RSS

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი: ყველაზე რთული მოძალადე ადამიანთან ცხოვრებაა

31 ოქტ

სალომე გიორგაძე

„17  წლის ვიყავი, როდესაც გათხოვება გადავწყვიტე. მიზეზი კი დედაჩემისა და მამაჩემის გაუთავებელი ჩხუბი იყო. მამა ხშირად სვამდა, შემდეგ სახლში მოდიოდა და დედას ეჩხუბებოდა. უარეს შემთხვევაში ურტყამდა კიდეც. როდესაც ჩემი ყოფილი ქმარი გავიცანი, მალევე გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. პატარა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს დრო გათხოვებასა და ბავშვის აღზრდაში კი არა, სწავლისთვის უნდა დამეთმო. ზოგადად, თავიდანვე არ გამოირჩეოდა ჩემი მეუღლე სითბოთი, თუმცა მეგონა ასეთი ცივი ადამიანი იყო და მისგან ზედმეტს არაფერს ვითხოვდი. ოჯახის შექმნის შემდეგ, კიდევ უფრო ცივი გახდა, თითქმის არც იყო სახლში, ან სულ მუშაობდა, ან გარეთ მეგობრებთან ერთად სვამდა. ორსულობის პერიოდში დედა გარდამეცვალა და ჩემი ორსულობაც ამ სტრესის ფონზე საკმაოდ გართულდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ საკმაოდ ეჭვიანი გახდა, როდესაც მაღაზიაში ჩავდიოდი,  უკან ჩუმად მომყვებოდა. აღარც მეგობრებთან მქონდა ურთიერთობა და აღარც ნათესავებთან. ყოველთვის ცდილობდა არსად გავეშვი და ამისთვის ათას მიზეზს იგონებდა. ერთ დღეს, როდესაც ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე გადავწყვიტე წასვლა და ვთხოვე ბავშვი დაეტოვებინა ხელი დამარტყა და საშინელი სიტყვებით მლანძღა: „შენ რა  დედა ხარ, 5 თვის ბავშვს მამას, რომ უტოვებ და გასართობად მიდიხარო“. ამ დღის შემდეგ, ძალიან ხშირად მირტყავდა და მამცირებდა. მეუბნებოდა „არავინ გყავს ჩემს მეტი, მაინც არ გაქვს არასად წასასვლელი და როგორც მინდა ისე მოგექცევიო“. ფინანსურადაც ძალიან გვიჭირდა, სულ ვცილობდი ბავშვისთვის გამეკეთებინა საჭმელი.ხშირად მშიერი ვიყავი. ის, კი როდესაც შინ ბრუნდებოდა ბავშვის საჭმელს ჭამდა ისე, რომ არც კითხულობდა ბავშვმა ჭამა თუ არა. „ძალიან მრცხვენოდა, რომ ქმარი მცემდა, რომ მისგან ვერც ჩემს თავს და ვერც ბავშვს ვერ ვიცავდი, ამიტომ არავის არაფერს ვუყვებოდი და  ყველას ეგონა, რომ  უბედნიერესი ცოლ-ქმარი ვიყავით. ერთ დღეს, როდესაც ბავშვს მაღალი სიცხე ქონდა, დაახლოებით 9 საათზე ვთხოვე აფთიაქში ჩასულიყო და წამალი ამოეტანა მხოლოდ 5 ლარი მქონდა და გავატანე. სახლში გამთენიისას დაბრუნდა ნასვამი, წამლის გარეშე. ამ დღის შემდეგ, გადავწყვიტე ჩვენი ურთიერთობისთვის საბოლოოდ წერტილი დამესვა. ახლა მე და ჩემი გოგონა ცალკე ვცხოვრობთ, მუშაობა დავიწყე და ვცდილობ მას არაფერი მოვაკლო,“ – ამბობს 22 წლის გოგო, რომელიც სამი წლის განმავლობაში ქმრის ძალადობის მსხვერპლი იყო.

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, იძულება. ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სამინისტრო სხვა უწყებებთან და საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს ოჯახში ძალადობის დაძლევაზე. ამ მიზნით 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია „სახელმწიფო თავშესაფარი“, სადაც მსხვერპლთა განთავსება ხდება 6 თვის ვადით. თავშესაფარში განთავსებამდე თუ მსხვერპლი მიმართავს სამართალდამცავებს, მოძალადეს უფორმებენ შემაკავებელ ორდერს, შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებულობა.

კიდევ ერთი ქმრისგან ძალადობის მსხვერპლი გვიყვება – „ოჯახი საკმაოდ გაცნობიერებულ ასაკში და სიყვარულით შევქმენი. ვიყავი 24 წლის ვიყავი. ბავშვიც მალევე გვეყოლა და ძლიან ბედნიერად ვცხოვრობდით. ერთ დღეს, როდესაც საჭმელი გავაკეთე და ბავშვისთვის უნდა მეჭმია, შემთხვევით ბავშვმა ხელი კრა და იატაკზე დაასხა, რაზეც ჩემი მეუღლე წამოხტა და ცხოველურად დაუწყო ბავშვს ცემა. როდესაც ბავშვს წინ გადავუდექი მეც დამიწყო ცემა და მიყვიროდა „გაიწიე შენთან არ მაქვს საქმეო“. ტელეფონი ავიღე და ბავშვთან ერთად ოთახში ჩავიკეტე. დავურეკე ჩემს ძმას, ვთხოვე სასწრაფოდ მოსულიყო ჩვენთან. ჩემი ძმა ჩემმა მეუღლემ სახლში არ შემოუშვა და  უთხრა „ესენი ჩემი ცოლ-შვილი არიან და რასაც მინდა იმას ვუზავო“. ჩემმა ძმამ პოლიცია გამოიძახა და ჩემ მეუღლეს შემაკავებელი ორდერი გაუფორმეს. იმ ღამეს შვილთა ერთად ჩემს ძმასთან დავრჩი. მეორე დღეს, ჩემმა მეუღლემ მოგვაკითხა ბოდიშები მოგვიხადა და დაგვპირდა, რომ მსგავსი რამ აღარ გამეორდებოდა. რამდენიმე დღე სიტყვიერ და ფიზიკურ  შეურაცხოფას მაყენებდა იმის გამო, რომ ჩემს ძმას ვთხოვე დახმარება და მან კი პოლიცია გამოიძახა.  ვხედავდი, რომ ბავშვს სახლში მოსვლა აღარ უნდოდა, მუდმივად იმის შიში ჰქონდა, რომ მამას არ ეცემა.  თუ კიდევ დავრჩებოდით ამ კაცთან ბავშვს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჩამოუყალიბდებოდა. ერთ დღეს, როდესაც ისევ საცემად გამოიწია, გამოვიძახე პოლიცია და დააკავეს შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის.  ახლა ციხეშია და იქიდან გვემუქრება მე და ჩემს ოჯახს. თუმცა, როდესაც ეს ნაბიჯი გადავდგი და მისგან გავთავისუფლდი ზუსტად ვიცი ვეღარაფერს მიზამს. ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს მინდა ვურჩიო, რომ იყვნენ იმდენად ამაყები, რომ არ  მისცენ უფლება ვინმემ მათ მიაყენოს ფიზიკური ან თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვიცი, პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთულია, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაზე რთული მოძალადე ადამიანთან ცხოვრებაა.

„ბოლო პერიოდში  მომხდარმა საზარელმა ამბებმა, და ამ ფაქტებზე საზოგადოების დამოკიდებულებამ შეიძლება ბევრი მსხვერპლის ცხოვრება ფატალური შედეგით დაასრულოს. „ქალს კაცის შემდეგ უნდა ქონდეს ხმა“, „ქალი, რომ ქმრის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება“, – საქართველოში ასეთი მიდგომებია პრობლემა, როცა ქვეცნობიერი ამართლებს მოძალადეს და იწყებს მიზეზების ძიებას რატომ შეიძლება მოკლას კაცმა ქალი. ვიდრე ამ მენტალობისგან არ გათავისუფლდება საზოგადოება, მანამ მოვისმენთ და გავიგებთ მსგავსი სისასტიკით მოცულ ისტორიებს. რეალურად ვერ ვიტყვით რომელი უფრო  ნაკლები სისასტიკეა მომხდარი ფაქტები თუ მცდელობა დანაშაული ყოველთვის ქალის ქმედებებში ვეძებოთ,“ – გვეუბნება სოციალურ და ჰუმანიტარული მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის კურსის მეოთხე კურსის სტუდენტი ეკატერინე სოსელია.

„ოჯახში ძალადობა ძალიან მნიშვენლოვანი საკითხია, რომელიც ძალიან „პოპულარული“’ გახდა საქართველოში. ამ ქყვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მსხვერპლებს არ უნდათ გაცხადება და პრობლემებზე საუბარი. თუმცა წინა წლებთან შედარებით, ამ მხრივ პროგრესია, რომ შევადაროთ წლების მიხედვით ნახავთ, რომ წლევანდელმა წელმა საერთოდ გადააჭარბა წინა წლებს მომართიანობის თვალსაზრისით. პროგრესია ასევე შემაკავებელი ორდერის დარღვევის თვალსაზრისითაც, წელს მხოლოდ 9%-მა დაარღვია. ოჯახში ძალადობის ფორმებიდან ყველაზე ხშირი ძალადობა სტატისტიკის მიხედვით, არის ფსიქოლოგიური ძალადობა, მას მოყვება ფიზიკური ძალადობა და ყველაზე ბოლოს არის ეკონომიური ძალადობა. სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს იმსთვის, რომ მსხვერპლმა თავი დაცულად იგრძნოს. ამისთვის გვაქვს სახელმწიფო თავშესაფრები, სადაც ძალიან ბევრი საჭირო დახმარების გაწევის საშუალება გვაქვს,“ – ამბობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვისა და საგამოძიებო ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი თეა გალახვარიძე.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციართა რაოდენობა  2010 წლიდან იზრდება.  თავშესფრებია 17-17 ადგილიანი გორსა და ქუთაისში, 19 ადგილიანი თავშესაფარი თბილისში.  ასევე ფუნქციონირებს სიღნაღის თავშესაფარიც. 2010 წელს თავშესაფრით სულ 42-მა ადამიანმა ისარგებლა; 2011 წელს – 89 ადამიანმა; 2012 წელს თავშესაფრით მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობა იყო – 88, 2013 წელს -100, 2014 წელს კი თავშესაფარით სულ 114-მა ადამიანმა ისარგებლა. ოჯახში ძალადობის  მსხვერპლ ქალს  თავშესაფარში 3 თვით შუძლია დარჩენა, თუმცა თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება და საჭიროების  შემთხვევაში  შესაძლებელია  ეს ვადა გაიზარდოს.  მხვერპლებს თავშესაფრებში შეუძლიათ მიიღონ როგორც ფსიქოლოგიური, ასევე იურიდული დახმარებაც.

„ძირითადად კრიზუსულ ცენტრში ქრონიკული ძალადობის მსხვერპლი ქალები უფრო ხშირად მოგვმართავენ, ვიდრე პირველადი შემთხვევა. წლების გასვლასთან ერთად, იცვლება ადამიანის განვითარების დონეც, შესაბამისად, ადრე თუ ქალის მიმართ ძალადობა ნორმალური იყო ახლა უკვე კანონით ისჯება. ასევე, როგორც ბავშვზე ძალადობა, თუ ბავშვს სერიოზულ ზიანს არ აყენებდა ეს ძალადობა  აღზრდის ერთ-ერთ მეთოდად ითვლებოდა, თუმცა ახალ ესეც კანონით ისჯება. კრიზისულ ცენტრში ძალიან ბევრი სოციალური სერვისია, რითიც სარგებლობენ ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ,“ – გვეუბნება ერთ-ერთ კრიზისული ცენტრის ფსიქოლოგი ნინა გოგოხია.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ 112  ან დარეკონ ცხელ ხაზზე: 116 006

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s