RSS

ქვემო სვანეთის ტურისტული პოტენციალი – ადგილობრივების ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი

26 ივლ

ოლიკო ცისკარიშვილი

ძალიან პათეტიკური სათაური კი გამომივიდა, მაგრამ როცა ლენტეხის რაიონის სოფელ სასაშიდან ორ კილომეტრში, მოაშში ავედით, ზღვის დონიდან 1300 კეტრზე, ცოტა ხანი პირდაღებული დავრჩი, რადგან ვერ ვიჯერებდი, რომ ქვემო სვანეთის ერთ-ერთ საკურორტო ზონაში ვიმყოფებოდი. თავი შვეიცარიის ულამაზეს კუთხეში მეგონა, აი, ზუსტად ისეთი სურათი დამხვდა, სოციალურ ქსელში რომ წავაწყდებით-ხოლმე და თვალს ვერ ვაშორებთ… მთებით გარშემორტყმული, ნაძვნარში ჩაფლული ულამაზესი მოაში, მოუვლელიც და გაპარტახებულიც ისეთი მშვენიერი იყო, რომ წამოსვლა არც ერთ ჩვენგან აღარ უნდოდა… პატარა პიკნიკის შემდეგ, სხვების მიერ გადაყრილი პლასმასის ბოთლებიც გამოვაყოლეთ, იმდენად დაგვენანა მოუვლელობისთვის მოაში…

მოაში, თურმე საბჭოთა კავშირის დროს, განთქმული იყო თავისი უებარი, სამკურნალო, წყლებით. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგმ კურორტის დირექტორს შეუსყიდია, დირექტორი გარდაცვლილა. მის შთამომავლებს კი დარჩათ, როგორც მემკვიდრეობა, მაგრამ რატომღაც ეს უნიკალური კურორტი მიტოვებული და გაპარტახებულია. უნიკალური სამკურნალო საშუალება კი ტყუილად ცდება, არადა, ადგილობრივებისთვის დიდი შვება იქნებოდა, რადგან ქვემო სვანეთში, არც ერთი ინვესტორი არ შესულა დღემდე, არაა სამუშაო ადგილები და ადგილობრივებიც, თავის გადარჩენის მიზნით, ტოვებენ თავიანთ კუთხეს. მოაშის აღორძინება პირველი ნაბიჯი იქნება სამკურნალო ტურიზმის განვითარების ამ კუთხეში და არა მარო სამკურნალო ტუსიზმის. ადამიანებისგან და სახელმწიფოსგან მივიწყებულ კუთხეს უდიდესი პოტენციალი აქვს, როგორც ეკოტურიზმის განვითარების, ასევე პილიგრამული ტურიზმისაც.

„მოაშში, საღამოს 5-6 საათზე უკვე ძალიან სიცივეა. აქ ადრე, ბანაკები იყო და ბალნეოლოგიურიც მუშაობდა. ხალხი აღარ მოდის. აქ ღამეს ვერ გაათევ. კუტორტი ადრე მთელი დატვირთვით მუშაობდა, ექიმი, მაღაზია, რესტორანი, პოლიცია და ა.შ. ყველაფერი იყო. ეს წყალი მკურნალობს უშვილობას, თირკმელებს, ვენებს, კუჭ-ნაწლავს და ა.შ. ძირითადად, ვანებს იკეთებდნენ,“ – გვიყვება ერთ-ერტი ადგილობრივი.

„აქ ისვენებდა მთელი თბილისი, რუსეთიდანაც ჩამოდიოდნენ. აქ მანქანას ვინ შემოუშვებდა. პატარა ქალაქი იყო… სიწყნარე, სიმშვიდე, ბავშვის გაშვება რომ არ შეგეშინდებოდა. ამის აღდგენა, ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, ამოისუნთავს ეს მხარე. აქ, ფაქტორბივად, „მკვდრები“, ინვალიდები, დავრდომილები, საკაცით მოჰყავდათ და თავიანთი ფეხით მიდიოდნენ. „საგზურებს წერდნენ ექიმის დანიშნულებით,“ – ამატებს ადგილობრივი ონისე ონიანი.

ლენტეხში შესვლისთანავე ყურადღებას იპყრობს,  წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც 2000 წელს აუშენებია თენგიზ გაზდელიანს. აქ მუდმივად ტარდება წირვა-ლოცვა. რეზიდენციასთან არსებული დედათა მონასტერში, ერთადერთი, დედა ქეთევანი მოღვაწეობს.

„ლენტეხი ძალიან უსასოო მდგომარეობაშია, პირობები აქ არ არსებობს, შეიძლება ტურიზმი რომ განვითარდეს მოსახლეობასაც ეშველოს… აქ ძველთაძველი ეკლესიებია. ლენტეხის რაიონი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს, სასაშის თემში, ლაშხეთში, უამრავი მონასტერი და ტაძარია. სანახაობითაც ძალიან საინტერესოა და არის პერსპექტივა, რომ ჩამოყალიბდეს ეს მიმართულება. არის ბავარი, სადაც წმინდა მაქსიმე აღმსარებლის პირვანდელი საფლავია, სქიმარის ციხესიმაგრეა, იმას ყურადღება უნდა, მსოფლიო მნიშვნელობის ტურისტული ხაზი შეიძლება გაკეთდეს,“ – ამბობს დედა ქეთევანი.

სასაშისკენ მიმავალ გზაზე, თეკალში, ლენტეხიდან 15 კილომეტრში, ახალგაზრდა ბიჭი გვხვდება, რომელიც ზევით, ფარის უღელტეხილიდან მომავალ ტურისტებს ელოდებოდა. მას და მის ოჯახს უღელტეხილზე, საიდანაც უშბის ზვიადი მწვერვალი ჩანს, წმინდა ლუკა მახარობლის სახელობის ეკლესია აუგია, რომელიც 12 აგვისტოს იხსნება.

„ეს ადგილი საქართველომ უნდა ნახოს. ჩვენ ავაშენეთ, ჩვენმა ოჯახმა, მთელი საქართველოს ლოცვით და მადლით,“ – გვეუბნება ჯეკო ჯამბურიძე, თეკალიდან 18 კილომეტრში აგებულ ტაძარზე, -„ უღელტეხილამდე ასვლა ორხიდიანი ავტომობილებითაა შესაძლებელი, თუმცა ტურისტებს ფეხით ასვლა უფრო მოსწონთ… – გვიხსნის ის… მოგვიანებით, მძღოლი გვიყვება, როგორ შეება ის და მისი ოჯახი ტურისტულ ბიზნესს და ეკლესია როგორ ააგეს…

მოგვიანებით, სოფელ საყდრის მე-11 საუკუნის წმინდა გიორგის ტაძარიც მოვინახულეთ. ტაძრის უნიკალური ფრესკები მალე მიეცემა დავიწყებას, თუ მათი რესტავრაცია დროულად არ მოხდა. კედლები შებოლილი და ალაგ-ალაგ სოკოს კვალიც ჩანს ფრესკებზე.

სოფელ სასაშის მიმდებარე ტერიტორიაზე უგემრიელეს მინერალური წყლებთან ქუთაისელი ტურისტები გვხვდებიან ბავშვებთან ერთად… პოლიეთილენის ბოთლები სამკურნალო წყლებით აავსეს და ტყის გავლით ისევ სასაში დაბრუნდნენ… გზად გვიყვებიან ამ წყლის საოცარ თვისებებზე… თუმცა სათავე, საიდანაც ეს მინერალური წყალი გადმოდის, დაბინძურებული და გასაწმენდია…

ლენტეხის შემოსასვლელში მუზეუმიც არასახარბიელო მდგომარეობაშია. მუზეუმში არსებული ნივთები განადგურდება, თუ დროულად არ უშველეს… კედელზე ჩამოკიდებულ უძველეს ჩოხას ჩრჩილი და ობი ჭამს.

არადა, მუზეუმში განთავსებული უძველესი არტიფაქტები, ლენტეხის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლის წყალობით შეგროვდა. მოსწავლეებს სკოლისთვის სთხოვდა მოეტანათ წინაპრების ნაქონი ნივთები. მისი გარდაცვალების შემდეგ, ყველა ნივთი, 1984 წელს აშენებულ მუზეუმს გადაეცა. მუზეუმშია მაჩუბის (სადაც სვანები ცხოვრობდნენ) ნიმუში,  მახშვის სკამი, ორიგინალური სკივრი, რომელზეც ლომები და ფარშევანგია გამოსახული. ჩვ.წ.აღ-მდელი ბრინჯაოს ჯვარი, რომელზეც აღინიშნება ხარი, მამალი ცხვარი, ჩაჭედილი წრე, მზე. მუზეუმში არის კიდევ ძალიან ბევრი ნივთი უძველესი საკრავები, იარაღი, სვანური ქუდი და ა.შ.

მუზეუმის მოხუცი თანამშრომელი მერი ქურასბედნიანი ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მეცნიერ თანამშრომელი გვიყვება: „საინტერესოა ჩუკულის ეკლესია, რომლის კარი ინახება ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, კარი ვაზისგანა დამზადებული და  21 წმინდა ანგელოზების ხატია გამოსახული, მნიშვნელოვანია, იმითაც, რომ მასზე უძველესი სამი დამწერლობაა. თუ ამ დროს, სვანებმა იცოდნენ წერა, წერა-კითხვის გავრცელების არეალი, საქართველოში, უფრო დიდი ყოფილა,“ – ამბობს ქალბატონი მერი, მუზეუმში გვაქვს კიდევ კვერთხი, რომელიც ქრისტიანობამდეა შექმნილი. შესასწავლია მეცნიერულ დონეზე. საქართველოში, ასეთი კვერთი სამად სამია და ერთი ჩვენთანაა. სავარაუდოდ, წმინდა ნაწილებიცააა შიგნით. ამ ნივთებით მსოფლიოს მეცნიერები ინტერესდებიან, თუმცა ქართველი მეცნიერები არა,“ – ამბობს გულდაწვეტით.

მუზეუმის თანამშრომლების თქმი, ტურისტები ხატებზე მეტად,  სვანური მარილით არიან დაინტერესბულნი. მათივე თქმით, ტურისტების რაოდენობა, ძალიან ცოტაა. „ზემო სვანეთიდან ჩამოდიან და ლენტეხს გაივლიან-ხოლმე,“ – ამბობს მუზეუმის ერთ-ერთი  თანამშრომელი.

მუზეუმში, წლების წინ, ამოაშენეს ფანჯრები. ძალიან ჩახუთულობაა. ნივთები კონდენცირებას საჭიროებენ. ამის გარდა, მუზეუმი, ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი: კედელი, სახურავი, საიდანაც წვიმის დროს, წყალიც ჩამოდის. ექსპონატებს კი დაზიანება ემუქრება.

„უახლოეს მომავალში ვიტრინებს გავაკეთებთ და დაცული იქნება ნივთები. უნდა ქონდეს კონდეცირება, მუზეუმის შენობაში დამახურინეს ფანჯარა, ვითომ კეთდებოდა ახალი სტანდარტებით. მუზეუმში კონდენცირებაც არ ხდება და საჭიროა, მისი გაკეთება. დაბრაზში უძვირფასესი ჩოხა ფუჭდება, რომელსაც აღდგენა-რესტავრაცია სჭირდება… სხვა ნივთებს სჭირდება რესტავრაცია,“ – გვეუბნება 53 წლის ინგა ონიანი, რომელიც  ლენტეხის მუზეუმის დირექტორი 2006 წლიდანაა, და ქვედა სვანეთის ტურისტულ პოტენციალზე ამახვილებს ყურადღებებას, მისი თქმით, ქვემო სვანეთში უამრავი ეკლესია-მონასტერი და ციხეა შესასწავლი. 6 შვილის დედა სვანურ ბავშვის აღზრდის 200 დაუწერელ კანონზეც გველაპარაკა. მისი თქმით, ამჟამად ამ კანონების შეკრებაზეც მუშაობენ. კიდევ უამრავ ტრადიციებზე ვისაუბრეთ, რომლის გაცოცხლება უდაოდ საინტერესო იქნება არა მარტო უცხოელი ტურისტებისთვის, ადგილობრივი სტუმრებისთვისაც, – „გვინდა ტურიზმის განვითარება, მაგრამ პატივი უნდა სცენ ჩვენს მორალურ პრინციპებს,“ – ამბობს ინგა ონიანი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი კი გვეუბნება:  „გვიგეგმავენ რა უნდა გაკეთდეს რაიონში, მილიონ 400 ათასის ბიუჯეტი გვაქვს და დაყოფილი გვაქვს პრიორიტეტებად სამუშაოები და შესაბამისად კეთდება.“ თუმცა ისიც აღიარებს, რომ ამ კუთხის ერთაერთი გადამრჩენელი სწორედ ტურიზმია.

„კერძო თუ მცირე ბიზნესისთვის ქვემო სვანეთის კარი მყარადაა ჩარაზული. ეს მცირე ბიუჯეტის ბრალია, რაც ერთი მხრივ, ტურზმის განვითარებასაც უშლის ხელს,“ – ამბობს ბადრი ლიპარტელიანი და ამატებს, – „ჩვენი ერთადერთი ფეხზე დადგომა ფეხზე დადგომის არის ტურიზმი და ჰესი (თუმცა მანამდე ამბობდა, რომ მოსახლეობის გვერდზე დადგებოდა, თუკი მოსახლეობა ჰესის აშენების წინაარმდეგ წავიდოდა). ჩვენ არ გვყავს ტურისტი, რადგან ლენტეხი არის ჩიხი და ზუგდიდიდან მესტიაში მიდიან… ლენტეხის რაიონში ის პირობები არ არის, რომ ტურისტი იყოს დაინტერესებული.“

ლენტეხის მუნიციპალიტეტის  ტურიზმის სამსახურის თანამშრომლების თქმით, ტურისტული ბილიკების მარკირება და ადგილობრივი ტურისტული ღირშესანიშნაობების სიები და რუკები აქვთ, მაგრამ უსახსრობის გამო, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ… თუმცა, ვფიქრობ, უბრალო მონდომებაც საკმარისია, რომ უფასო ვებ-პლატფორმებზეც მაინც განათავსონ ინფორმაცია, რომ ხელმისწავდომი იყო აუდიტორიისთვის საჭირო ინფორმაცია.

მირანდა ლიპარტელიანს რომელსაც მესამე წელია, ლენტეხში, 23 სტუმარზე გათვლილი საოჯახო სასტუმრო აქვს ფიქრობს, რომ რეგიონში ტურისტების მატებასთან ერთად, შეიძლება ბიზნესის გაფართოებაც. მისი აზრით, ქვემო სვანეთს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს.

ასეა თუ ისეა, ადგილობრივი ხელისუფლება აშკარად არაა დაინტერესებული რეგიონში ტურიზმის განვითარებით, არც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა ადარდებთ დიდად… და არც ამ კუთხის აყვავება… თუმცა, მოსახლეობა მომავლის იმედს არ კარგავს და სწორედ, მათი იმედია, რომელიც ამ კუთხეს დღემდე აცოცხლებს.

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s