„ჩემმა მომავალმა ქმარმა არასრულწლოვანი მომიტაცა და მითხრა, რომ ეხლა მისი ცოლი ვიქნებოდი. რამდენიმე წელიწადში ორი პატარა ბავშვით მიმატოვა და სხვა მოიყვანა ცოლად. მარტომ გავზარდე ბავშვები. ვფიქრობ, რომ არ ყოფილიყო ტაბუდადებული სექსუალურ განათლებაზე ცოდნა, უფრო გავუმკლავდებოდი ჩემს პრობლემებს, მაგრამ ეს ის დრო იყო, როცა ამ თემაზე მშობლები კი არა, მეგობრებიც არ ლაპარაკობდნენ,“ – ამბობს 47 წლის ქალბატონი, რომელიც ჩვენთან საუბრისას ინკოგნიტოდ დარჩენას არჩევს.
ჩვენი მეორე რესპონდენტი კი, რამდენჯერმე გაშორდა ქმარს და რამდენჯერმე აბორიც გაიკეთა. რადგან ქმარი ნაკომომხმარებელი და მოძალადე აღმოჩნდა. 42 წლის ქალი მთელი ძალით ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას, მაგრამ უშედეგოდ. „რას იტყვის ხალხი, როგორ მიმიღებენ მშობლები და ნათესავები? ბავშვს მამა სჭირდება გვერდით, რომ სკოლაში ბულინგის მსხვერპლი არ გახდეს,“ – ამ მიზეზების გამო, მუდმივად კომპრომისზე მიდიოდა. თუმცა რომ ცოდნოდა რა არის ოჯახის დაგეგმვა და რას მოიაზრებს ეს უწყინარი სიტყვები, მას ამდენ პრობლემებთან გამკლავება არ დასჭირდებოდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) განმარტებით, „ოჯახის დაგეგმვა“ მოიცავს ღონისძიებათა კომპლექსს, რაც ერთდროულად რამდენიმე ამოცანას გადაჭრის: არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას; შვილების სასურველი რაოდენობის ყოლას; ორსულობებს შორის ინტერვალის რეგულირებას; ბავშვის დაბადების დროის შერჩევას მშობლების ასაკის მიხედვით. ამ ამოცანების პრაქტიკულ გადაჭრაში ერთ-ერთი წამყვანი როლი ენიჭება კონტრაცეფციის მეთოდებს – მათი გამოყენება აგვაცილებს არასასურველ ორსულობებს, რაც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ხელოვნური აბორტებით გამოწვეული გართულებები, დედათა სიკვდილიანობა, და ვარეგულიროთ შობადობა. ხელოვნური აბორტის შემდგომ განვითარებული გართულებების სპექტრი საკმაოდ ფართოა – ის მოიცავს როგორც ახლო (მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, სისხლდენა, პერფორაცია), ისე შორეულ გართულებებს (უშვილობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშვილოსნოსგარე ორსულობა).
განვითრებად ქვეყნებში რეპროდუქციული ასაკის 214 მილიონი ქალი, რომელთაც სურთ არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება, არ მიუწვდება ხელი თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებზე. ზოგიერთი კონტრაცეპციის მეთოდი, მაგალითად კონდომი, ასევე წარმოადგენს აივ/შიდსისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილების საშუალებას. ოჯახის დაგეგმვა საშუალებას აძლევს ქალს და მამაკაცს ერთობლივად განსაზღვრონ, თუ რამდენი შვილი იყოლიონ და რა შუალედით, რაც კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენების საშუალებითა და უნაყოფობის მკურნალობით მიიღწევა. ოჯახის დაგეგმვის ხელშეწყობა და სასურველ კონტრაცეპციის მეთოდებზე ხელმისაწვდომობა, გადამწყვეტია ქალის კეთილდღეობისა და დამოუკიდებლობის მისაღწევად. რაც, ასევე დადებით გავლენას ახდენს საზოგადოების ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
ოჯახის დაგეგმვა ხელს უშლის ხშირ ორსულობას და ეხმარება ქალს თავიდან აიცილოს არასასურველ დროს დაორსულება და მშობიარობა, რაც ახალშობილთა სიკვდილიანობის სიხშირის გაზრდას იწვევს. მშობიარობასთან ასოცირებული დედათა სიკვდილიანობა ახალშობილთა ავადობისა და გარდაცვალების ერთერთი წამყვან რისკს-ფაქტორს წარმოადგენს.
„ორმოცდაათი წლის წინ, 1968 წლის 13 მაისს, თეირანში, ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე, მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ „მშობლებს გააჩნიათ ადამიანის ფუნდამენტური უფლება თავისუფლად და პასუხისმგებლობით განსაზღვრონ რამდენი შვილი იყოლიონ და როდის“.
„ოჯახის დაგეგმვა არა მხოლოდ ადამიანის უფლებების საკითხია, არამედ ის საკვანძოა ქალთა გაძლიერების, სიღარიბის შემცირების და მდგრადი განვითარების მიღწევის კუთხითაც. მიუხედავად ამისა, განვითარებად ქვეყნებში 214 მილიონ ქალს ჯერ კიდევ არ მიუწვდება ხელი ოჯახის დაგეგმვის უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდებზე, ინფორმაციის ან მომსახურებების ნაკლებობისა და პარტნიორებისა და თემების მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის გამო. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს მათ შესაძლებლობას შექმნან უკეთესი მომავალი როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის,“ – ეს სიტყვები ამონარიდია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადებიდან, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის დღესთან დაკავშირებით წარმოთქვა 2018 წლის 11 ივლისს.
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ოჯახის დაგეგმვის უფლება ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილია. ის ფუნდამენტურია და გავლენას ახდენს ადამიანის სხვა უფლებების რეალიზებაზე, მათ შორის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების უფლების, თანასწორობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, წამებისგან თავისუფლების თუ ინდივიდურ ავტონომიის რეალიზებაზე. ყველა ეს უფლება ურთიერთდამოკიდებულია. მაგალითად, როდესაც მოზარდ გოგონას ხელი არ მიუწვდება სექსუალურ და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე, უფრო მეტი შანსია, რომ ადრეულ ასაკში დაფეხმძიმდება, შესაბამისად აღმოჩნდება სკოლის გარეთ, ანუ დარჩება განათლების გარეშე. ან სავარაუდოა, რომ მისი არასასურველი ორსულობის გამო საზოგადოებისგან გარიყვის და სტიგმის მსხვერპლი გახდეს. ორივე შემთხვევში, მისი სამომავლო პოტენციალი და არჩევანი იქნება შეზღუდული, რაც აუცილებლად მოახდენს გავლენას მისი თვითდამკვირდების პროცესზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენცია (CEDAW) კრძალავს ბავშვთა ქორწინებას და ადასტურებს, რომ ქორწინება უნდა განხორციელდეს პიროვნების თავისუფალი და სრული თანხმობით.
„ადამიანის განვითარების რომელ საფეხურსაც არ უნდა შევეხოთ, ოჯახის დაგეგმვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ვიტყოდი, ფრიად საპასუხისმგებლო ეტაპია. გაუაზრებლად ოჯახის შექმნა, მალე ორი ადამიანის ურთიერთობის ფარგლებს სცდება და კონფლიქტში სხვა ადამიანებიც ერთვებიან. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ახალი სიცოცხლის დაბადებას. არც თუ ისე იშვიათად, დგება მომენტი, როცა წყვილისათვის ბავშვი არასასურვლია და შედეგად სახეზეა შეწყვეტილი სიცოცხლე, სანაგვეზე გადაგდებული ახალშობილი, არასრულფასოვნად აღზრდილი ბავშვი და გზააბნეული მოზარდი, რომელიც საზოგადოებისათვის საფრთხის მატარებლად მოიაზრება. ხშირ შემთხვევაში, ოჯახისადმი ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება შესაბამის ღირებულებებს უყალიბებს ახალგაზრდას და სწორედ აქ იქმნება მანკიერი წრე. ამდენად, ე.წ. „ოჯახის დაგეგმვა“, სადაც იგულისხმება ორი ადამიანის სრულფასოვანი შეგუება და შერწყმა, სოციალური და ეკონომიური საფუძვლის შექმნა, ფსიქოლოგიური მზაობა და შვილის ყოლის გააზრებული სურვილი, ბევრად უფრო საღი აზროვნების შედეგია და შესაბამისად, უფრო მომგებიან და ხანგრძლივ შედეგებზეა გათვლილი,“ – გვეუბნება თინათინ კროპაძე სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც 25 წელია ფსიქოლოგად მუშაობს.
1950-იანი წლების დასაწყისში ქალთა და მამაკაცთა გარკვეულმა ჯგუფმა დაიწყო ხმამაღალი კამპანიის ჩატარება ქალთა უფლებისთვის – აკონტროლოს საკუთარი ფერტილურობა. ოჯახის დაგეგმვა- როგროც ადამიანის უფლება, ბევრმა სოციალურმა კონვენციამ აღიარა, მაგალითად, 1993 წელს ვენის კონფერენციამ „ადამიანის უფლებების“ შესახებ, 1994 წელს კაიროში „მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციამ“ (ICPD) და სხვა. ასე ჩამოყალიბდა „ოჯახის დაგეგმვის საერთაშორისო ფედერაცია“ (IPPF), და 68 წლის შემდეგ ის 152 ქვეყანაში მუშაობს.
საქართველის მთავრობის N 459 დადგენილებაში, რომელიც 2017 წლის 6 ოქრომბერს მიიღეს, საქართველოს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი განხორცილების დამტკიცებაა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საქართველოში, ბოლო ხანს შობადომის მატება კორელაციაშია კონტრაცეფციის მზარდ გავრცელებასთან. კერძოდ, კონტრაცეფციის გამოყენების დონის ზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა აბორტების რიცხვი და ამავე დროს, გაიზარდა შობადობა. საქართველოში ჩატარებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევების მონაცემების მიხედვით, მოსალოდნელია კონტაცეფციის გავრცელების შემდგომი ზრდა 15-20 პროცენტით ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას შობადობის მატებას და, ამასთანავე, გაგრძელდეს ხელოვნული აბორტის სიხშირის კლება. ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობს მეორადი უშვილობის შემცირებას, რომელიც უკავშირდება აბორტის მაღალ მაჩვენებელს და მასთან დაკავშირებულ მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციებს (35-44 წლის ასაკის ქალების 37% არ იყენებს კონტრაცეფციის მეთოდს ქალის უაყოფობის გამო). რეალური არჩევანი, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, არის ოჯახის დაგეგმვა აბორტის ნაცვლად.
2010 წლის რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მიხედვით, 1999 წელს საქართველოში ყველა რსულობის მხოლოდ 41 % იყო სასურველი. ეს პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა 48%-მდე 2005 წელს და 63 %-მდე 2010 წელს… დაუგეგმავი ორსულობის დიდი ნაწილი მოდიოდა შედარებით მაღალი ასაკის ქალებზე; 30-34 წლის ქალებში ორსულობის 39 % და 35-44 წლის ქალებში ორსულობის 54 % იყო დაუგეგმავი. დაუგეგმავი ორსულობის დიდი ნაწილი არ დასრულდა ცოცხალშობით (94,4% დასრულდა ხელოვნური აბორტით, ბუნებრივი აბორტით ან მკვდარშობადობით) ეს ნიშნავს, რომ ოჯახის დაგეგმვა შობადობას კი არ ამცირებს, არამედ ამცირებს აბორტის რაოდენობას.
საქართველოს მომხმარებლის დაახლოებით ერთი მესამედი, ანუ ქორწინებაში მყოფი წყვილების 18,5% ჯერ კიდევ იყენებს თავდაცვის არასაიმედო მეთოდებს. საქართველოში, 2010 წელს ქორწილებაში მყოფი ყველა ქალიდან მხოლოდ 35% იყენებდა ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდს, ძირთადად კონდომს ან საშვილოსნოშიდა საშუალებებს, პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება (4%) მნიშვნელოვნად დაბალი იყო მთლიან ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით (21,4%). რეპროდუქციული ასაკის ქალების ცოდნა კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების შესახებ, ჯერ კიდევ დაბალი იყო 2010 წელს და მისი მიღება არ ხდებოდა სარწმუნო წყაროებიდან. ქალების მხოლოდ 17 %-ისთვის იყო ექიმი ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო. საქართველოში აბორტი შობადობის რეგულირების, ჯერ კიდევ, ფართოდ გამოყენებული მეთოდია, 2000 წლამდე საქართველოში აღინიშნებოდა ხელოვნური აბორტის ყველაზე მაღალი დოკუმენტური მაჩვენებელი მსოფლიოში – 3,7. 2010 წლის რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი შემცირდა 1,6-მდე. მოზარდი გოგონები წარმოადგენენ რისკის ჯგუფს დედათა და ახალშობილთა ავადობისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით. ორსულობა მოზარდების პერიოდში ძალიან ხშირად დაუგეგმავი და არასასურველია, რადგან გოგონები და ბიჭები ჯერ არ არიან მზად ოჯახის შესაქმენად.
2013-2014 წელს ჩატარებული ახალგაზრდების ეროვნული კვლევის საფუძელზე, ახალგაზრდა ადამიანების სქესობრივი ქცევა ტაბუდადებული საკითხია, მისი ღიად განხილვა თითქმის არ შეიძლება. კვლევის დასკვნაში ჩანს, რომ გაუთხოვარი გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების შესაბამისად 25%-ს და 40 %-ს (15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში)ჰქონდა ერთი ან მეტი სქესობრივი კავშირი. კვლევამ აჩვენა,რომ ახალგაზრდების ცოდნა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და პრევენციული ზომების შესახებ ძალიან მწირია.
„გასაკვირი არაა, რომ ეს თემა ტაბუდადებულია, ჩემი მეგობრის ჯგუფელები, რომლებიც სამართლის მიმართულებით სწავლობენ, ამბობენ, რომ ოჯახი მათთვის ის იქნება, რასაც მათი მშობლები გადაწყვეტენ. სტერეოტიპული აზროვნებაა უმთავრესი პრობლემა და ეს მკვეთრად ჩანს რეგიონებში,“ – ამბობს 21 წლის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ეკატერინე სოსელია.
ბევრ სხვადასხვა საკითხს შორის, მნიშვნელოვანია მშობიარობა მოზარდებში. სტატისტიკური მონაცემებით, შობადობის მაჩვენებელი 15-19 წლის ასაკის გოგონებში გაიზარდა 39,9-დან (2000 წ) 48,6-მდე (2015 წ.)
მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ ოჯახის დაგეგმვა საშუალებას იძლევა: სწორად წარმართოთ ოჯახური ურთიერთობები, შეძლოთ ჯანმრთელი შვილების გაჩენა სასურველ დროს, შეგნებულად განსაზღვროთ ოჯახში ბავშვთა რაოდენობა და მშობიარობებს შორის შუალედები, აიცილოთ თავიდან არასასურველი ორსულობა და აბორტი, შეინარჩუნოთ თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ სექსუალურ ცხოვრებას, წარმატებით განახორციელოთ თქვენი გეგმები.
იმისათვის, რომ დაგეგმოთ სასურველი ორსულობა და თავიდან აიცილოთ არასასურველი, უნდა იცოდეთ: ქალის რეპროდუქციულ ფუნქციას განაპირობებს განაყოფიერების უნარის მქონე კვერცხუჯრედი, რომელიც წარმოიქმნება საკვერცხის ფოლიკულებში. მწიფე კვერცხუჯრედის გადმოსვლა საკვერცხის ფოლიკულიდან – ოვულაცია – ხდება რითმულად ყოველ 21-35 დღეში. კვერცხუჯრედი ხვდება ე.წ. ფალოპის მილში, სადაც ხდება განაყოფიერება. განაყოფი-ერებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილიდან გადადის საშვილოსნოს ღრუში, მიეკრობა საშვილოსნოს კედლის ლორწოვანს და იწყება ჩანასახის განვითარება – ორსულობა.
მენსტრუალური ციკლის „ნაყოფიერი“ როცა დაორსულების ალბათობა ყველაზე მაღალია და „არანაყოფიერი“ დღეები დგინდება ოვულაციის პერიოდის განსაზღვრით: რეგულარული ციკლის დროს პირველი ათი (მენსტრუაციის დაწყებიდან) და ბოლო ათი დღე „არანაყოფიერი“ დღეებია, შუა პერიოდში ხდება ოვულაცია. მშობიარობისათვის საუკეთესო ასაკი 18-35 წელია. (ნაადრევი ან დაგვიანებული ორსულობისას, გართულებების განვითარების რისკი შედარებით მეტია); მშობიარობებს შორის საუკეთესო შუალედი 2-2,5 წელიწადია. ეს ინტერვალი ხელს უწყობს ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ ქალის ბიოლოგიური ძალების აღდგენას, ბავშვის ძუძუთი კვების სრულფასოვნად განხორციელებას, ბავშვზე ზრუნვისათვის მეტი დროის გამოყოფას და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობას; აბორტი არ წარმოადგენს არასასურველი ორსულობისაგან თავის დაღწევის უსაფრთხო და საუკეთესო მეთოდს. ორსულობის შეწყვეტა უარყოფითად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე; განსაკუთრებით საშიშია განმეორებითი აბორტები. აბორტის თავიდან აცილება შესაძლებელია თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით, მაგრამ თუკი აბორტი მაინც გარდაუვალია, მაშინ, მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს;
აბორტის ან მშობიარობის შემდგომ, მენსტრუაციის დაწყებამდეც შესაძლებელია დაორსულება, ამიტომ სქესობრივი აქტივობის დაწყებამდე საჭიროა შეარჩიოთ კონტრაცეპციის თქვენთვის მისაღები საიმედო მეთოდი; სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ქალებსა და მამაკაცებში ხშირად უშვილობის მიზეზი ხდება; კონტრაცეპცია ინტიმურ ცხოვრებას უფრო ჰარმონიულს ხდის, რადგან წყვილს დაუგეგმავი ორსულობის გამო არასასურველ ღელვას აცილებს თავიდან.
ოჯახის დაგეგმვის სერვისების მიმწოდებლები ჯანდაცვის მუშაკები უნდა იყვნენ. წესით, გადამზადებული პროფესიონალები ადგილობრივ მოსახლეობას უზრუნველყოფენ ლოკალურად და კულტურულად ხელმისაწვდომი კონტრაცეპციის მეთოდებით. სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ უნდა ხდებოდეს კონსულტაციების გაწევა და ზოგიერთი კონტრაცეპციის მეთოდებით მომარაგება, როგორიცაა აბები და კონდომი. თუმცა, როცა ჩვენ მივმართეთ კომენტარისთვის რამდენიმე გინეკოლოგს, (ერთ-ერთი მათგანი უბნის პოლიკლინიკის თანამშრომელი) ამ საკითხებზე საუბარს თავი აარიდეს., ეს კი სავარაუდოდ, იმის მაჩვენებელია, რომ მოქალაქეებიც ნაკლებად იღებენ კონსულტაციებს მათგან.