RSS

საქართველოში, ტყის საფარი, გაუთავებელი ჭრების გამო, შემცირებულია

19 მაისი

ნინო ალბუთაშვილი

მსოფლიოში ტყე ფასდაუდებელ ბუნებრივ სიმდიდრედ ითვლება, რომელსაც ცოცხალი ორგანიზმებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ტყის საფარი დედამიწის ზედაპირის 30% მოიცავს. საქართველოში, ტყეს, ქვეყნის საერთო ტერიტორიის დაახლოებით 40 % უკავია. ბიოსფეროში ტყე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, გავლენას ახდენს ჟანგბადის და ნახშირბადის ბალანსზე, ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, იცავს ნიადაგს ეროზიისგან, მოკლედ რომ ვთქვათ, თითოეული ადამიანისთვის ჯანსაღი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სიმშვიდის ხელშემწყობია.

ტყის ეკოსისტემა დამახასიათებელია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონისთვის, რომელიც ქვეყნის ფიზიკურ–გეოგრაფიული, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, საკმაოდ  მრავალფეროვანია. მუხრანები – აღმოსავლეთ საქართველოს ტყის სარტყლის ქვედა ნაწილში; წიფლნარები – გავრცელებულია ტყის სარტყლის შუა და ზედა ნაწილში. ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ სახეობას წარმოადგენს კავკასიური რცხილა. ფიჭვნარები – ეს ეკოსისტემები მდიდარი ფლორისტული შემადგენლობით გამოირჩევიან; მუხრან–ფიჭვნარი –  ფიჭვთან ერთად ამ ეკოსისტემას ქმნის მაღალი მთის მუხა. ამ ტყეებს ვხვდებით აღმოსავლეთ საქართველოში; უთხოვრის ტყეები – შემონახულია რელიქტური ტყის სახით ბაწარას ხეობაში, ალაზნის ზემო დინებაში; ძელქვიანები – ბაბანეურის ძელქვიანები თავისი რელიქტური ბუნებით და იშვიათი გავრცელებით დიდ ყურადღებას იქცევს, ის ძირითადად გვხვდება ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; ნეკერჩხლიანები – ეს ტყეები მხოლოდ ალაზნის ველზეა გავრცელებული; კოლხური ტყეები – დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაჭაობებულ დაბლობზე, ზღვის დონიდანვე იწყება. თითოეული მათგანი ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური, სამეურნეო  მნიშვნელობისაა და მახასიათებლების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებად იყოფა:  ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, დაცული ტერიტორიები, აღკვეთილები და ა.შ. სწორედ ბუნებრივი უნიკალურობისა და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, საქართველოს ტყეები შედის  ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის  (WWF)  ოცდათორმეტ  „ცხელ წერტილში“.   „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ვებგვერდზე ნახსენებია, რომ  საქართველოში ხე-ტყის  არსებობის 40 % –  მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით  მაღალ მაჩვენებლად ითვლება, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში  მომხდარმა მოვლენებმა და საზოგადოების დაუდევრობამ დიდი ზეგავლენა იქონია არსებულ მაჩვენებელზე. ეს არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ გლობალურ პრობლემად ითვლება. წინა წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით განადგურებული მასივის რაოდენობამ 29.7 მილიონი ჰექტარი შეადგინა.
საქართველოში, ამის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს, ბოლო დროინდელი  გახშირებული ხანძრები, უკანონო ჭრები, ეკონომიკური განვითარების პროექტებისგან გამოწვეული ზეწოლა.

გარემოსდამცველების მტკიცებით, ტყის საფარი გაუთავებელი ჭრების გამო, საგრძნობლად შემცირებულია. ხის გაზრდას კი საშუალოდ 20 წელი ჭირდება. დეგრადირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მოსახლეობის მიერ სოციალური ჭრა და ლიცენზიით დაშვებული რაოდენობის გადაჭარბება.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის  თებერვლის თვის ჩათვლით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 285 ფაქტი გამოვლინდა,  ასევე  იმერეთის რეგიონშიც დაფიქსირდა  ხე-ტყის უკანონო ჭრის 28 ფაქტი, კერძოდ, ხონის, წყალტუბოს, ბაღდადის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ინფორმაციით,  ავტომანქანების მძღოლებმა ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარადგინეს. ამოღებული ხე–ტყის ოდენობა 50მ3 შეადგენს.

სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ  ზოგიერთ მათგანს გაზიც მიეწოდება, ზამთარში მაინც შეშის „ფეჩს“ იყენებს, რადგან ზოგისთვის გაზის ტარიფი  მისაღები არ არის. ისინი კანონიერად, თუ უკანონოდ, ჩეხავენ მათთვის ადვილად მისადგომ ადგილებს ზამთარში გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად, სახლის შესაკეთებლად, ასევე პირადი მიზნესის განსახორციელებლად. სოფლის მოსახლეობა ყოველთვის მოჭრის ხეს სხვადასხვა მიზნებისთვის, თუმცა უმნიშვნელოვანესია მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რომ გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ წესების დაცვით, განსაზღვრული რაოდენობით, რათა უზრუნველვყოთ ტყის რესურსების გეგმაზომიერი განახლება.  საქართველოს ტყეების 97 % მთის ტყეებია და ატარებს ნიადაგდაცვით, წყალდაცვით და წყალმარეგულირებელ ფუნქციას. მთის ფერდობებზე ტყის მოსპობა იწვევს ნიადაგის ეროზიას, მის ჩამორეცხვას, მთის ქანების დაშლას, ღვარცოფებს, მეწყერებსა და ეკოლოგიურ კატასტროფებს. სურამის მოსახლეობა, სწორედ ამ პრობლემის წინაშე დგას,  2017 წლის  სექტემბერში, სურამის ტყეში გაიჩეხა უნიკალური ხეების ჯიში. სამართალდამცავებმა შეძლეს ეჭვმიტანილების ფაქტზე დაკავება. მათ ერთი კვირის განმავლობაში, 200-მდე ძირის მოჭრა მოასწრეს, გაამზადეს და დიდი ნაწილის  ტყიდან გატანაც მოახერხეს. ადგილობრივები შიშობენ, რომ ხანძარს გადარჩენილ უნიკალურ ტყეში ხეების გაჩეხვის გაგრძელების შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიას კიდევ ერთი სტიქია, მეწყერი ემუქრება.

მოსახლეობა ძირითადად ჭრის და იყენებს მათთან ახლოს მდებარე ხე-ტყეს, რომლის მოპოვებაც ადვილია. შესაბამისად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თითქმის აღარ არსებობს ქარსაცავი ზოლები, რაც პირდაპირ კავშირშია სოფლის მეურნეობასა და მიკროკლიმატთან. ნიადაგების გამოშრობა – რის გამოც მცენარეს აღარ ძალუძს შეიწოვოს ტენი, მასში გახსნილი საკვები ნივთიერებები და ა.შ. ნაყოფიერი ფენის გაქრობა, ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი და განადგურებული ნარგავები, ტოტების მსხვრება, მცენარის მოთხრა, გაუარესებული მიკროკლიმატი, სოფლებში დამშრალი წყაროები, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რისი გამოწვევაც შეუძლია ქარსაცავი ზოლების არარსებობას.  მოკლედ რომ ვთქვათ, სამიწათმოქმედო საქმიანობის დაქვემდებარებულ ტერიტორიას იცავს ქარის უარყოფითი გავლენისგან.  ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გლეხი, რომელიც  ცდილობს მიწის დამუშავებას, თითოეული მოჭრილი ხით ანადგურებს თავის მოსავალს.  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა არაინფორმირებულობა სოფლის მოსახლეობაში, რომელმაც არ იცის ქარსაცავი ზოლის დანიშნულება და უმოწყალოდ ჭრის  სხვადასხვა დანიშნულებისათვის. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ხდება ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც  ქარსაცავი ზოლის განადგურება არსებული ხელისუფლების მიერ, კანონიერ ფარგლებში მიმდინარეობს.  ქობულეთის სოფელ კვირიკეში ასამდე ხე გაიჩეხა. ხეებს  ევკალიპტის გადატანის გამო ჩეხავენ. სრულად მოიჭრა ხეების ერთი ქარსაცავი ზოლი, უნიკალური ჯიშის ნაძვის ხეები, დამატებით მანდარინებისა და ფორთოხლის ბაღების რიგები.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ, ასეთი განცხადება გააკეთა. –  „ყველა ხე, რომელიც მოიჭრა სოფელ კვირიკეში, ეს არის კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე. მუნიციპალიტეტს მომართა მოქალაქემ სათანადო წესის დაცვით ჩვენ გავეცით თანხმობა და ამ თანხმობის საფუძველზე მოიჭრა ხე-მცენარეები და შემდგომში ტრანსპორტირებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღო თანხმობა.“  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  ქარების სიძლიერის მოქმდების მიხედვით, ქობულეთი პირველ ჯგუფს განეკუთვნება, რომელიც ხასიათდება ძლიერი ქარით.

ქვეყანაში არსებული პრობლემების მიუხედავად, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ პარალელურად მიმდინარეობს დეგრადაციის საშიშროების თავიდან აცილების, ხე-ტყის აღდგენის და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ღონისძიებები. სწორედ ამ მიზნით, 2003 წელს ქვეყანაში  გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, საქართველოში “ზურმუხტის  ქსელის“ განვითარება იგეგმება, რომელიც ევროპაში 1989 წლიდან ვითარდება. ზურმუხტის ქსელი არის ეკოლოგიური ქსელი, რომელიც შედგება „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის ტერიოტორიებისგან“. ჯერჯერობით, ბერნის კონვენციის მიერ შექმნილია „ზურმუხტის ქსელის“ დანერგვის კალენდარი, რაც აწესებს ეტაპებსა და ვადებს –  განვითარებისათვის. მთავარი ამოცანაა ზურმუხტის ქსელის სრულად ამოქმედება 2020 წლისთვის.  აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ჯერ კიდევ, შენარჩუნებულია ქალწულებრივი ტყეები (ხელუხლებელი), სწორედ ამიტომ, „ზურმუხტის ქსელის“ განვითარება მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება ქვეყნისთვის, რადგან მოხდება ისეთი სახეობებისა და ჰაბიტატების გადარჩენა, რომელთაც განსაკუთრებული და გრძელვადიანი დაცვა სჭირდებათ. ამჟამად, იდენტიფიცირებულია 34 პოტენციური „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორია“, რის შემდეგაც  გამოვლინდა  გავრცელებული ფლორისა და ფაუნის – 125,  ხოლო ჰაბიტატის – 27 სახეობა. საქართველო კულტურულ მცენარეთა წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცენტრია, ასევე თავისებური და მრავალფეროვანია ფაუნა. გლობალურად მნიშვნელოვანი ფაქტორების გამო, საქართველო, როგორც კავკასიის ნაწილი, შედის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ორას გლობალურ ეკორეგიონის ნუსხაში. აღსანიშნავია, რომ  ქვეყანაში  გავრცელებული მრავალი სახეობის ცხოველი იშვიათია გლობალური მასშტაბით და შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის   (IUCN) წითელ ნუსხაში.

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s