონ კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და როლი, როგორც ქვეყნის განვითარებაში, ასევე მათი ბიზნესის განვითარებისთვის და შესაბამისი, ქმედითი ნაბიჯები გადადგან.