RSS

შავი ზღვის უნივერსიტეტის ღელვა განათლების სისტემის ჯებირზე

13 სექ

ოლიკო ცისკარიშვილი

პირველად, როცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წინააღმდეგ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრმა უსამართლო ბრძოლა დაიწყო, ჩემი მეგობრები მოდიოდნენ და მითანაგრძნობდნენ. როგორც იქ მომუშავე პერსონას, ჩემმა მეგობრებმა კარგად იციან, რომ ამ უნივერსიტეტში უკვე მეოთხე წელია რაც სტუდენტებს ვასწავლი და თან ვასწავლი სოციალური საკითხების გაშუქებას. მათ ჩემს 28 წლიან ჟურნალისტურ  მოღვაწეობის დროს, არასდროს არ დაუსვამთ კითხვა და არც არასდროს შეპარვიათ ჩემში ეჭვი, რომ მე კეთილსინდისიერად ვაკეთებ თუ არა ჩემს საქმეს, ხშირად, მათი კომპლიმენტებიც დამიმსახურებია. მიუხედავად ამისა, შავი ზღვის უნივერიტეტის გარშემო ამტყდარი ამბების პარალელურად, ისინი მოდიოდნენ ჩემთან და მიყვებოდნენ, რომ თურმე შავი ზღვის უნივერსიტეტში ტერორისტებს ზრდიან… ჩემი გაფართოებული თვალების შემხედვარე წამით ჩერდებოდნენ, მაგრამ ისევ აგრძელებდნენ იგივეს მტკიცებას. ჩემს კითხვაზე – გამოდის, რომ მეც ტერორისტებს ვზრდი? და მეც ტერორისტი ვარ? – შეცბუნებულები წყვეტდნენ დიალოგს და მერე ისევ კამათზე გადმოდიოდნენ: – შენ რა იცი, შიგნით რა ხდება, შენ კი არ ზრდი ტერორისტებს, მაგრამ… რა იცი სხვები რას აკეთებენ… იმდენად ვიღლებოდი კამათით, რომ ოფიციალურად გავაფრთხილე არც ერთს არ ელაპარაკა ამ თემაზე.

როგორ გახდნენ ჩემი მეგობრები დეზინფორმაციის მსხვერპლნი? მედიასა და ოფიციალურ უწყებებში პერმანენტულად ტრიალებდა ინფორმაციები, თურქეთის ელჩის განცხადებაზე, რომლის მთავარი დედააზრი იყო, ის რომ შავი ზღვის უნივერსიტეტი ზრდის ტერორისტებს… სწორედ, ამგვარი ინფორმაციების გავრცელების მსხვერპლი გავხდი მეც. ცოტა მოგვიანებით, ეს ვერსია მიიჩქმალა და სხვა ვერსიაზე დაიწყეს ლაპარაკი, როგორც მედიამ, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებმა.

რელურად კი სრულიად სხვა რამ ხდებოდა, მივყვეთ ქრონოლოგიურად: 2018 წლიდან საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის პროცესი დაიწყო. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 24-27 აპრილს ეწვია ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა განათლების დარგში საერთაშორისო ექსპერტი გაერთიანებული სამეფოდან, პროფესორი ენდი გიბსი. დოკუმენტაციის ანალიზისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი აკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტებს: შვიდი სტანდარტიდან (19 ქვესტანდარტი) უარყოფითად არცერთი შეფასებულა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია 6 წლის ვადით; ამავდროულად, საბჭომ მიიღო სრულიად ალოგიკური და ექსპერტების დასკვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მან უგულებელყო ექსპერტების დადებითი დასკვნა და უნივერსიტეტს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადის მიღება შეუჩერა. შედეგად, 800-მდე სტუდენტის არჩევანი, ესწავლათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, იგნორირებულ იქნა, საბჭომ ისინი აიძულა გადანაწილებულიყვნენ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაცხადებული მიზეზი ის იყო, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2013 წელს დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა (ჯარიმის ოდენობა 700 000 ლარი და მისი სამართლიანობის შესახებ მიმდინარეობს სასამართლო დავა). ჯარიმიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ქონებას ადევს ყადაღა. უნივერსიტეტი მზად იყო სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში დაეფარა საგადასახადო ჯარიმა. ხაზგასასმელია, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის ბრძანებით (#025-152) გაუქმდა უნივერსიტეტის ქონებაზე დადებული ყადაღა. აღნიშნული დოკუმენტი ავტორიზაციის საბჭოს წარედგინა, თუმცა საბჭომ ეს ფაქტობრივი მდგომარეობა არ გაითვალისწინა. უფრო მეტიც, უნივერსიტეტმა, აბიტურიენტთა ინტერესებიდან გამომდინარე, ეს თანხა მაინც დაფარა, თუმცა საბჭომ გადაწყვეტილება დღემდე არ შეცვალა.

„საბჭოს პოზიცია არის უსაფუძვლო და უსამართლო შემდეგი მიზეზების გამო: პირველი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უძრავი ქონება და სხვა აქტივები მრავალჯერ აღემატება 700 000 ლარს; მეორე, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ მიმდინარე წელს 2 მილიონ ლარამდე ამცირებს უნივერსიტეტის შემოსავალს (რაც მრავალფეროვან საგანმანათლებლო მიზნებს მოემსახურებოდა). ისმის კითხვა, ადეკვატურია თუ არა უნივერსიტეტისათვის შემოსავლის შეზღუდვა მაშინ, როცა, საბჭოს მოსაზრებით, უნივერსიტეტის მთავარი პრობლემა სწორედ მატერიალური არასტაბილურობაა?! გარდა ამისა, ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნის მიხედვით უნივერსიტეტის მატერიალური და ფინანსური რესურსები შესაბამისობაშია მოთხოვნებთან. გამოდის, რომ ავტორიზაციის საბჭო იგნორირებას უკეთებს და ეჭვქვეშ აყენებს თავისივე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების კვალიფიციურ შეფასებას. ავტორიზაციის საბჭოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება აფერხებს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და საერთაშორისოდ ცნობადი უნივერსიტეტის განვითარებას, რომელსაც აქვს 23 წლიანი წარმატებული საგანამანათლებლო საქმიანობის გამოცდილება, გამოირჩევა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით, თანამშრომლობს მსოფლიოს 60-ზე მეტ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტში ამჟამად სწავლობს 2000-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტი, დასაქმებულია 400-მდე კვალიფიციური კადრი. მივმართავთ არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს უსამართლობასთან ბრძოლაში. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა არ შეილახოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია, დემოკრატიული ღირებულებები, სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება და დაიცვას საგანამანათლებლო სივრცე არაჯანსაღი გავლენებისგან,“ – აცხადებენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.

დღეს, კი როცა უნივერსიტეტმა საქართველოში ყველა ცივილური ბრძოლის მეთოდი ამოწურა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აპირებს საქმის კურსში ჩააყენოს ევროპული ასოციაცია – European Association for Quality Assurance in Higher Education განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უსამართლო გადაწყვეტილების შესახებ.

უნივერსიტეტის სტუდენტები პერმანენტულად აწყობდნენ აქციებს და პერფომანსებს განათლების სამინისტროსა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შენობასთან.

„დღეს, იბსუსთვის საზეიმო დღე უნდა ყოფილიყო და ის 800-ზე მეტი აბიტურიენტი მიგვეღო, რომელთაც არჩევანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტზე გააკეთეს. თუმცა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უსამართლო და მავნე გადაწყვეტილების შედეგად ეს ვერ შევძელით,“ – ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი, რომელი განათლების სამინისტროს წინ საპროტესტო აქციას ესწრებოდა. იქ შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, რომ განათლებას შეზღუდვა დამაზიანებელია ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ერთი წლით უსამართლოდ, არათანაზომიერად და არაპროპორციული სანქციით შეუზღუდა პირველკურსელების მიღება. ეს გადაწყვეტილება ზიანის მომტანია როგორც პირველკურსელებისთვის, ასევე, უკვე მოქმედი სტუდენტებისთვის, რადგან მიზანმიმართულად ხორციელდება უნივერსიტეტის ფინანსური შესუსტება და ეს ყველაფერი პირდაპირ იმოქმედებს ჩვენს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობაზე.

„აკადემიური კალენდრის მიხედვით, სწორედ, 10 სექტემბერს უნდა მიგვეღო პირველკურსელები, თუმცა მათ დასაბრუნებლად ბრძოლას ვაგრძელებთ. ეს არის დავა, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, განათლების ხარისხის მიხედვით უნივერსიტეტი მეოთხე ადგილზეა სახელმწიფო და სამედიცინო უნივერსიტეტების შემდეგ რაც თავისთავად მეტყველებს მაღალ აკადემიურ ხარისხზე, ამ რეალობით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში დავა არ დასრულებულა და თანხის გადახდის ვალდებულება არ დაკისრებია სასწავლებელს, ჩვენ ვიგრძენით პასუხისმგებლობა აბიტურიენტების მიმართ და დავალიანება გადავიხადეთ, ის ერთადერთი მიზეზი გავუბათილეთ ცენტრს, რომელზეც დასკვნაში ამახვილებს ყურადღებას. მათ აქვთ სრული დისკრეციული უფლებამოსილება გააუქმონ საკუთარი, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი და მისცეს 800-ზე მეტ აბიტურიენტს სწავლის უფლება იქ სადაც მათ სურთ. შემოგვიერთდით, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი სამართლე, ახლა თუ შევეგუებით უსამართლობას, მომავალში უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, ვინაიდან ეს მხოლოდ იბსუს არ ეხება.“ – ამბობენ შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები, ამავე აზრზე არიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციაც დ აპროფესორ-მასწავლებლებიც.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ექპერტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნანა დიხამინჯია 2018 წლის 20 აგვისტოს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყეტილებას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ერთი წლით სტუდენტების ახალი ნაკადის მიღების შეზღუდვას არ ეთანხმება. ”უნივერსიტეტმა დატოვა ჩვენზე კარგი შთაბეჭდილება, მათ შორის ჩვენი ჯგუფის უცხოელ წევრზე, თუმცა ოქმში ვერ დავინახე მისი ეს დადებითი პოზიცია.. ჩვენი შეფასებით არავითარი ფინანსური პრობლემები უნივერსიტეტს არ ჰქონდა. უნივერსიტეტი არის ფინანსურად სტაბილური. რექტორმა წარმოადგინა, რომ ყადაღა მოხსნილია და ასევე წარმოადგინა, რომ თანხა დევს ანგარიშზე. კენჭისყრის ნაცვლად, მთელი განხილვა და არგუმენტაციის შედგენა მოხდა ჩვენი გარეთ გაშვების დროს,“ – ამბობს ნანა დიხამინჯია, რომელმაც ხმა ამოიღო უსამართლო გადაწყევტილების წინააღმდეგ, თუმცა მისი პროტესტიც დაიგნორდა, ისევე, როგორც თავად უნივერსიტეტის, სტუდენტებისა და 800 აბიტურიენტის, რომლებსაც დღემდე არ აძლევენ უფლებას ისწავლონ იმ უნივერსიტეტში, სადაც თავად ფიქრობენ, რომ მიიღებენ კვალიფიციურ განათლებას.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინიტრაციული პერსონალი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გამო. ჩვენი უნივერსიტეტისათვის ფინანსური არამდგრადობისა და ინსტიტუციური უწყვეტობის დაბრალება, მინიმუმ, არაკომპეტენტურია და, მე ვიტყოდი, უსინდისობაცაა. 1995 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩვენმა უნივერსიტეტმა უწყვეტი მუშაობის რეჟიმში იარსება და საქართველოს უმაღლესი განათლების ბაზარზე ღისეული ადგილი დაიკავა. ახლა კი, ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების გამო და იმის გამო 2018 წელს 800 სტუდენტს ჩვენთან სწავლა აუკრძალეს, უნივერსიტეტმა ძალიან დიდი ფინანსური ზარალი მიიღო, მხოლოდ ამ წელს 2 მილიონ ლარზე მეტი დავკარგეთ. 4 წელზე თუ გადავთვლით, დანაკარგი 10 მილიონ ლარამდეა,“ – ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი მაგდა მემანიშვილი.

„არ ვიცი, რა გზა დავადგეთ, საზოგადოება გაოგნებულია ამ უკანონო დადგენილების გამოტანის გამო, ვფიქრობ, უკან არ უნდა დავიხიოთ და კატეგორიულად მოვითხოვოთ ჩვენი არჩევანის პატივისცემა! ხელისუფლება, კიდევ ერთხელ, სცოდავს ჩვენი შვილების წინაშე…აი, რატომ გარბიან ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან…“ – ამბობს ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელი დალი ყარაულაშვილი.

“ჩემთვის, აბსოლუტურად, გასაგებია ის იმედგაცრუება, რომელიც აქვთ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებამდე ძალიან მცირე პერიოდში ასეთი არასასიამოვნო სიახლის შეტყობინებასთან დაკავშირებით. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ფინანსური დავალიანების დაფარვის შემდეგ სააპელაციო პროცედურების გავლის შემდგომ მოხდება საგანგებო მობილობის გამოცხადება და სტუდენტებს ცოტა მოგვიანებით მიეცემათ საშუალება, რომ მათ მიერ არჩეულ უნივერსიტეტს დაუბრუნდნენ. ვფიქრობ, რომ აქ მთავარი პრობლემა და ჩემი კრიტიკული შეფასება ეხება ავტორიზაციის საბჭოს მუშაობის პერიოდს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ასეთი მკაცრი გადაწყვეტილებები იყოს დაშორებული სასწავლო წლის დასაწყისს, რომ სტუდენტებს შეუფერხებლად მიეცეთ სწავლაში ჩართვის საშუალება”, – განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, რომელიც გამოეხმაურა სტუდენტების პერმანენტულ აქციებს.

”რაც შეეხება შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოთხოვნას რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და მიღებული გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ მსგავსი მოთხოვნა არ არის მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისი,“  – განაცხადეს ავტორიზაციის საბჭოში. ამ განცხადებას შემდეგ შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორის პროფ. დოქტ., ილიას ჩილოღლიმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარეს დავით აფრასიძეს მიმართა წერილით, რომელსაც სრულაიდ გთავაზობთ: 2018 წლის 29 აგვისტოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სააპელაციო საბჭოში საჩივრის შეტანის გარეშე, შეუძლებელია ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 20 აგვისტოს იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა ახალი კონტიგენტის მიღება. ავტორიზაციის საბჭოს იმავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექსპერტთა შეფასებაში შვიდი სტანდარტიდან სრულად დაკმაყოფილებული იყო მხოლოდ ორი, უნივერსიტეტის მხრიდან ავტორიზაციის საბჭოსთვის არ მოხდა საჭირო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენა და უნივერსიტეტს არ ჰქონდა გათვალისწინებული ფინანსური რისკები და ბიზნეს პროცესების უწყვეტობა, რაც წარმოადგენს ავტორიზაციისათვის სავალდებულო მოთხოვნებს.  მიგვაჩნია, რომ ავტორიზაციის საბჭოს განცხადებაში ასახული პოზიცია არაობიექტური, დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგოა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით; ხოლო იმავე კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის შესაძლებლობა და წესი და მითითებულია, რომ განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნას იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოებანი(მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 188-ე მუხლის მიხედვით კი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა არ აჩერებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას – შეცვალოს, ძალადაკარგულად ან ბათილად გამოაცხადოს იგი.

მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 27 აგვისტოს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ავტორიზაციის საბჭოს წარუდგინა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე 715 433.01 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი საგადახდო დავალება და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით უნივერსიტეტს არ ერიცხება საგადასახადო ვალდებულება და სალდირებული ზედმეტობის სახით ერიცხება 891 577, 89 ლარი.

აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენს იმ ახლადგამოვლენილ გარემოებას, რომელიც მთლიანად გამორიცხავს ფინანსურ რისკებს და ბიზნეს პროცესების უწყვეტობას, რისი ალბათობაც მანამდეც არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ავტორიზაციის საბჭოს განცხადება იმის შესახებ, თითქოს ის მოკლებულია შესაძლებლობას, უნივერსიტეტის მხრიდან სააპელაციო საბჭოში საჩივრის შეტანის გარეშე გააუქმოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შეეზღუდა სტუდენტების მიღება ერთი წლის ვადით, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 102-ე მუხლების მოთხოვნებს. სიმართლეს არ შეესაბამება ავტორიზაციის საბჭოს განცხადების ის ნაწილი, თითქოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ვერ აკმაყოფილებდა ავტორიზაციისთვის საჭირო სტანდარტებს და მან ავტორიზაციის საბჭოს არ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, 2018 წლის დასკვნაში დადებითი შეფასება მისცა უნივერსიტეტის გაანცხადს ავტორიზაციის თაობაზე, რის საფუძველზეც უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია 6 წლის ვადით. ექსპერტთა დასკვნაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ უნივერსიტეტი სრულად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ყველა დაწესებულ სტანდარტს და არ არსებობს იმგვარი სტანდარტი, რომლის მოთხოვნებსაც უნივერსიტეტი ვერ პასუხობს. ავტორიზაციის საბჭო, რატომღაც მიუთითებს იმ გარემეობაზე, რომ უნივერსიტეტის დამფუძნებლები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ უნივერსიტეტის გასხვისების თაობაზე და მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის არგაყიდვამ გაზარდა ფინანსური რისკები, თუმცა ავტორიზაციის საბჭოს რატომღაც მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ საკითხის განხილვის დროს უნივერსიტეტის წარმომადგენელმა საბჭოს წარუდგინა საბანკო ანგარიში. რომელზეც განთავსებული იყო 739 720 ლარი, რაც წარმოადგენდა გარანტიას იმ შემთხვევისათვის, თუ სასამართლოს მიერ შემოსავლების სამსახურთან წარმოებული სასამართლო დავის ფარგლებში, უნივერსიტეტს დაეკისრებოდა სადავო თანხის 715 433.01 ლარის გადახდა.  სრულიად მცდარია ავტორიზაციის საბჭოს განცხადება, თითქოს უნივერსიტეტს არ ჰქონდა გათვალისწინებული ფინანსური რისკები ბიზნეს პროცესების უწყვეტობისა და ფინანსურ გეგმებშიც და არ სურდა მისი ფინანსური ინფორმაცია საზოგადოებისათვის საჯარო ყოფილიყო. უნივერსიტეტს ვებ-გვერდზე განთავსებული ჰქონდა და აქვს სრული ფინანსური დოკუმენტაცია – აუდიტის მიერ გაცემული დასკვნა – ფინანსური ანგარიშგებები, ბიზნეს პროცესების უწყვეტობის გეგმა. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ რექტორმა საბჭოზე ბიზნეს პროცესების უწყვეტობის გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა რომ დოკუმენტი ფორმალური ხასიათის იყო და არ სურდა ფინანსური პრობლემების თაობაზე ინფორმაციის განსაჯაროება. საბჭოს ზეპირი მოსმენის აუდიო, ვიდეო და სტენოგრაფიული ჩანაწერის ადასტურებს ამ ფაქტს. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილშიც ავტორიზაციის საბჭოს მსჯელობა დაუსაბუთებელი და არაობიექტურია. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოვითხოვთ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ განიხილოს ჩვენი 2018 წლის 27 აგვისტოს განცხადება და გააუქმოს თავისი 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა ახალი კონტიგენტის მიღება.“

ორი დღის წინ, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მიიღო გადაწვეტილება, და თანამდებობიდან გაათავისუფლა, განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნები. სისტემურ პრობლემებზე პასუხისმგებელ პირებად მინისტრმა დღეს “გამოცდების ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, “განათლების ხარისხის ცენტრის დირექტორი” თამარ სანიკიძე, მისი ორი მოადგილე – ლია გიგაური და თემურ მურღულია, “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი და “ეროვნული სამეცნიერო ფონდის” დირექტორი მანანა მიქაბერიძე დაასახელა. მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმა დააანონსა. განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ სანიკიძის გათავისუფლების შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს შეიტყვეს.

მომავალი გვიჩვენებს რამდენად ჭამს სამართალი პურს და როგორ შეეხება ეს ცვლილებები შავი ზღვის უნივერსიტეტს სამართლიანობის აღდგენაში,

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s