RSS

პასკას + კვერცხი = აღდგომა გურიაში

10 აპრილი

ნინი ღაჟონია

ხომ გაგიგიათ,  “სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია,“-ო, მაგრამ ამ ბოლო დროს „გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა“ უფრო შეეფერება. თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალი გზა, დიდ ხუთშაბათს, არც თუ ისე გადატვირთული აღმოჩნდა. ჩემს მოგზაურობას, უფრო სწორად კი (შაბათ-კვირას გურიაში) ამინდიც გაზაფხულის შესაფერისი დაემთხვა – ძალიან მზიანი.  გურიაში შესვლისთანავე ვიგრძენი თბილი ჰაერი და აყვავებულ ატმის ხეების ყვავილები ჩემს ობიექტივში მოხვედრას ითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სახლში გვიან ჩავედი, ოზურგეთს ნამდვილად ეტყობოდა სააღდგომო ფუსფუსი და მომრავლებული მანქანები. წინ ხომ ასეთი დღესასწაული ელოდება ხალხს, ქრისტეს აღდგომა, რომელსაც, გურულებიც ჩვეულებრივ ტრადიციული წესისამებრ აღნიშნავენ.

წითელი პარასკევი

69 წლის ნუკი ჩხაიძე, სააღდგომოდ 100 კვერცხს ღებავს-ხოლმე, ამბობს, რომ წითელი პარასკევი მძიმე დღეა და ხორცი არ უნდა ვჭამოთ. ახლა შეუძლოდ იყო და ცხოვრებაში პირველად კვერცხი სხვამ შეუღება. ვერც ოზურგეთის ბაზარში წავიდა, სადაც, როგორც მთელ საქართველოში, დღესასწაულებზე პროდუქტების ფასი იმატებს.

ბაზარში მომხმარებლების უმრავლესობა, პასკის სანელებლებთან და კვერცხის დახლთან იდგა.

-რა ღირს კვერცხი? – ვეკითხები გამყიდველ ქალს;

– 50 თეთრი, შვილო, სულ ახალია ჩემი სახლის ქათმის, – მიქებს პროდუქტს.

– 10 ცალი მომეცით, ნამცხვრისთვის მინდა, – ვეუბნები და გამყიდველი სიხარულით, 3 კვერცხს უფასოდ მატანს და 80 წელს მიღწეული ბებო, ზეგ დალოცვასაც ამატებს -„შენ გეიხარე ბებია და მრავალ აღდგომას დიესწარი.“

შინ მიბრუნებულს კვერცხები უკვე ქვაბში მხვდება. ბებო თან შეღებვის წესებს მიხსნის.

„არ შემიძლია საქმის გარეშე, ამას გულს ვაყოლებ და დროც მალე გადის“, – მეუბნება 69 წლის დიასახლისი ნუკი ჩხაიძე, რომელიც კვერცხს ყოველი წლის წითელ პარასკევს ღებავს. ახლა შეღებვის რეცეპტს გვიზიარებს, – „ავიღებ ენდროს, გავრეცხავ და დაჩეჩქვილ ღერებს მარლაში ვახვევ. ენდროს დიდ ქვაბში წყალს ვასხამ და ვხარშავ კარგი ფერის მიღებამდე. ცოტა მარილიც დაამატეთ, კვერცხი რომ არ დასკდეს. შემდეგ ვთიშავ, სანამ ენდროს წვენი არ გაცივდება. ბოლო ეტაპზე ჩავაწყობ კვერცხებს და როცა ადუღდება, გამოვრთავ. ამასობაში მზად მაქვს ქაღალდი, რომელზეც გადმოვიღებ მოხარშულ და შეღებილ კვერცხს,“ – იგი გვიყვება, რომ სააღდგომოდ ყოველთვის აქვს ჯეჯილიც, – „პურისკეკალს ასე 10 დღით ადრე ვთესავ. წითელი კვერცხებით ვაფორმებ და სააღდგომო სუფრას პასკასთან ერთად ძალიან უხდება“. ბოლოს პასკის რეცეპტიც გამიზიარა: „ჩემი პასკა საიდუმლო რეცეპტია, ამიტომ ვერ გაგიმხელთ, თუმცა გეტყვით, რომ ყოველთვის აღდგომის წინაკვირაში ვაცხობ. ზოგადად, პასკა რაც უფრო ძველდება, მით უფრო გემრიელია და არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა იყოს ცოტა მძიმე და სველი,“ – გვირჩევს ნუკი ჩხაიძე და თან თავის გამომცხვარ პასკას მაგემოვნებინებს.

„წითელი პარასკევი უმძიმესი დღეა, ქრისტე ჯვარს აცვეს. დედაჩემმა იცოდა თქმა, წითელ პარასკევს სისხლი უნდა სდიოდეს რაღაცასო, არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც დავკალი ქათამი,“ – გვიყვება გურული ბებო, 65 წლის დოდო გირკელიძე.

დიდი შაბათი

ამ დღეს, გურიაში განსაკუთრებული არაფერი ხდება. უკვე ყველას მზად აქვს პასკა, კვერცხი, საცივი, ნამცხვარი. გურულებს უყვართ გემრიელი ჭამა და „მსუყე“ სუფრა. შაბათს საღამოს ყველა ეკლესიაში სააღდგომო წირვაზე წასასვლელად ემზადება და აღდგომას ახალი სურვილებითა და იმედებით ხვდებიან.

დღეს მეზობელი მესტუმრა, დამაინტერესა სასაფლაოზე „ქეიფს“ თუ ემხრობა. ბოლო წლებია ძალიან მაღიზიანებს სასაფლაოებზე მიცვალებულებთან ჭამა-სმა და ღრეობა, მინდორზე ღვინის დასხმა და სიგარეტის ნამწვავის დაგდება იმ მიზეზით „საწყალს უყვარდაო“.

მარინა ანდღულაძე 56 წლისაა. ქმრის სასაფლაოზე ყოველთვის ორშაბათს გადის, მიცვალებულთა დღეს: „იცით რა მომწონს?! სასაფლაოზე ერთი ყვავილი და პასკა უნდა წაიღო, კვერცხს ტრადიციისამებრს გადავაგორებ, სანთელს დავანთებ და წამოვალ. ეს ტრადიცია უნდა გადავიდეს, არაა საჭირო სასაფლაოზე ღრეობა, ამით ჩვენს მიცვალებულებს არაფერს ვარგებთ, პირიქით, ძალიან ვაწუხებთ,“ – გვეუბნება 56 წლის მარინა ანდღულაძე, რომელიც მეუღლის სასაფლაოზე ყოველთვის მიცვალებულების დღეს, ორშაბათს გადის. ის დედის მონაყოლ ამბებს იხსენებს, როგორ მიჰქონდათ საცივი და ჩაქაფული თეფშებით და დილიდან საღამომდე სვამდნენ მიცვალებულთა „პატივსაცემად“. მისი აზრით, ჯობია დრომოჭმულ ტრადიციები შეიცვალოს.

კვირააღდგომა
ქრისტე აღსდგა თუ აღდგა ამ კითხვაზე და ორაზროვან პასუხებზე, თუ რომელია სწორი ფორმა, დიდი ხანია ბჭობენ. გურიაში ამბობენ, კვირა დღე ცოცხლებისაა და სახლში უნდა აღნიშნოო.

„სწორედ აღდგომას გადავწყიტე სასაფლაოზე წასვლა. იმის იმედად, რომ ჩემი თაობა რაღაცას შეცვლის, საფლავზე მხოლოდ პასკა, კვერცხი და წვენი წავიღე. ოთხ საათზე გავედი, არ მიყვარს ხალხმრავლობა და არც არავინ დამხვედრია. მზიან ამინდს სასაფლაოების „სიმყუდროვე“ და ჩვეული სიჩუმე ძალიან უხდებოდა. რამდენიმე ბავშვი შევნიშნე, დატოვებულ პასკებს რომ იღებდნენ. ყოველ აღდგომას სიხარულით ელოდებიან, რადგან სასაფლაოზე ბევრი საჭმელი ხვდებათ. დიდი ხანი გავჩერდი, 4 საათზე მეტი და გამიკვირდა, უფრო კი გამიხარდა, რომ ვერ შევნიშნე მოქეიფე ხალხი, სიცხისგან გამდნარი ნამცხვრები მაგიდაზე და ღვინით აყროლებული სასაფლაოები. მამაჩემი სასაფლაოზე ღვინოს არავის ასხმევინებდა, წარმოიდგინეთ, სვამთ და დანატოვებს საფლავზე ასხამთ, – ამბობს 21 წლის სტუდენტი გოგონა, რომელიც დედ-მამის საფლავზე გავიდა აღდგომა დღეს, – რამდენი რამეა შესაცვლელი… სახლში დაბრუნებულს ოჯახის წევრებმა მითხრეს, „ორშაბათს უნდა გასულიყავი, რადგან მაშინ გამოდიან მიცვალებულები და გველოდებიანო“, მე კი ეს ყველაფერი უბრალო სტერეოტიპი მგონია. არ აქვს მნიშვნელობა  აღდგომას და კონკრეტულ დღეებს, თუ გინდა მიცვალებულს პატივი სცე, ამას დროის დაწესება არ სჭირდება. ერთი რაღაც არ მინდა გამომრჩეს. სასაფლაოზე ასვლისას ყოველთვის გული მწყდება, უფრო ვბრაზდები ადამიანებზე, რომლებიც წელიწადში ერთხელ მიდიან და ასუფთავებენ საფლავს. წელსაც შევნიშნე, ბალახებით და მცენარეებით დაფარული სასაფლაოები, ისე რომ გარდაცვლილების სურათიც კი აღარ ჩანს… მაგრამ ეს, ალბათ, ადამიანების შეგნებაზეა და ცალკე თემაა,“ – ამბობს ის.

ორშაბათი

როგორც ამბობენ, ორშაბათი მიცვალებულთა დღეა. გურიაში, სწორედ ორშაბათს გადიან სასაფლაოზე შემდეგ კი სახლში სადილობენ ან სტუმრებს უმასპინძლდებიან.

რამდენიმე საათი მქონდა დარჩენილი, რადგან თბილისში ვბრუნდებოდი. მიცვალებულთა დღე არ მიყვარს, შესაბამისად არც სასაფლაოზე წავსულვარ. ბაბუაჩემი, რომელიც აგვისტოში 80 წელს შეასრულებს, მიყვება, რომ

„ადრე ხალხი სპეციალურ ადგილებს აკეთებდა, სადაც დღესასწაულებზე სუფრას შლიდნენ. ეს ადგილები გადახურულიც იყო და ზამთარში წვიმასა და თოვლისგან იცავდა მოქეიფე ხალხს. დღეს, ცოტა პროგრესია,“ – ყვება 80 წელს მიღწეული ჯუმბერი ღაჟონია,

„ვფიქრობ, ყოველ წელს ვვითარდებით იმ მხრივ, რომ აღდგომას ღრეობად არ ვაქცევთ, თუმცა კარგი და ცუდი ყოველთვის გამოერევა და ადამიანს ვერ დაუშლი თავის მიცვალებულთან ყოფნას ისე, როგორს სურს. მე კი მგონია, რომ გურია ყოველთვის ისეთი სავსე უნდა იყოს, როგორც აღდგომას და  ადამიანებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ აქ საოცარი გარემო და ბევრი კეთილი  გულია. მერე რა, რომ  სააღდგომოდ კვერცხის ფასი 20 თეთრით იზრდება ხოლმე…“ – გვეუბნება ახალგაზრდა გოგონა.

ქრისტე აღდგა

ფოტო: ნინი ღაჟონია

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s