იცოდით თუ არა, რომ პლასტმასი, რომელსაც ადამიანები ყოველდღე ვიყენებთ შემდეგ კი ნარჩენებად ვაქცევთ, ბუნებრივად არ იხრწნება. საქართველოში მისი გადამამუშვებელი სექტორი არ არის განვითარებული და ადგილობრივ ბაზარზე, მისი სეპარირებული შეგროვება სხვადასხვა პროექტის სახით მიმდინარეობს. საყოფაცხოვრებო ნაგვის 11%-ს სწორედ პლასტმასის ნარჩენი წარმოადგენს.
პლასტმასი სპეციალური მასალისაგან მზადდება, რომელიც არა-აღდგენადია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი გამოლევადია. ის მილიონი წლის განმავლობაში ფორმირდებოდა, წარმოიქმნა მკვდარი მცენარეებისა და ცხოველებისაგან, რომელიც შესაძლებელია 50 წლის შემდეგ გამოილიოს. დღეს პლასტმასისაგან ძალიან ბევრი, სხვადასხვა დასახელების საგანი მზადდება.
მსოფლიოში პლასტმასის წარმოება მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყო. აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერების მიხედვით, პლასტმასის წარმოება 1950 წელს მსოფლიოში, 2 მილიონ ტონას უტოლდებოდა, ხოლო 2015-ში წლიურმა წარმოებამ 380 მილიონ ტონას მიაღწია. იმავე კვლევის მიხედვით, 1950 წლიდან, 2015 წლმადე ჯამურად ნაწარმოებია 8.3 მილიარდი ტონა პლასტმასი, საიდანაც 6.3 მილიარდი ტონა უკვე ნარჩენად გადაიქცა. ნარჩენად გადაქცეული პლასტმასის მხოლოდ 9%-ია გადამუშავებული, 12%- ინსინირებული და 79% (4.9 მილიარდი ტონა) ნაგავსაყრელზე განთავსებული ან გარემოში გადაყრილი.
პლასტმასით გარემოს დაბინძურება, დღემდე დიდ გამოწვევად რჩება. რეალურად ადამიანები ვერ აცნობიერებენ მათ წილ პასუხისმგებლობას და იმას თუ რამდენად საგანგაშოა მათი პროცესში ჩართვა. ის, რომ ჩვენი საკვები და სასმელი მოთავსებულია პლასტმასის ერთჯერად ჭურჭელში და ყოველდღიურად მათ მოხმარებას ბუნებრივ კატასტროფამდე მივყავართ. ასევე, ერთჯერადი მოხმარების ნივთები, რომლებიც დღეს, საკმაოდ პოპულარულია ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი მრავალჯერადი მოხმარება ჩვენი ჯანმრთელობისათვის საზიანოა, რადგან ის მრავალ საშიშ ელემენტებს გამოყოფს. წყლის ბინადრები, ოკეანეში არსებულ პლასტიკურ სიბინძურეს ჭამენ, რომელიც შემდეგ კვების ჯაჭვში ჩნდება.
ადამიანის ნეგატიური ზეგავლენა დედამიწასა და გარემოზე განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში გაიზარდა. მსოფლიოში ცხოვრების დონისა და ეკონომიკის ზრდა-განვითარებასთან ერთად წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობაც თანდათან იზრდებოდა. სხვადასხვა კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ განვითარებული ქვეყნები უფრო მეტ ნარჩენს წარმოქმნიან, ვიდრე განვითარებადი, კონკრეტულად, ერთ სულ მოსახლეზე ნარჩენის რაოდენობა OECD-ის წევრ ქვეყნებში 2-ჯერ მეტია, ვიდრე განვითარებად სახელმწიფოებში. ეს ფაქტი, კი შეიძლება იმით აიხნას, რომ განვითარებულ ქვეყნებში მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა უფრო მეტ პროდუქტს მოიხმარს და უფრო მეტი მომსახურებითაც სარგებლობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის ქვეყნები, პლასტმასის გამოყენებაზე უარს ამბობენ. მაგალითად, საფრანგეთის მთავრობამ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, რომ 2020 წლამდე პლასტმასი მოხმარებიდან, ეტაპობრივად ამოიღოს.
დედამიწაზე ოკეანეები და მდინარეები პლასტმასით, დღითიდღე ბინძურდება. ასევე, ის დიდი ხანია რაც ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ის შესაძლოა ყველგან აღმოვაჩინოთ მაგალითად ტანსაცმლის ღილებზე, სათვალეში, ტელეფონში, ტელევიზორსა თუ მაცივარში.
პლასტმასის ბოჭკო იპოვეს გერმანიაში, ლუდის 24 სახეობაში, ასევე თაფლსა და შაქარშიც. საფრანგეთში, დაახლოებით 3 წლის წინ აღმოაჩინეს, რომ პლასტმასის ნაწილაკები ჰაერიდან თავზე ეცემოდათ და იმ ტოქსიკური ნალექის საშუალო, წლიური რაოდენობა 10 ტონას შეადგენდა.
პლასტმასის ბოჭკოები შენიშნეს სასმელ წყალშიც, რომელიც ონკანიდან მოდის. მიკროპლასტმასით სასმელი წყლის მეტ-ნაკლები დაბინძურება ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა. სახელმწიფოებს შორის, შედარებით დაბალი მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და საფრანგეთს აქვს, თუმცა დაბინძურება იქაც საგანგაშოა და პლასტმასა აღებული წყლის ნიმუშების 72%-ში იპოვეს. 94%-იანი, ყველაზე მაღალი დაბინძურება შეერთებულ შტატებში აღმოჩნდა.
პლასტმასთან უშუალო შეხება და საკვების შესაფუთად, პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება ბევრ საშიშ დაავადებასთანაც ასოცირდება, მათ შორის სიმსივნესთან, თანდაყოლილ დეფექტებთან, იმუნური სისტემის, ფუნქციების დაქვეითებასთან, თუ ჰორმონალურ დარღვევებთან.
აქედან გამომდინარე, როდესაც ვხვდებით, რომ პლასტმასი ყველგან და ყველაფერშია ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ გავაკეთოთ ის რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ნაკლები პლასტმასი ვაქციოთ ნარჩენად, ამით ჩვენს ჯანმრთელობასაც და გარემოსაც გავუფრთხილდებით.
გამოყენებულია მასალები:
- http://environment.cenn.org/ge/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90-2/%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-2/%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%90/
- https://www.amerikiskhma.com/a/galileo-plastic-in-drinking-water/4049936.html