RSS

ჯილდო მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის

01 ნოე

სალომე გიორგაძე

კონკურსი „ჩემი მემკვიდრეობა“ წელს პირველად გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ფონდისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით. საქართველოს ეროვნული ფონდის მიზანია, ჩართოს მოქალაქეები საქართველოს უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საქმეში. კონკურსის არსი იმ ადამიანების გამოვლინება და წახალისებაა, რომელთაც გამოიჩინეს განსაკუთრებული თავდადება, საინტერესო ინიციატივა, ახლებური მიდგომა და ფანტაზია კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად და შესანარჩუნებლად.

კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი ორიოდე დღის წინ, აბრეშუმის მუზეუმში გაიმართა.

„საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსი ჩატარდა იმ ადამიანების გამოსავლენად, რომლებმაც საკუთარი ფინანსური სახსრებით, ენერგიით და ძალისხმევით შეინარჩუნეს, გადაარჩინეს, სწორი რესტავრაცია გაუკეთეს კულტურულ მემკვიდრეობას. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში არ ინარჩუნებენ კულტურულ მემკვიდრეობას, უფრო მეტიც ჩვენ ვხედავთ ფაქტებს როდესაც კულტურული მემკვიდრეობა ხდება დაზიანების, დანგრევის, განადგურების ობიექტი, ამიტომ ჩვენმა კონკურსანტებმა  შესძინეს, კიდევ უფრო მეტი ღირებულება იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელსაც მოვლა პატრონობა სჭირდება. პროექტის მიზანიც ეს იყო, რომ ადამიანებს სწორი მიდგომა გამოეჩინათ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ,“ – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარინა მიზანდარი

„ძალიან გვიხარია, რომ ამ ახალი ინიციატივის და წამოწყების დამხმარე-პარტნოირები ვართ. დიდი ბრიტანეთის ჩართულობა ძალიან მახარებს. დღეს, გავიგე, რომ საქართველოში, რამდენიმე წარმოუდგენლად კარგი პროექტი მიმდინარეობს. ყველაზე მეტად რაც ჩემთვის არის სასიხარულოა, ამ პროექტში ახალგაზრდობის მეტი ჩართულობაა. ეს ყველაფერი მაძლევს საშუალებას, ვიფიქრო, რომ საქართველოს შეუფასებელი კულტურა ძალიან საიმედო ხელშია სამომავლოდ,“ – ამბობს  ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზ სმითი.

კონკურსის ფარგლებში  8 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს გადაეცა მადლობის დამსახურებული სიგელები და  ფულადი ჯილდო.

„კონკურსის შესახებ, პირველად ფეისბუქ გვერდის საშუალებით გავიგე და მივხვდი, რომ რასაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაკეთებდით მე და ჩემი ოჯახი კარგი საშუალება იყო, რომ წარმოგვეჩინა ამ კონკურსის ფარგლებში. რაჭაში მრავალსაუკუნოვანი მარანი და სახლი გვაქვს, რომელიც დღეს, ტურისტულ ზონად არის ქცეული. 5 წლის განმავლობაში ვაკეთებდით რესტავრაციას და ისე გავაკეთეთ და აღვადგინეთ, რომ შევუნარჩუნეთ პირვანდელი სახე. ამ პროექტის საშუალებით კარგად წარმოვაჩინეთ, თუ რა პროცესები გავიარეთ, რას ვაკეთებდით იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა თუნდაც ის თითოეული ჩუქურთმა, ბუხარი, ძველი ორნამენტები,“ – ამბობს კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე ხატია მარგველიძე

კიდევ ერთი კონკურსის მონაწილე სალომე მათიაშილი გვიყვება – „ეს შენობა ეკუთვნოდა ჩემს დიდ ბებიას, როდესაც საბჭოთა კავშირის დროს ჩამოართვეს, რაღაც პერიოდი იყო სახელმწიფო სტრუქტურა. შემდეგ გამოვითხოვეთ ეს შენობა და დავიწყეთ რესტავრაცია. რესტავრაციის პროცესში ვნახეთ, რომ იყო უნიკალური არქიტექტურის ნაგებობა, ძალიან განსხვავებული და გამორჩეული. ვიფიქრეთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენთვის არ უნდა ყოფილიყო და უნდა გამეცნო მსოფლიოსთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ ტურისტულ ზონად გვექცია და ასეც მოვიქეცით.“

ორგნიზატორების თქმით, კონკურსი წარმატებული იყო და ყოველწლიურად ჩატარდება. ასე, რომ საქართველოს უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საქმეში კიდევ ბევრს შეუძლია შეიტანოს წვლილი.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s