საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და ქვეყნის ყველაზე გავლენიანმა მოქალაქემ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოში მოქმედი ჟურნალისტებიდან, მხოლოდ სამი ჟურნალისტისთვის მიეცა ინტერვიუ – ისიც მხოლოდ ტელეკომპანიის პოლიტიკური თოქ–შოუს წამყვანებისთვის – ეკა კვესიტაძე (რუსთავი 2), დიანა ტრაპაიძე (ტვ პირველი) და ირაკლი ჩიხლაძე (ტვ იმედი).
„დღეს, რომ გამორთონ „რუსთავი 2“, ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუს დროს. ყოფილი პრემიერი მოსახლეობას ტელეეთერიდან მოსახლებას უმტკიცებს, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია ეკონომიკური ზრდის მიხედვით, მაგრამ მოსახლეობა ამას ვერ ამჩნევს, რადგან რუსთავი 2 საპირისპიროს ამტკიცებს.
ალბათ, ის, მედიაში მხოლოდ ტელევიზიებს მოიაზრებს და არ იცის, რომ ქვეყანაში კიდევ უამრავი ჟურნალისტია, რომელიც ობიექტურად ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის თავისუფალი ჟურნალისტებიც, ბლოგერებიც.
მედიასა და მის ურთიერთობას, თავი გავანებოთ. მის განცხადებას, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია ეკონომიკური ზრდის მიხედვით, ამ თემას დავუბრუნდეთ და საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში არსებულ მდგომარეობას შევეხოთ.
მთავრობამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია მიიღო 2014-2021 წლებისთვის. რეგიონის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული განვითარების საბჭომ მხარეში მოქმედი ყველა თვითმმართველი ერთეულისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა თანამონაწილეობით, მოიწონა საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ და 2013 წლის 19 სექტემბერს დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. დოკუმენტი მომზადდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროექტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის აღმასრულებელი პარტნიორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
დოკუმენტი – “აყვავებული” რეგიონი
საქართველოს მთავრობის განკარგულება #1374 2013 წლის 19 სექტემბერი ქ. თბილისი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტისა და ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 14 ნოემბრის დაფინანსების ხელშეკრულების („საქართველოს რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა“) მე-2 დანართის (ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები) შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგია“. ამ დოკუმენტს ხელს აწერს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
რა წერია დოკუმენტის 30 გვერდზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერა აქვს: რეგიონის ხედვა 2021 წლისთვის რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში: – მოქმედებს ფართო უფლებამოსილებებითა და სათანადო რესურსებით აღჭურვილი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის ქმედითი ჩართულობით უზრუნველყოფენ რეგიონის მდგრად განვითარებას; – ჩამოყალიბებულია ეკონომიკური განვითარების სტიმულირების ქმედითი ინსტიტუციური და საფინანსო მექანიზმები, უზრუნველყოფილია ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ინვესტიციების მოზიდვა და მნიშვნელოვნად გაზრდილია რეგიონში წარმოებული დამატებული ღირებულებისა და მოსახლეობის რეალური დასაქმების მაჩვენებლები; – უზრუნველყოფილია რეგიონის ტყის, წყლისა და წიაღისეული რესურსების ეფექტიანი გამოყენება; – მოდერნიზებულია სოფლის მეურნეობა, არსებითადაა გაზრდილი მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქტიულობა და განვითარებულია აგროწარმოება; – მაღალია რეგიონის საინოვაციო განვითარების დონე; – განვითარებულია რეგიონის ძირითადი ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურა და შექმნილია მიმზიდველი ტურისტული მარშრუტები; – განვითარებულია რეგიონის საბაზო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ყველა ძირითადი საზოგადოებრივი მომსახურებით; – მოქმედებს განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და კვალიფიციური კადრებით აღჭურვილი და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი სისტემები; – გაფართოებულია რეგიონის კულტურული და სასპორტო ობიექტების ქსელი და გაუმჯობესებულია მათი ინფრასტრუქტურა; – აღინიშნება მოსახლეობის მატება და ასაკობრივი სტრუქტურის პოზიტიური ცვლილება; – მნიშვნელოვნად არის შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი და უზრუნველყოფილია მოსახლეობის ქმედითი სოციალური დაცვა; – უკეთ არის დაცული გენდერული თანასწორობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში; – შენარჩუნებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემო და მოქმედებს გარემოს დაცვის ქმედითი სისტემა.
რეგიონის პრიორიტეტული მიზნები და ამოცანები კი ასეა ჩამოყალიბებული: ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარება; რეგიონის ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვა–გამოყენება; მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა; საბაზისო ინფრასტრუქტურის და მშენებლობის განვითარება; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა; ტურისტული ინდუსტრიის მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა; უცხოური ინვესტიციების მოზიდვა; რეგიონის ბრენდის შექმნა; კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მოწესრიგება; ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება; განათლების, კულტურის და სპორტის განვითარება; გარემოსდაცვითი საქმიანობის გაუმჯობესება; მედიისა და სამოქალაქო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გენდერული; უთანასწორობის შემცირება.
ალბათ მას ჰგონია, რომ სწორედ ისე ვითარდება რეგიონები, როგორც ამგვარ დოკუმენტებშია აღწერილი, რომელსაც ის ხელს აწერს. და სწორედ, ამიტომ ცდილობს მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ ქვეყანაში წინსვლაა. ვერ შეგპირდებით, რომ ყველა პუნქტს ზედმიწევნით განვიხილავთ, თუმცა ვეცდებით, რომ რეალური სურათი გაჩვენოთ როგორ ვითარდება საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი, კონკრეტულად კი, ქვემო სვანეთში – ლენტეხის მუნიციპალიტეტში.
რეალობა
რეგიონს მართლაც აქვს განვითარების პერსპექტივა, თუმცა რეალობა სულ სხვაა და არა ისეთი, როგორც ზემოხსენებულ დოკუმენტში წერია, რადგან მთავრობას ხშირად ავიწყდება, რომ ის ხალხის არჩეულია.
ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2400 ოჯახიდან 40 პროცენტზე მეტი სოციალურ დახმარებას იღებს. ეს იმიტომ, რომ ახალგარზდების უმრავლესობამ თავისი კუთხე დატოვა და საშოვრისთვის ან დედაქალაქს მიაშურა ან საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოს საძებნელად. ქვემო სვანეთში კი, მხოლოდ მოხუცები დარჩნენ.
სოფელ ხელედში, სადაც მხოლოდ 60 კომლამდეა დარჩენილი მოსახლეობა, რაიონული ცენტრიდან, ლენტეხიდან 6 კილომეტრშია, თუმცა იქამდე ასვლას, დაახლოებით საათნახევარი მოვანდომეთ, რადგან საშინლად მოუწესრიგებელია გზა. როცა სოფლის მოსახლეობასთან გასაუბრება გადავწვიტეთ სოფლის პრობლემებზე, რამდენიმემ აგრესიულადაც კი შემოგვიბრუნა კითხვა – რა პრობლემებზე სალაპარაკოდ ამოხვედით? ვერ ხედავთ თავად რა პრობლემებია? მოგეწონათ ის გზა, რომლითაც მოხვედით?
„გზას რომ გააკეთებდნენ, ორი საათი რომ ვანდომებთ, ნახევარ საათში ამოვიდოდით ცენტრიდან. გზა მნიშვნელოვანია სოფლისთის,“ – გვითხრეს ხელედელებმა.
„სოფლის ყველაზე დიდი პრობლემაა უგზობაა, ადგილობრივი ბიუჯეტი არაა იმდენი რომ შეძლოს გზის გაკეთება,“ – ამბობს 53 წლის ჯეირან გვიჩიანი, რომელიც სოფლის სხვა პრობლემებზეც გველაპარაკება, – „დაიცალა სოფელი. დარჩა 60 ოჯახი, ზამთარში საიდანაც კვამლი ამოდის,“ – უგზობაა ნარჩენების პრობლემებზეც აისახება. იმის გამო, რომ ნარჩენების გატანა არ ხდება სოფლიდან, მოსახლეობა პირდაპირ მდინარე ხელედურაში ყრის ნაგავს, – „სოფელში არაა ურნები და შესაბამისად არ გააქვთ სოფლიდან. როცა არაა ნაგავსაყრელი, სად წავიღოთ ნაგავი?“ – ამბობს ის.
„მთის პრობლემა მიგრაციაა, ახალგაზრდები მიდიან, თავი ხომ უნდა ირჩინონ. ძირითადად სოფლის მეურნეობით ირჩენენ თავს. იმდენი მოსავალი არაა რომ წლიდან წლამდე გეყოს, კარტოფილი, სიმინდი, ლობიო, აქ რა აკეთონ. სოფელი მრავალრიცხოვანია ქვემო სვანეთში, ასამდე ოჯახია, მიგრაციის ძრითადი მიზეზი დაუსაქმებლობაა. მთაში ბუნებრივია, რომ ყველა სოციალურად დაუცველია,“ – გვეუბნება სოფელ ხელედის მკვიდრი ლალი, რომელიც ასევე საუბრობს სახელმწიფო პროგრამების გაცემის უსამართლობაზეც.
„პროგრამა „აწარმოე საქართველომ“ დაღუპა ქვეყანა. ვისაც აქვს, ისევ იმას აძლევენ. ათასჯერ დავწერე პროექტი და არ დამაფინანსეს, ზუსტად ვიცი, რომ ახლობლობით აკეთებენ. პარტიული ნიშნითაც ხდება პროექტების გაცემა,“ – ამბობს ერთ-ერთი ხელედელი.
სოფელ წანაშიშიც იგივე პრობლემებზე გველაპარაკებიან. ახალგაზრდა წანაშიდან გვეუბნება, რომ რამდენიმე დღეში ქვეყანას ტოვებს. „რა შემთხვევაში არ დავტოვებდი სამშობლოს და… თუ დასაქმებული ვიქნებოდი არ წააიდოდი, თუნდაც ფიზიკურად… მაგალითად, რამე საწარმო რომ იყოს.“
სოფელში, სადაც ახლა მხოლოდ 40 ბავშვი სწვალობს, ძირითადად მოხუცები არიან დარჩენილნი. „ახალგაზრდები ყველა წასულია, თავად სამი შვილი მყავს და სამივე წასულია ცოლ-შვილიანად, რა გააკეთონ აბა, ასეა არიან სხვებიც. აქ ძირითადად პატარა ნაკვეთები გვაქვს, ვჯახირობთ, ვწვალობთ, ჩვენ ბებრები სადამდეც შეგვეძლება ვიმუშავებთ,“ – რცხმელურელი ცაცა ტვილდიანიც მიგრაციაზე წუხს.
„დაცარიელდა სოფელი, ახალგაზრდები წავიდნენ, მარტო ჩვენ ვართ. საქონელიც გვყავს, ფრინველიც, შემოსავლის წყარო მხოლოდ პენსიებია. სოციალური დახმარებები. ყველი იმდენი გვაქვს ბავშვებს ძლივს ვუგზვანით. ეს პენსიაც 216 ლარია, და წამლებში გვეხარჯება. ძალიან გვინდა გაზი რომ შემოვიდეს. 870 ლარი მაქვს შეშაში გადახდილი. ყველაზე კარგი სოფელი იყო სვანეთში, მაგრამ შემოსავლიანი არაა, კარტოფილი არაა, სიმინდი გააფუჭა ფაროსანამ, ყურძენი და პამიდორიც გაფუჭდა. ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, ახალგაზრდები რომ დაბრუნდნენ. მიწაზე მუშაობა ახალგაზრდებს არ უნდათ, იყო ჩემი შვილი იწვალა და არაფერი გამოვიდა,“ – გვიყვება 66 წლის ზურაბიანი დარეჯანი სოფელ რცხმელურის მკვიდრი.
ლენტეხის რაიონის ეს სოფელი სხვა სოფლებისგან იმით გამოირჩევა, რომ სოფელზე გზა გადის. „ეს გზაც სამი წელია დაგვიგეს, არ ვართ უკმაყოფილი, მაგრამ მარტოობა რომ გვაქვს იმით ვართ უკმაყოფილო,“ – ამბობენ ისინი, თუმცა გზა მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალზეა დაგებული და თავად სოფელში როგორც გზა, ასევე ხიდებიც მოუწესრიგებელია, მოსახლეობა დარდობს, რომ ჩამტვრეულ ხიდებზე შეიძლება საქონელი დაშავდეს.
83 წლის ვაჟა ტვილდიანი იხსენებს, რომ ხვალმნარში ისეთი ბარაქიანი მიწები იყო, მოგვყავდა ჭარხალი, თამბაქო, ნიგოზი, კანაფი, რომლისგანაც თოკებს აკეთებდნენ და ჭილოფებს ქსოვდნენ… „მიგრაციის მსახვრალი ხელი შეგვეხო, 84 ოჯახი დაკეტილია უკვე. ვიზალიბერალიზაციამ, ევროპისკენ, გაუყენა გზას ახალგაზრდები“ – ამბობს ის, – იქ დასაშვებია ისეთი რაღაცეები რაც ჩვენ ტრადიციულად არ გვაქვს და ახალგაზრდობას იზიდავს, თავისუფლების ხიბლით არიან წასულები თორემ აქ რა გასაჭირი იყო, აქ მოდიოდა, სიმინდი, ბოსტნეული. იმისთვის რომ ახალგაზრდობა აქ დაკავდეს, უფასოდ უნდა ღებულობდეს განათლებას. პენსია უნდა იყოს მაღალი. მთა მაინც მთაა, უმთოდ ბარი არ ვარგა, არც ბარი ვარგა მთის გარეშე. მთა უღალატოა,“ – ამბობს ვაჟა ტვილდიანი და კურიოზსაც იხსენებს, როცა სოფელში ბანერებს აკეთებდნენ, მდინარეზე დაამაგრეს ბანერი, სადაც წერია რომ ეს მდინარე არის „რცხმელიშური“, თუმცა მდინარეს რეალურად ქვია „სახრაულა“ და მთა სახრაულადან, მოედინება სოფელში. მოხუცს შენიშვნა მიუცია ბანერის გამკეთებლებისთვის, მათ კი ყურად არ უღიათ მისი შენიშვნა, ასე, რომ თუ მდინარე სახრაულას ეძებთ, ბანერი მის ადგილმდებარეობას ვერ მიგასწავლით, რადგან, სახელი თვითნებურად გადაარქვეს და ამჟამად რცხმელიშურად იწოდება.
„ჰესის ნაცვლად, ამ ხეობაში, სათხილამური გზები რომ გააკეთონ ტურიზმი განვითარდება, ინფრასტრუქურას მიხედონ. ზემო სვანეთის დამაკავშირებელი გვირაბი ამ ხეობიდან რომ გაკეთდეს, ტურიზმი განვითარდება, 8 სოფელია დაცლილი უკვე. აქეთ რომ გაიროს გზამ უკეთესი იქნება, მთელი ხეობა შენარჩუნდება. დაბრუნდება ხალხი, მოეკიდება სოფლის მეურნეობას. იქითა ხეობაში, სადაც გვირაბის გაკეთება იგეგმება არაა მოსახლეობა. ახლა კი აქ, ზამთარში გზა არაა, ვინმე ავად რომ გახდეს, სასწრაფოც ვერ ამოვა. არაა ამბულატორიაც. ზაფხულში აქ ჯომარდობაც იმართება, ჩამოდიან ხოლმე უცხო ქვეყნებიდან ტურისტები. ჰესის აშენებით ეს დაიკარგება. ჩვენს მიგრანტები ვართ, ოღონდ საქართველოში. ჩვენი ხეობა ისეთი ჩაკეტილია, საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება. თავს ვიკავებ რომ არ წავიდე, მინდა რომ ჩვენს ქვეყანაში ვიყო, – ამბობს 33 წლის ალპინისტი, სოსო ლიპარტელიანი, რომელიც სასიმაღლო სამუშაოებს ასრულებს, – არის პოტენცია იმის რომ სპორტს მიეხედოს, დიდი წარმატებები გვაქვს სპორტში.“
ორიოდე თვის წინ, ლენტეხის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა, შეხვედრისას გვითხრა რომ მცირე ბიუჯეტის გამო ვერ ვითარდება ტურიზმი.
ჰესის პრობლემა ქვემო სვანეთში
ჰესი „ხელედურა 3“-ის მშენებლობის სამუშაოები უნდა აწარმოოს შპს „ხელედურა ენერჯიმ“ და ექსპლუატაციის პროექტი შეადგინა შპს „გამა კონსტალგინმა.“ მათივე მტკიცებით, პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. პროექტის მიხედვით, მდ. ხელედურაზე აშენდება „დამბა ერთი“, რომლიდანაც მდინარე გვირაბის საშუალებით, (გვირაბის სიგრძე იქნება 3236 მეტრი, სიგანე კი 4,85 სმ, სიმაღლე 4.25 მ.) შეუერთდება მდინარე დევაშს. პროექტის მიხედვით, ხელედურაზე ჩამომდინარე წყლის ნახევარი დარჩება და დანარჩენი გვირაბში გავა. გვირაბის გაყვანისას მოხდება აფეთქებითი სამუშაოებიც, რომელიც უამრავ პრობლემას წარმოშობს. მათ შორის სასმელი წყლის დაკარგვა, ასევე საცოხვრებელი სახლების დაზიანება, ქვათაცვენა და ა.შ.
მდინარე ხელედურა ისედაც ღვარცოფული ბინების მდინარეა და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს-ხოლმე დასახლებულ პუნქტს. ღვარცოფული მოვლენის შედეგად 2005 წელს და 2011 წელს სერიოზული ზიანი მიაყენა სოფ.წინაშის, იფხალდის და ლესემის მოსახლეობის ინფრასტრუქტურას და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.
დამბის ქვემოთ, სოფ. წნაშში, იფხალდში და ლესემაში მდინარეს უერთდება შენაკადები, ისინიც ღვარცოფული ბუნებით ხაისათდებიან და დიდი რაოდენობით ნატანი ჩამოაქვთ. ძირითადი გამწმენდი ხელედურაა. წყლის დონის დაკლების შემთხვევაში შენაკადები სერიოზულ საფრთხე შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. პროექტის არეალში ექცევა შემდეგი სოფლები: იფხალდი, წანაში, ლესემა.
ხელედის თემში უკანასკნელი მონაცემებით, 1219 ადამიანი ცხოვრობს და ისინი ჰესის აშენების შემთხვევაში, ყველა რისკის ქვეშაა.
რამდენიმე კვირის წინ, ლენტეხში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქციები მოაწყეს. პროტესტს თურქული კომპანიის უკან დახევა მოჰყვა. თუმცა როდემდე უცნობია.
„ჰესის მშენებლობის სარგებელი ვერავინ დაუსაბუთა მოსახლეობას, რომ სარგებელი უფრო მოაქვს ვიდრე ზიანი, ამ შუალედშია გაჩერებული მშენებლობა, დასაბუთებას ითხოვს მოსახლეობა, გეოლოგიური დასკვნა დადეს და უფრო უარყოფითია ვიდრე დადებითი, – გვეუბნება ხელედში მცხოვრები ლალი.
80 წლის დავით ლიპარტელიანი კი სხვაგვარად ფიქრობს: „ააშენონ ჰესი, რაც უფრო კარგს გააკეთებენ მით უკეთესი,“ – მისი აზრით, ჰესის მშენებლობას გზის და ინსფრასტრუქტურის მოწესრიგებაც მოჰყვება.
„ხე-ტყის გაჩეხვა ეროზიას იწვევს და მოსახლეობა ცდილობს ხე-ტყე არ დაჩეხოს, თუმცა, სოციალური ჭრებით ვსარგებლობთ ზამთარში, 5-6 კბ გვჭირდება ზამთარში, ზაფხულშიც შეშას ვხმარობთ. ჰესი რომ აშენდება შეშის პრობლემა არ გადაწყდება. ინვესტორები არ გვეუბნებიან რომ დენი უფასო იქნება და ამიტომ არიან წინააღმდეგი მოსახლეობა. ჰესის აშენებას დადებითიც და უარყოფითი შედეგებიც მოჰყვება. დადებითი – გზას გაიყვანენ, ადგილობრივებს დაასაქმებენ. მოსახლეობის უმრავლესობა ჰესისი წინააღმდეგია, პატარა ჰესები არაა იმდენად საშიში, რომ გარემოს ზიანი მიადგეს,“ – ამბობს ჯეირან გვიჩიანი.
სხვაგვარად ფიქრობს სოფელ წანაშის მკვიდრი ზაზა ლიპარტელიანი: „ორი წელია სამართლებრივი ბრძოლა მიმდინარეობს. ეს სტიქიის ზონაა და აქ თხრიან ამ გვირაბებს. ნებისმიერმა უწყებამ იცის ამის შესახებ, ეს სოფელი შეფიცულია ეკლესიის ხატზე, ესა მავნებელი ჩვენთვის, ბუნებისთვის, სრულიად სვანეთისთვის. ეს პროექტი არ უნდა გაკეთდეს. სოფელი დგას ერთად. თურქულმა კომპანიამ მიწები უკვე იყიდა, იქ უნდა აშენდეს მათი სოფელი, მათ ჩამოყავთ მუშა-ხელი, ამას ქვემო სვანეთი არ დაუშვებს..“ – ამბობს ის და გველაპარაკება „სირცხვილის წიგნზეც“, რომელიც სვანეთში უძველესი დროიდან მოდის. ისინი აპირებენ „სირცხვილის წიგნში“ შეიტანონ ის ადამიანები, რომლებმაც მიწები გაყიდეს უცხოელებზე და ვინც ეს პროექტები „შემოაპარეს“ რეგიონში. „ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს სწირავდნენ და ეხლა ზოგიერთი, თავისი ნებით ყიდიან უცხოელებზე,“ – ამბობენ წანაშელები..
ასეთია, ქვემო სვანეთის რეალობა და ზემოთხსენებულ დოკუმენტში ნახსენები ამოცანებიდან, ფაქტობრუვად, არც ერთი არაა შესრულებული, პირიქით, პრობლემები ზვავივით აყრიათ მხრებზე…