რამდენიმე დღეში მსოფლიო ახალი, 2019 წლის დადგებას იზეიმებს. ადამიანები ამ დღესასწაულს განსხვავებულად აღნიშნავენ. ახალ წელს ზოგი ოჯახთან ერთადაა, ზოგი სამოგზაუროდ მიდის, ზოგს მეგობრებთან ერთად გარეთ ყოფნა ურჩევნია… ჩვენ დავინტერესდით როგორ, სად და ვისთან ერთად ხვდებიან დღესასწაულს ჩვენი თანამოქალაქეები, ამიტომ ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ. ჩვენთან საუბარში რესპოდენტთა უმრავლესობამ თქვა, რომ ახალ წელს სახლში, ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნავს.
„ახალ წელს ალბათ გზაში შევხვდები, ჩემს დებთან ერთად. სამსახურს საკმაოდ გვიან ვრჩები და სოფლის სახლში მშობლებთან ჩასვლას 12 საათისთვის ვერ მოვახერხებ,“- ამბობს ჩვენთან საუბარში 23 წლის მაიკო, რომელიც ბანკში საკრედიტო პროდუქტების მენეჯერია.
„ახალ წელს სახლში ვხვდები, ოჯახის წევრებთან ერთად,“ – გვპასუხობს 26 წლის ბარბარე, რომელიც პროფესიით მასწავლებელია.
„ახალი წელი ძალიან მიოყვარს, ასაკის მიუხედავად, მაინც ბავშვად დავრჩი (იცინის). მჯერა, რომ ყოველი ახალი წელი რაღაც ახალს, კარგს მოიტანს, ოცნებები ამიხდება და ჩემი სურვილები რეალობად იქცევა,“ – გვიყვება 25 წლის ანა, რომელიც ჯარისკაცია.
„ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები, მერე მეგობრებთან მივდივარ სტუმრად,“ -ამბობს სტუდენტი თორნიკე.
„გადავწყვიტე ახალ წელს მეუღლესთან ერთად შევხვდე ახალციხეში, ღია ცის ქვეშ, შემდეგ კი დღესასწაულის აღნიშნვას სახლში გავაგრძელებ“,- ამბობს 31 წლის, პროფესიით მასწავლებელი ცისანა.
„ახალ წელს სოფელში ქმართან, მოხუც ბებიასთან და შვილთან ერთად ვხვდები, ეს უბედნიერესი ახალი წელია ჩემთვის. სოფელი, თოვლი და სიძველე ძალიან მიყვარს და თან ძალიან უხდება ამ დღესასწაულს,“ – გვეუბნება თათია, რომელიც ილიაუნიში არაქრთულენოვან მოსწავლეებს ქართულ ენას ასწავლის.
„ახალ წელს ბაქოში შევხვდები ახლობლებთან ერთად. მათთან კარგად ვერთობი. ახალი წელი ბაქოში ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება,“- ამბობს 19 წლის სტუდენტი არზუ.
„ თუ ჩემი მაზლი ჩამოვიდა გერმანიიდან (იცინის), ახალ წელს ოჯახთან ერთად, ქალაქგარეთ შევხვდები, თუ არა – სახლში აღვნიშნავ, ოღონდ თბილისში,“ – გვპასუხობს 25 წლის ახალგაზრდა მასწავლებელი თამარი.
„როგორც ყოველთვის ახალ წელს ზესტაფონში, ოჯახთან ერთად შევხვდები, მერე კი მთელი ღამის მეგობრებთან ერთად გატარებას ვგეგმავ,“- გვეუბნება 24 წლის ნანა.
და თქვენ ვისთან ერთად და როგორ ხვდებით, ახალ 2019 წელს?