RSS

მედიის ფსიქოლოგიური გავლენა  საზოგადოებაზე, ინდივიდის ცნობიერებაზე

01 მარ

ოლიკო ცისკარიშვილი

შეფასება ღრმად იჭრება ადამიანის ყოველდღიურ პრაქტიკულ ცხოვრებაში. ის თანდევს მას, ადგენს უმნიშვნელოვანეს თვალსაწიერის ნაწილს, სოციალური ჯგუფების, კლასების, საზოგადოების ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ ფსიქოლოგიას.[1] ფასეულობები, ნებისმიერ საზოგადოებაში, წარმოადგენს შინაგან ძირითად კულტურას, რომელიც ახასიათებს კულტურულ გარემოს, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, და ფორმირდება, როგორც პიროვნება. ისინი მოქმედი მხარეებია სულიერი ცხოვრების. მასში ვლინდება ადამიანის ურთიერთობები, საზოგადოების სამყაროსთან, რომელიც ან აკმაყოფილებს, ან არ აკმაყოფილებს ადამიანს, ამიტომ ფასეულობები ეხმარება ადამიანის სოციალიზაციას, მის თვითგამორკვევას.[2]

საზოგადოების ესა თუ ის მდგომარეობა, ეს იგივეა, რაც სუბუექტის/ადამიანის ესა თუ ის მდგომარეობა. ნათელია ისიც, რომ თავისუფლების წინააღმდეგობრიობა და აუცილებლობა წყდება ადამიანის მოღვაწეობაში. ამ წინააღმდეგობებში გამოსჭვივის ადამიანის, სუბიექტის მოღვაწეობა. ამიტომ ყოველი სუბიექტი ამგვარ წინააღმდეგობაში ცხოვრობს, ყოველი მათგანი ცდილობს ამ წინააღმდეგობის გადაწვეტას.[2] ჩვენი ყოველდღიური რუტინა, მისი თითქმის მუდმივი ურთიერთობებით სხვებთან, ჩვენი საქმიანობის ხასიათსა და სახეს აყალიბებს. მისი შესწავლით, ჩვენ შეიძლება ძალზე ბევრი რამ შევიტყოთ საკუთარი თავის, როგორც სოციალური არსებების და საკუთრივ სოციალური ცხოვრების შესახებ, ჩვენი ცხოვრება, დღიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე და წლიდან წლამდე ქცევის ერთგვაროვანი მოდელით ყალიბდება. [3] ინდივიდებისა და სოციალური ერთობების მსოფლმხედველობა ცხოვრებაში ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა. სხვაგვარად შეუძლებელიც იყო, რადგან ინდივიდიც და სოციალური ერთობაც მსოფლმხედველობაში გამოხატავს თავის დამოკიდებულებას გარესამყაროსთან, მის მრწამსსა და მოქმედების პროგრამას, სამყაროს გარკვეულ გაგებას, მისი საზრისის ინტერპრეტაციას.[4]

პიროვნების ჩამოყალიბება არ არის მარტოოდენ სოციალური, იგი სოციალურ-ინდივიდუალური პროცესია. აღზრდის ამოცანაა, მოცემულ სოციალურ გარემოში, რაც შეიძლება ფართოდ და ყოველმხრივ გამოავლინოს და განავითაროს პიროვნების შესაძლებლობები და უნარები. ახალი ადამიანის აღზრდა, პიროვნების ახალი ტიპის ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძირფესვიანად გარდაიქმნა არსებული სოციალური გარემო.[5]

აღმოჩნდა, რომ ინდივიდები, როგორც კი ხვდებიან სოციალურ გარემოში, ერთდროულად ვითარდებიან სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ადამიანის ამ ასპექტების განვითარება ერთდროულად არ მთავრდება… ადამიანის, როგორც სუბიექტისა და პიროვნების, საქმიანობანი, მისი შემეცნებითი და სოციალური აქტივობანი მთლიანი ინდივიდის ფსიქიკური მოქმედების ბაზაზე მიმდინარეობს.[6]

ადამიანი თავის ცხოვრებაში უამრავ გადაწვეტილებას იღებს – დიდსა თუ პატარას, რომელიც შეიძლება დავყოთ „მასობრივ“ და „ერთჯერად“ გადაწვეტილებებად. პირველი ტიპის გადაწვეტილებები მიეკუთვნება ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პროდუქტს, ანდა ღირშესანიშნაობების მონახულებას, წასაკითხი წიგნის არჩევა და ა.შ. ამასთან არსებობს ისეთი გადაწვეტილებები, რომელსაც ინდივიდი ცხოვრებაში ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ იღებს. ნათელია, რომ იშვიათი (ერთჯერადი) გადაწვეტილებების მნიშვნელობა დიდია. გასაგებია რატომაც (პროფესიის არჩევა, დაოჯახება და ა.შ.). რაც შეეხება „მასობრივ“ გადაწვეტილებებს – უნდა გავითვალისწინოთ, რომ სავარაუდოდ, წინა მიღებული გადაწვეტილება უიღბლო იყო. ამ შემთხვევაში, ადამიანი თვითნასწავლი გამოდის, რომელსაც აქვს შესაძლებლობა გამოასწოროს და გაააუმჯობესოს თავისი მოქმედება „გასინჯვისა და შეცდომების“ წყალობით. თუკი თქვენ რესტორანში აირჩიეთ საჭმელი, რომელიც არ მოგეწონათ, მეორედ იმ საჭმელს არ შეუკვეთავთ და თქვენი გადაწვეტილების დანაკარგიც არ იქნება დიდი. არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი დიდად გავლენას არ მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. [7]

ერთჯერადი გადაწვეტილებების მიღების დროს, ადამიანის გონება მუშაობს საკმაოდ დაძაბულად და აქტიურად. გადამწვეტი როლს იძენს ინფორმაცია, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ფლობს ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ „ნების თავისუფლება“ და არჩევანის თავისუფლება შეიძლება „შენს შიგნითაც“ მუშაობდეს. უამრავ შემთხვევებში, ადამიანს არ შეუძლია თავისუფალი არჩევანის გაკეთება.

ადამიანის ქცევა, ან უფრო სწორედ მისი ქცევათა სისტემა, როგორც სინამდვილის მეტად ღირებული სფერო, თავის საკუთარ კანონზომიერებათა სისტემას შეიცავს და იგი აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი შესატყვისი მეცნიერების მიერ, ასეთ მეცნიერებას  ფსიქოლოგია წარმოდგენს. ადამიანის ქცევაში, ადამიანის სულიერი სამყარო ვლინდება, ადამიანის ქცევა თვითონ წარმოადგენს  განსაკუთრებულ სინამდვილეს… ქცევას, როგორც ადამიანის მიერ განხორციელებულ აქტივობას, ხშირად თან ერთვის ცნობიერება. ჯერ კიდევ, დ. უზნაძე მიუთითებდა, თუ ადამიანის ქცევას მისი შინაგანი შინაარსების, განცდებისა და ცნობიერების გარეშე განვიხილოთ, მაშინ ხელში შეგვრჩება ცალკეული მოძრაობის ჯაჭვი, რომელშიც შეუძლებელი იქნებოდა ქცევის დასაწყისისა და  დასასრულის მოძებნა. ამიტომ, ცხადია, ქცევა, როგორც შემეცნების გარკვეული ერთეული დაიკარგებოდა.[8.67] ინდივიდი სინამდვილესთან ურთიერთობის პროცესში ყოველთვის განიცდის გარკვეულ ფონზე მოცემულ საგნებსა და მოვლენებს.[6. 80] საგნის აღქმა, მოვლენის მნიშვნელობის განცდა, გარკვეული ღირებულების შეფასება და სხვა, არსებითად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მთლიანობაში გვეძლევიან ისინი. მათი ნაწილები ამ მთლიანობის ფონზე განიცდება.[6.82] ადამიანს აქვს შინაგანი უნებური ტენდენციები – საგნები და მოვლენები დაინახოს უფრო სიმეტრიულ, დასრულებულ ფორმებში. სინამდვილე, რომელთანაც ჩვენ საქმე გვაქვს, საგნებისა და მოვლენისაგან შედგება.[9] ფსიქიკურ აქტივობას რეალური ინდივიდი ასრულებს. ამ პროცესში ადამიანმა თავისი წარსული გამოცდილებაც უნდა გამოიყენოს, მაგრამ პიროვნების აქტივობა აწმყო და წარსული გამოცდილებით არ ამოიწურება. პიროვნება მომავალზეც არის ორიენტირებული. მას შეუძლია მომავლის განჭვრეტა, თავისი ქცევას კიდეც უფრო რთულსა და მიზანშეწონილს ხდის. შესაძლებელი მომავლის გათვალისწინება ადამიანის ქცევის ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია. ადამიანს შეუძლია დროისა და სივრცის ყველა შესაძლებლი განზომილება ფსიქოლოგიურად აწმყოში გადმოიტანოს.[6.85] პიროვნების თავისებურებანი, ხშირად გარკვეული დოზით, ადამიანის იმპულსურ ქცევებში მჟღავნდება. ადამიანთა ჩვეული, იმპულსური ქცევების დიდი ნაწილი თავისი წარმოშობით „მაღალი, პიროვნული ნებისაა“.[6.87] ადამიანის აქტივობასთან დაკავშირებული მრავალი არაცნობიერი პროცესი, ამავე დროს არაფსიქიკური მოვლენაცაა. იგი ობიექტურად, ცნობიერების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. ასეთი ობიექტური არსებობითა და მიმდინარეობით ხასიათდება ტვინის პროცესები, რომლებსაც ნეიროფიზიოლოგია სწავლობს. ეს პროცესები ერთდროულად  არაცნობიერიცაა და არაფსიქიკურიც. ეს საკითხი ძალიან კარგად აქვს განხილული რორახერს. [10]

„შესაძლო ქცევის ღირებულების გაცნობიერების მიხედვით, სუბიექტს მისი შესრულების თუ შესაძლებლობების განწყობა უჩნდება და ისე ხდება, რომ სუბიექტი გარკვეული ქცევის აქტს მიმართავს“.[8.72] უზნაძის აზრით, ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს განწყობის შინაარსი და იმ ქცევის ღირებულება, რომელიც მის საფუძველზე მომავალში უნდა განხორციელდეს. ამ გზით, ადამიანი ახერხებს, განწყობის მოქმედება დაუქვემდებაროს ცნობიერების კონტროლს, გააცნობიეროს ის არაცნობიერი ფსიქიკური მდგომარეობა, განწყობა, რომელსაც თურმე მიუღებელი ქცევა უნდა მოჰყვეს. უზნაძისთვის განწყობა არაცნობიერ და არა გაუცნობიერებელ მოვლენას წარმოადგენს, რომლის გაცნობიერების შემდეგ, ადამიანისათვის ნათელი ხდება, რა უნდა გაეკეთებინა მას, რა იყო მისი მომავალი ქცევის მიმართულება. „ნებისმიერ ქცევას განწყობა უდევს საფუძვლად და ეს განწყობა გადამწყვეტ მომენტში იჩენს თავს..“ ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს თავისი განწყობის აღმოცენების პროცესი. ასევე კარგად შეუძლია გააცნობიეროს მისი შინაარსი და ის მიმართულება, რომელსაც ამ განწყობის საფუძველზე მისი ქცევა მიიღებს.[8.175] განწყობა წარმოადგენს ადამიანის რთული ფსიქიკური აქტივობის გამაერთიანებელ არაცნობიერ მთლიან მდგომარეობას, რომლის საფუძველზე ურთიერთთან დაკავშირებულნი არიან ადამიანის მოთხოვნილებები, ქცევის საგნობრივი გარემო, ადამიანის ცნობიერება და სოციალური სინამდვილის მოთხოვნები, რომელსაც საზოგადოება უყენებს ადამიანს. განწყობა, როგორც ამ მოვლენების ერთიანობის საფუძველი და ადამიანის აქტუალური მდგომარეობა, შეიცავს თავის თავში იმპულსს, ტენდენციას, რომელიც ადამიანს გარკვეული ქცევისკენ უბიძგებს და მის მიზანშეწონილ მიმდინარეობას განაპირობებს. განწყობის, ქცევისა და ცნობიერების ამ რთული შინაგანი ურთიერთობის შესახებ სრულიად ნათლად მიუთითებდა დ. უზნაძე თავის შრომებში.[11] განწყობაში, როგორც ქცევის წინ შექმნილ მდგომარეობაში, წინასწარ ესკიზის  სახით მოცემულია ინდივიდის მომავალი მიზანშეწონილი ქცევა, რადგან მასში გათვალისწინებულია, როგორც ინდივიდის მოთხოვნილება, ისე ის საგანი, რომელიც მოპოვებული უნდა იყოს, მოქმედების ის გზები, რომლითაც უნდა განხორციელდეს ქცევა. ადამიანს შეუძლია ცნობიერების გამოყენებით სინამდვილის უფრო ღრმა და არსებითი შემეცნება, მაგრამ იგი ამას მაშინ მიმართავს, როდესაც ამის აუცილებლობის წინაშე დგება. ადამიანისა და სინამდვილის ურთიერთობის კიდევ უფრო მაღალი ფორმა ცნობიერების, შეგნების საფუძველზე ხორციელდება.[6.123] ფსიქიკურ აქტივობად მთლიანი ინდივიდის ქცევა უნდა ჩაითვალოს, რომელსაც გარკვეული მოთხოვნილების საფუძველზე  მოქმედებათა გარკვეული გზების გამოყენებით ახორციელებს. იგი სრულიად გაუცნობიერებლად შეიძლება მიმდინარეობდეს, მაგრამ იგი პრინციპულად გაცნობიერებადი აქტივობა არაა, რადგან მას მთლიანი ინდივიდი ასრულებს და გაცნობიერების შემდეგ თავისი მოქმედების, „მე“-ს აქტივობის შედეგის სახით განიცდის.[6.124] ინდივიდი საგნობრივ სინამდვილეს არა სარკისებურად, არამედ სელექციურად, შერჩევით ასახავს. მასში სინამდვილის ის საგნები და მოვლენები აისახება, რომლებიც გარკვეულ კავშირში იმყოფებიან მის მოთხოვნილებასთან. სინამდვილე მასში მისი მოთხოვნილებების თავლსაზრისითაა ასახული.  სხვანაირად ეს იმას ნიშნავს, რომ ინდივიდის ფსიქიკურ აქტივობაში თვითონ ინდივიდის მოთხოვნილებაცაა ასახული, მაგრამ არა თავისთავად, სინამდვილის ასახვისაგან მოწყვეტილი, არამედ მასთან ერთიანობაში.[6.134] განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით, როდესაც ადამიანი გარემოში შესატყვისი განწყობით მოქმედებს, მისი ქცევა და ქცევის განცდა-შეფასება გარემოსადმი ადექვატურია და ურთიერთშესატყვისი. მაგრამ როდესაც ადამიანი გარემოში შეუსატყვისი განწყობით მოქმედებს, მაშინ, მართალია, თავისი განწყობის მიხედვით განაგრძობს მოქმედებებს, მაგრამ ამ დროს, მას თავისი ქცევისა და ქცევაში ჩართული საგნების კონტრასტულ-ილუზორული განცდა უჩნდება. შეუფერებელ სიტუაციაში ხდება განწყობის მოქმედების გახლეჩვა, ქცევის კომპონენტებს შორის თავსებადობის დარღვევა. [6.233]

„სანამ ცოცხალი რაიმე ქცევას მიმართავდეს, მას უკვე მანამდე აქვს ეს ქცევა განწყობის სახით მოცემული, რომელიც ინდივიდს გარკვეული ქცევისაკენ მოუწოდებს“.[8.69] მედიას, კი ადამიანის განწყობის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი მიუძღვის, ამას ადასტურებს, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები.

როდესაც ადამიანი წინასწარ მტკიცედ არის განწყობილი გარკვეული მოვლენის ან საგნის მიმართ, განწყობის ზეგავლენით მან შეიძლება დამახინჯებულად, არასწორად, „ილუზორულად“ აღიქვას მოცემული მოვლენა, თუკი ის არ დაემთხვა მოსალოდნელს. [12.279] აღქმა ყოველთვის არ იძლევა საგნის ობიექტურ სწორ, უტყუარ ასახვას. გარკვეულ პირობებში ხდება საგნის არასწორი, დამახინჯებული აღქმა ანუ ილუზია.

ადამიანი, როგორც საზოგადოებრივი არსება, სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობაშია ჩართული. საზოგადოების სრულუფლებიან და ღირსეულ წევრად ჩამოყალიბება სოციალიზაციის პროცესის შედეგია. პიროვნების შემოქმედებითი, ესთეტიკური და ზნეობრივი თვისებები მის სოციალურ ქცევაშიც ვლინდება. ადამიანთა მიერ საზოგადოებრივი აქტივობის განხორციელება მათივე მატერიალურ, სოციალურ და სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას განაპირობებს. ადამიანის სოციალური ქცევები ადამიანთა ურთიერთობაში ყალიბდება, რომელშიც გადამწვეტია სოციალური გავლენები.[12.357]

სოციალურ ჩვევებს, ადამიანი მის გარშემო მყოფების მოქმედებათა და მათგან გამომდინარე შედეგების დაკვირვებით და გათვალისწინებით ეუფლება, როგორც ოჯახში, ასევე ინფომაციის მასობრივ საშუალებებში.

ქცევის მოდელირების შესწავლაზე სანიმუშო გამოკვლევა ჩატარდა, რომელშიც თავდაპირველად, რვა წლის ბიჭებმა მიიღეს მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ ტელევიზიით ნანახ ძალადობის კადრებსა და რეალურ აგრესიულ ქცევებს შორის მაღალი კორელაციაა. თორმეტი წლის შემდეგ, იგივე ცდის პირები ხელმეორედ გამოიკვლიეს. მონაცემებმა აჩვენა, რომ ცდისპირები, რომლებმაც რვა წლის ასაკში ძალადობის მრავალი ეპიზოდი ნახეს ტელევიზიით, ცხრამეტი წლის ასაკშიც უფრო აგრესიულები იყვნენ იმათთან შედარებით, ვინც თავის დროზე ნაკლები ძალადობა იხილა. გარდა ამისა, ნათლად გამოვლინდა ის, რომ აგრესიულ ქცევას სატელევიზიო გადაცემების ნახვა განაპირობებდა და არა პირიქით – აგრესიული ყმაწვილები, რომლებიც მრავალი ძალადობის ეპიროზი ნახეს შემდგომში, სხვებთან შედარებით, ამგვარი გადაცემების ყურებას უპირატესობას არ ანიჭებდნენ; მოკლედ, რომ ვთქვათ, რვა წლის ასაკში ძალადობის ამსახველი გადაცემების ნახვის სიხშირე ახალგაზრდების მიერ შემდგომ აგრესიული ქცევის გამოვლინების პროგნოზირების კარგ შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული კავშირი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კვლევებმაც დაადასტურეს. ეკრანის ზეგავლენა კიდევ უფრო გაძლიერდა კომპიუტერისა და ინტერნეტის გავრცელების შედეგად.[12.379] სატელევიზიო ეკრანზე ნანახი ძალადობა ახდენს დიდ გავლენას ახალგაზრდების მცირე პროცენტზე და მცირე გავლენას ახალგაზრდების დიდ პროცენტზე.[13.233] ტელევიზიას გავლენა აგრესიულობის ზრდაზე მაინც აქვს და, ამასთანავე, იგი მაყურებელს უგრძნობელს ხდის ადამიანის ტანჯვისადმი. გარდა ამისა, ასწავლის აგრესიული ქცევის ტექნიკებს, რასაც მოზარდი სხვაგან ვერსად ნახავდა და ისწავლიდა. სატელევიზიო ძალადობის ეფექტების იმ მკვლევართათვის, ვინც სოციალური დასწავლის თეორიის მიმდევარია, ამოსავალია დაშვება, რომ ძალადობის ყურება უნდა აძლიერებდეს აგრესიას. მაგრამ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება აგრესიასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე ძველ და აღიარებულ ცნებას, როგორიცააა კათარზისი: იდეას, რომ აგრესიის ყურება, წარმოსახვა ან მისი განხორციელება – სამომავლოდ შეამცირებს აგრესიას. კათარზისის თეორიის რამდენიმე განსხვავებული ვერსია არსებობს. ერთი არისტოტელეს სახელს უკავშირდება. ბერძნული ტრაგედიის თავის ანალიზში ფილოსოფოსი არისტოტელე ამტკიცებს, რომ სცენაზე განსახიერებულ ემოციას მაყურებელი თითქოს გმირთან ერთად განიცდის. ყურება, თუ როგორ გამოხატავს სხვა ადამიანი ემოციას, განმწმენდ და დამამშვიდებელ გავლენას ახდენს მაყურებელზე. ამრიგად, გამოდის, რომ სხვათა მტრული და აგრესიული ქცევის ყურებამ უნდა შეუმციროს მაყურებელს საკუთარი მტრული და აგრესიული გრძნობები. მეორე ვერსია ფროიდს ეკუთვნის. „კათარზისს” ადგილი აქვს როდესაც, ადამიანს შეუძლია ვერბალურად გამოხატოს ანდა წარმოისახოს თავისი მტრული გრძნობები. ფროიდი მიიჩნევდა რომ ამ მტრული გრძნობების გამოხატვა (მეტადრე ფსიქოთერაპიის პროცესში), აგრესიული ქცევის მოთხოვნილებას საგრძნობლად ამცირებს. მესამე ვერსიის ავტორი, ფილოსოფოსი პლატონი ფიქრობდა, რომ აგრესიულ ქცევას კათარზისის ეფექტი მოყვება და მომავალში აგრესიულად მოქცევის მოთხოვნილება მცირდება. მკვლევრები ეჭვის ქვეშ აყენებენ არისტოტელეს იდეას რომ აგრესიის ყურება ახდენს კათარზისს. [13. 234-235]

ინფორმაცია, რომელიც ჟღერდება მედიაში არის კონკრეტული ქცევის მასტიმულირებელი, ხშირად კი კონფლიქტის, რადგან თანამედროვე ქართულ მედიაში ხშირად ხდება კონფლიქტების, ძალადობის, მკვლელობების, ადამიანის უფლებათა დარღვევის ტირაჟირება.

ადამიანთა ურთიერთობისთვის არა მხოლოდ აგრესიული მოქმედებაა დამახასიათებელი, არამედ აგრეთვე, პროსოციალური (ალტრუისტული) საქციელიც, ანუ სხვებისადმი თანადგომის გამოვლენა და დახმარების აღმოჩენა. მიჩნეულია, რომ ალტრუისტული ქცევის მამოძრავებელი არის არა საკუთარი ინტერესებისათვის, არამედ სხვების კეთილდღეობაზე უანგარო ზრუნვა. ალტრუისტული საქციელის უამრავი მაგალითი არსებობს. მაგალითად, საქართველოში, თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შემდეგ, სტიქიური უბედურების ზონაში უამრავი ახალგაზრდა უანგაროდ მუშაობდა. ასეთი მაგალითები უამრავია მსოფლიოს მასშტაბით. მედია ხშირად ასრულებს საგანმანათლებლო ფუნქციასაც. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართულმა მედიამ დიდი ხანია დაკარგა საგანმანათლებლო ფუნცია, ამას ჩვენი კვლევაც ადასტურებს, რომელსაც მომდევნო თავებში გაგაცნობთ. დღევანდელმა საზოგადოებამ მთელი სიღრმით გააცნობიერა ერთმნიშვნელოვანი ფაქტი: „განათლების გზით თანამედროვე ადამიანი ხდება იმად, ვინც არის და ვინც უნდა იყოს.“ ფრანგი მოაზროვნე ოლივიე რებელი აღნიშნავს, რომ „ადამიანი განათლების შემწეობით და მხოლოდ მის გზით ხდება იმად, ვინც უნდა იყოს იგი, ხოლო მასზე ოპტიმისტური შეხედულება კაცობრიობისადმი რწმენის საფუძველია“. [14]

ყველა ჩვენგანს, როგორც საზოგადოების წევრებს, ხშირად სხვადასხვა გადაწვეტილების მიღება გვიწევს. მაინც რა როლს ასრულებს მედია ამ გადაწვეტილებების მიღების პროცესში. ინფორმაციის მიღების პირობა და ცხოვრების სტილი, ისეთ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა, ბევრ საკითხში სპეციფიურია.

საინტერესოა, რომ მედიას შეუძლიათ არსებითად ახალი მომენტების შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თანამედროვე საინფორმაციო კომუნიკაციების ფორმებს შეუძლიათ ადამიანების სწავლის პროცესში ჩართვა. მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ჩვენი ფიქრები, დღის განწყობა ანდა სამყაროს როგორი განცდა უნდა გვქონდეს.

მედია ყველა სიკეთესთან ერთად, თავის თავში მოიცავს საფრთხეს ადამიანების ცნობიერების სტანდარტიზირების. მედია თავის თავში ფარავს, ერთი მხრივ, მდიდარ სოციალურ შესაძლებლობებს, მეორეს მხრივ, მუქარასა და ცუდ პერსპექტივებს. ის შეიძლება იყოს, როგორც ტროას ცხენი, ასევე კაცობრიობის უდიდესი მასწავლებელი.[2.219] მედია ვალდებულია, აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდოს. ასევე ვალდებულია, იყოს სიმართლის, სამართლიანობის, კანონის, ღირებულებების, ადამიანის უფლებების და ა.შ. სამსახურში. მედიას ეკისრება კონფლიქტების პრევენციის უზრუნველყოფა. თანამედროვე საქართველოში, ხშირად მედიაში გადის ისეთი მედიაპროდუქტი, რომლებიც სიძულვილის ენითაა გაჟღენთილი. მედიამ, სამწუხაროდ, დაკარგა საგანმანათლებლო ფუნქციაც და ხშირად საზოგადოებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

გარდა ინფორმაციის გავრცელებისა, მასობრივ ინფორმაციას, ანუ მედია-საშუალებებს მაყურებელსა და მკითხველზე ზემოქმედების საშუალებაც აქვს. შესაძლოა, მასალის მომზადებისას ბალანსიც დაცვა, მაგრამ ისე ააგო ფაბულა, რომ მკითხველი სასურველი აზრისკენ თავად მიიყვანო, ბოლოს და ბოლოს – ეს მხოლოდ ტექნიკის საქმეა. მედია ავრცელებს ინფორმაციას და მას აქვს ძალიან დიდი რესურსი იმისა, რომ ზეგავლენა მოახდინოს ადამიანებზე. მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებში აქტიური მხარე თვითონ მედია-საშუალებაა, ხოლო მასა, ანუ კომუნიკაციის ობიექტი, ადამიანები, შედარებით პასიურ როლში არიან. ამდენად, ისინი იმთავითვე იმ მხარის როლში არიან, რომელზეც ხორციელდება ზეგავლენა. ქართულ რეალობაში, რაც უფრო სკანდალური იქნება მედიაპროდუქტი, მით უფრო ერთვებიან მასში ადამიანები; რაც უფრო ერთვებიან, მით უფრო გაბრაზებულები და აჟიტირებულები არიან –  ეს განწყობა რამდენიმე დღე მიჰყვებათ და ოჯახის წევრები თუ ნაცნობები კამათობენ ერთმანეთთან. რაც მეტად აჟიტირებულები არიან, მით უფრო უნდათ, რომ კიდევ დაიდგას ასეთი შოუ, რადგან აჟიტირებული გონება აჟიტირებულ სცენარს მოითხოვს და ასე გრძელდება უთავბოლოდ. სკანდალი შეიძლება, თავისთავად მოხდეს, მაგრამ სკანდალი მუშაობს ჟურნალისტზე, იმიტომ რომ, ხალხი უკვე მომზადებულია სკანდალისთვის. საჭიროა მენტალობის შეცვლა, ეს კი იმას გულისხმობს, რომ ადამიანები ორიენტირებულები იყვნენ არა პრობლემების დაგროვებაზე, არამედ –  პრობლემების გადაწყვეტაზე. ქართული მედიის მენტალობა ორიენტირებულია პრობლემის არსებობაზე და არა პრობლემის გადაჭრის გზებზე. თუმცა, რა სურს ქართველ აუდიტორიას, ამას ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები გვაჩვენებს.

თანამედროვე სოციალურმა პრობლემებმა საზოგადოება საკმაოდ დააპირისპირა და შედეგს, რომელსაც ვიღებთ უფრო თვალსაჩინო ხდება. რაში მდგომარეობს ჟურნალისტისა და მედიატორის როლი, ჩვენი აზრით, ერთია ჩვენ დავაფიქსიროთ ესა თუ ის მოვლენა და მეორეა ამ მოვლენების მიზეზობრივ-შედეგობრივი საკითხების ობიექტური შეფასება. საზოგადოებისთვის ზოგჯერ დრამატული მოვლენები ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, ისედაც დაუცველ საზოგადოებაზე, ეს იქნება ქალაქი, სოფელი თუ დაბა… რამდენადაა საჭირო შეცვალოს მედიაორგანიზაციებმა მოქმედი პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ სკანდალებზეა ორიენტირებული. რამდენად სჭირდება საზოგადოებას ძალადობის, სიძულვილის ენის ტირაჟირება მედიაში. რა სჭირდება სინამდვილეში 21-ე საუკუნის საზოგადოებას. როგორი ინფორმაციის მიღება სჭირდებათ მათ, ამას ჩვენი კვლევები გვაჩვენებს.

საინტერესოა მედიაში ქვეზღურბლოვანი ზემოქმედებაც, რომელსაც ხანგრძლივი ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრაქტიკულად ხრიკი იყო, 1957 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პრესის ფურცლებზე. ქვეზღურბლოვანი რეკლამის „გამომგონებელი“ ამტკიცებდა, რომ კინოფილმის მსვლელობისას ეკრანზე გაელვებულმა წარწერამ „იყიდეთ ბატიბუტი!“ 58%-ით მეტი ბატიბუტის გაყიდვა გამოიწვია (როგერს, 1993). უოლ სტრიტის ჟურნალში ეწერა, რომ ნიუ ორლეანის სუპერმარკეტმა მნიშვნელოვნად შეამცირა ქურდობა სისტემაში შემდეგი ქვეზღურბლოვანი ტექსტის განთავსებით: „თუ მოვიპარავ, ციხეში ჩავჯდები“. ოჰაიოს შტატში, ტოლედოში ჩატარებულმა სატელეფონო გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხული 400 მოზარდის 75%-ს სჯერა, რომ ქვეზღურბლოვანი რეკლამა წარმატებით გამოიყენება მარკეტინგის სპეციალისტების მიერ. რაც უფრო მეტად განათლებულნი იყვნენ რესპონდენტები, მით უფრო მეტად სჯეროდათ მათ ქვეზღურბლოვანი რეკლამის.[13.34] როგორც ჩაგონების გავლენის ქვეშ მყოფი ყველა არსების შემთხვევაში, ტვინში მოხვედრილ იდეას აქვს ქმედებად გადაქცევის ტენდენცია.[15.18] თავისთავად ფაქტები კი არ ახდენენ გავლენას ხალხის წარმოსახვაზე, არამედ ის, თუ რა სახით ვრცელდება და მიეწოდება ისინი ბრბოს, მასას, აუდიტორიას. აუცილებელია, რომ ფაქტებმა იმდენად განსაცვიფრებელი სურათი შექმნან, რომ მათ სრულად დაიპყრონ ბრბოს გონება და მის ცნებათა სფერო სრულად მოიცვან. ის, ვინც ბრბოს წარმოსახვაზე ზემოქმედების ხელოვნებას ფლობს, ფლობს ასევე მისი მართვის ხელოვნებას.[15.34] ადამიანი, საზოგადოდ, ინფორმაციას აერთიანებს სრულიად მარტივად, მექანიკურად, მასზე ბევრი ფიქრის გარეშე.[13.147] როდესაც საქმე ეხება იმას, რომ ბრბოს მენტალობა რაიმე იდეით ან აღმსარებლობით განიმსჭვალოს, მაგალითად, თანამედროვე სოციალური თეორიებით, გამოიყენება განსხვავებული საშუალებები, უპირატესად კი შემდეგი: მტკიცება, გამეორება და ინფიცირება. ასეთ საშუალებათა მოქმედება შენელებულია, მაგრამ შედეგები – მდგრადი…. რაც უფრო ლაკონურია ასეთი მტკიცება, რაც უფრო მეტად მოისაკლისებს იგი საბუთებს, მით მეტ გავლენას ახდენს ბრბოზე. ყველა დროის წმინდა წიგნები და კოდექსები ყოველთვის მარტივი მტკიცების მეშვეობით მოქმედებდნენ ადამიანებზე. სახელმწიფო მოხელეებმა, რომლებიც რაიმე პოლიტიკურ წამოწყებას იცავენ, მეწარმეებმა, რომლებიც საკუთარი პროდუქტების გავრცელებას ცდილობენ, კარგად უწყიან, თუ რა ძალა აქვს მტკიცებას.[15.60] და თუ ამას მედია აკეთებს დაჟინებით, მით უფრო მეტი ეფექტი აქვს. მტკიცება მხოლოდ ისეთ დროს მოქმედებს, როდესაც მას ხშირად იმეორებენ და, თუ შესაძლებელია, ერთი და იმავე გამოთქმით. გამეორების მეშვეობით იდეა ისე ღრმად ჯდება გონებაში, რომ, საბოლოოდ, მიიღება, როგორც დამტკიცებული ჭეშმარიტება. იდეები, რომლებიც მტკიცების, გამეორებისა და ინფიცირების გზით ვრცელდება, საკუთარ ძალმოსილებას უმთავრესად იმ იდუმალ ძალას უნდა უმადლოდნენ, რომელსაც ისინი იძენენ. ესაა ავტორიტეტი. საქართველოში კი მედია ავტორიტეტია.

ცხოვრების განმავლობაში „ადამიანის პიროვნების ფორმულირებაში გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ადამიანი ისმენს და კითხულობს“.[26] მედია ცალსახად ასრულებს უდიდეს როლს. მნიშვნელოვანია რას უსმენს და უყურებს მაყურებელი. ფაქტობრივად, მედიას საზოგადოების, ინდივიდების სულიერი და მენტალური ზრდის ფუნქცია ეკისრება. რეალურ ცხოვრებაში ადამიანები გარემოცულები არიან ინფორმაციით გაღვიძებიდან დაძინებამდე. ადამიანის ფსიქიკა სინამდვილესთან აქტიურ ურთიერთობას წარმოადგენს, რომელსაც ყოველთვის გარკვეული შედეგი მოსდევს. თავისი ფსიქიკური აქტივობის პროცესში ადამიანი ახდენს როგორც გარემოს,  ისე თავისი თავის გარდაქმნას, შეცვლას.[6.190] მედიაში გამოქვეყნებული მასალები, კი უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე. უფრო მეტიც, მედია ინდივიდების დღის წესრიგსაც ადგენს. მედია საზოგადოებას კარნახობს რაზე და როდის იფიქროს. ახალი ამბების განთავსებაში სარედაქციო პოლიტიკა განსაზღვრავს რა გავიდეს პირველ მასალად, რომელი მეორე, მესამე და ა.შ. აუდიტორიაც ამ ინფორმაციებს თანმიმდევრობით იმახსოვრებს. უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ ეს ინფორმაციები განსაზღვრავს საზოგადოების დღის წესრიგსაც, განწყობასაც და სოციალურ მოტივაციებსაც. უმრავლეს შემთხვევაში, მედია-გამოცემების ხელმძღვანელების გამართლება ისაა, რომ აუდიტორიას რაც მოსწონს, ანუ რაც გაყიდვადია, იმას აწვდის საზოგადოებას. ხშირად, სამწუხაროდ, ეს ის თემებია, რომლებიც ორიენტრებულია ძალადობასა და კონფლიქტზე.

იყო პასუხისმგებლიანი – ეს ნიშნავს იყო სელექციური, იყო ამომრჩეველი. ჩვენ ვცხოვრობთ „მდიდარ საზოგადოებაში“, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გვავსებენ სტიმულაციის ნაკადით, თუ არ გვინდა ჩავიძროთ ამ მორევში, მაშინ ჩვენ უნდა შევძლოთ გავარჩიოთ რა არის არსებითი, და რა არა, რას აქვს აზრი და რას არა…[16.39] ხშირად მედია მოძალადის როლში გამოდის, რადგან ავრცელებს ისეთ ინფორმაციებს, რომელიც საზოგადოებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. და ფაქტობრივად, მედია ფსიქოლოგიურად ძალადობს საზოგადოებაზე, ინდივიდებზე.

მედია ძალადობის ემოციური ეფექტები შეიძლება იყოს მოკლე ან ხანგრძლივი: მოკლევადიან ეფექტებს მიეკუთვნება შეშინება, რომელიც ვითარდება ძალადობის სცენების ხილვიდან დაუყოვნებლივ და გამოიხატება შიშის რეაქციაში. ეს რეაქცია განსაკუთრებით ვლინდება ბავშვებში და მისი შედეგები ვარირებს თვით კონტროლის დაკარგვიდან ღამის კოშმარამდე. გრძელვადიანი ეფექტის შედეგია მყარი შიში და შფოთვა, რომ არ გახდეს ძალადობის ობიექტი. როდესაც ადამიანი ხედავს მედიაში წარმოდგენილ სამყაროს, რომელიც ძალადობითა და სისასტიკით სავსეა, კოგნიტური ეფექტისას რეალური სამყარო აღიქმება, როგორც საფრთხის შემცველი.

პრაიმინგის ეფექტი, როცა მასობრივი ინფორმაცია ააქტიურებს აზრებსა და განცდებს, რომლებიც წარსულშია შეძენილი და რომელიც ასოციაციით დაკავშირებულია ინფორმაციის შინაარსთან. ეს ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს და შემდგომში ჰპოვოს გამოვლინება, თუ: ადამიანი სიუჟეტს უკეთებს განსაზღვრულ ინტერპრეტაციას, განსაზღვრულ ჭრილში აკეთებს მისი მნიშვნელობის შეფასებას; [17.94] ადამიანის ყოველ არჩევანს აქვს მიზეზი, მაგრამ მას აქვს არჩევანის გაკეთების მიზეზი.[18.40] ადამიანს სჯერა ან სწამს, რომ არსებობს მიზეზები, რომლებიც ამართლებენ პერსონაჟთა აგრესიულ და სასტიკ ქმედებას; ის აიგივებს თავს (იდენტიფიკაცია) სიუჟეტის გმირთან; სჯერა, რომ ის რაც ხდება ეკრანზე – გამოგონილი არაა და რეალურია; ძალადობის სცენები შეიცავს ისეთ გამღიზიანებლებს, რომლებიც აღვიძებენ მასში წარსულ მოგონებებს, აზრებსა და განცდებს (ემოციური მეხსიერება). ფრაიმინგი – ესაა დიდი კონცეფცია, რომელსაც სხვადასხვანაირი ახსნა აქვს. ყველაზე გავრცელებული და მისაღებია ფრაიმინგი, როცა ადამიანი ასე აყალიბებს: ფრაიმინგი თავის თავში შეიცავს არჩევანს და მნიშვნელობას. ადამიანი ღებულობენ რეალობას და აქცევს მას უფრო შესამჩნევს. [20.5]

საბოლოოდ კი, პრაიმინგი, ესაა მოვლენა, რომელიც ყოველდღიურად ხდება მთელ მსოფლიოში. მომხმარებელს ინფორმაცია სხვადასხვა  მეთოდებით მიეწოდება. პრაიმინგი განსაზღვრავს, როგორ შეუძლია მედიის გაშუქებას მასობრივი აზრის ფორმირება. ის ამისთვის იყენებს თავის სპეციალურ ჩარჩოებს, რათა დაეხმაროს აუდიტორიას გაიგოს ესა თუ ის საკითხი. მედია, რომელსაც აქვს ეკონომიკური მხარდაჭერა და გავლენა, შეუძლია გავლენა მოახდინოს თავის აუდიტორიაზე. სიტყვების ფორმულირება ახალ ამბებსა და სტატიებში ქმნიან დარწმუნების საშუალებას და მას აქვს შესაძლებლობა ჩამოაყალიბოს სტერეოტიპები და განზოგადება მისი აუდიტორიის გონებაში… დღეს, მედიამაგნატები, კარნახობენ, ხალხმა რა უნდა წაიკითხოს, რას უნდა უყუროს და ბოლოს, რა უნდა მიიღონ სიმართლედ.[20]

ადამიანის ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს სხვა ადამიანების მიერ გამომჟღავნებული დამოკიდებულება ამ ქცევის მიმართ.[6.127] მით უმეტეს, იმ ადამიანების ქცევა, რომელიც მისთვის ავტორიტეტია, ამ შემთხვევაში ბევრი ინდივიდისათვის მედიაში მომუშავე ადამიანებია ეს ავტორიტეტი. მათი ქცევა კი გავლენას ახდენს ინდივიდის ქცევაზე. ადამიანის ქცევის მიმდინარეობაზე დიდ გავლენას ახდენს ის მოლოდინებიც, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთის მიმართ აქვთ.[6.130] განწყობის თეორიის მიხედვით, ფსიქიკური აქტივობის შედეგი მჟღავნდება, როგორც გარე სინამდვილეში, ისე ადამიანის შინაგან სამყაროში. ფსიქიკური აქტივობის გავლენით ხდება, როგორც სინამდვილის შეცვლა და გარდაქმნა, ისე თვით ინდივიდის შეცვლა და განვითარება.[6.195] „ჩვენ ვხედავთ, რომ განწყობა არა მარტო მოთხოვნილებისა და  არა მარტო ობიექტური სიტუაციის არსებობის საფუძველზე წარმოიშობა“.[11.39] განწყობა, რომელსაც ქმნის მედია მიუღებელია საზოგადოების ნაწილისთვის და ეს სულ ახლახანს ჩატარებული კვლევებიდანაც მკაფიოდ ჩანს.

კვლევის შედეგები:

რაოდენობრივი კვლევა ტარდებოდა 2017 წლის აგვისტოდან, 2018 წლის პირველ ნოემბრამდე. ცდომილება +2/-2 პროცენტი. 2017 წლის 21 ოქტომბრიდან კვლევა პრალელურად ტარდებოდა ინტერნეტის საშუალებითაც. გამოკითხულია  სულ  673 რესპონდენტი.

კვლევამ მოიცვა მთლიანი საქართველო, მათ შორის აფხაზეთი. ჩატარდა, როგორც რაოდენობრივი კვლევა, ასევე თვისობრივი კვლევაც. რესპონდენტთა ასაკი – 18-87.

გამოიკითხა 410 რესპონდენტი ანკეტა-გამოკითხვით. და 263 რესპონდენტი ონლაინ რეჟიმში; სულ673 რესპონდენტი. რადგან ონლაინრეჟიმში გამოკითხული იყო მხოლოდ ერთი ფოკუსჯგუფი, ამიტომ მეტი ობიექტურობისთვის გადავწვიტე, ცალ-ცალკე წარმედგინა გამოკითხვის შედეგები. თუმცა საჭიროა აღინიშნოს, რომ ონლაინრეჟიმშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

ონლაინრეჟიმში გამოკითხვა (263 რესპონდენტი): კითხვაზე – ახდენს თუ არა მედია საზოგადოების ცხოვრებაზე გავლენას? 253 რესპონდენტმა უპასუხა დადებითად, 3 – არა, 7 თავი შეიკავა.

კითხვაზე – მედია ახდენს დადებით გავლენას საზოგადოებაზე? 44 ადამიანმა უპასუხა დიახ, 127 – არა, 84 თავი შეიკავა.

კითხვაზე – მოქმედებს თუ არა მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციები: სტატია, რეპორტაჟი და .შ. რომელიც ეხება მკვლელობებს, ძალადობებს, თქვენზე, თქვენი დღის განწყობაზე? 199 რესპონდენტმა უპასუხა დადებითად, 37 უპასუხა არა, დანარჩენმა თავი შეიკავა.

კითხვაზე – თქვენი აზრით, ისეთი სახის მედიაპროდუქტი, სადაც დეტალურად არის აღწერილი მკვლელობის/ძალადობის ნიუანსები, ირღვევა თუ არა აუდიტორიის (მკითხველის/მაყურებლის) უფლებები? 175 უპასუხა დიახ, 53 – არა, გააჩნია შემთხვევას -2. დანარჩენმა თავი შეიკავა.

კითხვაზე – როდესაც თქვენ ეცნობით ისეთ მედიაპროდუქტს, სადაც ჩვეულებრივი გლეხის/ფერმერის წარმატებაა გადმოცემული, გეძლევათ თუ არა სტიმული რაიმე ახლის გაკეთების? 209 რესპონდენტმა უპასუხა დიახ, 21 – არა, დანარჩენმა თავი შეიკავა.

კითხვაზე – მოქმედებს თუ არა თქვენს გადაწვეტილებაზე, ყოველდღიურ, ყოფით ცხოვრებაში მედიაში გასული რეკლამა (სარეკლამო რგოლები, ვთქვათ, სარეცხი ფხვნილის, ჭურჭლის სარეცხი, მინერალური წყალი და .შ. ყიდვის დროს)? 84 ადამიანმა უპასუხა დადებითად, 141 უარყოფითად, დანარჩენმა თავი შეიკავა.

კითხვაზე – როგორია თქვენი აზრი თანამედროვე სერიალების მიმართ? 32 დადებითად უპასუხა, 102 – უარყოფითად, ნეიტრალური 16, 12 ფიქრობს, რომ გააჩნია სერიალს, 66 თავი შეიკავა, დანარჩენი ფიქრობს, რომ სერიალის ყურება დროის ფუჭად ხარჯვაა და ხშირად არასასურველი თემების პროპაგანდას ეწევა.

კითხვაზე – ახდენს თუ არა თქვენს სოციალურეკონომიკურ ცხოვრებაზე გავლენას მედიაში გამოქვეყნებული მასალები? 149 რესპონდენტმა უპასუხა – არა, 59 -დიახ, დანარჩენმა თავი შეიკავა.

კითხვაზე – ირღვევა თუ არა მედიაში ადამიანის უფლებები? 212 უპასუხა დადებითად, 6 – არა, დანარჩენმა თავი შეიკავა.

კითხვაზე – არის თუ არა შემეცნებითი სახის მასალების სიმწირე მედიაში? 227 რესპონდენტმა უპასუხა დიახ, 13 – არა, დანარჩენმა თავი შეიკავა.

კითხვაზე – მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ როგორი ინტერესიცაა საზოგადოებაში, ისეთ მედიაპროდუქტს ქმნიან. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? 151 რესპონდენტმა უპასუხა არა, 73 დიახ, დანარჩენმა თავი შეიკავა.

 

რაოდენობრივი კვლევა. (304 ქალი და 106 კაცი) – კითხვაზე – ახდენს თუ არა მედია საზოგადოების ცხოვრებაზე გავლენას? 347-მა რესპონდენტმა უპასუხა დიახ, 48 – არა, 4 – ზოგჯერ, დანარჩენმა პასუხისგან თავი შეიკავა.

კითხვაზე – მედია ახდენს დადებით გავლენას საზოგადოებაზე? – 166 რესპონდენტმა უპასუხა დიახ, 150 – არა, 44 უპასუხა – ზოგჯერ.

კითხვაზე – მოქმედებს თუ არა მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციები: სტატია, რეპორტაჟი და . რომელიც ეხება მკვლელობებს, ძალადობებს, თქვენზე, თქვენი დღის განწყობაზე?   336 ადამიანმა უპასუხა დიახ, 58 – არა; 7-მა ზოგჯერ, დანარჩენმა თავი შეიკავა.

კითხვაზე – თქვენი აზრით, ისეთი სახის მედიაპროდუქტი, სადაც დეტალურად არის აღწერილი მკვლელობის/ძალადობის ნიუანსები, ირღვევა თუ არა აუდიტორიის (მკითხველის/მაყურებლის) უფლებები? 271 რესპონდენტმა უპასუხა – დიახ, 114 – არა, 5 – ზოგჯერ, დანარჩენმა თავი შეიკავა.

კითხვაზე – როდესაც თქვენ ეცნობით ისეთ მედიაპროდუქტს, სადაც ჩვეულებრივი გლეხის/ფერმერის წარმატებაა გადმოცემული, გეძლევათ თუ არა სტიმული რაიმე ახლის გაკეთების? 341 რესპონდენტმა უპასუხა დადებითად, 53 – არა, დანარჩენმა თავი შეიკავა.

კითხვაზე – მოქმედებს თუ არა თქვენს გადაწვეტილებაზე, ყოველდღიურ, ყოფით ცხოვრებაში მედიაში გასული რეკლამა (სარეკლამო რგოლები, ვთქვათ, სარეცხი ფხვნილის, ჭურჭლის სარეცხი, მინერალური წყალი და .შ. ყიდვის დროს)? 199 რესპონდენტმა უპასუხა არა, 176 – კი, 16 – ზოგჯერ, დანარჩენმა თავი შეიკავა.

კითხვაზე – როგორია თქვენი აზრი თანამედროვე სერიალების მიმართ? 214 უპასუხა უარყოფითი, 110 – დადებითი, 73 თავი შეიკავა.

კითხვაზე – ახდენს თუ არა თქვენს სოციალურეკონომიკურ ცხოვრებაზე გავლენას მედიაში გამოქვეყნებული მასალები? 290 რესპონდენტმა უპასუხა – არა,  91 -დიახ, 11 -ზოგჯერ, დანარჩენმა თავი შეიკავა.

კითხვაზე – ირღვევა თუ არა მედიაში ადამიანის უფლებები?  282 რესპონდენტმა უპასუხა დიახ; 51 – არა; 43 – ზოგჯერ, დანარჩენმა თავი შეიკავა.

კითხვაზე – არის თუ არა შემეცნებითი მასალების სიმწირე მედიაში? 329 რესპონდენტმა უპასუხა დიახ, 59 – არა, დანარჩენმა თავი შეიკავა.

კითხვაზე – მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ როგორი ინტერესიცაა საზოგადოებაში, ისეთ მედიაპროდუქტს ქმნიან. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? 208 რესპონდენტმა უპასუხა არა,  151 უპასუხა – დიახ, დანარჩენმა თავი შეიკავა.

ჩატარდა თვისობრივი კვლევაც, რომელიც გრძელდებოდა 2017 წლის აგვისტოდან, 2018 წლის პირველ ნოემბრამდე. ცდომილება +2/-2 პროცენტი. 2017 წლის 21 ოქტომბრიდან კვლევა პარალელურად ტარდებოდა ინტერნეტის საშუალებითაც. კითხვებზე უპასუხა – 500-ზე მეტმა რესპონდენტმა.

კითხვაზე – როგორი სახის მედია პროდუქტს ისურვებდით ქართულ მედია ბაზარზე (თუ შეიძლება ჩამოთვალეთ ან აღწერეთ).

240 უპასუხა, რომ – შემეცნებითი, სამეცნიერო განათლებაზე ორიენტირებული. 68-მა მიუკერძოებელი-ობიექტური-თავისუფალი. 24-მა სოციალური თემები – გადაცემები ექიმებზე, ფერმა, კულინარია. ქართული-ისტორიული, რელიგიურ და კულტურულ მემკვიდრეობაზე გათვლილი – 22;

წარმოიდგინეთ, რომ მედია (ტელევიზია, პრესა, რადიო, ინტერნეტი) არის ცხოველი, კონკრეტულად რომელ ცხოველს გაგონებთ… რესპონდენტებიდან 66-მა მედია შეადარა მელას; ლომს – 36; მგელს 28; ძაღლს შეადარა – 26 რესპონდენტმა; მაიმუნი – 25; აფთარი – 18; კატა – 17; ვეფხვი – 15; და ა.შ.

ამ კითხვის შედეგებზე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ჯანა ჯავახიშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა, – „ის, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა მედიას  მელიას და სხვა გარეულ ცხოველს ადარებს, ვერ ვიტყვით ერთმნიშვნელოვნად, ნეგატიურია თუ პოზიტიური. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა სტერეოტიპებია საზოგადოებაში ამა თუ იმ ცხოველის მიმართ. შეიძლება მელიას აღიქვამენ, როგორც ჭკვიანს, მოქნილს, გამჭრიახს, ისეთს, რომ ჭკუაში აჯობებს სხვას და ა.შ. მაშინ ეს ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია. მაგრამ, შეიძლება, ამ თვისებებთან ერთად, თვლიდნენ, რომ მელია სანდო არაა. და ამ შემთხვევაში, ეს შეიძლება არის უკუკავშირი, რაც ქართულ მედიას მოსდის მისი აუდიტორიისგან. პროფესიულ სტანდარტებზე ჟურნალისტები ინფორმირებული არიან, უნივერსიტეტში სწავლობენ, ქარტიაც აწესებს და ითხოვს ამ სტანდარტების დაცვას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება მედია არც თუ ისე იშვიათად არღვევს პროფესიულ სტანდარტებს. ხშირად, ეს სარედაქციო პოლიტიკაცაა. და თუ მელიად მედიას აღქმა უკუკავშირია, მაშინ ალბათ სასარგებლო უკუკავშირია და ყურად უნდა ვიღოთ. კითხვა იყო, თუ რატომ ადარებენ მედიას გარეულ და არა შინაურ ცხოველებს. და რატომ უნდა შეადარონ შინაურ ცხოველებს? შინაური ცხოველი არის მოშინაურებული, მორჩილი, მე ვიტყოდი – უუფლებო, ნებისმიერ მომენტში შესაძლოა მოკლან და შეჭამონ თავად მისმა პატრონებმა. მაგალითად, ავიღოთ ცხვარი: ცხვარი დაკლეს, ქათამი წააკლესო. არა მგონია, ჟურნალისტსა და მედიას ამგვარი როლი შეეფერებოდეს ან უნდოდეს. ან, ავიღოთ ისეთი შინაური ცხოველი, რომელსაც საახალწლო საცივში ჩადება არ ემუქრება – ვთქვათ, ძაღლი. რა სტერეოტიპია მასზე? მახსენდება ქართული ანდაზა – ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის. იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტს ძაღლს შეადარებდნენ, შესაძლოა ეს მნიშვნელობაც ჩაედოთ – ანუ, შენი საქმიანობით არაფერი იცვლება, რამდენიც გინდა წერე და იკითხე. თუმცა, ისევ და ისევ – გააჩნია, საზოგადოებაში რა სტერეოტიპია ძაღლის მიმართ. ან ნებისმიერი სხვა შინაური თუ გარეული ცხოველის მიმართ რომელსაც გამოკითხულებმა მედია შეადარეს. თუ ისინი ჟურნალისტს არ ადარებენ შინაურ ცხოველს და ადარებენ გარეულ ცხოველს, ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ მედია არ არის დაუცველი და მორჩილი საზოგადოების თვალში. უფრო პირიქით: მეოთხე ხელისუფლებას ვეძახით მედიას, არა ერთსა და ორ ადამიანს მედიას ყველა სიტყვისა სჯერა. ანუ, თავისი მაგია აქვს მედიას, ავტორიტეტი, ერთგვარი შარავანდედი. თუმცა, დღევანდელ დღეს ეს უფრონაკლებად და ნაკლებადაა. დღეს, ყველას შეუძლია გახდეს სამოქალაქო ჟურნალისტი. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, გზავნილი გაუგზავნოს საზოგადოებას და გახდეს ე.წ. სამოქალაქო ჟურნალისტი. ფაქტების გადამოწმება, ობიექტურობა და ინფორმაციის სანდოობა, ამ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუმცა, სუბიექტურობისა და არასანდოობის თვალსაზრისით, როგორც უკვე ვთქვი ზევით. კონვენციური მედიაც სცოდავს. ამიტომ, რაც უფრო დიდია მედია წიგნირება, მით უფრო ნაკლებია უპირობო ნდობა როგორც კონვენციური, ასევე სოციალური მედია საშუალებების მიმართ და მით უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციაზე მოდის დაკვეთა,“ – გვითხრა ჯანა ჯავახიშვილმა.

საზოგადოებას, ფაქტობრივად, ნდომა არ გააჩნია ქართული მედიისადმი. მედიის წარმომადგენლები დროა დაფიქრდნენ თავიანთ კვალიფიკაციაზე და საზოგადოების მოთხოვნას უპასუხონ, რითიც პრინციპში ფეხს აუწყობენ ევროპულ ღირებულებებს და ჩადგებიან დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში. გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ მედია გავლენას ახდენს აუდიტორიაზე და ეს გავლენა, ამჟამად ნეგატიურია და საჭიროა ცვლილებები, რომ მედიამ დიდი დოზით პოზიტიური ინფორმაცია, ასევე შემეცნებითი სახის პროდუქტი მიაწოდოს საზოგადოებას.

მედიასაშუალებები, უნდა დაფიქრდნენ თავიანთი საქმიანობის პოლიტიკის შეცვლაზე, რადგნ მათ საზოგადოების წინაშე აქვთ პასუხისმგებლობა, რომელიც საზოგადოების ინტერესებისთვისაა სასარგებლო, გაზარდოს აუდიტორია, ემსახუროს საზოგადოების მენტალურ და სოციალურ სტაბილურობას. მედიასაშუალებებმა არ უნდა იფიქრონ მხოლოდ რეიტინგზე არ იყვნენ ორიენტირებულნი სკანდალებზე და ინფორმაციის გაყიდვაზე.

ჟურნალისტები ადამიანის ცნობიერებაში მატყუარასა და ცბიერის ასოციაციას კი არ უნდა აჩენდეს, არამედ სიმართლის სადარაჯოზე მდგომის, ობიექტურობისა და სამართლიანობის განცდას უნდა იწვევდეს. საზოგადოება უნდა ენდობოდეს მედიას.

კვლევებმა გვაჩვენა, რომ აუდიტორიაში ჟურნალისტებისადმი ნდობა, ფაქტობრივად, არ არის. მათ ინფორმაციის მიღების სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ, გარდა სოციალური ქსელებისა.

საბოლოო ჯამში, კი გარდა იმისა, რომ მედია ზემოქმედებს ადამიანების ცნობიერებაზე, განწყობასა და ცხოვრებაზე, კვლევებმა აჩვენა, რომ მათ აქვთ ასევე ინფორმაციული შიმშილი, მაგრამ არაპოლიტიკური, არასკანდალური კუთხით. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მედიას აკლია ობიეტურობა და აუდიტორიას სურს მედიორგანიზაციებმა მეტი ყურადღება დაუთმონ შემეცნებით-საგანმანათლებლო საკითხებს, ანუ მედიამ იზრუნოს საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.

 კვლევის შედეგები ქვეყნდება პირველად, მასალის გამოყენებისას მიუთითეთ ავტორი და ლინკი

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Сноу Ч.П. Две культуры, М., 1973. ст.57
  2. СОЦИАЛЬНАЯ ФИЛОСОФИЯ. М.А. Дедюлина, В.А. Ивлиев, Е.В. Папченкоб. Таганрог. ПРИОРИТЕТНЫЙ НАЦИОНАЛЬНЫЙ ПРОЕКТ «ОБРАЗОВАНИЕ».  2006-2007 г.
  3. ენტონი გიდენსი, სოციოლოგია, თბილისი, 2011 წელი.
  4. „ექსისტენციალიზმი ფილოსოფიის არსების შესახებ“, ედუარდ კოდუა, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1984 წელი. გვ.247
  5. ვახტანგ ერქომაიშვილი, საზოგადოებათმცოდნეობის საკითხები. თბილისი, 1988 წ. გვ.221
  6. შოთა ნადირაშვილი „განწყობის ფსიქოლოგია“, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1983 წელი.
  7. Социология для всех. В. Шляпентох. Издательво Советская Россия. 1970 г
  8. დ.უზნაძე, ზოგადი ფსიქოლოგია, თბილისი, 1940 წ. გვ.67
  9. Koffka K., Beitrage zur Psuchologie der Gestalt, 1919
  10. Rochracher H., Die Arbcitsweise des Cehirrs und die psychischen Vergonge, munchen, 1967
  11. დ. უზნაძე, შრომები, ტომი მეექვსე, თბილისი, 1977 წელი
  12. ფსიქოლოგიის საფუძვლები.. ირაკლი იმედაძე, გამომცემლობა მწიგნობარი. თბილისი. 2011 წ. გვ.168
  13. მარინა ბალიაშვილი, სოციალური ფსიქოლოგიის დაწყებითი კურსი, გამომცემლობა „მწიგნობარი“, თბილისი. 2013 წელი.
  14. Перспективы. Вопросы образования, 1987, N 1. ст. 143
  15. გუსტავ ლე ბონ, მასების ფსიქოლოგია
  16. В. ФРАНКЛ, человек в поисках смысла, Перевод с английского и немецкого; Общая редакция кандидатов психологических наук Л. Я. ГОЗМАНА и Д. А. ЛЕОНТЬЕВА, Москва издательство «Прогресс» 1990
  17. ო.ცისკარიშვილი. „მედიაში სოციალური საკითხების გაშუქების ელემენტები.“ გამომცემლობა „უნივერსალი“. 2014 წელი.
  18. Arnold. The Human Person. New York, 1954, p. 40.
  19. MEDIA@LSE Electronic MSc Dissertation Series; Media Framing of the 2009-2010 United States; Health Care Reform Debate: A Content Analysis of U.S. Newspaper Coverage; Christina Brown, MSc in Politics and Communication 2013 . გვ.5
  20. Media Framing: a Comparative Content Analysis by Margaret Cissel. 2012

 

 

 

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s