RSS

ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების ბევრი სერვისი მოქალაქეებისთვის უფასო გახდა

19 ნოე

სალომე გიორგაძე

„პირველად 21 წლის ვიყავი, როდესაც ღამე ძილის წინ რაღაც უჩვეულოდ ვიგრძენი თავი. უცნაური შეგრძნება იყო, კანკალი, ტახიკარდია, შიში, შფოთვა. მეორე დღესვე, წავედი ექიმთან, რომელმაც მითხრა, რომ პანიკური შეტევა მქონდა და საშიში არაფერი იყო. გამომიწერა დამამშვიდებელი მცენარეული აბები და დავბრუნდი შინ. იმ ღამესაც იგივე ვიგრძენი. მეგონა ვკვდებოდი. იმის შიში რომ ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, და იმის შეგრძნება, რომ ვკვდებოდი, კიდევ უფრო ცუდად მხდიდა. ღამით ვერ ვიძინებდი, მუდმივად მეშინოდა, რომ ვეღარ ამოვისუნთქავდი, დავიწყე ინტერნეტში რაღაცეების მოძიება და ამის წაკითხვა კიდევ უფრო მძაბავდა, – გვიყვება 22 წლის რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. ამ ამბებიდან რამდენიმე დღეში მან ფსიქიატრს მიმართა, რომელმაც ფსიქოლოგთან კონსულტაციები ურჩია, მან კი თავის მხრივ, წამლები დამინიშნა, –  ვხვდებოდი, რომ დღითიდღე უკეთ ვხდებოდი, აღანაირი პანიკური შიში და შფოთვა აღარ მქონდა, აღარც ძილის პრობლემა და აღარც ტახიკარდია, ნელ-ნელა ისევ ყველაფერი ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა. ერთი წელია უკვე მსგავსი პანიკური შეტევები აღარ მქონია და ახლა როგორც უკვე გამოცდილი ადამიანი ყველას ვურჩევ მსგავსი სიმპტომების გამოვლენისთანავე მოახდინონ სწრაფი რეაგირება. აუცილებელია ისაუბროთ პრობლემის შესახებ და არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში,“ – ამბობს ის.

ფსიქიკური აშლილობა საკმაოდ გავრცელებულია. ყოველ მეოთხე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ექმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. საქართველოში, ფსიქიკური აშლილობების გავრცელების შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ოფიციალურ აღრიცხვაზეა დაახლოებით, 80 000 სხვადასხვა დიაგნოზის ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი. მაგრამ არაოფიციალურად ეს რიცხვი შესაძლებელია, უფრო მეტიც იყოს. ფსიქიკური პრობლემა მსოფლიო მოსახლეობის 20 პროცენტს აწუხებს. 25 პროცენტს ცხოვრების განმავლობაში, გარკვეულ მომენტში, დაავადება განუვითარდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რამდენიმე წელში, ეს დაავადება იქნება მეორე დაავადება, გულსისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ.

„ჩვენ საუკუნეს შფოთვის საუკუნეს ეძახიან, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში არ ქონია შფოთვის, ან შიშის პრობლემა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს არამდგრადი ფსიქიკა აქვს,“ – ამბობს ფსიქიატრი ნინო მახაშვილი.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები უარს ამბობენ ექიმთან ვიზიტზე, საზოგადოების დამოკიდებულება და მუდმივი შიშია, რომ საზოგადოება და სანათესაო მას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის იარლიყს ჩამოკიდებს. ჩვენს ქვეყანაში ფსიქიატრიულ-სტაციონალურ მომსახურებას 10 დაწესებულება ახორციელებს, არის 21 ფსიქონევროლოგიური დისპანსერი, თემზე დაფუძნებული 26 მობილური გუნდი და 4 კრიზისული ინტერვენციის სამსახური. თუმცა ეს სერვისები, ფსიქიკური პრობლემების დასაძლევად ზღვაში წვეთია.

„არსებობს მრავალი სახის ფსიქიკური დარღვევა (ფსიქიკური აშლილობა), რომლებიც სხვადასხვანაირად იჩენს თავს. ზოგადად, ამ დარღვევების მქონე ადამიანებს – აზრების, იდეების, ემოციების, ქცევითი რეაქციებისა და სხვებთან ურთიერთობის არანორმალური გამოხატვა ახასიათებთ. ფსიქიკურ აშლილობას მიეკუთვნება დეპრესია, ბიპოლარული აფექტური დარღვევები, შიზოფრენია და სხვა ფსიქოზები, ასევე დემენცია, გონებრივი ჩამორჩენილობა და განვითარების სხვა დარღვევები, მათ შორის აუტიზმი. მენტალური დარღვევების, მათ შორის დეპრესიის, პრევენციისთვის არსებობს ეფექტური სტრატეგიები. დანერგილია მკურნალობისა და ზრუნვის ხელმისაწვდომი მეთოდები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამსუბუქებენ პაციენტს მდგომარეობას,“ – გვეუბნება ფსიქოლოგი თამარ ჭანკვეტაძე.

ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველ ჯგუფს მიეკუთვნება. მიუხედავად შრომისუნარიანი ასაკისა და განათლებისა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა (90%) უმუშევარია, შემოსავლის ერთადერთი წყარო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით გათვალისწინებილი პენსიაა; ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა 18% განქორწინებულია, 40% არასდროს ყოფილა დაოჯახებული; ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სოციალური ურთიერთობები ღარი-ბია, მათი 74% წლების განმავლობაში არ ყოფილა სტუმრად, იშვიათი ურთიერთობები აქვთ ნათესავებთან. 88%-ზე მეტი ძირითადად სახლშია გამოკეტილი; ახლობლებზე ზრუნვა ტვირთია. მზრუნველთა 68% უმუშევარია, რადგან დღის უმეტეს ნაწილს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს უვლის; 70%-ს არ დაუსვენია მრავალი წლის განმავლობაში. შემოსავლის დაახლოებით მესამედი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირზე ზრუნვას სჭირდება; ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა 88%-ს კონფლიქტი აქვს ოჯახში. ფსიქიკური აშლილობა წარმოშობს სერიოზულ სოციალურ პრობლემას, რომელიც პასუხისმგებელია უამრავ ტკივილზე, რომელსაც მსოფლიოში თითქმის ყველა ოჯახი განიცდის. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულნი რჩებიან და სტიგმისა და დისკრიმინაციის ობიექტები ხდებიან.

„ფსიქიკური აშლილობის დროს ადამიანს მნიშვნელოვნად უქვეითდება აზროვნების უნარი, ხდება ემოციურად გაუწონასწორებელი და ახასიათებს არაადეკვატური ქცევები. ხშირ შემთხვევაში, ადამიანი კარგავს სხვებთან ურთიერთობისა და ცხოვრების ხალისს. სიმპტომების სიმძიმე შეიძლება განსხვავდებოდეს ხანგრძლივობითა და ინტენსივობით და ეს დამოკიდებულია ზოგადად ადამიანის ტიპზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გარემოებებზე. ფსიქიკური აშლილობა შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს ასაკის, კულტურის, სქესის, რასის, რელიგიის, განათლებისა და ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. ფსიქიკური აშლილობის განმაპირობებელი ფაქტორი არც პიროვნული სისუსტეა და არც ცუდი ზნე.  მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი აშლილობები ძალიან ბევრ ადამიანს აღენიშნება, ისინი ხშირად მალავენ, რომ ეს დაავადება აწუხებთ, უყურადღებოდ ტოვებენ მას და აშინებთ საზოგადოების რეაქცი ეს კი ძალიან ცუდია რადგან სწორად შერჩეული მკურნალობის შედეგად ადამიანი ინკურნება ამ დაავადებისგან.“ – ამბობს ფსიქოლოგი ქეთევან ჭიკაიძე.

„პრობლემა, დაახლოებით ორი წლის წინ დამეწყო –  აკვიატებული და ჩემთვის არასასიამოვნო ფიქრებით. ძირითადად სიკვდილზე ვფიქრობდი და ეს ძალიან მთრგუნავდა. შემდეგ ამას მოჰყვა კომპულსური ქცევები, როგორიცაა ავადმყოფური ხელის დაბანვა, მუდმივად კარისა და გაზის შემოწმება, რაც უფრო და უფრო დიდ ზიანს აყენებდა ჩემს ფსიქიკურ მდგომარეობას. საკუთარ თავს უფრო და უფრო ვერ ვაკონტროელებდი. შემდეგ უკვე დამეწყო შიშები, შფოთვა, უძილობა, სუნთქვის უკმარისობა, მუდმივად გული მქონდა აჩქარებული. ეს ყველაფერი ნელ-ნელა აუტანელი ხდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე ფსიქოლოგთან მისვლა.  ფსიქოლოგი გარკვეულ დონეზე დამეხმარა. ახლა უკვე ვცდილობ ჩემით ვაკონტროლო ჩემი აზრები და ქცევები,“ – გვიყვება 21 წლის ახალგაზრდა გოგონა, რომელიც თავად ფსიქოლოგიურზე სწავლობს. ამ გოგონასავით გამოსავალს ბევრი ვერ ხედავს. ბევრიც თავს იკავებს საშველად მიმართოს სპეციალიტს. თუმცა, ამ ბოლო დროს, სახელმწიფომ დაიწყო ზრუნვა ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. 2019 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა. შედეგად, ბევრი სერვისი საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო გახდა. თბილისსა და რეგიონებში დაფუძნდა სათემო ცენტრები, სადაც პირველად ფსიქიატრიული მომსახურება უფასოა. სახელმწიფო უზრუნველყოფს როგორც დიაგნოსტიკას, ასევე მკურნალობასა და ექიმ-ფსიქიატრის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს.

დაფინანსება შეეხება ორგანული ბუნების აშლილობებს, სიმპტომატურ აშლილობების ჩათვლით, შიზოფრენიას, შიზოტიპურ აშლილობებს, აფექტურ აშლილობებს, რეაქციას მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევებს, ფსიქოზურ აშლილობებს, დეპრესიულ აშლილობას, შფოთვით აშლილობებს, ბიპოლარულ აშლილობებს და ა.შ. პროგრამა დააფინანსებს ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც… სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების მიღება საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში. შესაბამისი დაწესებულების შესახებ ინფორმაციის მოძიება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზეც (1505) არის შესაძლებელი. ბინაზე მობილური ჯგუფის გამოძახებაც შესაბამისი დაწესებულებისთვის მიმართვის შედეგად ხდება.

2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ წერია, რომ „მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით… პაციენტმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო ბაზისურ უნარ-ჩვევათა აღდგენა/შესწავლა, მათ შორის: პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა, ინდივიდუალური და სპეციფიკური რეაბილიტაციური გეგმის შედგენა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s