RSS

ჰესები – ინვესტიცია თუ საფრთხე

18 სექ

ოლიკო ცისკარიშვილი

მეორე ნაწილი

ნენსკრა

სვანეთში, სოფელ ჭუბერში 2018 წლის 6 ივლისს, ძლიერი წვიმის შედეგად, მთა ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრა დააგუბა. დაგუბებულმა წყალმა მეწყრისგან ჩაკეტილი კალაპოტი გაარღვია. ადიდებულმა ნენსკრამ მდინარის პირას მდებარე ნაგებობები და სახლები წაიღო. მთლიანად დაანგრია მდინარეზე არსებული ხიდები. გარესამყაროს არის მოწყვეტილი ჭუბერის ხეობა და 10-ზე მეტი სოფელი. წყალი სოფელ ჭუბერში სამანქანო გზაზეც მოედინებოდა, წაიღო გზებიც… ჭუბერში მაშინდელი მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, ადგილობრივებმა საცხოვრებელი სახლები დროულად დატოვეს და მსხვერპლი არ არის. ჭუბერის მცხოვრებლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ასეთი მასშტაბის სტიქია ჭუბერის ხეობაში ნენსკრა ჰესის მშენებლობამ გამოიწვია, გარემოს დამცველებიც ასე ფიქრობენ, რადგან ჰესის მშნებელობას შეეწირა უამრავი ხე-ტყე, რასაც ბუნებრივი კატასტროფების გაზრდის რისკი მოჰყვა. თუმცა ჰესის მშენებლები და მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები  სხვა აზრზე არიან. ნენკრა ჰესის მშენებლობა კვლავ დღის წესრიგშია.

ჭუბერის წყალდიდობამდე, სვანეთში, მესტიაში, ჰესომანიის წინააღმდეგ პროტესტით გამოვიდა 8 თვის ფეხმძიმე მაგდა გულედანი, იგი მესტიის ცენტრში წინ დაუწვა მძიმე ტექნიკას.  მისმა პროტესტმა ცოტა ხნით შეაჩერა ჰესის მშენებლობა.

„ჩემი მთავარი მოთხოვნაა შეწყდეს ჰესების მშენებლობა, ხეების ჭრა, ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს იმაზე, რაც დღეს ხდება,“ – აცხადებდა სვანეთის მკვიდრი. მაგდანა გულედანმა ალტერნატიულ გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარისა და მზის ენერგიის ათვისება ძალიან კარგი იქნებოდა, – „სასაცილოა და ინგლისი იყენებს მზის ენერგიას. ქვეყანა სადაც იშვიათადაა მზიანი დღეები“. მისი აზრით, თუ სახელმწიფო  არ წამოვა მოლაპარაკებაზე, სვანები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჰესების მშენებლობა დასრულდეს.

ქვემო სვანეთი:

კიდევ ერთი ჰესის მშენებლობა იგეგმება, ქვემო სვანეთშიც, ლენტეხში. ჰესი „ხელედურა 3“-ის მშენებლობის სამუშაოები უნდა აწარმოოს შპს „ხელედურა ენერჯიმ“ და ექსპლუატაციის პროექტი შეადგინა შპს „გამა კონსტალგინმა.“ მათივე მტკიცებით, პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. პროექტის მიხედვით, მდ. ხელედურაზე აშენდება „დამბა ერთი“, რომლიდანაც მდინარე გვირაბის საშუალებით, (გვირაბის სიგრძე იქნება 3236 მეტრი, სიგანე კი 4,85 სმ, სიმაღლე 4.25 მ.) შეუერთდება მდინარე დევაშს. პროექტის მიხედვით, ხელედურაზე ჩამომდინარე წყლის ნახევარი დარჩება და დანარჩენი გვირაბში გავა. გვირაბის გაყვანისას მოხდება აფეთქებითი სამუშაოებიც, რომელიც უამრავ პრობლემას წარმოშობს. მათ შორის სასმელი წყლის დაკარგვა, ასევე საცოხვრებელი სახლების დაზიანება, ქვათაცვენა და ა.შ.

მდინარე ხელედურა ისედაც ღვარცოფული ბინების მდინარეა და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს-ხოლმე დასახლებულ პუნქტს. ღვარცოფული მოვლენის შედეგად 2005 წელს და 2011 წელს სერიოზული ზიანი მიაყენა სოფ.წინაშის, იფხალდის და ლესემის მოსახლეობის ინფრასტრუქტურას და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.

დამბის ქვემოთ, სოფ. წნაშში, იფხალდში და ლესემაში მდინარეს უერთდება შენაკადები, ისინიც ღვარცოფული ბუნებით ხაისათდებიან და დიდი რაოდენობით ნატანი ჩამოაქვთ. ძირითადი გამწმენდი ხელედურაა. წყლის დონის დაკლების შემთხვევაში შენაკადები სერიოზულ საფრთხე შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. პროექტის არეალში ექცევა შემდეგი სოფლები: იფხალდი, წანაში, ლესემა.

ხელედის თემში უკანასკნელი მონაცემებით, 1219 ადამიანი ცხოვრობს და ისინი ჰესის აშენების შემთხვევაში, ყველა რისკის ქვეშაა. 28.02.2018 წელს ადგილობრივებმა ჰესის მშენებლობის შეჩერების თხოვნით მიმართეს საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიასაც.

ხელედურა ჰესის პროექტი, ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე მხოლოდ ინგლისურ ენაზე დევს და სახელმწიფო ენაზე სამწუხაროდ, მიუწვდომელია – http://www.energy.gov.ge/projects/pdf/pages/Kheledula%201%20Hesi%20725%20geo.pdf

„მუნიციპალიტეტს ამ საკითხთან შეხება გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემაა, მოსახლეობა ფიქრობს, რომ ჰესის მშენებლობა მავნებელი იქნება, – ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, – გაცნობილი ვარ ყველა საბუთს, დადებულია დასკვნა, რომ ჰესის მშენებლობა არაა მავნე. მოსახლეობის უმრაველსობას არ სურს ამ ჰესის მშენებლობა. სახელწიფომ უნდა დაგვარწმუნოს, და მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ეს ჰესი აბსოლუტურად უსაფრთხოა. უნდა დაასაბუთოს, თუ ეს მავნე იქნება მოსახლეობისთვის, სვანეთისთვის, ეკოლოგიურად არასწორად იქნება. ამ შემთხვევაში, ჰესი უნდა დაკონსერვდეს. მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, სახელმწიფოს და თავად კომპანიას აქვს დადებული აქვთ დასკვნა, რომ ეს ჰესი არ წარმოადგენს არავითარ საშიშროებას. ეს კომპანია თურქული კომპანიაა „ხელედურა 3“. 42 მბ უნდა ყოფილიყო და 49 -მდე სიმძლავრეზე ავიდა. ჩვენ გვინდა რომ უსაფრთხო იყოს ეს ჰესი, გვინდა რომ გვეცხოვრებოდეს და ეცხოვრებოდეს ჩვენს შვილებს. მისთვის გვინდა კანონიერი და დროული გადაწვეტილება. თუ უსაფრთოების პრობლემა გადაიჭრა სვანეთის მოსახლეობა მიესალმება მის აშენებას. ოღონდ ეს ჩამოყალიბებული უნდა იყოს ზუსტად და კითხვები არ იყოს, ეჭვები, რისკები თუ იქ პატარა კითხვის ნიშანი დაისვა ყველასთვის საეჭვო იქნება ეს თემა,“ – ამბობს ბადრი ლიპარტელიანი

ადგილობრივი მოსახლე, კი, რომელიც ჰესის აშენებას აპროტესტებს და რამდენიმე კვირის წინ, თურქული კომპანია ლენტეხში არ შეუშვა, ამბობს: „500 მეტრში ვცხოვრობთ, სადაც ჰესი შენდება, პროექტი შემოგვაპარეს. საძრკველს გვინგრევენ… არსებობას უფლებას გვართმევენ, იმ ტერიტორიას, სადაც შევესისხლხორცეთ მამა-პაპისეულად. ამ მენტალობას იცავს, ხელედურას ჰესი არ აშენდება. თუ აშენდება ჩვენი გვამების მერე,“ – ამბობს ზაზა ლიპარტელიანი, -„სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, ას მეტრში გვირაბი უნდა გავიდეს. მდინარე ხელედურა ასუფთავებს მთიდან ჩამონაკადებს, შლამებს. ხეობის გამწმენს ეს მდინარე წარმოადგენს. მდინარეს ცუდიც აქვს და კარგიც, მოსახლეობა ამას არ დათმობს. კომპანია „ხელედურა 3“ ვერ ააშენებს ამ ჰესს. მოსახლეობის დამოკიდებულება უარყოფითია. სახელმწიფო ორგანოებს 500 კომლის ხელმოწერა უდევს ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და დღემდე პასუხგაუცემელია. ჩვენ გვაქვს გეოლოგიური დასკვნები, რომ ეს ადგილი სტრატეგიული ადგილებია. ესა რისკის ზონა, – ასე წერია დასკვნებში. ესენი კიდე შემოდიან და ისედაც სტიქიის ზონაში, ჰესის მშენებლობას აპირებენ,“ – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ზაზა ლიპარტელიანი, რომელიც ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე იყო გამოსული ადგილობრივებთან ერთად.

ხელედურა ჰესის მშენებლობა, ლენტეხის შესასვლელიდან დაახლოებით ექვს კილომეტრში იგეგმება. „ჩვენ, აქ ვცხოვრობთ ჩვენ ვიცით მდინარის ხასიათი, არ შეიძლება ჰესის მშენებლობა. იქ მეწყერსაშიში ზონებია. იქ არ შეიძლება ჰესის აშენება,“ – ამბობს რაჯილ მადლიანი 38 წლის, – „ჩვენთვის ჰესის აშენება ზიანის მეტს არაფერს მოიტანს.“

„ვინც ამ სანაპიროზე ხელედურას სანაპიროზე ვცხოვრობთ, აქ საცხოვრებლად უვარგისი იქნება. ეს არის ძალიან ვიწრო ხეობა. მოსახლეობა მდინარიდან რაღაც მეტრობითაა დაშორებული ნაპირიდან. წლების მერე სვანეთი დაიხურება, რატომ უნდათ რომ დაიცალოს სვანეთი. თუ აქ ჰესი აშენდება ჩვენ იძლებულები ვიქნებით, რომ აქედან წავიდეთ.“ – ამბობს კიდევ ერთი ხანდაზმული ქვმო სვანეთის მოსახლე.

ადგილობრივები იმაზეც საუბრობენ, რომ მდგომარეობა ზამთარში უფრო დამძიმდება, რადგან პატარა ექოც კი ზვავებს წარმოშობს და ხეობაში ჰესის მუშაობა კარგს არაფერს მოიტანს.

საჭიროა თუ არა ჰესები:

მცირე ჰესების მშენებლობის შესახებ გვესაუბრა რეზო გეთიაშვილი, “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (CENN) გარემოსდაცვითი პროგრამების ორგანიზატორი, რომელიც თვლის, რომ მათი არსებობა არ არის მართებული, თუკი გავითვალისიწინებთ იმ რისკებს, რაც მოსალოდნელია ამ ჰესების მშენებლობის შემდეგ.

“ჩვენს შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა არის ძალიან სუსტი და პასუხი კითხვაზე ერთი დიდი ჰესი თუ ათი მცირე ჰესი არის შემდეგი – შეიძლება ერთმა მცირე ჰესმა უფრო დიდი ზიანი მიაყენოს გარემოს, თუკი არ იქნება გათვალისწინებული ყველა შესაბამისი რისკი და არ იქნება გამოყენებული ის ინსტრუმენტი, რაც ყველგან გამოიყენება. მით უმეტეს, როცა ასეთი მოშლილი სისტემაა, რა თქმა უნდა, ასი ჰესი გაცილებით საშიშია, ვიდრე ერთი დიდი ჰესი,” – ამბობს რეზო გეთიაშვილი.

„ჰიდროელექტროსადგურებზე როდესაც ვსაუბრობთ, ძირითადი პრობლემა არის ამ ჰესების საჭიროების დასაბუთება. გვჭირდება თუ არა ეს სადგურება, რა სარგებელს ველოდებით იმ ზიანის საპირწონედ, რა ზიანსაც ეს ჰიდროელექტროსადგურები აყენებენ გარემოს, ადამიანს, მდინარეს და ა.შ. ამ საკითხებზე პასუხები არ გვაქვს. მაგალითად, გვაქვს ენერგოსტრატეგია, რომელიც უფრო სადღეგრძელოების ტიპის დოკუმენტია, ვიდრე რეალური სტრატეგია, – ამბობს  არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერატივის“  წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი, რომელიც 12 წელია „მწვანე ალტერნატივის“ თანამშრომელია, – ეკონომიკას სჭირდება ჰესები, ეს ძალიან აბსტრაქტული საკითხია. მხოლოდ დენი კი არ გვჭირდება, ხელმისაწვდომი ფასიც უნდა არსებობდეს,“ – აღნიშნავს დათო. მისი თქმით, ძნელია ილაპარაკო ვინმე კონკრეტული პირის ინტერესებზე დაუსაბუთებლად, თუმცა საუბრისას ახსენა, რომ დღევანდელი ინფრასტრუქტურის მინისტრი გახლავთ ადამიანი, რომელიც ჰესებს აშენებდა დარიალის ხეობაში, მისი გუნდის წევრი ლაშა იორდანაშვილი ჰესებს აშენებს პანკისის ხეობაში, ონის კასკადზე რაჭაში. იგი იმასაც აღნიშნავს, რომ გარემოს ზემოქმედების ანგარიშში ყველაფერი დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, მაგრამ მისი თქმით, ეს დოკუმენტები ყველასთან დაკოპირებულია: „სავალდებულო სახელმძღვანელო დოკუმენტს არც ინვესტორი და არც ნებართვის გამცემი ორგანო კითხულობს. ვისთვის იწერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, არავინ არ იცის. შედეგად ჰიდროელექტროსადგურები მიაქვს ღვარცოფებს, წვიმებს, მეწყერებს,“ – ამბობს „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ ბევრი ტექნიკური პრობლემებია ჰესების მშენებლობისას. მან ყურადღება გაამახვილა პანკისში დაწყებული ჰესის მშენებლობაზე და იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ონის კასკადის მშენებლობას.

„საქმე გვაქვს ტექნიკურ პრობლემებთან, როცა გვირაბები ეშლებათ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, შუახევი ჰესში გვირაბი ჩამოიშალა. ინვესტორებს,  სახელმწიფოს უკვირს, რატომ აფეთქდა მთიანი რეგიონი ზემო და ქვემო სვანეთიდან, რაჭიდან, პანკისიდან, ლეჩხუმიდან. ხადორის სამი ჰესია პანკისში, მდინარე ალაზანზე. იქ მოსახლეობა სასმელ წყალს იღებს მდინარე ალაზნიდან და წყლის 90 პროცენტის მილებში მოქცევას აპირებენ. 5 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურისთვის სოფელს ტოვებენ სასმელი წყლით მომარაგების გარეშე. ონის კასკადი შენდება ონში, ზემო რაჭაში, სეისმურად აქტიურ ზონაში, სადაც დიდი სიმძლავრის მიწისძვრები ხდება. სოფლების თავზე მდინარე რიონი  მილში უნდა მოაქციონ,“ – ამბობს დავით ჭიპაშვილი და აღნიშნავს, რომ ჰესების თემა ყოველთვის აქტუალური უნდა იყოს, რადგან კითხვები ძალიან ბევრია და საზოგადოებამ პასუხი უნდა მიიღოს, – „რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც ჰესების მშენებლობით დაზარალდნენ. კერძო ინვესტორის მიყენებული ზიანი ინვესტორმა უნდა აანაზღაუროს და არა სახელმწიფომ. ზუსტად ასე არ ხდება აჭარაში, როცა შუახევი ჰესის გამო სოფლები დაზიანდა, აღარაა მისასვლელი გზები, დაუშრათ წყლები. გამგეობა ხალხს ამ ზიანში 5-5 ათას ლარს სთავაზობს, თუ ძალიან დაზიანებულია სახლები 25 ათასს და ეუბნებიან, წადი ახლა სადაც გინდა. რატომ უნდა იხადოს სახელმწიფომ, მაშინ როცა ზიანი მოსახლეობას ინვესტორმა მიაყენა, ეს კიდევ ცალკე თემაა,“ – და დანანებით ამბობს, რომ ყველაფერი ყოველთვის ბუნებას ბრალდება, – „ვინ არის პასუხისმგებელი. მუდმივად ფორსმაჟორს აბრალებენ, ყველაფერი გარემოს და ბუნებას ბრალდება. არავინ მინახავს პასუხისგებაში. ჰესები დაგეგმილია ყველაზე ხელუხლებელ ადგილზე. ასეთი 106 ჰესია, რომელზეც მემორანდუმია გაფორმებული და მშენებლობა უნდა დაიწყოს,“ – აცხადებს დავით ჭიპაშვილი. მისი აზრით, გამოსავალი მარტივია. საქართველოში ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს, – „გამოსავალია ის, რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს მანკიერი პრაქტიკა, რაც არსებობს ჰიდროელექტროსადგურებზე. უნდა დაიწყოს ენერგოსტრატეგიაზე მუშაობა, დასაბუთება.  გადაიხედოს ყველა მემორანდუმი და ხელშეკრულება, რაც ჰიდროელექტროსადგურებზეა გაფორმებული, სასწრაფო წესით უნდა მიიღონ ენერგოეფექტურობის კანონი,“ – განმარტავს ის, და იხსენებს, რომ „დასაწყისში სულ არ ვიყავით ჰესების წინააღმდეგ, მაგრამ საქართველოში მოხერხდა, რომ ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგური არის არა მწვანე ენერგიის წყარო, არამედ განადგურების ხარჯზე მიღებული ენერგიის წყარო“.

აშენდება თუ არა ეს 106 ჰესი მომავალი გვიჩვენებს, დღეს კი – სვანეთის, რაჭის პანკისის მოსახლეობა პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს. მოსახლეობა პასუხს მთავრობისგან ელოდება და მოლაპარაკების იმედს იტოვებენ. ამასობაში კი, მეზობელმა ქვეყანამ, სომხეთმა, გამოიჩინა გონიერება და აკრძალა ჰესების მშენებლობა.

 

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s