RSS

პანკისი – კიდევ ერთი მიტოვებული კუთხე

07 დეკ

ოლიკო ცისკარიშვილი

მეგობარმა დამპატიჟა პანკისისკენ. კავკასიური სახლის დახმარებით სტუდენტები მიყავდა ინფოტურზე. პირველად რომ პანკისში ვიყავი წასვლას ვორჭოფობდი, რადგან საზოგადოებაში გადგმული სტრეოტიპები ჩემზეც ახდენდა გავლენას. ამჯერად, აღარ მიყოყმანია, დაუფიქრებლად დავთანხმდი, თუმცა ჯგუფში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ზუსტად ისე თუ არა, ცოტა მეტადაც შფოთავდნენ და ფიქრობდნენ, რომ პანკისის ხეობაში სტუმრობა ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. უკან, შინ დაბრუნებულებს, ეს სტერეოტიპი სრულიად დანგრეული ჰქონდათ.

პირველი ვიზიტი პანკისის ხეობაში მეჩეთში გვქონდა, სადაც იშვიათად უშვებენ სტუმრებს. მეჩეთის ზღურბლთან აუცილებლად უნდა გაიხადო ფეხი და ისე შეხვიდე სალოცავად. ქალებს აუცილებლად თავშალი უნდა ეხუროთ და გრძელი კაბა ეცვათ, ისეთი გრძელი, რომ ფეხები არ მოუჩანდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ შესვლა აკრძალულია. იქიდან პანკისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ვესტუმრეთ. პატარა ოთახში გამოფენილი ნივთები ტურისტებისთვის მუდამ არ არის ღია, რადგან ტურისტებიც იშვიათად სტუმრობენ. მუზეუმში ადგილობრივების მიერ შეგროვებული ნივთებია. ფერადი ხალიჩები კედლებიდან თბილად იმზირებიან, კუთხეში უძველესი და უშველებელი საბერველი დგას, რომლითაც სავარაუდოდ, რკინას ამუშავებდნენ, კარების წინ კი უძველესი საკერავი მანქანა და ნახშირის უთო დევს, რომელსაც სტუდენტები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ. მუზეუმში კიდევ ბევრი საინტერესო ნივთი ინახება, რომელსაც სათანადო მოვლა და დაცვა სჭირდება, ამისთვის კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ თუნდაც იქ ჩასულმა სტუმარმა იცოდეს, რომ პანკისს პაწაწინა, მაგრამ თავისი საინტერესო მუზეუმი აქვს.

მოგვიანებით, ჯოყოლოს საჯარო სკოლას ვესტუმრეთ, რომლის რეაბილიტირება 2011 წელს დასრულდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. სკოლაში ამჟამად 146 მოსწავლე სწავლობს. ხალისიანი მასწავლებლები ღიმილით შემოგვეგებნენ.

 

მასწავლებლები გვიხსნიან, რომ ეს ციფრი არ არის ზუსტი, რადგან ხშირად მიყავთ ბავშვები ან სხვა სოფლებში ან საზღვარგარეთ, ხშირად კი უკან ბრუნდებიან. თუ საზღვარგარეთის ქვეყნებში წასულებს დეპორტაცია ეხებათ და სამშობლოში უწევთ დაბრუნება, ბავშვიც უკან, სკოლაში ბრუნდება. ამას მასიური ხასიათი ორი წლის წინ ქონდა, ამბობენ პედაგოგები.

სკოლაში მოსწავლეებს განსაკუთრებით ქართული და ისტორია უყვართ,  და ეს სოფელში, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც თვალსაჩინოა, რადგან ქისტურთან ერთად, ყველა მათგანმა გამართულად იცის ქართული. პანკისის ხეობაში ბევრია მრავალშვილიანი ოჯახი.

ნაზი ბორჩაშვილი იმ სკოლის დირექტორია, რომელშიც თავად სწავლობდა, სკოლის დირექტორად 2008 წლიდან მუშაობს. ნაზი ფიქრობს, რომ სკოლა ერთი დიდი ოჯახია.  „ბავშვებს სიმართლეს და ობიექტურობას ვასწავლით, ერთადერთი ჩვენი ახალგაზრდების ჩვევა არის ის, რომ ძალიან მინდობები ვართ, ბავშვები ერთგულები არიან,“ – ამბობს ნაზი ბორჩაშვილი.

მასწავლებლები შორიდან დადიან, ზოგი ახმეტიდანაც კი, რომ სკოლაში ასწავლონ, „იმდენად კარი განწყობით მოვდივარ, რომ დაღლა სულ მავიწყდება, ბავშვები ძალიან საყვარელი და კარგები არიან, ზრდილობიანი,“ – გვეუბნება ერთ-ერთი მასწავლებელი, ნატო აბაშიძე, რომელსაც ორი ტრანპორტის გამოცვლა უწევს, რომ სამსახურამდე მოაღწიოს.

სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ახალგაზრდები ხეობას უბრუნდებიან. თუმცა, „სხედან უმუშევრები, არ არის დასაქმების ძრითადი საშუალებები, ფუნქციონირებს მხოლოს სკოლა, ბაღი…“ – ამბობენ ისინი, – „საოჯახო მეურნეობები ძალიან მცირეა, მცირე და მწირი მიწა, აქედან გამომდინარე, მეურნეობით მხოლოდ, საკუთარ თავს და ოჯახს შეინახავს ადამიანი, ისე, რომ სხვა დაასაქმოს ეს შეუძლებელია.“

პანკისში, ძირითადად თავს მესაქონლეობით ირჩენენ, თუმცა ამ კუთხეში ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანია, და არც არანაირი შესაძლებლობა აქვთ, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ, მიწები მწირია და მხოლოდ ეზოში მოყვანილი ბოსტნეულით ძნელია თავის რჩენა.

ხეობაში გათბობის და წყლის პრობლემაცაა. მოსახლეობა ძირითადად შეშით თბება.

სოფელ ჯოყოლოში, სადაც 200 კომლი ცხოვრობს, რამდენიმე წვრილი მაღაზიაა და მხოლოდ ორი საოჯახო სასტუმრო, ერთი მათგანი ნაზი დაქიშვილისაა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, დაიწყო საოჯახო სასტუმროში სტუმრების მიღება.

მეორე კი ლეილა აჭიშვილის, რომელსაც მოგვიანებით ვესტუმრეთ და უგემრიელესი ხინკლით, ქისტური ჰაეროვანი და გემრიელი ხალვითა და ასკლისა და კუნელის უალკოჰოლო ლუდით გაგვიმასპინძლდა.

მოვინახულეთ მზია ბექაურის ულამაზესი ეზო, სადაც რაჭული ოდაა ჩადგმული. ქართულის მასწავლებელ მზიას, უამრავი ლამაზი მცენარე აქვს ეზოში დარგული, მშვენიერი ყვავილები ოდის აივნიდანაც იწონებდნენ თავს.

pankisi 0026.jpgსოფელ ჯოყოლოში ორი მეჩეთია, ერთი კი 1888 წელს აგებული წმინდა გიორგის ეკლესიაა, ამ ეკლესიის მოძღვარი ყოფილა დავით დაქიშვილი. მაშინ, ეკლესიაში ლოცულობდნენ და სწავლობდნენ.

ხადორის ზევით, რამდენიმე კილომეტრში ულამაზესი ჩანჩერია სამყურის წყალი, რომელსაც ტურისტების მოხიბვლა არ უჭირს. თუმცა უჭირს ხეობაში ერთადერთ ტურისტულ ცენტრს caucasus x-trek, Discover pankisi, რომელიც აბუბაქარ (აბო) აჭიშვილის თაოსნობით გაკეთდა პოლონელ კოლეგებთან ერთად. აბოს თქმით, რამდენჯერმე იყო პოლონეთში, და წარადგინა პრეზენტაცია პანკისის ტურისტულ პოტენციალზე, თუმცა ამ ბოლო დროინდელი მოვლენების გამო, ის საზღვარზე აღარ გადაუშვეს. აბო იმაზეც წუხს, რომ ამდენი შრომა წყალში ეყრება და ინფორმაციულ კამპანიებს ვეღარ აკეთებს. თუმცა ხელებს მაინც არ ყრის და ჩვენი სტუმრობისას ხელებაკაპიწებული მუშაობდა ცენტრის განახლებისთის.

პანკისში, ბოლო აღწერის მონაცემებით, პანკისის ხეობაში, სადაც 12 სოფელია, 6 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ნამდვილად საჭიროა ამგვარი ცენტრის მხარდაჭერა, რადგან ის ერთადერთი საშუალებაა პანკისში, ტურიზმის განვითარებისთვის.

ეს ულამაზესი კუთხე, ზუსტად ისე ყავს დაიგნორებული სახელმწიფოს, როგორც გუდამაყარი, ჯავახეთი, თუშეთი და ა.შ. პანკისის ულამაზესი ბუნება, უდიდეს ტურისტული პოტენციალის მატარებელია, ამ კუთხით უამრავი ტურისტი შეიძლება დაინტერესდეს.

პანკისის ულამაზესი ხეობაში ტურიზმის განვითარება მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია, მათი ტრადიციები, ისტორია, სამზარეულო, კულტურა ბევრი ტურისტისთვის საინტერესოა. ასევე საინტერესოა თუშეთის დაცული ტერიტორიები და ბაწარას ნაკრძალი. ყველაფერი ეს შეიძლება ეკოტურისტების ინტერესის სფერო იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, არც მარკირებულია გზები, არც საინფორმაციო დაფებია განთავსებული, რომ ტურისტი არ დაიკარდოს, არც გზებია მოწყობილი, არც ინფრასტრუქტურაა განვითარებული და ერთადერთ ტურისტულ ცენტრსაც ხელშეწყობა ფაქტობრივად არ გააჩნია.

შეიძლებოდა დამეწერა იმაზეც, როგორ ეწინააღმდეგებიან პანკისელები კიდევ ერთი ჰესის აშენებას, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა, ამიტომ თავს შევიკავებ.

და ბოლოს, – პანკისის ხეობაში კარგა შეღამებულზე ქუჩაში მარტო ჩამოვისეირნე. მუხლების კანკალისა და გულის ფრიალის გარეშე, რადგან მთელი დღის განმავლობაში, ამ კეთილი ადამიანების თვალებში სტუმართმოყვარეობისა და სიკეთის მეტი არაფერი დამინახავს.

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s