„ჩემს ბავშვობაში, ჭიაკოკონობა, ცეცლის პირას, ჩემი ტოლა გოგო-ბიჭების, ერთი მხიარული შეკრება იყო . ერთმანეთს ცეცლის ალზე გადახტომაში ვეჯიბრებოდით და იყო ერთი სიცილ-კისკისი,“ – იგონებს 50 წელს მიღწეული ქალბატონი, რომელიც ჭიაკოკონობას იმერეთში ხვდებოდა, – „ვაგროვებდით ვაზის ლერწამს და იმას ვწვავდით. აბა, ეხლა რა ჭიაკოკონობაა, შეაგროვებენ „პაკრიშკებს“. იმ ახრჩოლებულ ბოლში არც ცეცხლია და ვერც ხალისობენ ბავშვები.“
სწორედ, ამ საბურავების დაწვის გამო, თითქმის ყოველ წელს, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, უწყება მათ, ვისაც ვნების შვიდეულის ოთხშაბათი არაფრით გამორჩებათ ამცნობს, რომ ე.წ „ჭიაკოკონობის“ გამართვის გამო, შესაძლოა მათ ჯარიმა 200-დან 500 ლარამდე დაეკისროთ. მოსახლეობა, „ეშმაკის განდევნის“ ამ უცნაური წესის დროს, რომელსაც ათეულობით წლების ტრადიცია აქვს, ავტომობილის საბურავებსა და პლასტიკურ მასალებს იყნებს, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად პრობლემას წარმოადგენს, აღნიშნულ სამსახურს ამასთან ბრძოლა, სამწუხაროდ, სოლიდური სანქციებით უწევს.
როგორ აღნიშნავენ სხვადასხვა კუთხეებში აღდგომის წინა კვირის ოთხშაბათს?
მიუხედავად იმისა რომ ეს ტრადიცია ძირითადად „ჭიაკოკონობის“ სახელით იყო ცნობილი, ყველა კუთხეში განსხვავებულად აღნიშნავენ. სამეგრელოს გარდა მთელ საქართველოში კოცონებს ანთებდნენ. სოფელსა თუ ქალაქში ყველა საკუთარი სახლის წინ კოცონს ანთებდა და დიდი თუ პატარა ცეცხლზე ჯვარედინად ხტებოდა, თან უნდა დაეძახათ – „ჯვარი აქაურობას“, „არა კუდიანებს“. მათი წარმოდგენით ამ ფრაზების შეძახილით ისინი ავ სულებს აფრთხობდნენ.
გაგაცნობთ, როგორ ატარებდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამ რიტუალს.
სვანეთში დიდ ოთხშაბათს ოჯახის ერთ-ერთი წევრი ქალი იღებდა ქონის ნაჭერს და ოჯახის ყველა წევრს უსვამდა შუბლზე, კისერზე, მკერდზე და ხელის გულებზე, თან ამბობდა: “ღმერთმა მრავალ ბრწყინვალე აღდგომას დაგასწროთ”.
რაჭაში დიდ ოთხშაბათს მხოლოდ სადილობამდე შეიძლებოდა მუშაობა. ნასადილევს ისინი აღარ მუშაობდნენ.
იმერეთში მიაჩნდათ, რომ კუდიანებმა ყველაფერს შეიძლება ავნონ, მათ შორის ვენახსაც. ვაზის დასაცავად კი იმერეთის მოსახლეობა ვენახშიც ანთებდა კოცონს და იქვე თოფსაც ისროდა.
ქართლში მოსახლეობა ღამით ასკილისა და ტყემლის ტოტებს მოჭრიდნენ, წვრილად ჭრიდნენ, ზედ ნახშირს აყრიდნენ და ყანაში მიჰქონდათ. ასკილის ტოტებს მიწაში არჭობდნენ და ძირს ნახშირს უყრიდნენ. ასკილს და ტყემლის ტოტებს ბოსტანშიც არჭობდნენ და ამბობდნენ – ავი საქმე, ავი თვალი, ავი ყბა აღარ მოგვიდგებაო.
ლიახვის ხეობაში, ჭიაკოკონობის წესს ჭიების საწინააღმდეგოდ ასრულებდნენ. მოსახლეობა ჩალა-კაჭაჭს ცეცხლს წაუკიდებდა, ზედ გადაახტებოდა და დაიძახებდა: “არული კუდიანებს!” – ჩამქრალი ცეცხლის ნაცარს მოხვეტავდნენ და ბოსტანში დაყრიდნენ, რომ ჭიას ბოსტნეული არ გაეფუჭებინა.
ხევსურეთში ოჯახის ქალი წევრები ჯვრის ფორმით ნახშირს წაუსვამდა და იტყოდნენ: “ქრისტემ დაგკრას ბეჭედი, ქრისტის დედამ მარიამმა!” ბავშვებს ასკილის ტოტების მოსატანად გზავნიდნენ. ერთ ტოტს ნეხვზე არჭობდნენ და იტყოდნენ: “კუდიან ფეხშეკრული!” ერთს კარის და საკვამურის თავზე შემოდებდნენ და იტყოდნენ: “კუდიანს შახმას (ე. ი. შეახმეს) ფეხი!” ყოველივე ამის შემდეგ, მავნე სულების დასაფრთხობად სახლის წინ დიდ ცეცხლს ათებდნენ.
ფშავში ვნების ოთხშაბათს ყველა ოჯახი თავისი კარის წინ ჭიაკოკონას ანთებდა. კუდიანების დასაშინებლად თოფსაც ისროდნენ. საკვამურს, კარის თავზე, საპურეს, გოდრებს, ბოსლის კარს, გარეთ დაგროვილ ძროხის ნაკელს და სხვას ეკალს უკეთებდნენ, რადგან ხალხის რწმენით კუდიანებს ეკლის ეშინოდათ და “მადლ-ბარაქას” ვერ დაუკარგავდნენ. მას შემდეგ, რაც ბავშვები დაიძინებდნენ ოჯახის წევრბეი მათ ნახშირს გადააყრიდნენ და ამბობდნენ: “ჯვარი გეწეროთ წმიდის გიორგის დაწერილ”. ეშმაკების შიშით მოხუცი ქალები ამ წესს სხვა დღეებშიც ასრულებდნენ.
ასეთია ჩვენში ერთობ გავრცელებული ხალხური დღესასწაული – ჭიაკოკონობა.
უმრავლესობის აზრით, ამ დღესასწაულს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული და კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია. ამ ტრადიციის ფესვები უფრო შორს მიდის და ის წარმართულ პერიოდს უკავშირდება.
დღევანდელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველოც, გარემოს დაბინძურების ნიშნულით კატასტროფული შედეგების წინაშე დგას. გარდა იმისა, რომ გარემო ზიანდება, საფრთხე ექმნება ჩვენს ჯანმრთელობასაც. რეზინის საბურავები, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს საფრთხეს უქმნის, როგორც ზრდასრულ, ისე მოზარდებს – რადგან, სწორედ ისინი იღებენ აქტიურად მონაწილეობას „ჭიაკოკონობის“ პროცესში.
„ჭიაკოკონობა ძალიან კარგ მოგონებებთან ასოცირდება. ხის ტოტებს იშვიათად ვაგროვებდით, რადგან კორპუსში ვცხოვრობდით და გვეზარებოდა შეგროვება. უფრო ხშირად მანქანის საბურავებს ვწვავდით. თუმცა, ამბობენ, რომ ეს ძალიან ძელი წესია და ქრისტიანობა ამას არ აღიარებს. ბებიაჩემი გვეუბნებოდა, რომ ჭიაკოკონობის დროს ცეცხლის ანთება, ჩვენ გვაშორებდა ცუდს,“ – გვეუბნება 22 წლის სტუდენტი ნანო ლომინაძე.
„ჭიაკოკონობა ჩემთვის ასოცირდება ცეცხლთან თამაშთან, საბურავების დაწვასთან და შიშთან. ეს იყო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ჭიაკოკონობა. იქიდან გამომდინარე, რომ 8 წელი სტიქაროსანი ვიყავი ჩემი მშობლები არ მიშვებდნენ და სულ ფანჯრიდან ვუყურებდი, მაგრამ მაინც ვახერხებდი სახლიდან გაპარვას და მეც ჩავები ეშმაკებისგან განდევნის თამაშში,“ – ჰგვიყვება 30 წლამდე ახალგაზრდა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
ისტორიკოსების აზრით, უძველეს დროში, მაზდეანებისთვის ცეცხლს ღვთაებრივი მნიშვნელობა ჰქონდა და ამიტომ, ადამიანი ღმერთისათვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცლით უნდა გაწმენდილიყო. ეს აქტი კი ცეცხლში გავლით – კოცონზე გადაბიჯებით ან გადახტომით სრულდებოდა. სწორედ, ასე დამკვიდრდა ეს ტრადიციაც, რომელიც დღემდე შემორჩენილია საქართველოში.
nazi meshveliani
05/04/2018 at 14:14
თქვენი წერილი წავიკითხე”ჭიაკოკონობა”… ჭიაკოკონობა, სუფთა და ხმელი ფიჩხებისგან უნდა აინთოს, რადგან სარიტუალოა. მართალია წარმართულია, მაგრამ ჩვენი ტრადიციაა “პაკრიშკები” კი უკვე გარემოს ა და ამ რიტუალის დაბინძურებაცაა. ნაზი
>Среда, 4 апреля 2018, 18:01 +04:00 от ეკოფაქტი : > >ekofact posted: “მარიამ ქავთარაძე > >„ჩემს ბავშვობაში, ჭიაკოკონობა, ცეცლის პირას, ერთი მხიარული შეკრება იყო ჩემი ტოლა გოგო-ბიჭების. ერთმანეთს ცეცლის ალზე გადახტომაში ვეჯიბრებოდით და იყო ერთი სიცილ-კისკისი,“ – იგონებს 50 წელს მიღწეული ქალბატონი, რომელიც ჭიაკოკონობას იმერეთ” >