RSS

მიგრანტთათვის და არა მხოლოდ…

23 ივნ

ოლიკო ცისკარიშვილი

გასული საუკუნის ბოლოს, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და როცა ქვეყნის ეკონომიკის მასობრივი რღვევა იყო, საქართველოში, სოციალური ფონი საშინლად დაეცა. ხალხის ძირითადი ფენა შიმშილობდა… უძლებდა სიცივეს, სიბნელეს, ბევრ უსამართლობას… ამას თან დაერთო ოსეთისა და აფხაზეთის ომები, სამოქალაქო ომი… სწორედ, აქედან დაიწყო საქართველოდან ადამიანების მასობრივი გასვლა სხვა ქვეყნებში. ადამიანები საკუთარი თავებისა და ოჯახების შიმშილისგან გადარჩენისთვის მზად იყვნენ უკანონონდ გადაეკვეთათ საზღვრები, ფეხით, სიცხეში, ტყვიის ქვეშ, საბარგულში დამალულები და ფაქტობრივად, მონურ პირობებში ემუშავათ ან სექსმუშაკები ყოფილიყვნენ, რადგან მათ ზურგს უკან იდგნენ დედები, მამები, ცოლები, შვილები…

ამ ნაკადს გაყვა საქართველოს მოსახლეობის თითქმის მეოთხედი, მათ შორის ჩემი ძმა, რომელსაც უკვე ოჯახი აქვს ჰოლანდიაში და სამი შვილის მამაა (სამწუხაროდ, არც ერთმა არ იცის ქართული და საქართველოში,მხოლოდ ერთი მათგანია ნამყოფი), ჩემი მამიდაშვილი საფრანგეთში, რომელსაც ორი ქალიშვილი ყავს (არც მათ იციან ქართული), ბიძაჩემი ესპანეთში, რომელიც იქ გარდაიცვალა, ბიძაშვილიც ესპანეთში, ჩემი ბიძაშვილი, რომელიც ყაზახეთში შრომითი ხელშეკრულების ხიბლით ჩაიყვანეს, სასტიკად აწამეს და მოკლეს, ბიცოლა საბერძნეთში, დეიდაშვილი იტალიაში, ბიძაშვილი რუსეთში, მეგობარი ამერიკაში, სტუდენტები, რომლებიც დღემდე მემეგობრებიან – ზოგი გერმანიაში, ზოგი იტალიაში და ა.შ. დარწმუნებული ვარ საქართველოში არ მოიძებნება ოჯახი, რომელსაც ოჯახის წევრი არ ყავს საქართველოს საზღვრებს გარეთ.  დღემდე, მილიონზე მეტი ოჯახი იკვებება ემიგრაციიდან გამოგზავნილი თანხებით. დღევანდელობას ვერ შევადრი გასული საუკუნის 90-იანებს, მაგრამ ქვეყანაში ისევ არასტაბულირი ეკონომიკური გარემოს გამო, კვლავ დიდია ქვეყნიდან მიგრაცია. უვიზო რეჟიმის შემოღებამ ადამიანებს აფიქრებინა, რომ გზა დასავლეთ ევროპისკენ ხსნილია და მათ კეთილდღეობისთვის უკვე შეუძლიათ ბრძოლა, თუმცა არც ასეა საქმე…

ბევრი ფიქრობს, რომ როგორც კი საზღვარს გადაკვეთავს, სამსახური, ანდა ლტოლვილის სტატუსი გარანტირებული აქვს, ბევრიც, ამის გამო, ვალს იღებს და ისე ტოვებს ქვეყანას. ბევრს კი ამის გამო, უფრო მეტი პრობლემები ექმნება…

ბევრმა არც იცის უვიზო მიმოსვლის წესები და პირობები: სად შეგვიძლია მგზავრობა და ა.შ. უვიზო მიმოსვლისას მგზვარობა შეგვიძლია ევროკავშირის წევრი შენგენის სივრცის ქვეყნები; არაწევრი შენგენის სივრცის ქვეყნები; წევრი შენგენის სივრცის კანდიდატი ქვეყნებში და მხოლოდ 90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში ბიომეტრიული პასპორტით.

„თუ ამ ვადას დაარღვევს საქართველოს მოქალაქე შესვლის აკრძალვა 5 წლით და ჯარიმა 3000 ევროა,“ – ამბობს იზა სამუშია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი.

რაც შეეხება საზღვრის გადაკვეთას: მესაზღვრეს აქვს უფლება მოითხოვოს: დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მგზავრობის მიზანს; დოკუმენტაცია ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ; არ შეშვების საფუძვლები კი ასეთია: ვერ ადასტურებს მგზავრობის მიზანს; წარმოადგენს საშიშროებას; იყო ადრე გამოძევებული და ვადა არ არის გასული.

„საკმაოდ რთულია იმის დადგენა, თუ რამდენი მიგრანტია საქართველოდან წასული,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი გობრონიძე.

სახელმწიფოს წინაშე არსებული ძირითადი რისკები დღესაც თითქმის ისეთივეა: ქვეყანაში არსებული სოციო – ეკონომიკური გარემო; სიღარიბე; უმუშევობა; სახელმწიფოს მიერ წარმოებული არასწორი პოლიტიკა კი სახელმწიფოს მიერ ემიგრაციასთან დაკავშირებული რისკების გაუცნობიერებლობაა;

ხშირად, საზღვარზე უკანონოდ გადასული ადამიანები ტრეფიკინგის მსხვერპლები ხდებიან.

ტრეფიკინი არის ადამინით ვაჭრობა  (მუხლი 1431), ან  არასრულწლოვნით ვაჭრობა (მუხლი 1432);   ტრეფიკინგის მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა (მუხლი 1433)

ექსპლუატაციად მიიჩნევა მატერიალური ან სხვაგვარი სარგებლის მიღების მიზნით ისეთი ქმედება, როგორიცაა:   შრომის ან მომსახურების იძულებით გაწევა; დანაშაულებრივ საქმიანობაში, პროსტიტუციაში, პორნოგრაფიაში ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმა;  სექსუალური მომსახურების იძულებით  გაწევა; სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის იძულებით ან მოტყუებით  ამოღება, გადანერგვა ან სხვაგვარი გამოყენება; მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება. ტრეფიკინგის მსხვერპლის(დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობისას პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგელობისგან გათავისუფლდება თუ მან ამის თაობაზე ინფორმაცია გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ნებაყოფლობით მიაწოდა საგამოძიებო ორგანოებს, ხელი შეუწყო გამოძიების წარმართვას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

ასეთი ადამიანების დახმარებისთვის შეიქმნა  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომელიც 2006 წელს დაარსდა. ისინი არა მარტო ვალდებულნი არიან დაეხმარონ ამ ადამიანებს, ასევე ვალდებულნი არიან გააცნონ ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა უფლებები: მოსაფიქრებელი ვადა (30 დღე); სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება დოკუმენტის გაყალბებისა და საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება პროსტიტუციის განხორციელებისა და საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევით ცხოვრებისათვის. თარჯიმნის უფლება; სრულყოფილი ინფორმაციის მიღების უფლება;  სხდომის დახურვა; დეპორტაციის აკრძალვა; სპეციალური ბინადრობის ნებართვა; ტრეფიკინგის მსხვერპლი და ტრეფიკინგის დაზარალებული სარგებლობს ერთი და იგივე უფლებებით, დახმარებისა და დაცვის სერვისებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მიერ ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე, ჟურნალისტებთან ერთად სამთავრობო სტურუქტურებმაც ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი მიგრაციაში მყოფმა ადამიანებმა ტრეფიკინგისგან: არ ანდო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი უცხო ადამიანს! დეტალურად გაეცანი შრომითი დასაქმების კონტრაქტს! შრომითი დასაქმების კონტრაქტი გააცანი იურისტს! მიმართე უფასო იურიდიული კონსულტაციისათვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს! ტრეფიკინგის ფაქტის ეჭვის შემთხვევაში  მიმართე სამართალდამცველ ორგანოებს! საზღვარგარეთ ყოფნისას მიმართეთ   საქართველოს ადგილობრივ საკონსულოებს! ნუ გახდები უკანონო მიგრანტი!

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლის იზა სამუშიას თქმით, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით; თუკი სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამაში, რომლის ბიუჯეტი 2017 წელს შეადგენდა 590 000 ლარს,  დაეხმარებიან.

აღნიშნული თანხა გადაეცა არასამთავრობო ორგანიზაციებს დაბრუნებულ მიგრანტთა შემდეგი სერვისებით უზრუნველყოფისათვის:  სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება;  სოციალური პროექტების დაფინანსება; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებაგადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა; საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა.

2017 წლის პროგრამის ფარგლებში პროექტის ბენეფიციარად დარეგისტრირდა 482 დაბრუნებული მიგრანტი. (2015 წ. – 222 ბენეფიციარი, 2016 წ. – 396 ბენეფიციარი. ბენეფიციართა ყველაზე დიდ წილი, 25-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში ხვდება (46%), შემდეგ 41-60 წლის ასაკობრივ ჯგუფში (35%), 61 წლის და მეტი ასაკის (12%), ყველაზე მცირე ჯგუფებს 18-25 წლის (5%) და 18 წლამდე (2%) ბენეფიციარები წარმოადგენდნენ.

ბენეფიციართა 72% პროცენტი ნებაყოფლობით დაბრუნდა, ხოლო 28% დაბრუნებულ იქნა იძულებით – მათ შორის დეპორტაციის გზით ან საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

ემიგრაციის ქვეყნების მიხედვით, დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, (თუმცა ალბათ, არაოფიციალური ინფორმაციით რუსეთი ჭარბობს) საბერძნეთი პირველ ადგილზეა (33%), შემდეგ გერმანია (28%), რუსეთი (12%) და თურქეთი (6%). შემდეგ მოყვება ავსტრია, ისრაელი, იტალია.

სამედიცინო დახმარების დაფინანსების ფარგლებში, დახმარება გაეწია 57 ბენეფიციარს.(მათ შორის: ქირურგიული ოპერაცია, სამედიცინო გამოკლევები, სამედიცინო პროცედურები, მედიკამენტების შეძენა).

რაც შეეხება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებაგადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობას: პროფესიული სწავლებისა და ანაზღაურებადი სტაჟირების სერვისის უფასოდ მიღების შესაძლებლობების; გაცნობა; სამუშაოს მაძიებლად შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (http://www.worknet.gov.ge)გადამისამართება. გასული, 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სულ დარეგისტრირდა 30 ბენეფიციარი; პროგრამაში ჩაერთო და კურსი გაიარა 5 ბენეფიციარმა.

რაც შეეხება ქვეყანაში უკან დაბრუნებული ადამიანის საცხოვრისით დროებით უზრუნველოფას: გამოკვეთილი საჭიროებების არსებობისას ბენეფიციართა საცხოვრებლით უზრუნველყოფა არაუმეტეს 4 ღამით; შარშან დროებითი განთავსება დაუფინანსდა 14 დაბრუნებულ მიგრანტს.

ქვეყანაშ დაბრუნებულ პირებისთვის ასევე სოციალური პროექტების დაფინანსებასაა შესაძლებელი. შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით; ერთი ბენეფიციარის სოცილური პროექტის დაფინანსება 500-4000 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი;

„სოციალური პროექტის დაფინანსების მოთხოვნით  მოგვმართა 281 ბენეფიციარმა, რომელთაგან კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 147 სოციალურ პროექტზე.დაფინანსებულ ბენეფიციართაგან 57 იყო ქალი, ხოლო 90 მამაკაცი. დაფინანსებულია: სოფლის მეურნეობის ერთწლიანი კულტურა, სწრაფი კვების ობიექტები, მეცხოველეობა/მეფრინველეობა, ესთეტიკის ცენტრი, მეფუტკრეობა, სავაჭრო ობიექტები, სამშენებლო/სარემონტო ხელსაწყოები, ავტო შეკეთება, საოჯახო სასტუმრო და სხვ.“ – გვეუბნება იზა სამუშია.

ასე, რომ მიგრანტებო, თუ დასავლეთ ევროპაში ელდორადო არ დაგხვდათ, შეგიძლიათ სამშობლოში დაბრუნებულებმა ახალი საქმეც კი წამოიწყოთ, თუ თქვენი ბიზნეს იდეა ძალიან კარგი და განხორციელებადი იქნება…

მანამდე კი თუ ქვეყნის გარეთ პრობლემები შეგექმნათ და არ იცით ვის მიმართოთ დარეკეთ ამ ნომრებზე: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდი 116  006; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო  112   და  (+995 32) 2 411 714 ; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  (+995 32)  2 94 50 50.

 

 

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s