28 მარტს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის საფუძველზე შემუშავებული „ფერმერის, ფერმერული მეურნეობისა და აგროსექტორის ინვესტორის სტატუსების განსაზღვრის შესახებ“ კონცეფციის პროექტი განიხილეს. კონფერენციაში საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება „დემოკრატიის განვითარების ფონდის“ (NED) მხარდაჭერილი/დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
კონფერენცია საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა, ირინე ფხოველიშვილმა გახსნა და „ფერმერის, ფერმერული მეურნეობისა და აგროსექტორის ინვესტორის სტატუსების შესახებ“ კონცეფციის პროექტი პრეზენტაციის სახით წარადგინა.
„ერთად ყველაფერს შევძლებთ, ეს არის ჩვენი სლოგანი ფერმერებთან ერთად, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია,“ – ამბობს ირინე ფხოველიშვილი.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ის სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს შეუწყობს. ეროვნული პროდუქციის ხარისხის გაზრდა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება – სწორედ, ეს დაასახელა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა, ერთ-ერთ საშუალებად იმპორტირებული საქონლის ჩასანაცვლებლად. პროექტში, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და სამეცნიერო კვლევითი ბაზების განვითარების ხელშეწყობის შესახებაც იყო საუბარი. „სასურსათო უსაფრთხოება ქვეყნის უპირველესი საფიქრალი უნდა იყოს,“ – ნათქვამია პროექტში.
„საქართველო, ჯერ კიდევ რჩება ნაგავსაყრელად იმიტომ, რომ არ ვიცით, რა შემოდის ქვეყანაში, რა კატეგორიის საკვები შემოდის და სწორედ, ამ საკვებით ვზრდით ჩვენს შვილებს. ეს უნდა იყოს მკაცრად გაკონტროლებული,“ – განმარტა ირინე ფხოველიშვილმა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შესახებაც კონფერენციაზე ისაუბრეს, ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდაა, არსებულ ბაზარზე პოზიციის გაძლიერებით და ახალი ბაზრების ათვისებით: „კარგია ევროპული ბაზრის ათვისება, მაგრამ პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზარი უნდა იყოს ათვისებული ჩვენს მიერ წარმოებული მრავალხარისხიანი პროდუქტებით“.
მიწის მართველობის ერთიანი სტუქტურის შექმნა, ფხოველიშვილმა ყველაზე მტკივნეულ საკითხად დაასახელა. „ჩვენ კარგად ვიგემეთ ის მძიმე დარტყმა, რაც გამოიწვია მიწის ერთიანი მმართველობის სტრუქტურის ჩამოშლამ,“ – ამბობს ის. საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა კონფერენციის მონაწილეებს მათ მიერ შემუშავებული განმარტებებიც წარუდგინა და აღნიშნა, რომ კრიტიკისა და დადებითი შეფასებისთვის ყოველთვის მზად არიან.
შეხვედრაზე ასევე ილაპარაკეს, ფერმერთათვის არაფორმალური განათლების აუცილებლობასა და ახალგაზრდების ჩართულობაზე სოფლის მეურნეობის ცხოვრებაში. პროექტში დაბეგვრის სპეციალური ნორმები ხასგაზმითაა აღნიშნული, რომ ფერმერი სახელმწიფომ უნდა დაბეგროს, როგორც ფიზიკური პირი. ამ საკითხებზე, კი აუცილებლად ფინანსისტებმა უნდა იმუშაონ. ფერმერთა კლასიფიკაციაში კი გამოყოფილია მცირე ფერმერი ანუ გლეხი და ფერმერი, რომელშიც შევა დარგობრივი ფერმერები, მომთაბარე ფერმერის სტატუსი და ა.შ.
საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მიხეილ ჯიბუტმა ზუსტ დეფინიციებზე ისაუბრა და სოფლის მაგალითი მოიყვანა: „რა არის სოფელი? ამის განმარტება არ გვაქვს და ჩვენი ემპირიული გამოცდილებით ვსაუბრობთ. სოფლის რეესტრის ჩამონათვალში არის სოფელი, სადაც არავინ ცხოვრობს, ასევე უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს სოფლის მაცხოვრებელი. ცნებები და კატეგორიები არ გაგვაჩნია, პარლამენტში წარსადგენად კი აუცილებელია, დეფინიციების განსაზღვრა,“ – ამბობს მიხეილ ჯიბუტი.
ნინო ფხოველიშვილი, რომელიც უკვე 16 წელია ფერმერია, თბილისიდან სოფელში გადავიდა საცხოვრებლად, ახლა მას მოჰყავს ხორბალი, მზესუმზირა და სხვ.
„ფაქტობრივად, დაუცველები ვართ, ყველაფერს ჩვენით ვაკეთებთ. სახელმწიფო არაფერში გვეხმარება, არანაირი სუბსიდირება. ერთადერთი ეს იყო კომერციულ ბანკებთან შუამავლობა, რომ მას დაბალპროცენტიანი სესხი გაეცა. როცა მოსავალს ვიღებთ, ამ დროს იხსნება საზღვრები და ქართულ ხორბალს ფასიც უვარდება,“ – გვეუბნება ნინო ფხოველშვილი, რომელიც მესაქონლეობასაც ეწევა და სახელმწიფოსგან ხელშეწყობის იმედს მაინც არ კარგავს. ის სასუქისა და საწვავის გაძირებასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც გვიყვება.
„ბოლოს და ბოლოს, დღეს, უნდა განგვესაზღვრა, გვყავდა თუ არა ქვეყანაში ფერმერები, არსებობს თუ არა ფერმერული მეურნეობები, ან ვის შეიძლება ეწოდოს აგროსექტორის ინვესტორი. საბოლოო სახეს მივცემთ კონცეფციას და გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტს შემდგომი საკანონმდებლო აქტის მიღებისთვის,“ – გვეუბნება საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტ ირინე ფხოველიშვილი. დაუხვეწავი საკანონმდებლო ბაზა, მოუწესრიგებელი ბაზარი, ფერმერების დაუცველობა, ეს პრობლემების ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა დაასახელა და გადაჭრის გზებზე ისაუბრა: „სახელწმიფო პოლიტიკა უნდა იყოს სწორხაზოვანი და მოქნილი, რათა დაიცვას თავისი ფერმერები. გასაწერია პროგრამები და ეს უნდა იყოს არა ქაღალდზე დასაწერი, არამედ მოქნილი. 2012 წლამდე, ფაქტობრივად, ეს იყო სოფლისა და სოფლის მეურნეობის მიზანმიმართული ნგრევა, მე ვარ ფერმერი, რომელმაც ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე. სიტყვა „ფერმერი“ დამაკნინებელი იყო და ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ სოფლის გახედვისკენაც უარი თქვა. 2012 წლიდან თანდათან განვითარება დაიწყო, მაგრამ არა იმ ტემპში, როგორიც გვინდა. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რათა ერთად გადავჭრათ პრობლემები,“ – გვითხრა საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა.