დღეს, 24 თებერვალს, მზიურის პარკში ფოტო-აქცია „არა ჰესებს არაგვზე“ გაიმართა, სადაც გუდამაყრელი ახალგაზრდები შავ არაგვზე ჰესების დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებდნენ.
გუდამაყრის ხეობაში, შავ არაგვზე, ორი ჰესის – „შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1“ – იგეგმება, რომელსაც შპს „სოლოენერჯი“ განახორციელებს. ორივე ჰესის მშენებლობა მდინარე არაგვის ბუნებრივი კალაპოტიდან მილებში გატარებას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აშენდება დერევაციული ტიპის ჰესი.
ჰესების მშენებლობის შესახებ საზოგადოებამ ერთი თვის წინ შეიტყო.
აქციაში მონაწილე ახალგაზრდების თქმით, შავი არაგვი არის მთის მდინარე, რომელსაც ახასიათებს ღვარცოფი, მდინარე 2017 წელს კალაპოტიდან გადმოვიდა და მის კალაპოტში დასაბრუნებლად, ხეობაში, ახლაც რამდენიმე მძიმე ტექნიკაა შესული. „ასეთი მდინარის მილში გატარება, რა თქმა უნდა, დიდი საფრთხის შემცველია, რადგან ადგილაზე, სადაც მშენებლობა იგეგმება, ყველაზე მეტი მოსახლეობაა,“ – გვეუბნება საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ადგილობრივები თვლიან, რომ გუდამაყარი ტურისტულ პოტენციალს მთლიანად დაკარგავს, რადგან ერთად ერთი სიმდიდრე, რაც ხეობას აქვს, მისი უნიკალური ბუნებაა. უამრავ ახალგაზრდას მოუსპობს მომავალ გეგმებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ გუდამაყარში მამა-პაპისეულ მიწას დაუბრუნდნენ, და თავისი მცირე წვლილი შეიტანონონ ტურიზმის განვითარებაში, თუნდაც საოჯახო სასტუმროების გაკეთებით.
მზიურში შეკრებილი აქტივისტები ამბობენ, გუდამაყრის ხეობაში ჰესების აშენების პროტესტში მოქალაქეების ჩართულობა გაცილებით დიდია, ვიდრე მანამდე რომელიმე ჰესის აშენების პროტესტიასა იყო. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა პეტიცია, რომელიც მიმართული იყო გუდამაყარში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ, და სულ რაღაც 5-6 დღეში, 5 000 ხელმოწერა შეგროვდა. ორგანიზატოერები აპირებენ, რომ ხელმოწერების რაოდენობა გაზარდონ. 31 მარტს, გუდამაყარში სახალხო კრება გაიმართება, სადაც ხეობა კიდევ ერთხელ ეტყვის ე.წ. „განვითარებას“.
„ჩვენ ვიმყოფებით „სკოპინგის ანგარიშის“ პერიოდში. ნებართვა ჯერ გაცემული არ არის და არც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი დაწერილა. ველოდებით გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას. ასევე, მივმართეთ პარლამენტსაც, სადაც დაგვპირდნენ, რომ მარტის თვეში ჩაინიშნება ზოგადად ჰესებსა და მათ შორის, კონკრეტულად გუდამაყრის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა. თუ კომპანიას მშენებლობის ნებართვას მაინც მისცემენ, მოსახლეობა მიმართავს უკიდურეს ზომებს და ჩვენ ყველაფერზე წამსვლელები ვართ, რაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის, თუნდაც გზის სრულიად გადაკეტვა მოგვიწიოს, ჰესების მშენებლობას არ დავუშვებთ!” -აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გუდამაყრის საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხატია მაღლაფერიძე.
ფოტო: გვანცა გახოკიძის