საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პროექტის “ichange.gov.ge. პეტიციის პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და განათლების კამპანიის” დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, მთავარი მიზანი დამსწრე საზოგადოებისთვის პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და პეტიციების პორტალთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენა იყო. “საიას” პარტნიორობას პროექტის განხორციელებაში უწევდა – არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”. “სიდას” წარმომადგენელმა და პროექტის ერთ-ერთმა მენეჯერმა რუსუდან მეტრეველმა აღნიშნა, რომ პროექტის მიზანი იყო, პეტიციის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, სწორედ ამიტომ “სიდამ” ტრენინგები ჩაატარა სხვა და სხვა რეგიონებში. “პროექტში “სიდა” და “საია” იყვნენ პარტნიორები. “სიდას” მიზანი იყო პეტიციის მიმართ, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. თუ როგორ განათავსონ მოქალაქეებმა ichange.gov.ge-ზე პეტიცია. “სიდას” აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელშიც გაერთიანებულია 70 რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ პროექტის ფარგლებში დავატრენინგეთ ეს ორგანიზაციები, შევხვდით რეგიონების მოსახლეობას და გავაცანით ინფორმაცია პორტალის შესახებ. საბოლოო ჯამში 1500 ადამიანი დაესწრო ამ შეხვედრებს, 20-მდე პეტიცია მომზადდა და საიტზე აიტვირთა, ყველაზე მეტი ხელმოწერა დააგროვა სწორედ ჩვენს მიერ რეკომენდირებულმა პეტიციამ,” – აღნიშნა რუსუდან მეტრეველმა. ღონისძიებაზე, ასევე, დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები, რომლებმაც “სიდას” მიერ ორგანიზებულ მედია კონკურსში “მოითხოვე ცვლილებები” მიიღეს მონაწილეობა. რუსუდან მეტრეველმა განმარტა, რომ აღნიშნული კონკურსი მიზნად ისახავდა აქტიური მოქალაქეობის იდეისა და მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ს პოპულარიზაციას. “ჟურნალისტების კონკურსის მიზანი იყო, თვითონ პორტალისა და პეტიციის პოპულარიზაცია მოსახლეობაში. შეირჩა 4 გამარჯვებული საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი, საუკეთესო ინტერნეტ სტატია, საუკეთესო რადიო სიუჟეტი და ბლოგი”, – განაცხადა მეტრეველმა. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ პროექტის პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები.
მედია კონკურსის “მოითხოვე ცვლილებები”-ს შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულებს, ფულადი ჯილდო და სერტიფიკატები გადაეცათ. გამარჯვებულები არიან:
საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი – სულხან მესხიძე (TV 25)
საუკეთესო რადიო სიუჟეტი – ანი ბურდული (რადიო თავისუფლება)
საუკეთესო საგაზეთო/ინტერნეტ სტატია – თეა თოფურია (რადიო თავისუფლება)
საუკეთესო ბლოგი – ოლიკო ცისკარიშვილი (ეკოფაქტი)
ფოტო: თამარ ჯანგულაშვილის
ავტორი: სალომე უბირია