გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, კამპანიას – „ნუ მოჭრი ბზას“ აგრძელებს. სპეციალისტები მოსახლეობას მიმართავენ და ქოთნის ბზის შეძენას ურჩევენ, რომლის ფასი მხოლოდ ხუთი ლარია. ბზის ბუნებრივ განადგურებასთან ერთად, მისი უკანონო მოპოვების ფაქტებიც იზრდება. ბზობის დღესასწაულისთის, მრევლი მას კონებად ყიდულობს და თითო კონის ფასი 1-დან 3 ლარამდე მერყეობს. არადა, ბზას, რომელიც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი, გადაშენების საფრთხე ემუქრება.
საქართველოში გავრცელებულია კოლხური ბზა, რომელიც კავკასიის დენდოფლორის ენდემური ჯიშია, სტრუქტურულად ორლებნიანი მცენარეა, აქვს მოპირისპირე სქელი ფოთლები, იგი იზრდება ნელა და ცოცხლობს 500–600 წელს. სამხრეთ კავკასიას აქვს ენდემური ბუნება, სადაც არის სახეობები, რომლებიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვერ იხარებს. სწორედ ის ერთ-ერთი გამონაკლისია კოლხური ბზა. არსებობს ცნობები, რომ გასულ წლებში ბზის მასალა აქტიურად გადიოდა საზღვრებს გარეთ. რადაგან ბზა წყალგამძლეა, ძველი ცნობებით, ბერძნები გემთშენებლობისთვის იყენებდნენ. ასევე ცნობილია, რომ ბზის ხეები გამოიყენებოდა სახლების მშენებლობისთვის, არა ერთი ძვირფასი ხატი ბზისგანაა დამზადებული და თვისებებიც კარგად აქვს შენარჩუნებული. კოლხური ბზისთვის ბუნებრივი კლიმატი, დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონაა, თუმცა მის გადარჩენას კახეთში, ეროვნული საშენი მეურნეობის ბაზაზე, სასათბურე პირობებში, უკვე 2 წელია ცდილობენ.
კოლხური ბზა არა მარტო საქართველოს, არამედ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმაც შეიყვანა საერთაშორისო წითელ ნუსხაში. კამპანიას – „ნუ მოჭრი ბზას“, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს საპატრიარქო. რამდენიმე ხნის წინ, ჟურნალისტებთან მეუფე თეოდორემ განაცხადა: „ბზობის დღესასწაულზე ტრადიციად ჩამოყალიბდა ბზის ტოტებით ტაძარში მისვლა, ამით გამოვხატავთ სურვილს, რომ როგორც იერუსალიმში შევიდა მაცხოვარი, ასევე თითოეული ჩვენგანის გულსა და ოჯახშიც შემოვიდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სიხარული არ უნდა გადავზარდოთ დაუფიქრებელ ქმედებებში და არ უნდა დავაზიანოთ ბუნება, რომელიც ღმერთმა ჩაგვაბარა. სამწუხაროდ, კოლხური ბზა, რომელიც საქართველოში ხარობს, დღეს, ცუდ მდგომარეობაშია და გადაშენების პირასაა, ამიტომაც ვთხოვთ ჩვენს მრევლს, მოსახლეობას, რომ გავუფრთხილდეთ მას და არ მოვჭრათ იგი“.
სატყეო სააგენტო ახალ კანონპროქტზე მუშაობს, რომელიც ტყის ჭრის ახალ რეგულაციებს გულისხმობს. სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს განსაკუთრებით ამკაცრებს, სამართალდარღვევაზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს, როგორც ადმინისტრაციულს, ასევე სისხლისსამართლის პასუხისმგებლობას. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200–500 ლარამდეა. ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. აკრძალულია ბზის მოჭრა: ტყის ფონდში, დაცულ ტერიტორიებზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, იქ სადაც ბზა იზრდება ველურად. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ სანერგე და პლანტაციურ მეურნეობაში.
„აქტიურად მიმდინარეობს სპეციალური მედიაკამპანია, რათა საზოგადოებამ გაიაზროს არსებული პრობლემა, არ მოხდეს ბუნებრივი რესურსის კიდევ უფრო მეტად განადგურება და ხელი შეუწყონ ამ პროცესის შერბილებას. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოვახდინეთ გარკვეული რაოდენობის დაკალმება, თესლის შეგროვება, სპეც ბანკში განთავსება. თუ შედეგები იქნება იმაზე მძიმე, ვიდრე ახლა გვაქვს, ჩვენ შევძლოთ აღდგენით ღონისძიებებზე ფიქრი,“ – გვეუბნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი კარლო ამირგულაშვილი.
ადამიანების მიერ მოჭრილი ბზა უნიკალური ჯიშის გავრცელებას აფერხებს, თუმცა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანეს საფრთხეს „ბზის სიდამწვრე“ და „ალურა“ წარმოადგენს. კოლხურ ბზას, რომელსაც მილიონობით წლის ისტორია აქვს, დაავადებებმა თითქმის სრულიად გაანადგურა.
„მავნებელი 2010 წლიდან დაფიქსირდა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რაჭის, გურიის, იმერეთის, რეგიონებში. ეს იყო ორი აზიური მავნებელი, სოკოვანი დაავადება და მზის ალურა, რაც ინტენსიურად გავრცელდა აღნიშნულ რეგიონებში. ფაქტობრივად, მოკლე ხანში, რაჭის და დასავლეთ საქართველოს ძირითადი კორომების 80–90% განადგურდა. ამ დაავადებების დამარცხება ძნელია, რადგან საქართველოში ახალი იყო. დაიწყო სხვადასხვა მეთოდების დატესტვა, უკვე მრავალი წელია ეროვნული სააგენტო ინტენსიურად ახორციელებს შეწამვლის ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, გარკვეული შედეგებიც გვაქვს. ბიოლოგიური პრეპარატით სამჯერადად იწამლება ტყის ფონდის ტერიტორია, თუმცა თავს ვიკავებთ ქიმიის გამოყენებისგან,“ – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.
სოკოვან დაავადებებს ზამთარში 5 გრადუს ტემპერატურაზეც კი შეუძლია განვითარდეს, მის გავრცელებას ხელს უწყობს ისეთი გარემო, რომელიც ნაკლებად ნიავდება და თბილი, ნესტიანი ტემპერატურა ნარჩუნდება. სოკოვან დაავადებებს შესაძლებელია გადაურჩეს ქარიან ადგილებში მყოფი კორომები. 2010–2014 წლებში, ბზის ხეების 90% განადგურდა. დაავადებები ვრცელდებოდა სამეგრელო–ზემო სვანეთი, აჭარა, გურია, იმერეთის ტერიტორიებზე. ამ მხრივ, აღმოსვლეთ საქართველოში შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო, თუმცა რამდენიმე წლის წინ პირველად აღირიცხა თელავსა და სიღნაღში „ბზის სიდამწვრის“ ნიშნები.
„იგეგმება სახელმწიფო პროგრამის შემუშავება, რაშიც ერთობლივად ჩართულია ბევრი უწყება – გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტორო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აფხაზეთის მთავრობა, აჭარის მთავრობა. ქმედებები უნდა განხორციელდეს ერთობლივად და მომდევნო წლებშიც გაგრძელდეს, განსაკუთრებით გურიის იმერეთის და აჭარის რეგიონებში. ეს უნდა იყოს კოორდინირებული პროცესი, ისე რომ არ გამოვიდეს – ერთმა უწყებამ მოახდინოს შეწამვლის პროცესი და მეორემ – არა. ეს იქნება უკუშედეგების მომტანი, ამიტომ გასულ კვირას იყო სპეციალური კომისიის სხდობა, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა და ვიმსჯელეთ სად შეიძლება გამოვიყენოთ ქიმია. განსაკუთრებით ეს ეხება კერძო, ნაკვეთებს და არა სახლმწიფო ფართობებს სადაც ისედაც მიმდინარეობს ბრძოლის ღონისძიებები,“ – გვეუბნება კარლო ამირგულაშვილი.
nazi meshveliani
05/04/2018 at 14:18
ნინო წავიკითხე, თქვენი წერილი “ბზა”… ერთი ადამიანი მაინც მანახეთ ვინც დაისაჯა, ბზის მოჭრისათვის?! ერთი ადამიანი! გაანადგურეს მოსპეს “ჭეშმარიტმა მართლმადიდებლება” ეს ლამაზი მცენარე! ცოცხებივით მიაქვთ სახლში, რაც უფრო დიდიდა დიდი მადლიაო! მამაოებიც უნდა დაისაჯონ! მარტო ქაღალდზე უმოქმედო კანონები რაში გვჭირდება! ნაზი
>Суббота, 31 марта 2018, 18:45 +04:00 от ეკოფაქტი : > >ekofact posted: “ნინო ალბუთაშვილი > >გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, კამპანიას – „ნუ მოჭრი ბზას“ აგრძელებს. სპეციალისტები მოსახლეობას მიმართავენ და ქოთნის ბზის შეძენას ურჩე” >