RSS

ფსიქიკური პრობლემა – ეს ყველას შეიძლება შეგვეხოს

11 დეკ

ოლიკო ცისკარიშვილი

ჩემი მეგობრის ბებია, 83 წლის იყო რომ გარდაიცვალა… რამდენიმე წლით ადრე, დემენცია დაეწყო, თუმცა მაშინ ოჯახის წევრები ვერ მიხვდნენ რა სჭირდა მოხუცს. ის იპარებოდა სახლიდან: პოულობდნენ ხან სად და ხან სად. ხშირად შინ  პატრულს მოყავდა. ბოლოს კი, სახლში, სადაც ჩვილი ბავშვი იზრდებოდა, ღამე ანთებული ასანთით მძინარეებს დაადგა თავზე… საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი ოთახი დაიწვა. ის კი ამბობდა, რომ ეშმაკების განდევნის რიტუალს აწარმოებდა. ისე გარდაიცვალა, ყველას ეგონა, რომ მას უბრალოდ, სკლეროზი ჰქონდა…

უფრო რთული მდგომარეობა ჰქონდა ჩემი ქმრის ბებიას, რომელიც ჩემს დედამთილთან ცხოვრობდა. გარდა იმისა, რომ ოჯახის წევრები აღარ ახსოვდა, საკუთარ შარდს და განავალს აგემოვნებდა. ის, ათიოდე წლის წინ, 85 წლის გარდაიცვალა. რთული იყო მისი მოვლა სახლში, თუმცა ათი წლის წინ კი არა, დღესაც არაა სერვისები, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე მოხუცებზე იმუშავებს.

სწორე, ამაზე მელაპარაკა, ერთ-ერთი პატრულის თანამშრომელი, რომელიც ჩემმა სტუდენტმა გამოიძახა. შარშან, სტუდენტურ მედიატურზე წასვლის ნაცვლად,  უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები ოჯახში ძალადობის ფაქტს შეესწრნენ. მოხუც ქალს გამეტებით სცემდა შვილი. დასისხლიანებული მოხუცის დანახვისთანავე პატრული გამოიძახეს. პატრულს მოჰყვა სასწრაფო. ვიდრე პატრული ადგილამდე მოაღწევდა, მოხუცის შვილი ჩვენც გვაგინებდა და გვლანძღავდა და იმ მეზობლებსაც, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ შვილი მუდმივად ძალადობდა დედაზე. პატრულმა და სასწრაფომ, კი ცემის ფაქტი, ფაქტობრივად, არ დაადასტურა და ისე, არაოფიციალურად გვითხრა, რომ ასეთი შემთხვევები ბევრია, თუმცა ქალბატონს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ასეთი პაციენტებისთვის თავშესაფრები არ არის. მისთვის, ისევ ოჯახში დარჩენა ჯობიაო. რეალობა კი მართლა ასეთია, საქართველოში, არ არსებობს სერვისი, სადაც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება მომსახურება. ოჯახი კი ხშირად ვერ უძლებს იმ წნეხს, რომელიც ამ დაავადების მქონე პაციენტების მოვლისას ხვდებათ. ამიტომ, ხშირად ოჯახიც უარს ამბობს მათ მოვლაზე და ეს ადამიანები ღია ცის ქვეშ ხვდებიან, სრულიად დაუცველები და ღვთის ანაბარად მიტოვებულები.

სტატისტიკა საგანგაშოა, საქართველოში, 100 ათასი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანია რეგისტრირებული.

ხშირად, როცა ვკითხულობ სოციალურ ქსელში ახალ ამბებსა და სტატუსებს, ვფიქრობ, რომ ასი ათას კი არა, მთლიანად ერია ფსიქიკური პრობლემების… უამრავი ადამიანი კი სტატისტიკის და სახელმწიფოს თვალთახედვის მიღმაა დარჩენილი. ამიტომაც აღარ მიკვირს სტატისტიკა: ფსიქიკური პრობლემა მსოფლიო მოსახლეობის 20 პროცენტს აწუხებს. 25 პროცენტს ცხოვრების განმავლობაში, გარკვეულ მომენტში, დაავადება განუვითარდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2013 წლისთვის ეს დაავადება იქნება მეორე დაავადება, გულსისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ.

სახელმწიფოში აუცილებლად უნდა იყოს სერვისები, რომ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს შეეძლოთ მომსახურების მიღება, არადა, რისკის ქვეშ, ნებისმიერი ჩვენგანია… არავის აქვს გარანტია, რომ მას არ შეექმნება ეს პრობლემები. ამიტომ, სახელმწიფოს მუდმივად უნდა შევახსენოთ – ამ  სერვისების განვითარება აუცილებელია.

მუდამ იმას ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ფსიქიკური პრობლემები, რადგან წარმოუდგენლად მეჩვენება რამდენიმე ომგამოვლილ, შიმშილსა და სიცივეს გადარჩენილ თაობას არ ქონდეს ფსიქიკური პრობლემები.. ამას ზოგი როგორ გამოხატავს და ზოგი როგორ… ამიტომ, არავინ ვართ დაზღვეული იმისგან, რომ რამდენიმე წელიწადში, მწვავე ფსიქიკური პრობლემების წინაშე დავდგეთ… სახელმწიფოში კი სულ რამდენიმე სერვისია, სადაც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს შეუძლიათ მკურნალობა და იქაც, მომსახურების დაბალი ხარისხი, ადამიანთა უფლებებისა და ღირსების შელახვა, ანტისანიტარია და ა.შ. ხშირად კი, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, იმის მაგივრად, რომ კვალიფიციური დახმარება მიიღონ, ციხეებში ხვდებიან…

ყველაზე მწვავედ ამ სერვისების არ არსებობას მაშინ ვგრძნობ-ხოლმე, როცა საბურთალოზე, მეტრო პოლიტექნიკურიდან სააკაძის მოედნამდე ფეხით გავდივარ… ამ მანძილზე რამდენიმე ადამიანი მხვდება, რომლებსაც აშკარად ფსიქიკური პრობლემები აქვთ… ზოგი არ არსებულ ტელეფონზე გაბრაზებული ლაპარაკობს, ზოგი არ არსებულ მუსიკაზე ცეკვავს.. ზოგი სიცივეში ფეხშიშველია და ა.შ.

პოლონეთში, როგორც რამდენიმე კვირის წინ მითხრეს იქაურმა ექსპერტებმა, 4 მილიონ 500 ათასი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანია. ჩვენ, კი 3 მილიონნახევარი ძლივს ვართ… და აქედან, მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკით, ასი ათასი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი, მართლა დიდი ციფრია… თუ არ ვიზრუნეთ სათანადო სერვისების განვითარებით, პრობლემები უფრო და უფრო იჩენს თავს. ეს არაა ყურით მოთრეული პრობლემა, ეს ყველა ჩვენგანს ეხება. ხვალ, შეიძლება სიცივეში, ფეხშიშველმა მე ვიცეკვო არარსებულ მუსიკაზე და ვუყვირო არარსებულ ტელეფონზე არარსებულ ადამიანებს… ან შეიძლება შენ, რომელიც ახლა ამას კითხულობ და ალბათ, გულში ფიქრობ: – არაა, მე ეს არ შემეხება…

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s