RSS

ჰიდროელექტროსადგურებიდან ენერგიის მიღება მოძველებული მიდგომაა

03 მაისი

მარიამ ქავთარაძე

 უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში კი სულ უფრო მეტს მსჯელობენ იმ საკითხზე თუ რამდენად საჭიროა საქართველოში დიდი თუ მცირე ჰესების აშენება, მათ შორის ისეთების როგორიცაა: ხუდონ ჰესი ან ნენსკრა. ამ იდეას თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც ყავს, შესაბამისად იმისა თუ რა სიკეთეს ან უარყოფით შედეგს გულისხმობს ამა თუ იმ ჰესის აშენება.

ბევრ დაობენ და ამ კითხვებზე პასუხს ეძებენ – შესაძლებელია თუ არა საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობა? არის თუ არა ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა ჰესების აშენება? არსებობს თუ არა სხვა გზებიც, რომლის მეშვეობითაც ენერგო მარაგის შექმნაა შესაძლებელი?

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, ძირითადად, პრობლემას უქმნის ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას. რადგან საქართველო მთიანი რეგიონია, ხშირად ამის გამო ვითარდება მეწყრული პროცესებიც. ზიანის შემცირების მცდელობის მიუხედავად, ჰესები მაინც ცვლიან ადგილობრივი ბუნების პირობებს.  მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ ზოგადად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების აშენებაზე აქცენტის გაკეთება არასწორია. მისი თქმით, აღნიშნული ხელს უშლის ელექტრო-ენერგოსექტორის დივერსიფიცირებას. ამასთან, თუნდაც ნენსკრაჰესისა და ხუდონჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგია მთავრობას ადგილზევე ძალიან ძვირი დაუჯდება, მოსახლეობამდე მისული ფასი კი კიდევ უფრო გაზრდილი იქნება.

„ჩვენი ელექტრო სექტორის 80% არსებულ ჰიდროელექტროსადგურებზეა დამოკიდებული. არსებული პოლიტიკით კიდევ ვზრდით ამ პროცენტს და აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ჰიდრორესურსებზე,“ – ამბობს დათო ჭიპაშვილი და გვიხსნის, რომ

ხუდონჰესზე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მთავრობამ აიღო ვალდებულება, მიუხედავად საჭიროებისა, აღნიშნული ჰესის მიერ მთლიანად გამომუშავებული ენერგია (მილიარდ ნახევარი კვტ.სთ) შეისყიდოს 10,5 ცენტად (1 კვტ.სთ). არაფორმალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი განმარტავს, რომ ანალოგიური პირობებია ჩადებული ნენსკრაჰესის მემორანდუმშიც, – „გამოდის, რომ მხოლოდ ხუდონისა და ნენკსრას შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტმა წლიურად უნდა იხადოს 300 მლნ დოლარზე მეტი ელექტროენერგიაში, მიუხედავად იმისა, ქვეყანას დასჭირდება თუ არა ის. შედარებისთვის: 10,5 ცენტი არის 26-27 თეთრი მაშინ, როდესაც ენგურის ენერგიის 1 კვტ.სთ ადგილზე 1,12 თეთრი ღირს. ანუ ხუდონის ფასი 26-ჯერ ძვირია. ხოლო თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარავს თანხას იმისთვის, რომ ფასზე ზემოქმედება არ მოხდეს, ბიუჯეტს მოუწევს 300 მლნ დოლარზე მეტის გადახდა მხოლოდ ამ 2 სადგურისთვის”.

ჰესების აშენების მოწინააღმდეგეები ასევე აღნიშნავენ, რომ ჰიდროელექტროსადგურებიდან ენერგიის მიღება საკმაოდ მოძველებული მიდგომაა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მზის პანელების წარმოება გაიზარდა, ფასი დაეცა, გაცილებით ნაკლები ფართობის პანელები მეტ ენერგიას გამოიმუშავებენ და საქართველოს კლიმატის გათვალისწინებით, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღება ქარისა და მზის მეშვეობით უკვე საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად გახდა შესაძლებელი.

სპეციალისტები განმარტავებ, რომ ჰიდროელექტროსადგურების შემდეგი ალტერნატივები არსებობს: ე.წ. ენერგოეფექტურობა – არა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურის ალტერნატივაა, არამედ მთლიანად ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს არსებული ენერგომოხმარების შემცირება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ნაკლები ენერგიის მოხმარებით ეკონომიკურ ზრდას შევუწყოთ ხელი. ამის მაგალითია ენერგოეფექტური ნათურები, ბუხრები, გათბობის სისტემები, სამშენებლო მასალები, რომლებიც გამოიყენება იმისთვის, რომ მარტივად – ენერგია დაიზოგოს.

არსებული 65 კაშხლიანი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ მდინარის მიერ მოტანილი წყლით მუშაობს, ვერ მუშაობს სრულფასოვნად მხოლოდ იმიტომ, რომ რეზერვუარები არის სავსე ნატანით და პრაქტიკულად მათ აღარ შესწევთ უნარი შეიგუბონ წყალი. აუცილებელია, ამ სადგურების სრული რეაბილიტაცია და არა ახალი ჰესების აშენება. აღსანიშნავია, რომ საბოლოო ჯამში, 20-30 წლის შემდეგ ის ახალი სადგურებიც სავსე იქნება ნატანით და ისინიც გასაწმენდი იქნება.

გარემოს დამცველები ამბობენ, რომ საქართველოს თავისუფლად შეუძლია ქარისა და მზის ენერგიის გამოყენება.

ინჟინერიის დოქტორის, ლეონტინა გალდავა თქმით, საქართველოში ჰიდრო, ქარის და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების განვითარების პერსპექტივა საკმაოდ რეალურია. თუმცა, მიიჩნევს, რომ ქარის ელექტროსადგურებისა და ჰიდროელექტროსადგურების შედარება არარაციონალურია.

„ენერგეტიკის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციას ასახავს, შესაბამისად კი ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად საჭიროა ახალი ენერგოობიექტების მშენებლობა. 2013 წელს, საქართველოში, ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებულმა ელექტროენერგიის რაოდენობამ შეადგინა 2459,75 კვტ.სთ, გერმანიაში ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა 1968 წელს. ამავე დროს შვეიცარიაში ამ მაჩვენებელმა მიაღწია – 3852,19, დიდ ბრიტანეთში – 3762,59 და ისლანდიაში – 2992,73. დღესდღეობით კი გერმანიის ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი თითქმის 3-ჯერ აღემატება იგივე მაჩვენებელს საქართველოში. საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვებია და აშკარად მიგვანიშნებს, რომ საქართველოში ენერგოობიექტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს,“ – ამბობს ლეონტინა გალდავა.

იგი განმარტავს, რომ ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ნათლად ჩანს ქვეყნის ეკონომიკისა და ელექტროენერგიის მოხმარების ურთიერთდამოკიდებულება. შესაბამისად, მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის სჭირდება ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების გაზრდა, ენერგეტიკული სექტორის აქტიური განვითარება:

„ანალიზი გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ქარზე, მზეზე და ჩამონადენზე მომუშავე მცირე ჰიდროელექტროსადგურების ენერგია ქვეყნის ენერგეტიკულ სტაბილურობას ვერ განაპირობებს, საჭიროა საბაზისო სადგურები ანუ თბოელექტროსადგურები და წყალსაცავიანი ჰესები. გერმანიისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე საქართველოში ჰესების სხვა ენერგოობიექტებით ჩანაცვლების საკითხი არ დგას, რადგან ელექტროენერგიის დეფიციტია,“ – ამბობს ლეონტინა გალდავა.

მიუხედავად განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების პოპულარობისა, ჰიდრორესურსები მსოფლიოში გამოყენებადი და განახლებადი ენერგიის პოპულარულ წყაროდ რჩება. 2015 წლის მონაცემებით, ჰიდროელექტროსადგურებმა მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის თითქმის 17 % აწარმოა ანუ განახლებადი წყაროების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 70 %.

ჩინეთი, მსოფლიოში, ჰიდროელექტრორესურსების მწარმოებელი ლიდერი სახელმწიფოა. ქვეყანაში მსოფლიოში ყველაზე დიდი – 22 500 მეგავატი მოცულობის ჰიდროელექტროსადგური – Three Gorges Dam მსოფლიოში სიგრძით მესამე ადგილზე მყოფ მდინარე იანძიზე ფუნქციონირებს. აღნიშნულ ელექტროსადგურს ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ის, წლის განმავლობაში, ჩინეთის ენერგომომარაგებაზე მოთხოვნის ზრდას სრულად ურზუნველყოფს.

თუმცა, ზოგადად ჰესებთან დაკავშირებული შესაძლო რისკების გარდა, ოფიციალური ცნობებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ჰესის კაშხლის გარღვევის შემთხვევაში, დატბორვის ზონაში 360 მილიონი ადამიანი შეიძლება მოჰყვეს.

ჰიდროელექტრორესურსების მწარმოებელთა ხუთეულში შედიან ასევე კანადა, ბრაზილია, აშშ და რუსეთიც.

იმედია, საქართველო, მათ რიგებში არ ჩადგება და ქვეყანა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებას უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობს.

ფოტო: ო.ცისკარიშვილის

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s