RSS

შეწყდეს ჰესომანია – ფეხმძიმე გოგონას პროტესტი ჰესების მშენებლობას

03 აპრილი

ნინი ღაჟონია

ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელში ფეხმძიმე გოგონას ფოტო გავრცელდა, რომელმაც მესტიაში გზა გადაუკეთა მძიმე ტექნიკას, მისმა პროტესტმა შედეგი გამოიღო, დროებით, ვიდრე სპეციალისტები ბოლომდე არ განიხილავენ ჰესი ზიანს მიაყენებს თუ არა ადგილობრივებსა და გარემოს, შეჩერდა.

„სვანეთში დავიბადე, გავიზარდე და აქ ვცხოვრობ,“ – გვიყვება 34 წლის მაგდა გულედანი, რომელიც პროფესიით ინჟინერია და რომელმაც რვა თვის ფეხმძიმემ პროტესტის ასეთ ფორმას მიმართაა, – „10 წელი ვიცხოვრე ისრაელში და ელემენტარული პროტესტის დროს ვხედავდი, თუ როგორ მოდიოდა მთავრობა ხალხთან მოსალაპარაკებლად, რათა ორივე მხარეს დადებითი შედეგი ჰქონოდა. საქართველოში ასე საერთოდ არ ხდება,“ – გვეუბნება ის და ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან აგრესიას ასე უპასუხა და უნკანდასახევი გზა არ იყო, – „არც ერთი მხარე არ აპირედა დათმობას და მეც შეძლებისდაგვარად გამოვხატე ჩემი პროტესტი“.

„შეწყდეს ჰესომანია“, – სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რის გამოც სვანები იბრძვიან. „ჩემი მთავარი მოთხოვნაა შეწყდეს ჰესების მშენებლობა, ხეების ჭრა, ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს იმაზე, რაც დღეს ხდება,“ – გვეუბნება სვანეთის მკვიდრი. მაგდანა გულედანმა ალტერნატიულ გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარისა და მზის ენერგიის ათვისება ძალიან კარგი იქნებოდა, – „სასაცილოა და ინგლისი იყენებს მზის ენერგიას. ქვეყანა სადაც იშვიათადაა მზიანი დღეები“. და ამატებს – თუ სახელმწიფო  არ წამოვა მოლაპარაკებაზე, სვანები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჰესების მშენებლობა დასრულდეს.

მაგდანა სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა: „თუ არ იქნება მოლაპარაკებები, მაქსიმალურად მივმართავთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩართულობაში. ასევე თხოვნით მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“, გამოიყვანონ ექსპერტები და საჯაროდ მოხდეს პროექტის განხილვა“. მისი პროტესტის შემდეგ, სვანეთში არსებულ ბოლო მდგომარეობაზეც გვიყვება: „ამჟამად მშენებარე ჰესის დაკონსერვება მიმდინარეობს და მუშები გაჰყავთ. მშენებლობა არ გაგრძელდება ვიდრე, ენერგეტიკის სამინისტროს და ჰესის წარმომადგენლები არ შეხვდებიან პირისპირ – ღია ფორმატში,“ – გვეუბნება მაგდანა გულედანი.

რამდენად საჭიროა ასობით ჰესის აშენება, ვინ არჩევს და იკვლევს, სად უნდა დაიწყოს მშენებლობები, რა საფრთხეებს უქმნის ჰესების მშენებლობა მთიან რეგიონებს და მთლიანად საქართველოს ეკოსისტემას, ამ კითხვებზე პასუხი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერატივის“  წარმომადგენელმა, დათო ჭიპაშვილმა გვიპასუხა.

„ჰიდროელექტროსადგურებზე როდესაც ვსაუბრობთ, ძირითადი პრობლემა არის ამ ჰესების საჭიროების დასაბუთება. გვჭირდება თუ არა ეს სადგურება, რა სარგებელს ველოდებით იმ ზიანის საპირწონედ, რა ზიანსაც ეს ჰიდროელექტროსადგურები აყენებენ გარემოს, ადამიანს, მდინარეს და ა.შ. ამ საკითხებზე პასუხები არ გვაქვს. მაგალითად, გვაქვს ენერგოსტრატეგია, რომელიც უფრო სადღეგრძელოების ტიპის დოკუმენტია, ვიდრე რეალური სტრატეგია, – გვეუბნება 25 წლის დათო ჭიპაშვილი, რომელიც 12 წელია „მწვანე ალტერნატივის“ თანამშრომელია, – ეკონომიკას სჭირდება ჰესები, ეს ძალიან აბსტრაქტული საკითხია. მხოლოდ დენი კი არ გვჭირდება, ხელმისაწვდომი ფასიც უნდა არსებობდეს,“ – აღნიშნავს დათო.

ჭიპაშვილის თქმით, ძნელია ილაპარაკო ვინმე კონკრეტული პირის ინტერესებზე დაუსაბუთებლად, თუმცა საუბრისას ახსენა, რომ დღევანდელი ინფრასტრუქტურის მინისტრი გახლავთ ადამიანი, რომელიც ჰესებს აშენებდა დარიალის ხეობაში, მისი გუნდის წევრი ლაშა იორდანაშვილი ჰესებს აშენებს პანკისის ხეობაში, ონის კასკადზე რაჭაში. იგი იმასაც აღნიშნავს, რომ გარემოს ზემოქმედების ანგარიშში ყველაფერი დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, მაგრამ მისი თქმით, ეს დოკუმენტები ყველასთან დაკოპირებულია: „სავალდებულო სახელმძღვანელო დოკუმენტს არც ინვესტორი და არც ნებართვის გამცემი ორგანო კითხულობს. ვისთვის იწერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, არავინ არ იცის. შედეგად ჰიდროელექტროსადგურები მიაქვს ღვარცოფებს, წვიმებს, მეწყერებს,“ – გვეუბნება „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი და ღნიშნავს, რომ ბევრი ტექნიკური პრობლემებია ბევრ ჰესზე. მან ყურადღება გაამახვილა პანკისში დაწყებული ჰესის მშენებლობაზე და იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ონის კასკადის მშენებლობას.

„საქმე გვაქვს ტექნიკურ პრობლემებთან, როცა გვირაბები ეშლებათ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, შუახევი ჰესში გვირაბი ჩამოიშალა. ინვესტორებს,  სახელმწიფოს უკვირს, რატომ აფეთქდა მთიანი რეგიონი ზემო და ქვემო სვანეთიდან, რაჭიდან, პანკისიდან, ლეჩხუმიდან. ხადორის სამი ჰესია პანკისში, მდინარე ალაზანზე. იქ მოსახლეობა სასმელ წყალს იღებს მდინარე ალაზნიდან და წყლის 90 პროცენტის მილებში მოქცევას აპირებენ. 5 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურისთვის სოფელს ტოვებენ სასმელი წყლით მომარაგების გარეშე. ონის კასკადი შენდება ონში, ზემო რაჭაში, სეისმურად აქტიურ ზონაში, სადაც დიდი სიმძლავრის მიწისძვრები ხდება. სოფლების თავზე მდინარე რიონი  მილში უნდა მოაქციონ,“ – ამბობს დავით ჭიპაშვილი და აღნიშნავს, რომ ჰესების თემა ყოველთვის აქტუალური უნდა იყოს, რადგან კითხვები ძალიან ბევრია და საზოგადოებამ პასუხი უნდა მიიღოს, – „რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც ჰესების მშენებლობით დაზარალდნენ. კერძო ინვესტორის მიყენებული ზიანი ინვესტორმა უნდა აანაზღაუროს და არა სახელმწიფომ. ზუსტად ასე არ ხდება აჭარაში, როცა შუახევი ჰესის გამო სოფლები დაზიანდა, აღარაა მისასვლელი გზები, დაუშრათ წყლები. გამგეობა ხალხს ამ ზიანში 5-5 ათას ლარს სთავაზობს, თუ ძალიან დაზიანებულია სახლები 25 ათასს და ეუბნებიან, წადი ახლა სადაც გინდა. რატომ უნდა იხადოს სახელმწიფომ, მაშინ როცა ზიანი მოსახლეობას ინვესტორმა მიაყენა, ეს კიდევ ცალკე თემაა,“ – და დანანებით ამბობს, რომ ყველაფერი ყოველთვის ბუნებას ბრალდება, – „ვინ არის პასუხისმგებელი. მუდმივად ფორსმაჟორს აბრალებენ, ყველაფერი გარემოს და ბუნებას ბრალდება. არავინ მინახავს პასუხისგებაში. ჰესები დაგეგმილია ყველაზე ხელუხლებელ ადგილზე. ასეთი 106 ჰესია, რომელზეც მემორანდუმია გაფორმებული და მშენებლობა უნდა დაიწყოს,“ – აცხადებს დავით ჭიპაშვილი. მისი აზრით, გამოსავალი მარტივია. საქართველოში ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს, – „გამოსავალია ის, რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს მანკიერი პრაქტიკა, რაც არსებობს ჰიდროელექტროსადგურებზე. უნდა დაიწყოს ენერგოსტრატეგიაზე მუშაობა, დასაბუთება.  გადაიხედოს ყველა მემორანდუმი და ხელშეკრულება, რაც ჰიდროელექტროსადგურებზეა გაფორმებული, სასწრაფო წესით უნდა მიიღონ ენერგოეფექტურობის კანონი,“ – განმარტავს ის, და იხსენებს, რომ „დასაწყისში სულ არ ვიყავით ჰესების წინააღმდეგ, მაგრამ საქართველოში მოხერხდა, რომ ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგური არის არა მწვანე ენერგიის წყარო, არამედ განადგურების ხარჯზე მიღებული ენერგიის წყარო“.

აშენდება თუ არა ეს 106 ჰესი მომავალი გვიჩვენებს, დღეს კი – სვანეთის, რაჭის პანკისის მოსახლეობა პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს. მოსახლეობა პასუხს მთავრობისგან ელოდება და მოლაპარაკების იმედს იტოვებენ.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s