ოლიკო ცისკარიშვილი
ხუთი დღის წინ, ჩვენი ოჯახისთვის, ერთი ჩვეულებრივი კვირა დღე უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, გავაკეთებდი სადილს, გადავიდოდი ჩემს ძველ მეზობელ-მეგობრებთან, რომლებიც გვერდით კორპუსში ცხოვრობენ, დავლევდით ყავას და ვილაპარაკებდით ამ ქვეყნისა თუ ოჯახების საჭირბოროტო საკითხებზე… სწორედ, სადილის მზადების პროცესში ვიყავი, როცა ჩემმა მეუღლემ გადაწვიტა, სამზარეულოს სკამის შეკეთება, რომელიც გვარიანად შელახულია. ალბათ, წინა დღეს, ჰოლანდიიდან ჩამოსული ჩემი ძმის სტუმრობის გამო, გადაწყვიტა ხელი შეევლო. ე.წ. „ბალგარკა“ (რკინის/ხის საჭრელი მრგვალთავიანი ინსტრუმენტი), რომ აიღო ხელში ცოტა კი შევშინდი და ვთხოვე, ძმისთვის დაეცადა და ერთად გაეკეთებინათ, თუმცა არ დამიჯერა. სამიოდე წუთში კი, სისხლში ცურავდა, ეს საბედისწერო ინსტრუმენტი, ხელიდან აუცდა და ფეხის ტერფი გადაიჭრა, ფაქტობრივად, ბოლომდე. ალბათ, გინახავთ საშინელებათა ფილმებში, როგორც ხდება, სწორედ ისეთი სურათი გადაიშალა ჩემს თვალწინ და უკვე მეხუთე დღეა, თვალებიდან არ ამომდის, გადახსნილი ფეხი, სისხლი, ხორცი… პირველი წამები დაბნევის გარეშე ვმოქმედებდი – „ბალგარკა“ გამოვრთე, ტელეფონი ავიღე და 112-ზე დავრეკე, თუმცა როგორი ადეკვატური ვიყავი და როგორ ვლაპარაკობდი ეს არ მახსოვს… არ დაიბნა ჩემი უმცროსი ვაჟიც – ფეხზე მაისური გადაახვია, რომ სისხლდენა შეეჩერებინა, გულწასული მამის მოტრიალებაც შეძლო. საბედნიეროდ, ზუსტად ორ წუთ ნახევარში მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა.
არ ვიცი, სხვა ადამიანები, როგორ უმკლავდებიან სტრესს და ამგვარ სიტუაციებს, მე კი ვიცი სრულიად გათიშული ვიყავი, ალბათ ეს კიდევ სხვა, ძველი სტრესების ბრალია, მაგრამ ფაქტია, არ შემეძლო ტელეფონის ნომრის გახსენება, ვერ ვხედავდი ნაწერს, ვერ ვწერდი – ხელები მიკანკალებდა და უაზროდ ვცემდი ბოლთას, როგორც კი საავადმყოფოს რეგისტრატურის კარს მიღმა გავიდნენ ავადმყოფი და ექიმი.
ვიდრე მორიგი ექიმი გამოვიდოდა და მეტყოდა, რომ სიტუაცია მძიმეა და ნეიროქირურგიულ ჩარევას ვერ ავცდებოდით და ოპერაცია საკმაოდ ძვირი დაჯდებოდა, რეგისტრატურაში გვითხრეს, რომ სამწუხაროდ, საყოველთაო დაზღვევა არ ეხებოდა ჩემს ქმარს, არც როგორც გადაუდებელ საჭიროების მქონე პაციენტს, არც როგორც ომის ვეტერანს (2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა), არც როგორც უბრალოდ,საქართველოს მოქალაქეს, რადგან ბაზაში არ ჩანსო. თუმცა მერე გვითხრეს, რომ მას დაზღვევა არ ეხება, რადგან მაღალი ხელფასი აქვს… „რა სისულელეა, ვფიქრობ, მთავარია ფეხი შეუნარჩუნდეს.“ „რა მნიშვნელობა აქვს რა დაჯდება, პაციენტის ჯანმრთელობა ჩემთვის უპირველესია,“ – მეუბნება მორიგი ექიმი, რომელსაც მგონი ლაშა ერქვა და ძალიან მადლიერი ვარ მისი სიტყვების, თვალებში ვუყურებ და ვფიქრობ, – „არა, არ იტყუება, ახალგაზრდაა და იმიტომ…“
კიდევ ვრეკავთ, ამჯერად ვეტერანთა დეპარტამენტში, ნომერი რეგისტრატურაში მოგვცეს, იქაც იმავეს გვეუბნებიან, რომ დაზღვევა არ ეკუთვნის, რადგან ბაზაში არაა… რატომღაც მახსენდება, ხუთიოდე წლის წინ, საზღვარგარეთ მივდიოდი კონფერენციაზე, საზღვრიდან უკან გამომაბრუნეს და პასპორტი ჩამომართვეს, თურმე ბაზაში არ ვჩანდი და მესაზღვრეები მიმტკიცებდნენ, რომ საქართველოს მოქალაქე არ ვარ. რამდენიმე დღის შემდეგ კი, მომიხადეს ბოდიში იუსტიციის სახლში და პასპორტიც დამიბრუნეს, რომელსაც ცნობაც მოაყოლეს, რომ ეს პასპორტი მოქმედია და მე მართლაც, ვყოფილვარ საქართველოს მოქალაქე. მაგრამ ბოდიში საქმეს ვეღარ გამოასწორებდა.
ვზივარ საავადმყოფოს ეზოს „ბორდიულზე“ და ვფიქრობ, როგორ ჩაივლის ოპერაცია და ეს ოხერი ფულიც საიდან მოვიტანო, თან თვალებიდან არ ამომდის გადახსნილი ფეხიდან როგორ მოდის სისხლი და ხორცი… ხო, გადახსნილი ხორცის ნაჭრები…
უკვე იმ აზრს ვეგუები, რომ თურმე მდიდრები ვყოფილვართ, რადგან ჩემს ქმარს ათას ლარზე მეტი ხელფასი აქვს… თუმცა თვიდან თვემდე, არასდროს გვყოფნის ეს თანხა, სახლში კი სამი სტუდენტი ვართ… ამდენი გადასახადები… ვფიქრობ და მაინც… იმედს არ ვკარგავ – „არაფერზე ვიტყვი უარს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გადამიხადონ… ბევრს დავწერ, ვიმუშავებ, პროექტებში ჩავერთვები… ეხლა პრინციპულობის დრო არაა, ღმერთი არ გამწირავს… ყოველთვის გამოჩნდება-ხოლმე რამე,“ – თავს ვიმშვიდებ. მოგვიანებით, რეანიმაციიდან გამოყვანილი, ნაოპერაციები ჩემი ქმარიც ამაზე დარდობს…- რამდენი საქმე მქონდა, ეხლა თვენახევარი ვერ გავივლი, რა გვეშველება… ოპერაციის ფულიც საიდან ვიშოვოთ… (ვიშოვეთ, კეთილი ადამიანების წყალობით).
ფაქტობრივად, არასდროს, არასდროს არ გამომიყენებია არანაირი სახელმწიფო შეღავათი, მშიერიც ბევრჯელ ვყოფილვარ, გამოუვალ მდგომარეობაშიც, მაგრამ სახელმწიფოს კი არა, მეგობრებსაც ვერასდროს ვთხოვ ვერაფერს… ყველას თავისი გასაჭირი აქვს. მე ვის მივადგე…
ჩემი ცხოვრების პრინციპი ასეთია – მაქვს ორი ხელი, ორი ფეხი და შეუძლებელი არაფერია… მე თავად უნდა გამოვიმუშავო ჩემი „წყარო არსობისა“ და მორჩა – არავინაა ვალდებული ჩემს წინაშე, არც მორალურად, არც ფინანსურად და არც მატერიალურად… ტყუილად არასდროს, კაპიკს არ ავიღებ – ალბათ, ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო და არ დაგღალოთ, დღეს, უკვე როგორც „მდიდარმა“ გადავწვიტე, მაინც გადამემოწმებინა ეკუთვნოდა თუ არა საყოველთაო დაზღვევა ჩემს ქმარს, როგორც გადაუდებელ პაციენტს… მივქექ-მოვქექე და ჰოი, საოცრებავ, არც ისე მდიდარი ვყოფილვართ, რომ საყოველთაო დაზღვევა არ შეგვეხოს.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლენი არიან: I. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი პირები (გარდა 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირებისა, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა და იმ ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში), რომელთა სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართი N1.1-ით i. პირები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული აქვთ 70 000-დან-100 000 სარეიტინგო ქულა ii. 6-დან 17 წლის (ჩათვლით) ასაკის პირები iii. წლიური 40,000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირები;
დანარჩენი მუხლებიც, ალბათ საინტერესო იქნება მკითხველისთვის, მაგრამ აქ შევჩერდები, რადგან, როცა ჩვენი საერთო ბიუჯეტი დავითვალე, ვერანაირად ვერ აღწევს 40 000 ლარს… ჩემი ქმრის გაორმაგებული ხელფასიც კი ვერ მიაღწევდა ამ თანხას. ასე, რომ ერთადერთი ამ დღეების სიხარული, რომ ვითომ „მდიდარი“ ვყოფილვარ ესეც გაქრა, თავი გაბითურებული მგონია…
ამ ყველაფერს, ალბათ, არც მოვყვებოდი, მაგრამ სახელმწიფო, ან სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეები ალბათ კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს მოატყუებდა და დატოვებდა დახმარების გარეშე. და კიდევ, თუკი დაზღვევა არაა საყოველთაო, და სახელმწიფო ტყუილ ინფორმაციას ავრცელებს, და იმ პუნქტების მიხედვით, რასაც თავად აწესებს არ მოქმედებს, რა გამოდის უკვე ვეღარ ვგებულობ… ნუ, მე კი ვგებულობ, მაგრამ არ მინდა ბოლომდე ვაღიარო…