RSS

მოგზაურობა ხევსურეთში – ხევსურების ტკივილი

04 ივლ

ოლიკო ცისკრიშვილი

ობიექტივიდან, „სოციალური გადაცემის“ ავტორმა და წამყვანმა, ნათია მაზანაშვილმა დამირეკა – ხევსურეთში მივდივართ და ხომ არ წამოხვალო, – უარს როგორ ვიტყოდი, ისედაც ბუნებით მაწანწალა ვარ და ამის გარდა, სულით ხორცამდე მტკივა მაღალმთიანეთი, ასეთ შანს კი ნამდვილად არ გავუშვებდი ხელიდან, რომ კიდევ ერთხელ ვყოფილიყავი შუამავალი მთის ხალხსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც ევალებათ მთის პრობლემების მოგვარება.

დღე პირველი:

თბილისიდან, დილის შვიდ საათზე გასულები, საღამოს ხუთ საათზე ჩავაღწიეთ შატილში. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ხევსურეთში, 13 სოფლიდან მხოლოდ 16 ოჯახია დარჩენილი და მკაცრი ზამთარი ძლივს გადააქვთ. უგზოობის გამო, ახალგაზრდობამ დატოვა ხევსურეთი, თუმცა ამ პრობლემას ემატება უამრავი სხვა პრობლემაც. პირველ რიგში, არაა კომუნიკაცია, არ იჭერს ტელეფონი და არც ინტერნეტია. თუმცა მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ხევსურეთი თავს იწონებდა იმით, რომ ინტერნეტი ჰქონდათ. არც მაღაზიაა, არც საავადმყოფო, არც ტვალეტები ტურისტებისთვის, ერთმა უცხოელმა ტურისტმა კი პირდაპირ ჩვენ თვალწინ მოისაქმა შატილის კოშკების ძირას. არადა, ეს დალოცვილი კუთხე, ძალიან ბევრ ტურისტს იზიდავს და ხელისუფლების კეთილი ნება რომ იყოს, ხევსურეთში ინფრასტრუქტურის გამართვით ტურისტებსაც უფრო ბევრს მოიზიდავდა და თავის კუთხეს ბევრიც დაუბრუნდებოდა. ამ დღეში მხოლოდ ხევსურეთი არაა, საქართველოს ძალიან ბევრი მაღალმთიანეთი ამიტომ იცლება.

სკოლაში, სადაც საღამოს ავედით, სულ ექვსი ბავშვი სწავლობს, რომლებიც სხვადასხვა სოფლებიდან კილომეტრებს გადიან, რომ სკოლაში იარონ. ერთ-ერთი მუცოელი, შვიდი წლის ქეთოა, რომელიც მამას დაჰყავს სკოლაში და ყოველ დღე, 12 კილომეტრის გავლა უწევს. ჩვენი ერთ-ერთი ახლადშეძენილი მეგობრის, მიხა ექიმის, ორი ვაჟიც, მანგია და კონსტანტინეც (12 და 10 წლის) ამ სკოლაში სწავლობს. მისი მეუღლე ელისო გვიყვება, რომ ბიჭები ხუთი წლის ასაკში შევიდნენ სკოლაში. „აბა, რა უნდა ეკეთებინათ, აქ არც ბაღია და არც სხვა რამ გასართობი,“ – ამბობს ელისო. სამაგიეროდ, ორივე ყოჩაღია და ათიანებზე სწავლობს. მიხა ექიმის თქმით, წიგნების კითხვა ორივეს უყვარს. „შენ ნაჩუქარ წიგნებს მთელი ღამე ფურცლავდნენო,“ – მეუბნება მეორე დღეს, როცა არდოტში მეგზურად გამოგვყვა და მეც ბედნიერი ვარ, რომ მათ დავუტოვე „სამყაროს საიდუმლოებების“ ათტომეული, თუმცა იმ პირობით, რომ ძმები მერე სხვებსაც წააკითხავდნენ.

შატილი შუასაუკუნეების ძეგლია, რომელიც ციხე ქალაქებიდან შემონახული სახით შემოგვრჩა, ახლაც ინგრევა, მიუხედავად იმისა, რომ მისი რეაბილიტაცია რამდენჯერმე გამოაცხადეს. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, საუკუნეების განმავლობაში დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპი ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელია. ფიქლის ქვის მშრალი წყობითაა ნაგები. ასეა აგებული ხევსურეთში სხვა კოშკებიც, მათ შორის მუცოც, რომლის რეაბილიტაცია ამჟამადაც მიმდინარეობს, თუმცა ამაზე მოგვიანებით. შატილი 80-მდე კოშკს და 2 ციხეს მოიცავს. კოშკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, კედლები დაბზარულია, სახურავიდან წყალი ჩადის. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში რამდენიმე კოშკია, რომლის ნაწილიც უკვე ჩამონგრეულია. ხევსურეთის ყველაზე დიდი პრობლემა გზაა, 100 კილომეტრი ჟინვალის გადასახვევიდან წარმოუდგენელი რისკის ქვეშ სავალია… აქ ასფალტი არასდროს ყოფილა, თუმცა ტურისტების მოსაზიდად ალბათ უკეთესიც იქნებოდა, გზის დაგება. ამაზე ადგილობრივებიც ლაპარაკობენ და ტურისტებიც.

კოშკების გვერდით საცხოვრებელ სახლების პირველ მაცხოვრებელს ირაკლი შეთეკაურს ვესტუმრეთ, რომელიც მთაში ცხოვრების სიძნელეებზე გვიყვება: „მთაში ძნელია ცხოვრება, ზამთრის პირობებში ჭირს, დიდი თოვლი მოდის, სოფლიდან სოფელში ვერ გადახვალ, გაზაფხულზე, კიდევ მდინარეებს ხიდები მიაქვს. ზამთარში, მესაზღვრეების ვერტმფრენი გვეხმარება. თოვლი დიდი იცის, მინიმუმ ნახევარი მეტრა.  ზაფხულში ყველაფერს ვიმარაგებთ, საქონელს ვკლავთ, კომბოსტოს და კარტოფილს ვთესავთ, თუ იშრომებს ადამიანი შიმშილით არ მოკვდება, ვიღაცაზე ჩამოკიდებული ხომ არ უნდა იყო, უნდა გაინძრე კიდეც,“ – გვეუბნება 61 წლის ირაკლი შეთეკაური, რომელიც მეუღლესთან ერთად უკევ ხუთი წელია შატილში დაბრუნდა. გვიყვება, რომ 18 წელი შატილში გაატარა, ბარისახოში დაამთავრა სკოლა, მერე კი გარდაბნის რაიონში ცხოვრობდა, სადაც ეხლა მისი შვილები ცხოვრობენ, თავად კი ისევ შატილს დაუბრუნდა. უვლის ძროხებს, თან რწმუნებულის თანაშემწეა. მის მეუღლეს ნათელა ჭინჭარაულს ყველი ამოჰყავს, რომელსაც ზაფხულში ტურისტებზე ყიდის, სიდედრი კი 84 წლის თამარ ზვიადაური, ისევ სათიბებში დადის, ქსოვს და ქარგავს, – „მკაცრი პირობები რომაა ვერაა ის დონე, რაც უნდა იყოს, ვისურვებდი ეს კუთხე არ დაცლილიყოს. ხალხი რაღაცით უნდა დაინტერესდეს, რომ მოტრიალდეს აქეთ. სხვა სოფლები უფრო პრობლემაა, სადაც დენი არ აქვთ. შატილში, კი ასე თუ ისე, სეზონურად კარგად არიან, საოჯახო სასტუმროების ხარჯზე. თუმცა გზა არ ვარგა და უამრავ პრობლემას ქმნის. ჰაერი და წყალი სუფთაა. ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ არ დაივიწყონ აქაურობა, მე დავბრუნდი, ძროხებსაც ვწველი და ვმუშაობ კიდეც.  აქ უფრო ვისვნებ სულიერად, ვეღარ ავიტან ასფალტს და ხმაურს. ხალხი რომ მთაში დაბრუნდეს, გზის გარდა, ყველა სოფელში ხიდები უნდა აშენდეს, ნაგუბარი წყალი რომ მოდის, ანგრევს საცალფეხო ხიდებს. აქ, მე იმიტომ ვარ რომ ფუძე არ მოიშალოს,“ – გვეუბნება შატილის მკვიდრი, ირაკლი შეთეკაური. იმასაც გვიყვება, რომ ზამთარში საქონელს უწყლობა როგორ უჭირს, რადგან მდინარეებიც კი იყინება. ზამთარში სხვებივით მისი ოჯახიც შეშით თბება.

„ზამთარში ყველაზე დიდი გაჭირვებაა, თუ რამ გაჭირვებაა საქართველოში, ყველაზე დიდი აქაა, შვიდი თვეა მოწვეტილია გარესამყაროს, – გვიყვება 65 წლის შოთა ჭინჭარაული, – თვეში ერთხელ, ვერტმფრენის რეისს ითხოვს ხალხი და ისიც არაა. შუქიც პრობლემაა. კოშკებზე რესტავრაცია არ მიდის, ინგრევა. კოშკებისთვის გამოყოფენ თანხებს და მერე იფლანგება სახსრები. კოშკრების 70 პროცენტი ავარიულია, ისტორიული ძეგლები ნადგურდება, ტურისტები რომ დადიან შეიძლება ჩამოწვეს და მოიყოლოს ქვეშ. შარშანაც ერთი კოშკის კედელი ჩამოინგრა, ლუდსახარშთან ახლოს. გზას კი, ერთი ტრაქტორი გამოუვლის გაწმინდავს და მორჩა, მერე არავინ აქცევს ყურადღებას, გასწორება უნდა, დაგება უნდა, ორმოებს ამოვსება უნდა… არავინ ფიქრობს ამაზე,“ – შატილის პრობლემებზე გველაპარაკება შოთა ჭინჭარაული. თავადაც ხუმრობს, ჩემი შვილი დეპუტატია, და იმასაც ვეჩხუბები, რომ იქნებ რამე ეშველოს ამ კუთხესო,  – „ზამთარში წყლის ნაკლებობააა, მარაგი აღარაა, სათავე განებობა ქვიშამ ამოავსო, ზამთარში ყოველ ორ საათში ითიშება დენი, ოქტომბრის ბოლოს რომ ჩაიკეტება მაისის თვეში იხსნება გზა. მთის კანონის რაც შეეხება, რა შეღავათებზეა ლაპარაკი, 36 ლარი წყვიტავს პრობლემას? მისახედია აქაურობა და ყურადღება უნდა ექცეოდეს. დღეში ერთ ლარს გაძლევენ, რადგან დასაკარგში ცხოვრობთ? უღელტეხილიდან დაწყებული მუცომდე 16 ოჯახია რჩება ზამთარში, ისინიც წავლენ. რა აზრი აქვს თუ ყურადღება არ მიექცევა. ყველაფერი დაინგრევა და მოისპობა და ხალხის გარეშე დარჩება ხევსურეთი. უღელტეხილის აქეთ, 13 სოფელია, შვიდი მთლიანად ნასოფლარია. მხოლოდ შატილში 5 ოჯახია, აქ სკოლა რომ გაუქმდეს ის ხალხიც წავა. ისიც დაიცლება. მუცოში ერთი ოჯახია, ნუგზარი, ხონისჭალაში სამი, არდოტში ორი… ზაფხულში მოკლე სეზონია და ტურისტები მოდიან. ზაფხულში ზამთრის მარაგს ვაგროვებთ და ვიდრე გზა გაიხსნება ყოფნით. თუ ამინდი გაფუჭდა, ცუდად მყოფ ადამიანს ვერ გადაარჩენ. ამბულატორია გვაქვს, მაგრამ არაა ისეთი მოწყობილობები, რომ ადამიანი გადაარჩინოს. ახალგაზრდობას აქ გაჩერება არ უნდა. თანამედრივე ახალგაზრდობას კომპიუტერი უნდა, ინტერნეტი, მოხუცებს კიდე საქონლის მოვლის თავი არ აქვთ,“ – ამბობს შოთა ჭინშჭარაული და იხსენებს, რომ ადრე შატილში იყო ინტერნეტი, ახლა ეგეც აღარაა, გათიშეს.

შატილის მკვიდრი ნოდარ ჭინჭარაულიც უგზოობასა და კოშკების რღვევას უჩივის. „შატილი ეს არის კომპლექსი ჩვენი საზღვრის დაცვის, რომ ჩრდილოეთიდან მტერი არ შემოსულიყო. ახლა კი ბებერი შატილი ხელსა და თვალს შუა გვენგრევა, რამდენიმე კოშკი გადავარდა, ამ გაზაფხულს გაუკეთეს კედელი, მაგრამ რამოდენიმე კოშკს კედელი ისევ გამობერილი აქვს. გაკეთდა რესტავრაცია, მაგრამ არასათანადოდ. წვიმა რომ მოდის, კედლებში ჩადის, ყინვაში იყინება და კედლები იბერება, სრული რესტავრაცია სჭირდება და არავის ადარდებს,“ – ამბობს ნოდარი ჭინჭარაული, შატილის ყოფილი  გამგებელი და მთის პრობლემებზეც გველაპარაკება, – „თუ გვინდა რომ მთა შევინარჩუნით, ხალხს პირობები უნდა შვეუქმნათ. ჩემს დროს, პირიქითა ხევსურეთში, რვა სოფელში, 65 კომლი იყო. ხალხი  ცხოვრობდა. ქალი 55 წლისა გადიოდა პენსიაზე და კაცი 60 წლისა,“ – ამბობს 72 წლის ნოდარი ჭინჭარაული, რომელმაც 2009 წელს გათავისუფლდა გამგებლის თანამდებობიდან. მაშინ მომავალ გამგებელს 45 კომლი გადააბარა, ეხლა კი მათი რიცხვი უფრო შემცირდა, მისი აზრით, მთიელს ხელის შეწყობა უნდა. ფიქრობს, ხალხი მაშინ დაბრუნდება, თუ მათ ბინებს ან კოტეჯებს აუშენებენ, – „შატილი ადამიანივითაა… ადამიანი, რომ ბერდება იმას ხელი თუ არ შეაშველე წავა და მოკვდება. მუცო უკვე მკვდარი იყო და გააცოცხლეს. ქვა-ღორღი დარჩება, მერე უფრო მეტი დაუჯდება სახელმწიფოს, რომ არ მივაქციოთ ყურადღება ჩაიშლება. საქართველოს სჭირდება – არხოტი, შატილი, არდოტი, ხახაბო, მუცო, ეს ციხესიმაგრეები იცავდნენ მტრისაგან საქართველოს. გვჭირდება ჩვენი ისტორია, ჩვენ უნდა მოვუაროთ და ავაღორძინოთ. ნანგრევებად რომ იქცევა მერე ძნელი აღსადგენია. ვიდრე არ გადაქცეულა ბებერი შატილი, მიხედონ,“ –  წუხს შატილის კოშკებზე და თან გზებზეც გველაპარაკება, – „გინდა თუ არა გზა უნდა გამოვიყვანოთო ჯუთიდან თუშეთშიო… წარმოგიდგენია, როშკის ჭიუხებს გადათხრიან. აქ რაღა ტურისტი გაჩერდება, ტურისტებს ფეხით სიარული უნდათ, აქ ადგილობრივი არავინ ივლის. ვაჟამ რომ დაწერა „გზას ვამბობ, თორე რა გზააო“, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, მიხედონ ჭალისკენ ასასვლელ გზას, მიხედონ იმ გზას შატილამდე რომ მოდის, ან მუცომდე რომ მოდის. მთა ცოცხალი არსებაა, არ უნდა შემოაჭრა მთას, დაინგრევა, სულ ჩამოიშლება, მეწყერებად იქცევა, რაც მოსაწონია იმას ვერ ვაკეთებთ. ჩვენი სატკივარი მიიტანეთ…“ – გვეუბნება მოხუცი შატილიდან.

ჩეხი ტურისტი პრაღიდან ივანა გარსიპიკოვაც ამ აზრისაა, რომ როშკის ჭიუხები არ გადაითხაროს.

„აქ შეიძლება განვითარდეს საცხენოსნო ტურიზმი, ეკოტურიზმი… ჩვენთვის, ევროპელებისთვის, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. ძალიან ლამაზი ბუნებაა. ფიქრობენ, რომ გზა გაიყვანონ როშკიდან ჯუთამდე, ძალიან მიყვარს ჯუთა. ეს გზა დაანგრევს ნახევარ ხეობას, ვერ ვხვდები, ვის მოუვიდა თავში, რომ ეს გზა გაეყვანა. აქ ხომ ადამიანები არ ცხოვრობენ, და ადგილობრივები არც გამოიყენებენ ამ გზას. თუ ყველაფერი განადგურდება, ჩვენ, ტურისტები, აქ აღარ ჩამოვალთ. დაე, გააკეთონ გზები შატილში. იქ, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, სადაც მართლა საჭიროა გზის გაყვანა. არ აქვს არანაირი აზრი მთების განადგურებას. ეკოტურიზმი საინტერესოა, ჩვენ გვინდა ვისეირნით მთებში, იქ ჩვენ მანქანები ხელს შეგვიშლის. ჩვენ, ეს არ გვაქვს ევროპელებს, რომ ბუნებაში ნორმალურად დავისვენოთ,“ –  ამბობს  ჩეხი ტურისტი, რომელის საქართველოში უკვე ათი წელია ჩამოდის.

მიხეილ ჭინჭარაული, ხევსურეთის ერთადერთი ექიმი და ხუთი შვილის მამაც უზგოობაზე სწუხს. ხშირად ზამთარ-ზაფხულ ფეხით გავლა უწევს სოფლების, რომ ავადმყოფამდე მიაღწიოს, ორიოდე დღის წინაც, მდინარე არღუნში გადავარდნილმა მანქანამ კინაღამ ხუთი რუსი ტურისტი იმსხვერპლა, რომ არა მიხა ექიმი, ძნელი იმის თქმა, რომ ისინი გადარჩებოდნენ. მიხა ექიმმა ადგილობრივი ანესთეზიით დაუმუშავა ჭრილობები და სამხედროების დახმარებით, დათვიჯვრის უღელტეხილამდე აიყვანა დაშავებულები, მერე კი დუშეთის სასწრაფოს გააყოლეს. ასეთი ფორსმაჟორი შემთხვევები მიხა ექიმს ძალიან ბევრი აქვს. უგზოობა კი ხელს ძალიან უშლის, მუშოაბას აფერხებს გაუმართავი ამბულატორიაც.

„19 წელია აქ ვარ. ჭირს ძალიან, განსაკუთრებით ზამთარში – ზვავების დროს, რამდენჯერმე, კინაღამ ზვავმა დამიტანა… ერთხელ მგლებს გადავურჩი, მოვასწარი და ხეზე ავედი. წვივზე კი მეტაკა ერთი… 1999 წელს წამოვედი შატილში. სოფლიდან სოფელში მიხდება ფეხით სიარული. არავითარი ტრანსპორტი არაა. ადგილობრივი ანესთეზიით გამიკეთებია სხვადასხვა ოპერაცია. რისი საშუალებაც მაქვს ყველაფერს ვაკეთებ. ზამთარში ხშირია ფილტვების ანთება, მაღალწნევიანებიც ბევრია, მაგრამ აქ, არავინ დაღუპულა. რისი გაკეთებაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ. ყველაზე რთული იყო 1999 წელს დაჭრილი ჩეჩნები რომ მოდიოდნენ. როცა აუცილებელი, უმძიმესი შემთხვევებია, ვერტმფრენს ვიძახებ და გადაგვყავს უღელტეხილს იქით. თუმცა როცა ამინდი არაა, ყველაფერს ადგილზე ვაკეთებ. ამბულატორიაში მე ვარ და ექთანი. თუ გაუმჯობესდება პირობები, კარგი იქნება,“ – ამბობს მიხა ექიმი და იხსენებს, იმ ერთადერთ შემთხვევას, როცა მის ძმას ინფაქტი განუვითარდა და ექვს წუთში გარდაიცვალა. მიხა ექიმი იქაურ პრობლემებზე გვესაუბრება, – „ჩემი მამაპაპური კოშკის ორივე კედელი გაბზარულია, ეგეც დაინგრევა, დროულად რომ არ მიექცეს ყურადღება დაკარგავს თავის ფორმას. თუ აღდგებოდა ეს კოშკები კარგი იქნებოდა. ბევრს დაბრუნებაც უნდა, თუ პირობები შეიქმნება საამისო. ორ კვირაში ერთხელ მაინც რომ იყოს სამოქალაქო ფრენა დაბრუნდება ხალხი. თუ პირობები იქნება ყველას უნდა დაბრუნება. გზები რომ გაფართოვდეს, რომ მდინარემ ადამიანები არ იმსხვერპლოს და თავისუფლად შეეძლოს ავტომობილს გადაადგილება. თუ ეს მოგვარდება ტურისტებიც მომრავლდება. გზები რომ იწმინდეობდეს ტურისტები ზამთარშიც ამოვლენ. საოჯახო ტიპის სასტუმროებიც მომრავლდებოდა. ხალხიც იქნებოდა და ჩვენს აღარ ვიქნებოდით ჩაკეტილები. არა მარტო შატილი და შატილიონები, ბევრი სოფლები ჩადგებოდნენ ფორმაში. ეს მხარე სჭირდება მომავალ თაობებს,“ – ამბობს და ელექტროენერგიის პრობლემაზეც საუბრობს.

შატილელი დათო ჭინჭარაულიც ზამთარ-ზაფხულ შატილში ცხოვრობს და მეურნეობას ეწევა. „ზამთარში უდენობაა პრობლემა. პრობლემაა ახალგაზრდობის უმუშევრობა-დასაქმება. მთის კანონით, ჯერ-ჯერობით, არავინ დაბრუნებულა. სამოქალაქო ფრენა წელიწადში ერთხელაა, ისიც საახალწლოდ. მესაზღვრეები გვეხმარებიან. ექვსი თვის განმავლობაში, ჩაკეტილები ვართ მთაში. ხელისუფლებისგანაც ყურადღება უნდა იყოს, რომ ხევსურეთი არ დაიცალოს. სოციალური დახმარებები კი გვაქვს მაგრამ, უმუშევრობა გვაწუხებს. კი კითხულობენ-ხოლმე ჩვენს პრობლემებს, მაგრამ ზერელედ, ჩამოწერენ, წავლენ და ავიწყდებათ-ხოლმე ჩვენი პრობლემები. ვიდრე გზა ჩაიკეტება, ზამთრის მარაგი გადმოგვაქვს და გაზაფხულამდე გვყოფნის. თუ რამე შემოგვივა, ისიც ტურიზმით. დამსვენებლები კი ზაფხულშიც კი უფრო შაბათ-კვირას არიან. შატილის კოშკებსაც ხელის შევლება უნდათ,“ – გვეუბნება დათო და ამატებს, – „დაასაქმონ ახალგაზრდობა, რომ მთიდან არ წავიდნენ. დაბრუნდებიან იმ შემთხვევაში, თუ მთა უყვართ.“ შენ რატომ ხარ მთაშიო რომ ვკითხეთ, გვიპასუხა: –  მე ბარში ვერ ვძლებ, მთის გარეშე არ შემიძლია.

დღე მეორე

მიხა ექიმმა, არდოტისკენ, ჩვენი გიდობა გადაწვიტა, მანამდე კი ციხე ქაჩუზე მოგვიყვა, რომელიც მე-11 საუკუნის ძეგლია და შატილის კოშკებს გადმოჰყურებს. შატილივით მასაც რეაბილიტაცია უეჭველად სჭირდება. მიხა ექიმი გვიყვება, მტრის შემოსევისას, ციხიდან თხორს მდინარეში გამოუშვებდნენ, გაიჟღინთებოდა და ზევით აიტანდნენ. ასე ებრძოდნენ წყურვილს იქაურები და მტერიც ვერაფერს აკლებდაო. მერე შატილი რომ ააშენეს ადგილობრივებმა ეს ციხე მიატოვეს. ახლა კი ჩაქუს ციხე ინგრევა.

მუცოსკენ, მდინარე არღუნის განაპირას მიმავლებს გვიყვებოდა, როგორი მსხვერპლგაუმაძღარია არღუნი. ამ მდინარემ უამრავი ადამიანი შეიწირა, ბევრიც ვერ იპოვეს ისე წაიღო გაგიჟებული მდინარის ტალღებმა. მიხა ექიმის პირველი ცოლიც ამ მდინარემ შეიწირა, გელა დაიაურის ოჯახიც, პატარა ხევსური ბიჭიც, რომელიც მდინარეზე ველოსიპედით გადადიოდა და კიდევ ბევრი ადამიანი.

არდოტის გზებზე სიამაყით გვიყვება, რომ ამ მთებში მისი საჯიხვეები იყო და ხშირად ნადირობდა. „ახლა კი ყველა სულიერი მენანება სიკვდილისთვისო,“ – გვეუბნება და აკლდამების ისტორიასაც გვიყვება, როგორ არიდებდნენ თავს დაავადებული ადგილობრივები შავი ჭირის დროს სოფელს, და აკლდამებში ელოდებოდნენ სიკვდილს. სიკვდილის მოლოდინში კი ჩონგურს აკვნესებდნენ. წლების მერე, ერთ-ერთ აკლდამაში ქალის ჩონჩხი ნახეს ჩვილ ბავშვით ხელში. ჩვენთვის ვფიქრობთ „რამხელა გმირობა გჭირდება, რომ თავად წახვიდე და განერიდო ადამიანებს და სიკვდილს დაელოდო…“ მუცო ბოლოსკენ შემოვიტოვეთ და არდოტისკენ გავწიეთ. არდოტის მიუვალ მთებში 2 100 მეტრზე, სანათა შეთეკაური გამოგვეგება… აქ ჟურნალისტი კი არა ადგილობრივი იშვიათად თუ ამოვაო.

„საკმაოდ რთული ცხოვრებაა, ზოგს ისეთი მიდგომა აქვს – მერე რა, შენი პირობებისთვის ცხოვრობ, საქონელიც მაგიტომ გყავს, და იცხოვრე მეტი არაფერი გინდაო,“ – ამბობს 45 წლის სანათა, რომელმაც მეუღლესთან ერთად ორი შვილი გაზარდა არდოტში. მისი ვაჟი ლევანი, ამჟამად სტუდენტია და დედის თქმით, არ აპირებს ხევსურეთიდან წასვლას, – „ზამთარში მოწყვეტილი ხარ – გაუშვებ შვილს და არ იცი რას ჭამს, რას სვამს, აქ კი არც ტელეფონი იჭერს, არც ინტერნეტია, ვერაფერს იგებ ადამიანი,“ – ამბობს სანათა, და ამატებს, – „ზამთარში აქ მხოლოდ სამი ოჯახი ვრჩებით. ძროხები გვყავს და ცოტა ფუტკარიც. საოჯახო სასტუმრო მინდა გავაკეთო, 7-8 ადამიანზე არ ვიცი ვის მივმართო, თუ რამე პროექტი ცხადდება, მე ვერ ვიგებ აქ არც ინტერნეტია, არც ტელეფონი იჭერს, არადა, უცხოელი ტურისტები ამოიდიან და მთხოვენ-ხოლმე დარჩენას. სასტუმროს გაკეთება რომ შევძლო, სხვებსაც დავასაქმებდი, პატარა მუზეუმს გავაკეთებდი, საცხენოსნო ტურებს მოვაწყობდი, ჩემს ნაქარგ-მოქსოვილს გავყიდიდი. უამრავი რამის გაკეთება შეიძლება. ეკოტურიზმისთვის შესანიშნავი პირობებია. ხახაბოშიც გადავიყვანდი ტურისტებს, მართალია გზა არაა, მაგრამ საინტერესო ციხეებია. ასე, რომ დაგვეხმარონ, ახალგაზრდებიც დაინტერესდებიან და უკან დაიწყებენ დაბრუნებას.“

სანათა უგზოობასაც სწუხს და ყველაზე მეტად ტელეფონის კავშირის არ არსებობას: „შატილიდან 18 კილომეტრში ვართ. ჩვენი სახლი ქვევიდანაც არ ჩანს. ადამიანი ცუდად რომ გახდეს, შატილშიც კი ვერ მივაწვდენთ ხმას. ზამთარში კი ოთხი კილომეტრის იქით გადავდივართ – ბახაოში, იქაა სათიბები და გომურები ძროხებისთვის, იქ რომ რამე აგტკივდეს, როგორ გინდა ვინმეს გააგებინო… მძიმე პირობებში ვართ, არადა, ზოგს გონია, აქ იმიტომ ვცოვრობთ, რომ ხელფასს გვიხდიან,“ – იცინის და ამატებს, – „ვერსად ვერ წავალ, ჯერ ერთი, ჩემი ნაშრომი მენანება, 22 წელია აქ ვცხოვრობ, ყველაფერი ჩემი ხელითაა გაკეთებული. იქნება და, უკეთესი ცხოვრება მოვიდეს… გენანება, გენატრება. ხანდახან შეძულებული გაქვს ხოლმე ბევრი საქმე, მაგრამ წამოხვალ და გენატრება.“ სანათა უშუქობაზეც ლაპარაკობს და ცივ ზამთარზეც. მხოლოდ ზამთარში 12 კბმ შეშა სჭირდება თითოეულ ოჯახს. ხანდახან მინუს 18 გრადუსი სიცივისთვის გაგვიძლიაო, შეშა ზაფხულშიც საჭიროა საჭმლის მოსამზადებლად, რადგან არც ელექტროენერგი არაა და არც ბუნებრივი აირი, – „აქ მაღაზია არაა. ვერ ჩაირბენ და ვერ იყიდი. შრომა თუ არ გეზარება შიმშილით არ იშიმშილებ, ხილი თუ არ ჭამე ჩვენ ამას შიმშილს არ ვეძახით, შემოსავალი არაა ბევრი, რაღაცას ვერ გასინჯავ, რაღაცას ვერ იყიდი, მაგრამ აუცილებელი რაცაა, პირველ რიგში, იმას ვყიდულობთ. შემოდგომას დიდ „კამაზს“ ვქირაობთ და ვყიდულობთ ყველაფერს. პამიდორი და ხილი გვენატრება ყოველთვის. აქ არაფერი მოდის, მაღალზე ვართ და ფიზიკურად ვერ ხარობს. მოგვყავს მარტო კარტოფილი, ტყემალი, ხახვი, ნიორი, ველური მსხალი და ვაშლი, მეტი არაფერი. მეწველი 9 ძროხა მყავს, ისიც მიფიქრია, გავზარდო საქონლის რაოდენობა, და დავასაქმო სხვებიც, გავაკეთო ფერმა, მაგრამ არ ვიცი როგორ შევძლო, აქ ძალიან ძნელია საქონლის მოვლა.“

არდოტის მთის შუაგულში, არდოტელების საგვარეულო კოშკის ნანგრევები მოჩანს, მის მახლობლად კი დანგეული ეკლესია, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ უმშვენიერესი მთების ხედების ფონზე, მისი რეაბილიტაციაც მოიზიდავს ტურისტებს. სხვათაშორის, ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ მდინარე არღუნში წითელწინწკლებიანი კამახია, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი.

უკან მუცო მოვინახულეთ, სოფელი, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ. დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განლაგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობისთავზე, ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკია და რამდენიმე ძველი სტრუქტურის ნანგრევია შემორჩენილი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის. თითქმის განადგურებულ მუცოს, ამჟამად რესტავრაცია უკეთდება. მუცოს რეაბილიტაციის დამკვეთი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც დაიწყო 2014 წელს, წესით 2018 წელს უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს  შპს „არქიტექსი“ ახორციელებს“.

ლეგენდის თანახმად, სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და თავს წმინდა დროშათა არმიის მუდმივ წევრებად თვლიდნენ, იცავდნენ  საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ ენით აუწერელ საგანძურს. ლეგენდის თანახმად, საგანძური დღესაც დაცულია მაღალ მთებში, მუცოს სიახლოვეს, რჩეულის მოლოდინში.

მუცოს დალაშქვრამდე მუცოს ყველაზე ახალგაზრდა მცველს ვესტუმრეთ ქეთი დაიაურს, რომელიც მხოლოდ 7 წლისაა.

„შატილში დავდივარ სკოლაში, ჩემი სოფელი ძალიან ლამაზია. დილით რომ ვიღვიძებ გარეთ დავდივარ, რომ დავიღალო და მალე დავიძინო, აქ ბავშვები არ არიან, რომ ვეთამაშო,“ – გვიყვება ქეთი და იმ ძაღლზე გვიყვება, რომელსაც ემეგობრებოდა და მოუკვდა,“ – ერთი ძაღლი დადის აქ და არ მეთამაშება… ხან ვწერ, ხან ვხატავ, მინდა რომ ახლოში იყოს სკოლა. მინდა რომ მუცოში ბევრი ადამიანი ცხოვრობდეს, რომ ბევრი ბავშვები იყვნენ, რომ მათთან ვითამაშო,“ – ამბობს და ისევ ბევრ ბანანებზე ოცნებობს… – „მუცოს მცველი ვარ, მაგრამ მე და ჩემი ოჯახი მარტო, ვერ გავამაგრებთ მუცოს.“

მერე აკლდამებზე ლეგენდებსაც გვიყვება, ზუსტად ისე, როგორ მიხა ექიმი. მუცოზე ლექსიც ვიციო და ჩამოგვირაკრაკა: „სადაც ოქროსფერი მზის ქაფია… თორღვაის ცხენიც იქ აბია… ღმერთო ძე ღვთისაო, და მარიამ მტერი მოყვარე მთავარია, ჩემთან არც ერთნი არ არიან ყველასთვის გავმხდარვარ უცხო… ნეტავ, რა ხმაა და რა ზარია, რა გოდებაა და რა თავზარია, მუცოს ბეჭები რომ გაბზარია…“

ქეთის მამას, ნუგზარ დაიაურს, კი ერთი ოცნება აქვს – ტრაქტორი – რომ ზამთარში ზვავებისგან გაწმინდოს გზა, რათა პატარა ქეთიმ სკოლაში იაროს…

წელს უღელტეხილი რომ დაიკეტა, სამჯერ ჩამოწვა ზვავი… ნუგზარმა ბავშვებთან ერთად ხელით გაჭრა და გაწმინდა გზა…

 

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s