კანონის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, 2018 წლის პირველი მაისიდან უკვე ძალაშია. ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ კანონი ითვალისწინებს მომავალი თაობის, სიცოცხლის გადარჩენას და მათი ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფას. კონტროლის ახალი კანონმდებლობის მიზანი, თამბაქოს მეორადი კვამლის, ნეგატიური ზემოქმედებისაგან, თითოეული ჩვენთაგანის დაცვაა. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში, თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებით, ყოველწლიურად 3000-მდე ადამიანი იღუპება, რადგან ის 7000-ზე მეტ მავნე ნივთიერებას შეიცავს და საკმაოდ სერიოზულ დაავადებებსაც იწვევს, როგორიცაა: ფილტვის კიბო, გულის დაავადებები, ასთმის შეტევების გამწვავება და ა.შ. თამბაქოს მეორადი კვამლი, ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვების როგორც ჯანმრთელობას, ასევე სიცოცხლეს და მათთვის უეცარი გარდაცვალების სინდრომის მთავარ მიზეზსაც წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კანონის მთავარი მიზანია ეფექტურად დაიცვას არამწეველები და განსაკუთრებით ბავშვები, თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებისაგან.
კანონის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალა: ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში; საზოგადოებრივ ტრანსპორტში; საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრებისა და 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობეში, ასევე მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე. სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში, ასევე მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.
კანონის მიხედვით, თამბაქოს მოწევა ნებადართულია: ფიზიკური პირის საცხოვრებელ სახლში; ტაქსიში და კატერზე; სტადიონებზე; სამორინეში; წინასწარი დაკავების იზოლატორში; პენიტენციურ დაწესებულებაში; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; სიგარაბარში; სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისათვის განკუთვნილ დაწესებულებებში, ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შემთხვევაში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას. სტადიონზე, რომელსაც ადმინისტრაცია ჰყავს (2020 წლამდე).
კანონის წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 50 განმეორების შემთხვევაში კი 100 ლარით. დაწესებულება კი პირველად 500 განმეორებისას კი 1000 ლარით.
პირველი მაისიდან კანონის ფარგლებში, ასევე ძალაში შევიდა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამოსაყენებელი, ტელე ან რადიორგოლისა და ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამის ნიმუშების შესახებ. რის მიხედვითაც ნებისმიერ ფილმს, გადაცემას ან სხვა ტელეპროდუქტს, რომელშიც ასახულია თამბაქოს მოხმარება ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქსესუარი, თან უნდა ერთვოდეს პიქტოგრამა ან ხმოვანი მესიჯი, რომელიც თამბაქოს მოწევის მავნებლობას ასახავს. ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში კი ფულადი ჯარიმა 5000 ლარს შეადგენს.
საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა და თავად მწეველებიც კი კანონს დადებითად აფასებენ და მათ მიაჩნიათ, რომ მსგავსი რეგულაცია ხელს შეუწყობს მწეველების რიცხვის შემცირებას.
„იმის მიუხედავად, რომ თავად მწეველი ვარ, ჩემთვის დიდ დისკომფორტს იწვევდა ფაქტი, როდესაც მე და ჩემი მეგობრები გასართობად რესტორნებსა და ბარებში მივდიოდით, იქედან კი თამბაქოს სუნით გაჟღენთილები გამოვდიოდით. ეს ძალიან შემაწუხებელი ფაქტი იყო ყოველთვის და განსაკუთრებით არამწეველებისთვის, რომელთათვისაც მეორადი კვამლი აუტანელი და ჯანმრთელობისათვის ამდენად საზიანოა. მე პირადად ახალი კანონის გამო არ ვაპირებ თამბაქოზე უარის თქმას, თუმცა ამ პირობების გათვალისწინებით, ბევრი ადამიანი მოწევაზე უარს იტყვის. მომწონს მიზანი, რომელსაც ეს კანონპროექტი ისახავს, ამის შედეგად ადამიანები ერთმანეთის ჯანმრთელობასსაგრძნობლად გავუფრთხილდებით.“ – გვეუბნება 21 წლის, სტუდენტი ანა, რომელმაც გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.
არიან უკმაყოფილო მწეველებიც, რომლებიც თვლიან, რომ მსგავსი აკრძალვები ზედმეტია. „რა თქმა უნდა ვიაზრებ და ვხვდები თუ რამდენად საზიანოა მოწევა თითოეული ადამიანისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისათვის. მივესალმები იმას, რომ სასწავლო და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ ნებისმიერ ტერიტორიაზე მოწევა აიკრძალოს, რადგან ამით ნაკლებად დავაზიანოთ მომავალი თაობის ორგანიზმი. მაგრამ, როდესაც მეგობრები გასართობად მივდივართ, ჩემთვის სრულიად მიუღებელი და გაუგებარია, რატომ უნდა ავდგე, გავიდე, ვეძებო ადგილი სადაც არ არის ხალხმრავლობა და იქ მოვწიო, როდესაც შენობაში მყოფი ადამიანების 90% მწეველია.“ – ამბობს 31 წლის დათო.
საზოგადოების არამწეველი ნაწილი კი კანონპროექტით კმაყოფილია. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს მათ უფლებებს სრულად დაიცავს და მათ მეორადი კვამლის სუნთქვას აარიდებს.
კანონი, საქართველოში მხოლოდ 1 დღეა რაც ძალაში შევიდა. ამ დროისათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წესების დარღვევის გამო მხოლოდ 3 მოქალაქე დაჯარიმდა.
ფოტო აღებულია batumelebi.ge