RSS

ელაპარაკეთ მოსახლეობას – ქვემო სვანეთის პრობლემები

27 ივლ

რეგიონს აქვს განვითარების პერსპექტივა

ოლიკო ცისკარიშვილი

მთავრობას ხშირად ავიწყდება, რომ ის ხალხის მიერაა არჩეული… უფრო ხშირად კი, მთავრობის წარმომადგენლებს უბრალოდ ავიწყდებათ, როგორ ელაპარაკონ ადამიანებს, ეს პრობლემა ყველაზე მეტად შევიგრძენი ქვემო სვანეთში… იქაური მაცხოვრებლები ელოდებიან, რომ ის ადამიანები, ვინც სათავეში დგანან თუ პრობლემების გადაჭრაში არ მოეხმარებიან, უბრალოდ, დაელაპარაკებიან მაინც… თუმცა ლოდინიცაა და ლოდინიც…

ამჟამად, ქვემო სვანეთის რამდენიმე სოფელში საქონელია დაავადებული, ადმინისტრაციაში გვეუბნებიან არ აცრესო და იმიტომო… ადგილობრივები კი საქონლის ავადმყოფობას ჩივიან, კარგავენ რძეს, ყველს, ხაჭოს, დაავადებული ცხოველის რძეს, უბრალოდ აღარ იყენებენ… ისედაც მცირე შემოსავლიანი ადამიანები ამ პრობლემის წინაშე დგანან.

„მატერიალური შემოსავალი აქ არ არსებობს თუ თავისი მეურნეობა არ აქვს ადამიანს. მეურნეობა კი გაჭირდა, გზა აღარსად მიდის, რომ საქონელი დაიყენონ, რომ თივა მოთიბონ, რომ კარტოფილი მოიყვანონ და ა.შ. აქ, 46 პროცენტი, სოციალურად დაუცველი, სირცხვილია, ამის თქმა, მაგრამ რაღაც სიზარმაცის მომენტიც არის, სოციალურის 60 ლარი ურჩევნიათ, ვიდრე გავიდეს, და 500 ლარიანი სამსახური იშოვოს, თუნდაც სეზონური, ეს ძალიან საწყენია… რაც მთელი წელი უნდა მოგეცეს, შეიძლება ერთ თვეში იშოვო, შე, ოჯახაშენებულო, ტყუილად რომ ზიხარ, გადი, გაკაფე გზა, მოთიბე, ძროხა იყოლიე. ძროხა ცოცხალი ქარხანაა და ოჯახს დაარჩენს… აქ რომ გაკეთდეს პროფესიული სასწავლებელი, ამ ორ რაიონში ერთი მაინც რომ გაკეთდეს, თავის კვალს დატოვებს,“ -გვეუბნება ლენტეხში მოღვაწე დედა ქეთევანი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2400 ოჯახიდან 40 პროცენტზე მეტი სოციალურ დახმარებას იღებს. ეს იმიტომ, რომ ახალგარზდების უმრავლესობამ თავისი კუთხე დატოვა და საშოვრისთვის ან დედაქალაქს მიაშურა ან საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოს საძებნელად. ქვემო სვანეთში კი, მხოლოდ მოხუცები დარჩნენ.

„საარსებო საშუალება უნდა შეიქმნას, რომ ადამიანები დაბრუნდნენ. რაღაცით ხომ უნდა არსებობდეს ადამიანი, თუ არ შეუწყო მთავრობამ ხელი არაფერი გამოვა. ყველა ოჯახს, სადაც კვამლი ამოდის და ცეცხლი ინთება, მთავრობამ უნდა მიუტანიოს მინი ტრაქტორი, რომ მოსახლეობამ შეძლოს ხვნა და თესვა. პარალელურად, მოსახლეობას უნდა ასწავლოს იმ ტრაქტორის გამოყენება, ესაა ერთ-ერთი გადამრჩენელი. აღარააა ხარი და უღელი, სახნისი. ამ პატარა, მინი ტრაქტორებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება სოფლისათვის,“ – ამბობს დედა ქეთევანი.

„პრობლემებს რა გამოლევს, იცლება სოფლები. აქედან ბევრია წასული. ვინც წავიდა, არავინ დაბრუნებულა. სამუშაოც არაა, როგორ დაბრუნდნენ. კარგი იქნება თუ რამე განვითარდება და ხალხი დასაქმდება,“ – გვეუბნება ქალბატონი ნაზი, სოფელ სასაშის მცხვრები.

„უმაღლესს რომ ამთავრებენ, მერე აღარ ბრუნდებიან, – ამბობს 35 წლის მერაბ ონიანი, სასაშის სკოლის დირექტორი, რომელიც პროფესიით მათემატიკოსია. სკოლაში 30 ბავშვი სწავლობს. მეშვიდე კლასში არც ერტი მოსწავლე არ ჰყავთ, არც პირველ კლასელი მიუღიათ წელს. იმ საბავშვო ბაღში კი, რომელიც ამჟამად რემონტდება და რომლის კიბეზეც ჩვენ ვიყავით ჩამომჯდარი სალაპარაკოდ,  მხოლოდ 15 ბავშვი დადის, – „ზოგაგდად განთლების კუთხით რაც უფრო მეტი გაკეთდება მით უფრო კაია. კარგი იქნებოდა კოლეჯის გაკეთება რეგიონში, განათლება პრიორიტეტულია. არის ოჯახები, რომ იმდენი საშუალება არ აქვს, ასწვალოს ბავშვს, აქ რომ იყოს კოლეჯები, ძალიან კარგი იქნებოდა. ჩვენთან პერსპექტივა არაა, ცხოვრების ელემენტარული არსებობის პერსპექტივა, თორემ აქ ყველაფრის განვითარება შეიძლება. სწორედ დაგეგმილი, სწორი მენეჯმენტით ყველაფერი შესაძლებელია. ეს უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოსგან უნდა წამაოვიდეს. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამისთვის დაწერილი მაქვს რამდენიმე პროექტი და არც ერთი არ დაფინანსდა. ალბათ ყველაფერს ვერ მოიცავს ეს პროექტები, შეიძლება დღეს ხარჯებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ მერე შედეგს მოუტანს სახელმწიფოს. ეს ხომ სახელმწიფოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია… სამწუხაროდ, ისეთი რამ არაა რომ მყისიერად მოიტანოს შედეგი, უფრო მასშტაბური უნდა იყოს სოფლის განვითარება და რეგიონების განვითარება, რადგან ეს გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას, დოვლათი იქმნება რეგიონებში და არა დედაქალაქში.  აქ კი, უბრალოდ, ვერ ვქმნით დოვლათს… სოფლის მეურნეობის არც ერთი იმპორტი არ უნდა გვჭირდებოდეს, გვაქვს ქვეყანას რესურსი და ვერ ვაკეთებთ. სოფელ სასაში 65 კომლამდე ვცხოვრობთ. ძირითადად სოფლის მეურნეობით ვირჩენთ თავს, მეცხოველეობა, სიმინდი მოგყვავს კარტოფილი, სოციალური დახმარებებს იღებენ. სოფელში მცხოვრები მოსახლეობის, დაახლოებით 50 პროცენტი სოციალურ დახმარებას იღებს და ეს იმიტომ ხდება, რომ ეს 50 პროცენტი ყველა მოხუცია, პენსიონერია, ფიზიკურადაც აღარ შეუძლიათ… სოფლიდან ახალგაზრდობის თითქმის 100 პროცენტია წასული,“ – ამბობს მერაბ ონიანი, რომელიც 5 წლის დაჩის და 7 წლის ელენეს მამიკოა და არ უნდა, რომ მისმა შვილებმც მიატოვონ თავიანთი კუთხე და ამატებს, – „რეგიონმა წინ წასვლა რომ დაიწყოს, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა საჭირო. გზა სადაც არაა არაფერი არ წავა წინ. ეხლა აგებენ ამ გზას და მოჰყვება ამ გზას ალბათ, სიკეთე. ჩვენ ძალიან მწირი შემოსავლების რაიონი ვართ. მხოლოდ თავის რჩენა ხომ არაა, ინფრასტრუქტურა უნდა გამნვითარდეს და ტურიზმი, აქვს რეგიონს ამის პერსპექტივა… ჩვენი, ქართველების პრობლემაა ქვეყნის მოვლაა, არ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, მარტო სადღეგრძელოებში გვიყვარს, თორემ ისე არ ვიცით ჩვენი ქვეყნის სიყვარული,“ – ამბობს დანანებით. რეგიონში არ არის ინტერნეტი, თუმცა ტელეფონით შეიძლება ინტერნეტის მოხმარება. ზამთარში, რომელიც 6-7 თვე გრძელდება შეშით თბებიან, დაახლოებით 15-20 კბ სჭირდება ერთ ოჯახს. რეგიონში ხშირია მეწყერები, ქვათაცვენები, რომლებიც მუდმივად უქმნის ადგილობრივებს პრობლემას, თუმცა მათი თქმით, ასეთი შემთხვევების დროს, გზები მუდამ იწმინდება 2-3 საათში.

ადგილობრივი მაცხოვრებელი 62 წლის პენსიონერი თამარ ონიანი, რომელსაც მეუღლე და სამი შვილი ჰყავს გვიყვება: „მეურნეობა გვაქვს, იმდენი არა, რომ ბაზარში წავიღო, მაგრამ ოჯახს ყოფნის. სკოლა აქ დაამთავრეს, აქ აღარ ცხოვრობენ, აქ რატომ უნდა იცხოვრონ? ჩვენ არაფერი შემოსავალი არ გვაქვს… რითი დაიწყონ რამე? გოგოები მყავს და ქალაქში არიან ეხლა, იქ დასაქმდნენ… ლენტეხში ვერ იშოვა სამსახური, ორი წელი იცადა და მერე წავიდა. ორ ძროხას ხუთი ქალი ხომ ვერ გაჰყვება. ერთმა შვილმა სტომატოლოგიური დაამთავრამ, აქ რომ თავისი კაბინეტი გავხსნათ ამდენი სახსრები არ გვაქვს, არადა აქ კბილის ექიმი არ გვყავს… ისე ექიმიც, რაიონიდან მოდის,“ – ამბობს თამარი და იხსენებს, ადრე 120 კომლიანი სოფელი იყო, ახლა 50 კომლი ვართ, – „აქ უნდა ქონდეს პერსპექტივა ახალაგზრდას რომ თავი ირჩინონ.. ჩემი ხელფასით ხომ არ უნდა ირჩინონ თავი. ბევრია ისეთი, ვინც სასწავლებლად ვერ უშვებს შვილს, კარგი იქნებოდა აქ თუნდაც კოლეჯის გაკეთება, რადგან ძალიან დიდია მიგრაციააა სოფლიდან…“

86 წლის ცისფერთვალება რეზიკო (მარიამი) ონიანი ბებო თავს გვარიდებს და ბუზღუნებს: „ვის უნდა სიმართლე, მითხარი?“ – და თავად პასუხობს – „არავის“… თუმცა მოგვიანებით სოფლის ამბებს გვიყვება: „საქონელი გვყავს, ღორები, ქათმები, ძაღლები… მგელი სოფელში ჩამოდის და ძაღლი რომ არ გვყავდეს ვინ დაგვიცავდა… მგლები ძირითადად ღამე მოდიან, მაგრამ დღისითაც ბედავენ. მკაცრი ზამთარი იცოდა ადრე, ახლა ისე აღარ… ალბათ ბრუნავს დედამიწა… ადრე 150 კომლი ცხოვრობდა, ეხლა სულ ცარიელია სახლები… ზოგი ჩასახლებულია, გასული საუკუნის 71 წელს დიდი სტიქიის შემდეგ, მაშინ წავიდა ბევრი. ეხლა გზადაგზა მოდიან ზაფხულში და რემონტებს აკეთებენ ძველი სახლების. თუ სუყველა არ დაბრუნდეს სოფლებში ნახავ… მე აღარ ვიქნები ცოცხალი, მაგრამ თქვენ გამიხსენებთ, რომ ამას ვამბობდი,“ – ამბობს იმედიანად და მის 88 წლის დაზე მიყვება, როგორ დადიან ერთად ტაძარში, ზემოთ, სალოცავად…

რეგიონში მხოლოდ ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები მუშაობენ: სკოლა, გამგეობა, პოლიცია და ა.შ. სხვა კერძო თუ მცირე ბიზნესისთვის ქვემო სვანეთის კარი მყარადაა ჩარაზული.

სოციალური სამსახურის უფროსი ხათუნა ლიპარტელიანი გვეუბნება, რომ კონკრეტულად კი რეგიონში არის 1844 პენსიონერია და 729 სოციალურად დაუცველი. მთლიანად ჯამში ალბათ 40 პროცენტია. მუნიციპალიტეტში შემოდის 1000-მდე განცხადება ერთჯერადი ფინანსური დახმარების მოთხოვნით. მწირი ბიუჯეტი გვაქვს 98 ათასი ლარი.

რეგიონში, სადაც ამდენი სოციალურად დაუცველია, თვალში მოსახვედრია ის ფაქტი, რომ არ არის უფასო სასადილოები. მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის თქმით, ქონდათ უფასო სასადილოს მცდელობა, თუმცა ძალიან ჯვირი უჯდებოდა მუნიციპალიტეტს, და ამიტომ გადაწვიტეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროგრამაში გადაენაწილებინათ ეს თანხები. (კერძოდ, 500 ლარიანი დახმარება).

რეგიონშ პრობლემები ბევრია, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სოფლებში ამბულატორიებში არ არის სველი წერტილები, ლენტეხში მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტვალეტი, და ა.შ. თუმცა მუნიციპალიტეტის მერი ამ საკითხებთან დაკავშირებით გვპასუხობს, რომ ეს მათი პრეროგატივა არ არის…

მერის თქმით, მცირე ბიუჯეტის ბრალია, ისიც, რომ მხრივ ტურიზმიც ვერ ვითარდება.

ამჟამინდელი მერი და ყოფილი ექიმი ჯანდაცვის საკითხებზეც გვესაუბრა: „გვქონდა ერთი საავადმყოფო, გასული საუკუნის 54 -ში იყო აშენებული, არ შეიძლებოდა იმ საავადმყოფოში მუშაობა, დიდი წვალების შემდეგ, სახელმწიფოს დახმარებით, აშენდა ახალი საავადმყოფო, 12 საწოლიანი, თანამედროვე ტიპის კლინიკა, სადაც ყველა პირობაა იმის, რომ პაციენტი მივიდეს და ექიმი მოემსახუროს. ამბოლატორიები ამ კლინიკაში არ შედიან, ისინი დამოუკიდებელი სუბიექტები არიან. მათ შეთავსებული ექიმი ჰყავთ, როგორც მთელ საქართველოში ექიმების დეფიციტია. კადრები ვერ მოვიძეთ, კვირაში ერთხელ სოფლებში მიდიან და იქ ემსახურებიან პაციენტებს,“ – ამბობს მერი მაშინ, როცა ქვეყანაში, სტატისტიკის თანახმად, ერთ პაციენტზე დაახლოებით ასი ექიმი მოდის, – „ექთანს ხელშეკრულებით 450 ლარი აქვს  ხელფასი და მას აქვს ვალდებულება, რომ სპირტი, ბინტი და ა.შ. მან უნდა იყიდოს.“

სოფელ სასაშის ამბულატორიას სველი წერტილების არ არსებობა, მერის თქმით, მუნიციპალიტეტის პრეროგატივა არ არის. “თუ ხელს ვერ იბანს, ლენტეხში ჩამოიყვანს მაშინ პაციენტები,” – მისი თქმით, თუ მუნიციპალიტეტი ამბულატორიის სველ წერტილებს გააკეთებს, „ეს იქნება ბიუჯეტის არამიზნობრიბი ხარჯვა,“ – ამბობს მაშინ, როცა მის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ხელფასი ათას ლარს შეადგენს და სრულიად არაფერი არ აქვს გაკეთებული, არც სოციალურ ქსელში, არც ოფიციალურ ვებგვერდებზე და ა.შ. ოფიციალური უწყების ოფიციალური ვებ-გვერდი ამჟამად, ასე გამოიყურება: http://lentekhi.gov.ge სამსახურის უფროსი, სამწუხაროდ, არც ჟურნალისტებთან დელიკატური ურთიერთობით გამოირჩევა.

 

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s