RSS

ჩვენ და ნარჩენები: საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრებაა საჭირო

31 მარ

თათუკა ბებია

რამდენიმე ათეული წლის წინ, ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ ნარჩენი არის ის რაც აღარ გამოდგება და თავიდან უნდა მოვიშოროთ, მარტივად რომ ვთქვათ ნაგავი.  გვინდა ეს ჩვენ თუ არა, თითოეული ჩვენგანი უნებურად სერიოზულ „ნაგავწარმოებელს“ წარმოადგენს. ადამიანის მიერ „წარმოებული“ საყოფაცხოვრებო ნარჩენი მრავალი კომპონენტისგან შედგება. ყოველდღიურად სახლიდან გაგვაქვს: მინის ჭურჭელი, მაკულატურა, პლასტიკა, ფასეული მეტალები, საკვები პროდუქტის ნარჩენები და სხვა. ადამიანები ფიქრობენ, რომ საკმარისია ეს ნარჩენები თვალს მოეფაროს და პრობლემაც გადაჭრილია. თუმცა რა ხდება სინამდვილეში? ნარჩენები გროვდება და თავს იყრის ნაგავსაყრელებზე, სადაც ის იტკეპნება, იფარება მიწით ან რომელიმე ინერტული მასალით და იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარემო დასუფთავდა, ნარჩენი „გაქრა“ და პრობლემაც მოგვარდა.

სინამდილეში, მიწის ქვეშ „დამალული“ ნაგავი უბრალოდ აღარ ჩანს, თორემ გარემოს კვლავაც აზიანებს, და თან საკმაოდ სერიოზულად. კერძოდ: ნარჩენების ნაწილი ლპება, რის შედეგადაც ატმოსფეროში გამოიყოფა სხვადასხვა მავნე აირები. მიწით ან სხვა ინერტული მასალით „დამალულ“ ნარჩენებში მუდმივად ჟონავს წვიმის წყალი, რომელიც ბინძურდება იქ არსებული მავნე ნივთიერებებით. ვინაიდან საქართველოს ნაგავსაყრელების აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია ნაჟური წყლების შემკრები სისტემა. დაბინძურებული წვიმის წყალი გრუნტის წყლებს ან მდინარეებს ერევა და იწვევს მათ სერიოზულ დაბინძურებას, რაც შემდგომში მრავალი ინფექციური დაავადების გავრცელების მიზეზია. მდგრადი ნარჩენები, კი ათწლეულების განმავლობაში იხრწნება და ჰაერსა და წყალს აბინძურებს.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან დამაბინძურებელს წარმოადგენენ პოლიეთილენის პარკები, რომლის დაშლასაც 400-1000 წელი სჭირდება, და რომლებიც უხვად გვხვდება არა მარტო ნარჩენების „მრავალფეროვან“ ნაგავსაყრელებზე, არამედ ქმნიან „ბუნების განუმეორებელ დიზაინს“ და გარემოს აქტიურად „ალამაზებენ“. პოლიეთილენი საკმაოდ მსუბუქია და ადვილად გადაქვს ქარს ტყეებში, ზღვებში, ოკეანეებში, მდინარეებსა და ტბებში. მისგან წელიწადში, დაახლოებით, 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება.

ყოველდღიურად, თუნდაც მარტო თბილისში, რა რაოდენობის ნარჩენი წარმოიქმნება არავინ იცის, რადგან როგორც მოქალაქეთა, ისე მეწარმეთა უმრავლესობისათვის, ნაგავსაყრელი არის ყველგან, სადაც მათ მოესურვებათ. ნარჩენების მოცულობის შესამცირებლად საჭიროა მათი გადამუშავება (რეციკლირება), რისი შესაბამისი ინფრასტრუქტურა კი ფაქტობრივად არ არსებობს. ქვეყანას არ გააჩნია ნარჩენების მართვის სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვლილი იქნება გრძელვადიან პერიოდზე და ნარჩენების მდგრადი მართვის პრინციპებს დაეფუძნება, რომელიც გულისხმობს ნარჩენების რესურსებად განახლებისა და ხელმეორედ გამოყენების პრაქტიკას, რაც თავისთავად ნარჩენებისა და ნაგავსაყრელების შემცირებას გამოიწვევს.

წარმოების ნარჩენების შემცირება დაკავშირებულია ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან და მიმართულია ზედმეტი შეფუთვების წინააღმდეგ, რადგან მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ შესაფუთი მასალებისაგან შედგება.

მეორე ძირითადი საფეხურია გადამუშავება (რეციკლირება), რაც ნიშნავს გამოყენებული მასალის ან ნარჩენის ხელახალ გადამუშავებას, რომლის მიზანია არ დაუშვას ნარჩენებიდან სასარგებლო ფრაქციების დაკარგვა, შეამციროს ახალი ნედლეულის მოხმარება.იმისათვის, რომ რეციკლირება იყოს ეფექტური, პირველ რიგში საჭიროა მოწესრიგდეს ნარჩენების შეგროვების სისტემა,  მისი წარმოქმნისთანავე ჩამოყალიბდეს მათი დახარისხების აუცილებლობა.

ნარჩენების გადამუშავება, პირველ რიგში, ითვალისწინებს სპეციალური ქარხნის არსებობას, სადაც ნარჩენების საერთო მასა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სეპარირდება და ახალ ნედლეულად გადამუშავდება. ასევე ითვალისწინებს ნარჩენის დახარისხებას მოქალაქეების მიერ და მათ სპეციალურ კონტეინერებამდე მიტანას.

21-ე საუკუნის ყველაზე ფართოდ მოხმარებადი პროდუქტი, პლასტმასი. გარემოსთვის ძალზედ სახიფათოა: არ იშლებიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ნაგავსაყრელებზე იკავებენ დიდ სივრცეს, არ ხდება მათი სრული გადამუშავება, ღიად დაყრილი, სხვა პროდუქტებთან შეხებაში მყოფი პლასტმასები გამოყოფენ მავნე აირებს.

ყოველი ადამიანი საკვების ნარჩენს წარმოქმნის. ქარხნბეში თუ სახლის პირობებში, საკვები პროდუქტების გადამუშვება კომპოსტირების მეთოდით მიმდინარეობს.  კომპოსტირება წარმოადგენს ბიოქიმიურ პროცესს, რომლის საშუალებითაც, ორგანული მყარი ნარჩენები გარდაიქმნებიან სტაბილურ – ჰუმუსის მსგავს პროდუქტად, რომელსაც იყენებენ ნიადაგის შედგენილობის და ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად. კომპოსტირება, შეიძლება ითქვას, რომ „ისტორიული“ მეთოდია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში,  შინამეურნეობებში გლეხების მიერ გამოიყენებოდა. კომპოსტირების საბოლოო პროდუქტი კომპოსტი, მიიღება ორგანული ნაერთების მიკრობული დაშლით და წარმოადგენს სასუქს.

რაც შეეხება საქართველოს, ნარჩენების გადამუშავება საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება. ჯერ-ჯერობით მეწარმეებს ნებართვა სულ რამდენიმე ტიპის ნარჩენის გადამუშავებაზე აქვთ აღებული. (საქართველოში ნარჩენების გადამუშავება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე იკრძალება). ნებართვა გაცემულია: პოლიეთილენის ტარასა და სხმულებზე, საყოფაცხოვრებო, ავტომობილების ამორტიზებულ აკუმულატორებზე, ნახმარ სალტეებსა და ელასტომერულ მასალებზე, ნამუშევარ ზეთებზე.

 

XV საუკუნის დასაწყისში, ევროპის მთელ ტერიტორიაზე უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა. დიდი თუ პატარა ქალაქების, მიმდებარე ტერიტორიები ნაგვით იყო სავსე. პარიზში ნაგვის გროვები ქალაქის გალავანზე უფრო მაღლა იყო. სწორედ ამან გამოიწვია ევროპის ტერიტორიაზე შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელება, რომელმაც 140 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამის შემდეგ, ევროპაში ნაგვის ქალაქებიდან გატანა გადაწყვიტეს და შექმნეს სპეციალური სამსახურები, მათ კანონით, ქუჩებისა და სასმელი წლის სისუფთავეზე პასუხისმგებლობა დააკისრეს. ჯარიმის ფორმებიც მათვე შემოიღეს.

დღეს, ევროპის ქვეყნებში, ფართოდ გამოიყენება ნარჩენების შეგროვების კონტეინერული სისტემა, როცა მოსახლეობა ნარჩენებს სხვადასხვა კონტეინერებში დახარისხების მეშვეობით ათავსებს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში, ნარჩენების მართვის საკითხი გლობალურ გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს. ნარჩენებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ, როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე ისე გარემოზე. ნარჩენები განიხილება, როგორც პოტენციური ნედლეულისა და ენერგიის კარგვა. მათ გადამუშავებას მოაქვს მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური სარგებელი, როგორიცაა საჭირო რესურსების მიღება და პირველადი ნედლეულის დაზოგვა, ინოვაციის წახალისება და ახალი სამუშო ადგილების შექმნა.

 

სამწუხაროდ, მხოლოდ ნარჩენების კონტეინერების განთავსება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ქუჩაში ნაგავი აღარ დაიყრება. დანაგვიანების შედეგად წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა, საზოგადოების თითოეული წევრის მიერ, საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრება, საკუთარ თავზე აღება და პირველ რიგში ნარჩენების, ურნებში განთავსება იქნება, რადგან ის უარყოფითი შედეგები რაც დაბინძურებას უკავშირდება, პირდაპირ მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე.  ჩვენ კი სულ უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს მოვლა სჭირდება, რათა, მწვანე ფერი არ გახუნდეს და მოკვდეს! გაქრეს თევზი წყალში, ფრინველი კი ცაში! ნიადაგი დაბინძურდეს ასი წლით ან მეტით, და ქეიფი მოგიწიოთ ნაგვის ურნის გვერდით!

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s